აფსარი - "აფხაზური ვალუტა" რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ?

ასლან ბჟანია შეშფოთებულია იმ ძალების გააქტიურებით, რომლებიც, მისი სიტყვებით, აფხაზეთისა და, მისი პრაქტიკულად ერთადერთი ისტორიული მოკავშირის, რუსეთის ურთიერთობას აზიანებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მწვავედ გააკრიტიკა ოპონენტები, რომლებმაც მიმოქცევაში ე.წ. ეროვნული ვალუტის - აფსარის შემოტანა მოითხოვეს.

ბჟანიამ ამ ინიციატივას უწოდა „მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია“ და „იდეოლოგიური დივერსია“, რომელსაც შეუძლია „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ორ კვირაში განადგურება“.

ე.წ. აფხაზური ეროვნული ვალუტის შემოღების მომხრე ეკონომისტები კი აცხადებენ, რომ ბჟანიას შიშები უსაფუძვლოა, ხოლო აფსარის დაბეჭდვის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ხელოვნურადაა შექმნილი რუბლის დეფიციტი, რათა ყველა მნიშვნელოვანი რესურსი არა ადგილობრივმა, არამედ უცხოურმა, ძირითადად, რუსულმა მსხვილმა კაპიტალმა შეიძინოს.

ასლან ბჟანია შეშფოთებულია იმ ძალების გააქტიურებით, რომლებიც, მისი სიტყვებით, აფხაზეთისა და, მისი პრაქტიკულად ერთადერთი ისტორიული მოკავშირის, რუსეთის ურთიერთობას აზიანებენ. ბჟანიამ ერთ-ერთ ასეთ „აქტიურობად“ დაასახელა აფხაზი ეკონომისტისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ახრა არისტავას ინიციატივა, აფხაზეთი საკუთარ ვალუტაზე - აფსარზე გადავიდეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი დაღუპავს რესპუბლიკას და სახელმწიფოს გარეშე დატოვებს აფხაზ ერს. ბჟანიამ ამ კონტექსტში გაიხსენა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა, რომელმაც 30-ზე მეტი წლის შემდეგ შეწყვიტა არსებობა.

ბჟანია აფსარის წინააღმდეგ

„ხალხს აგიჟებენ. ამას წინათ მედიაში ერთმა ეკონომისტმა თქვა, ჩვენ უნდა გადავიდეთ საკუთარ ფულად ერთეულზეო, რადგან ეს უამრავ ეკონომიკურ პრობლემას გადაჭრისო. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატიც არის.

რა თქმა უნდა, კარგია საკუთარი ვალუტის ქონა, მაგრამ რას გამოიწვევს ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების დღევანდელ ეტაპზე? ეს გამოიწვევს ჩვენი სახელმწიფოს დაშლას რამდენიმე დღეში, 10-15 საათში. 8 მილიარდი რუბლის ექსპორტი გვაქვს, სამაგიეროდ, იმპორტი გვაქვს 45 მილიარდის. გარდა ამისა, ამ ფულად ერთეულს არავინ აღიარებს, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს ცალკეულ მოქალაქეებს ძალიან უყვართ.

8 მილიარდის საქონელი გაგვაქვს, 45 მლრდ-ის შემოგვაქვს. თუ ხედავთ, რამხელა განსხვავებაა. ამ განსხვავებებით, 35 მილიარდით, ვყიდულობთ საწვავს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, პურს, ყველაფერს, რაც გვჭირდება. საიდან მივიღებთ ამას?“

ასლან ბჟანია დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაში

ასლან ბჟანიამ აფსარის შემოღებასთან დაკავშირებულ რისკებზე ილაპარაკა 15 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის კოლეგიის სხდომაზე, სადაც მან ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა:

„ამ ადამიანებს, ვინც ეროვნული ვალუტის შემოღებაზე ლაპარაკობს, ხალხი უსმენს, გავლენას ახდენენ მასზე. ეს ცნობილი ამბავია. საბჭოთა პერიოდში ამას იდეოლოგიურ დივერსიას ეძახდნენ.

თუ დაეუფლებით ადამიანის ცნობიერებას, ეს ადამიანი თქვენს ხელში იქცევა მატერიალურ ძალად, რომელსაც თქვენი ნება-სურვილის შესაბამისად მართავთ. სწორედ ამის წინაშე დგას ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო. ამ აუდიტორიაში დამსწრე ადამიანებს განსაკუთრებული მისია გაკისრიათ, რაკი გაცვიათ ეს ფორმები... ემბლემაც სათანადო გაქვთ... ფარი და კიდევ რა? მახვილი. ორი მახვილი!

არ არის საჭირო მტრების ძებნა სადმე შორს საზღვარგარეთ. ისინი ყველგან შეიძლება იყვნენ. ყველა მახვილი მათკენ უნდა იყოს მიმართული“.

რამ გააღიზიანა ასე ძალიან დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი?

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფსარის შემოღება, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური საკითხიცაა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს საქართველოს ამ რეგიონში.

რუსეთის მთავრობა, ალტერნატიული კაპიტალის არარსებობის პირობებში, ცდილობს შეისყიდოს ყველა სტრატეგიული (მათ შორის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო) ობიექტი და მნიშვნელოვანი ბიზნესი.

მოსკოვი ასევე ლობირებს აფხაზეთში ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც საშუალებას მისცემს რუსულ ბიზნესს შეიძინოს უძრავი ქონება (პირველ რიგში - მიწები) და დააბანდოს ე.წ. აპარტ-ოტელების მშენებლობაში, რასაც დღემდე ეწინააღმდეგება ადგილობრივი საზოგადოება.

აფსარის შემოღება რომ რუსეთს გააღიზიანებს, ამაზე ასლან ბჟანიამ პირდაპირ მიანიშნა, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სიტყვები გაიხსენა: „ჩვენი აფხაზური სახელმწიფოს არსებობის საფუძველს წარმოადგენს ორი ძალა - აფხაზი ხალხის ნება და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა“.

ვლადისლავ არძინბა (მარცნივ), ბორის ელცინი (შუაში), ედუარდ შევარდნაძე, 1992 წელი, მოსკოვი

„ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას - არა, მაგრამ ეს ფაქტია, - თქვა ბჟანიამ არძინბას ციტირებისას, - ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, სინქრონული მოქმედები... როცა განიხილება რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხები, აუცილებლად იწყება გარკვეული საინფორმაციო იერიში.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა დესტაბილიზაციის გამოსაწვევად და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასანგრევად“.

აფხაზეთის ეროვნული ვალუტის შემოღების ინიციატივის ავტორმა, ეკონომისტმა ახრა არისტავამ შეახსენა ასლან ბჟანიას, რომ აფსარი 2008 წლიდანაა „აფხაზეთის რესპუბლიკის ფულადი ერთეული და, რომ 2008 წლის 22 აპრილის N2012-IV კანონის შესაბამისად, აფსარი (მონეტები და ბანკნოტები) წარმოადგენდა გადახდის საშუალებას აფხაზეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე“.

„როგორ უნდა მოეპყრონ სამართალდამცავი უწყებები ეკონომისტებს, რომლებიც ეროვნულ ვალუტაზე მსჯელობენ, გაურკვეველია. როგორც ყველამ იცის, 2018 წელს განხორციელდა 500 მლნ აფსარის ემისია, მაგრამ ქვეყანა არ დანგრეულა“, - თქვა ახრა არისტავამ.

კიდევ ერთი აფხაზი ეკონომისტი, ახრა ბჟანია გაოცებას ვერ მალავს ბჟანიას პოზიციის გამო და კითხულობს:

აფხაზი ეკონომისტი ახრა ბჟანია

„კანონი რომც არ არსებობდეს, რატომ არის დანაშაული ეროვნული მონეტარული პოლიტიკის უპირატესობასა და შიდა ბაზარზე ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე საუბარი? ასე ხომ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული უცხოური ვალუტის კურსის რყევაზე?!

ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ვალუტის ბეჭდვა დამოუკიდებელი ეკონომიკის სიმბოლოს დემონსტრირებაცაა. ამის გამო სხვისი გაკიცხვა და პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელიც შინაგანად არ გრძნობს თავს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქედ.

სწორედ ეს ფუნდამენტური გარემოებაა მიზეზი ასლან ბჟანიას სხვა ინიციატივებისა, რომლებიც შეეხება უცხოეთის აგენტებს, აპარატამენტებს, ბიჭვინთის აგარაკს, ენერგეტიკას და ა.შ.“

აფსარზე გადასვლის ინიციატივას წმინდა ეკონომიკური კუთხითაც აკრიტიკებენ. სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი ასტამურ კაკალია, რომელსაც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ელაპარაკა, ამბობს, რომ აფხაზეთის ეკონომიკა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს:

„ვალუტა, რომელიც არ არის მხარდაჭერილი სასაქონლო მასით, არ არის მხარდაჭერილი აქტივებით, ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი.

სერიოზულად გჯეროდეს იმის, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობით შეგვიძლია მიმოქცევაში შემოვიტანოთ ეროვნული ვალუტა, იგივეა, რომ კანფეტის ქაღალდი მიგაჩნდეს ფულად. ჩვენი ვალუტის ადგილზე დაბეჭდვასაც კი ვერ შევძლებთ, აფსარი საზღვარგარეთ იბეჭდებოდა“.

სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი ასტამურ კაკალია

აფსარის ისტორია

აფსარი (აფხ. аԥсар) - ე.წ. აფხაზური ფულის ერთეული, რომელიც შემოიღეს 2008 წლის 22 აპრილს. თავდაპირველად გამოუშვეს მხოლოდ სამახსოვრო მონეტები, 2018 წლიდან კი სამახსოვრო ბანკნოტებიც დაიბეჭდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, აფსარი მიიჩნევა გადახდის საშუალებად აფხაზეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ნომინალური ღირებულებით, თუმცა პრაქტიკულად აფსარი, სიძვირისა და სხვა მიზეზების გამო, არ მონაწილეობს მიმოქცევაში.

აფხაზეთის ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 1 აფსარის ნომინალური ღირებულება 10 რუსული რუბლია, თუმცა სამახსოვრო მონეტების რეალური, საბაზრო ღირებულება ბევრად მაღალია: ოქროს მონეტის ფასი დაახლოებით 23 000 რუბლია, მოოქროვილი ვერცხლის მონეტისა - დაახლოებით 4500 რუბლი.

2008 წლის 26 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ბანკმა გამოაცხადა, რომ მიმოქცევაში გამოუშვა ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამახსოვრო მონეტები - 10 და 50 აფსარის ნომინალით.

2012 წლის 15 თებერვალს ბანკმა გამოუშვა სამახსოვრო ვერცხლის მონეტების სერია („აფხაზეთის ისტორიული ძეგლები“, მხატვარი ბატალ ჯაპუა) ნომინალური ღირებულებით 10 აფსარი: მოოქროვილ მონეტაზე გამოსახულია დრანდის მიძინების, ბიჭვინთის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ლიხნის მიძინების ტაძრები, წმინდა სიმონ კანანელის ახალი ათონის ეკლესია, ბედიისა და ილორის ეკლესიები.

მონეტები დამზადებულია proof-like ხარისხით, 500-იანი ტირაჟით.

აფსარი - კუპიურა და მონეტები

2015 წლის 13 თებერვალს, დე ფაქტო აფხაზეთის ბანკის ხელმძღვანელმა ბესლან ბარათელიამ შესთავაზა რესპუბლიკის პარლამენტს, მიეღო კანონი აფხაზური მონეტების ემისიის შესახებ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მიმოქცევაში მათი გამოყენება რუსული მონეტების პარალელურად.

2016 წლის 27 ივლისს აფხაზეთის ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა აფხაზეთის ტაძრებისადმი მიძღვნილი 1 აფსარის ნომინალის 7 მონეტისგან შემდგარი ნაკრები.

2018 წლის 3 აგვისტოს ცვლილებები შევიდა 2008 წლის კანონში. კანონს ეწოდა „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტებისა და სამახსოვრო ბანკნოტების მიმოქცევაში შემოტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს აფსარის სამახსოვრო ბანკნოტების მიმოქცევაში გამოშვებას.

2018 წლის 29 სექტემბერს დაიბეჭდა პირველი ბანკნოტი - 500 აფსარი, რომელზეც დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული და ეძღვნებააფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავს”.

2018 წლის კურსით 500 აფსარი შეესაბამებოდა 5 ათას რუსულს, დაახლოებით 73 აშშ დოლარს. სულ დაიბეჭდა 10 000 კუპიურა.

მაინც რა საჭიროა აფსარი?

ასლან ბჟანიას რისხვის ადრესატი და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ახრა არისტავა დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა გამართლებული იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით:

„ქვეყანაში საინვესტიციო და საბანკო კაპიტალის დეფიციტია. ადრე, სერგეი ბაგაფშის დროს, რუსეთი გვეხმარებოდა. მცირე ბიზნესისთვის 10 წლით გამოგვიყვეს კონსოლიდირებული სესხი.

რაულ ხაჯიმბასაც მისცეს 1 მილიარდ 200 მილიონი რუბლის ოდენობის სესხი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება.

ვინაიდან ჩვენ რუბლის ზონაში ვართ, რუსეთი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გვაძლევს საკრედიტო რესურსებს, ჩვენს ბანკებს ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ რუსეთის ეროვნული ბანკიდან სესხების აღება (ადრე ეს დახმარება რუსეთის მთავრობის მეშვეობით ხდებოდა). ასე რომ. ქვეყნის ეკონომიკის ფულით გაჯერებისთვის უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

ან რუსეთი გვაწვდის ამ რესურსებს, ან იძულებული ვიქნებით აფსარი შემოვიტანოთ მიმოქცევაში, საკითხი სწორედ ასე დგას.

ეს არის ელემენტარული ეკონომიკური ვითარება, რომელსაც სტუდენტები გადიან უნივერსიტეტში „ფინანსებისა და კრედიტის“ კურსის ფარგლებში. აქ არაფერია არაბუნებრივი, ეს არანაირად არ არის იდეოლოგიური დივერსია“.

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ახრა არისტავა

ახრა არისტავას თქმით, უსაფუძვლოა ასლან ბჟანია შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა აფხაზეთს დაანგრევს. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით არც იმპორტ-ექსპორტის მოცულობებს შორის დიდი უარყოფითი სხვაობაა ტრაგედია.

„ექსპორტმა 2023 წელს შეადგინა მხოლოდ 7 მილიარდ 300 მილიონი რუბლი, ხოლო იმპორტი - თითქმის 42 მილიარდი იყო, - ამბობს ეკონომისტი, - არ არის სწორი ფულის ბრუნვისა და ეროვნული ვალუტის შემოღების დაკავშირება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებთან.

საქმე ისაა, რომ ფულის ბრუნვა მიბმულია ქვეყნის სავალუტო ბალანსთან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს აფხაზეთში 70 მილიარდ რუბლზე მეტი შემოვიდა, ხოლო 72,8 მილიარდი რუბლი გავიდა აფხაზეთიდან, ამიტომ საჭიროა ქვეყნის სავალუტო ბალანსთან შედარება.

ცხადი რომ იყოს, გავიმეორებ: თუ რუსეთი არ გვაძლევს საკრედიტო რესურსებს, რათა აფხაზეთის მოქალაქეებმა შექმნამ საწარმოები, ააწყონ წარმოება, ივაჭრონ, განავითარონ ეკონომიკა, მაშინ ეროვნული ვალუტის შემოღების გარდა სხვა გზა არ გვაქვს.

იმპორტ-ექსპორტს შორის კატასტროფული დისბალანსიც ბჟანიას ხელისუფლებაში ყოფნის, ამ 3-4 წლის შედეგია. როდესაც მთავრობაში ვმუშაობდით, ჩვენ შევამცირეთ ეს სხვაობა.

თუ ეროვნულ ვალუტას, აფსარს შემოვიღებთ, მოქალაქეები, მათ შორის რუსი ტურისტები და რუსი მეწარმეები, იძულებულნი იქნებიან თავიანთი რუბლები აფსარში გადაახურდაონ. ხოლო როდესაც ჩვენ რამის - საწვავის, პურის ან სხვა საქონლის ყიდვა დაგვჭირდება, გამოვიყენებთ იმ 70 მილიარდ რუბლს, რომელიც იქნება ჩვენი ეროვნული ბანკის განკარგულებაში.

ვიყიდით მისგან რუბლებს და კომერციული ბანკების მეშვეობით შევიძენთ საზღვარგარეთ იმ საქონელს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეს ელემენტარული ეკონომიკაა“.

ახრა არისტავა ეჭვობს, რომ ბჟანია აღაშფოთა ეროვნული ვალუტის დაკავშირებამ ხელფასებისა და პენსიების გაზრდის შესაძლებლობასთან, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებსაც, მეზობელი ქვეყნების მსგავსად, შეიძლება ჰქონდეთ საშუალო თვიური შემოსავალი 600-700 დოლარზე, ხოლო პენსია 200 დოლარზე მეტი:

რუბლის დეფიციტი, რომელიც ამჟამად არსებობს აფხაზეთში, ხელოვნურია. თუ სხვადასხვა, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო, არ გვექნება ფულის საკმარისი მასა, მაშინ უბრალოდ სხვა გამოსავალი არც გვრჩება გარდა იმისა, რომ შემოვიღოთ საკუთარი ფულის ერთეული - აფსარი.

„ჩვენ გვყავს მცირე მოსახლეობა და ტურისტების დიდი ნაკადი, ასევე შეგვიძლია შევქმნათ საწარმოები.

აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია მოთხოვნადია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებში, მას ნდობით ეპყრობიან. ეს ყველაფერი იძლევა სტიმულს საწარმოების ასაშენებლად, განსაკუთრებით აგროგადამამუშავებელ ინდუსტრიაში.

მაგრამ ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით საკითხს, რომ ამისათვის საჭიროა საინვესტიციო საბანკო კაპიტალი, რათა სწორედ აფხაზეთის მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი ეკონომიკური გეგმების განხორციელება და მოგების მიღების იმედიც ჰქონდეთ.

ამის ნაცვლად, დღევანდელი ხელისუფლება, საბანკო კაპიტალის ნაკლებობის გამო, გვთავაზობს, ყველაფერი მივცეთ უცხოურ მსხვილ კაპიტალს.

ანუ მე ვთავაზობ ვარიანტს, სადაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეძლებენ მოგების ნახვას. ხოლო თუ ყველაფერს უცხოურ კაპიტალს მივცემთ, მაშინ ცხადია, მოგების გარეშე დავრჩებით.

მიმაჩნია, რომ რუბლის დეფიციტი, რომელიც ამჟამად არსებობს აფხაზეთში, ხელოვნურია, რადგან რაკი რუბლის ზონაში ვართ, გვაქვს ემისიაზე კვოტის უფლება.

ეს არის აფხაზეთის რესპუბლიკის კანონიერი უფლება. და თუ სხვადასხვა, მათ შორის ობიექტური მიზეზის გამო, არ გვექნება ფულის საკმარისი მასა, მაშინ უბრალოდ სხვა გამოსავალი არც გვრჩება გარდა იმისა, რომ შემოვიღოთ საკუთარი ფულადი ერთეული - აფსარი. ნიმუშად შემიძლია მოვიყვანო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც ასევე აქვთ ექსპორტ-იმპორტის დიდი დისბალანსი.

შეხედეთ საქართველოს, მათი იმპორტიც აჭარბებს ექსპორტს, შემოიღეს ეროვნული ვალუტა, მაგრამ არ დაეშალათ ქვეყანა. უბრალოდ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა არის ფულის ფუნქცია და როგორია მისი მნიშვნელობა, ან არადა დაიხმაროს სპეციალისტები, რომლებიც ამ საქმეში ერკვევიან. არცერთი სახელმწიფო არ დანგრეულია იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა შემოიღო“.

ახრა არისტავას თქმით, 2018 წელს მიმოქცევაში ჩაეშვა 500 მილიონი აფსარი, მაგრამ ამ ემისიას აფხაზეთი არ დაუნგრევია.