აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კანონპროექტი „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ დაპირისპირების მორიგი საგანი ხდება. დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში შეტანილ პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
აფხაზეთში ბევრი შიშობს, რომ „აპარტამენტების ანტისახალხო კანონის“ მიღება, როგორც ისინი უწოდებენ ამას, დააკანონებს მიწის ყიდვა-გაყიდვას, რაც თავის მხრივ სათავეს დაუდებს აფხაზეთში უცხოელების ჩასახლებისა და აფხაზეთის კოლონიზაციის ახალ ეტაპს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუთ ხუტაბამ 21 ივნისს განაცხადა, რომ გაიმართა კომიტეტის დახურული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ხუტაბა ირწმუნება, რომ მომავალში გაიმართება საპარლამენტო კომიტეტის ღია სხდომები, რომლებზეც განსახილველი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწვეულნი იქნებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
„ეს არ არის სწრაფი პროცესი, ჩვენ მოვიწვევთ სპეციალისტებს, საზოგადოების წევრებს და გავივლით მათთან კონსულტაციებს“, - თქვა მან.
რას ამბობს კანონპროექტი?
ასლან ბჟანიას აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა);
კანონის მიღების შემთხვევაში:
- შეიქმნება 2 მლნ კვ. მეტრი ახალი საცხოვრებელი ფართობი, რისთვისაც გამოიყოფა 300 ჰა მიწა
- მოზიდული იქნება (2025 წლამდე) 160 მლრდ რუბლი (1,9 მლრდ დოლარი)
- მშენებლობის დროს ხელფასების სახით გაიცემა 32 მლრდ რუბლი (380 მლნ $)
- 10 მლრდ (119 მლნ $) შევა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით
- ტურიზმის ბიზნესში შეიქმნება 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
- არსებულ გადასახადებს დაემატება აპარტამენტების მოსაკრებელი: 1000 რუბლი (12$) 1 კვ. მეტრზე. რაც დამატებით წელიწადში 2 მლრდ რუბლის (24 მლნ $) შემოსავალს გააჩენს.
- 30 ათასი აპარტამენტის მშენებლობა 1,5 მლნ-ით გაზრდის ტურისტების რაოდენობას
- დაიწყება აფხაზეთის გაზიფიკაციის პროგრამა, რომლის ღირებულება 59 მლრდ რუბლია (700 მლნ $)
„აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, აპარტამენტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო საკუთრება: „აპარტ-ოტელის კომპლექსი (მათ შორის, საერთო სარგებლობის ადგილები) წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რის გამოც მის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია კანონმდებლობით“.
აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ეკონომიკური, ასევე (განსაკუთრებით) პოლიტიკური კუთხით. საზოგადოებრივი მოძრაობა „ახიაცა“ 21 ივნისსავე შეშფოთებით გამოეხმაურა დე ფაქტო პარლამენტში გამართულ შეხვედრას.
„აშკარაა, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში აპარტამენტების შესახებ კანონის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას, ასიმილაციის ახალი ტალღის დაწყებას, გამოიწვევს პოლიტიკურ დაძაბულობას და დროთა განმავლობაში მოამზადებს ნიადაგს აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსის შეცვლისთვის“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში თითქმის არ დარჩა ავტორიტეტული მოქალაქე, შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ომის ვეტერანი, ბიზნესმენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა პლატფორმიდან არ მიმართეს ასლან ბჟანიას და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კანონპროექტზე უარის თქმის მოთხოვნით, თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონპროექტი მაინც შევიდა პარლამენტში. „ახიაცაში“ მიაჩნიათ, რომ ამოწურულია ასლან ბჟანიას ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა ფორმა, ამიტომ ორგანიზაციის წევრები მიმართავენ დეპუტატებს:
- გამოიყენონ თავიანთი უფლება და არ განიხილონ ანტიაფხაზური კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამოცხადდეს მედიაში 01.07.2023-მდე.
- „თუ საკითხი კენჭისყრაზე მაინც დადგება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გამოვიყენოთ აფხაზეთის მოსახლეობისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება, შევიკრიბოთ სამთავრობო შენობების კომპლექსთან და არ დავუშვათ ამ კანონის, როგორც ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლების შემლახველი დოკუმენტის მიღება“, - წერია განცხადებაში.
„ახიაცა“ მოქალაქეებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს. აპარტამენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღებით შეშფოთებული მოქალაქეების ნაწილი ისედაც ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. როგორც სამოქალაქო აქტივისტი და ომის ვეტერანი ლაშა ზუხბა ამბობს, სულ მალე გაიხსნება შტაბი, რომლის მიზანი იქნება არ დაუშვას აპარტამენტების შესახებ კანონპროექტისა და სხვა მსგავსი კანონების მიღება:
„მინდა ვაცნობო ყველა თანამოაზრეს, რომ იწყება მეწვრილმანეებთან ბრძოლის ახალი ეტაპი. დროა, ან ჩვენ მოვიშოროთ ისინი, ან მათ მოგვიშორონ ჩვენ. P.S. აფსნის მომავალი თავისუფლებაა“.
განცხადება გაავრცელა „აფხაზეთის ეროვნულმა კონფერენციამ“, რომელიც შეშფოთებულია რესპუბლიკის მოსახლეობაში აფხაზების წილის შემცირების, უკონტროლო იმიგრაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფონდის შესაძლო მიყიდვის გამო.
„ეროვნული კოფერენცია“ „აპარტ-სასტუმროების შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გარდა ითხოვს:
- უარი ითქვას აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიული დარგების (ენერგეტიკა, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა) დენაციონალიზაციის გეგმებზე
- გამოცხადდეს მორატორიუმი რეკრეაციულ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ტურისტული და სხვა სახის ფართომასშტაბიანი კლასტერების მშენებლობაზე, რადგან ასეთი კლასტერების შექმნა შეიცავს ეკოლოგიურ, სოციალურ და დემოგრაფიულ რისკებს
- მიღებულ იქნეს კანონი რეპატრიანტებისთვის მიწის ნაკვეთების დარეზერვების შესახებ
- გამოცხადდეს დროებითი მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭებასა და ბინადრობის ნებართვის მიცემაზე
- შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის კანონიერებას
- ჩატარდეს აფხაზეთის რესპუბლიკაში მოსახლეობის აღწერა
ასევე ნახეთ აფხაზეთში ოპოზიცია სუვერენიტეტს იცავს, დე ფაქტო ხელისუფლება - სავარძლებს?!
„აშკარაა, რომ იდეოლოგიური, კონცეპტუალური და მეცნიერული მიდგომის არარსებობის პირობებში, აფხაზეთში სახელმწიფო ძალაუფლება იქცა ქონების მოხვეჭის საშუალებად გარკვეული ჯგუფებისა და კლანებისათვის, რომლებიც მართავენ ადმინისტრაციულ რესურსებს და ძალაუფლებას აღიქვამენ მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების პრიზმაში. ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, მას აუცილებლად ექნება დამანგრეველი შედეგები ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, გამოიწვევს ქვეყნის ეთნიკური ლანდშაფტის შეცვლასა და სუვერენიტეტის საბოლოო დაკარგვას“, - ნათქვამია აფხაზეთის ეროვნული კონფერენციის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, „შიდაპოლიტიკური ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ასევე აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების (იმპიჩმენტის) საკითხი“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლეონიდ ჩამაგუა დარწმუნებულია, რომ „აპარტამენტების კანონი“ სხვა არაფერია, თუ არა აფხაზეთში უცხოელების ჩამოსახლების მორიგი პროექტი.
„ეს ჩვენ ადრეც გამოვიარეთ. ამან ძალიან დაგვაზარალა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე არაერთხელ მოგვატყუეს“, - ამბობს ლეონიდ ჩამაგუა, რომელიც შიშობს, რომ აფხაზეთი გადაიქცევა „მესამეხარისხოვან ქვეყნად ღარიბი მოსახლეობითა და გაუგებარი ეკონომიკური მოდელით“.
აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრის თენგიზ ჯოპუას თქმით კი, აპარტამენტების (ბინების) კანონი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მოსახლეობას საკუთარ მიწაზე წვდომის საშუალებას მოუსპობს:
„ეს ისევე აშკარაა, როგორც აშკარაა კოლოსალური დისბალანსი აფხაზეთში კომფორტულ საცხოვრებელ ზონასა და რუსული კაპიტალის საინვესტიციო შესაძლებლობებს შორის. აფხაზეთში მიწა უკიდურესად ცოტაა, ჩინოვნიკების სიხარბე უსაზღვროა, რუსული ბიზნესის საფულე კი ძალიან მძიმეა. გასაგებია რუსული კაპიტალის ინტერესები, მაგრამ გაუგებარია აფხაზი და რუსი პოლიტიკოსების ახლომხედველობა. მიწა იმაზე უფრო სწრაფად გაიყიდება, ვიდრე გაფორმდება ხელშეკრულებები ქაღალდზე. მაგრამ ეს მიწა არ ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაშია“.
თენგიზ ჯოპუას თქმით, აფხაზებს მიწის გარდა სხვა არაფერი გააჩნიათ, თუმცა ამის აღქმა დაბლაგვებულია დღეს არსებული უიმედობისა და დაღლილობის გამო, მაგრამ ხვალ, როცა ამ ხალხისა და მათი შვილების თვალწინ მრავალმეტრიანი ღობეები ამოიზრდება, ისინი დაიწყებენ დამნაშავეების ძებნას.
„დაიწყებენ და მალევე იპოვიან იმათ, ვინც ამ კანონს მისცა ხმა, ვინც მას იცავდა, გამოაცხადებენ მათ ერის ინტერესების მოღალატეებად, ხოლო ურთიერთობები რუს და აფხაზ ხალხებს შორის ისეთი სისწრაფით დაიწყებს გაცივებას, რომ არანაირი შეთანხმება და ფინანსური ინექციები არ უშველის“, - ამბობს თენგიზ ჯოპუა.
საეჭვო ეკონომიკური ეფექტი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ახრა არისტავას თქმით, აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი უმნიშვნელო იქნება იმ ზიანთან შედარებით, რომელიც მიადგება აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს:
„არცერთი მთავრობა არცერთ ქვეყანაში არ დაუშვებს თავისი მოსახლეობის ოდენობის უცხოელს მიჰყიდოს საცხოვრებელი სახლები. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. თურქები 80 მილიონ უცხოელს არ მიჰყიდიან საცხოვრებელს, თუნდაც ეს უცხოელები აზერბაიჯანიდან იყვნენ. ქართველები არ მიჰყიდიან სახლებს და არ შეუშვებენ საქართველოში 3 მილიონ უცხოელს, ესპანელები არ მიჰყიდიან 45 მლნ აპარტამენტს თუნდაც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს. არ გაყიდიან, რადგან ეს გამოიწვევს სახელმწიფო კონტროლის სრულ დაკარგვას მიგრაციულ და ეროვნულ პოლიტიკაზე“.
ახრა არისტავას თქმით, ასევე ვერ უძლებს კრიტიკას კანონპროექტის ავტორთა ეკონომიკური არგუმენტები:
„ბიზნესით დაკავებულმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის, რომ იურიდიული პირი იხდის 10-15-ჯერ მეტ გადასახადს, ვიდრე კერძო პირი. ანუ სასტუმროები ჩვენს ხალხს უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე აპარტამენტები, რომელთა მფლობელები, კანონპროექტის მიხედვით, კერძო პირებად დარეგისტრირდებიან. თუ თვითონ იცხოვრებენ, კაპიკებს გადაიხდიან, თუ გააქირავებენ - მაქსიმუმ ფიქსირებული საპატენტო გადასახადის რეჟიმით დაიბეგრებიან. ვისაც აინტერესებს, შეადაროს, რამდენს იხდიან სასტუმროები და ყველაფერს მიხვდება. ჩვენ ცოტა მიწა გვაქვს და საჭიროა ამ რესურსის ეფექტიანი განკარგვა“.
ახრა არისტავას თქმით, არ არის საჭირო 30 ათასი აპარტამენტის გაყიდვა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ეკონომიკური რეფორმების გატარებას და არა მარტივი, პრიმიტიული გამოსავლის მოძებნას, რომელიც, მისი თქმით, სახიფათოა მრავალნატანჯი აფხაზი ხალხისთვის.
„30 000 აპარტამენტის გაყიდვა და 90 000-ზე მეტი უცხოელისთვის საცხოვრებლის მიცემა იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი აღარ იქნება“, - ამბობს აფხაზი ეკონომისტი.