ატოცში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ღობეს ამონტაჟებენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრებმა გულო კარაპეტოვმა მიწის ნაკვეთის ნაწილი - დაახლოებით, 30 მეასედი - დაკარგა. სოფლის განაპირას, სადაც ატოცელებს სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები აქვთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ახალი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობის მონტაჟი დაიწყეს. კარაპეტოვს მიწა უკვე დამუშავებული ჰქონდა, ფართობის ნაწილზე საშემოდგომო ხორბალი, მეორე ნაწილზე კი ჭარხალი ჰქონდა დათესილი, ახლა კი საოკუპაციო ხაზი მის ნაკვეთს შუაზე ყოფს. კარაპეტოვის გარდა მიწის ფართობი კიდევ რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაკარგა.

Your browser doesn’t support HTML5

ატოცში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება

„ორი თვის პენსია გამოვიტანე და დავთესე პური. 500 ლარი დამიჯდა და მოყვა მაგათ იმაში [ოკუპაციის ხაზს მიღმა]. რა გავაკეთო, 7 სული ვართ სახლში, რა ვაჭამო ბავშვებსა. ლამის გავგიჟდე და გადავიდე ჭკუაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გულო კარაპეტოვმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ღობეს ამონტაჟებენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის განაპირას, მინდორში, ოთხი კაცი ძელებს მიწაში დილიდან არჭობდა, მათ სიახლოვეს კი მუდმივად ორი შეიარაღებული პირი პატრულირებდა. ისინი ატოცელებსა და ქართველ სამართალდამცავებთან კონტაქტში არ შედიოდნენ. მიმდებარე ტერიტორიას იქვე, მინდვრის შუა ნაწილში საგუშაგოდან სხვა შეიარაღებული პირებიც აკონტროლებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ვიდეოსაც იღებდა.

ატოცს ოკუპირებული ოსური სოფელი ბალთა ესაზღვრება, საიდანაც გზა ზნაურის მიმართულებით გადადის. სწორედ ამ გზაზე მოძრაობენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. სოფელში ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ბორდერიზაციის შედეგად ატოცელებმა 30 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი და საძოვარი დაკარგეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ღობეებთან მიახლოებას დაკავების შიშით ვერ ახერხებენ. ამას ისიც დაემატა, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის რაოდენობა 2 000-დან 20 000 რუბლამდე გაზარდა.

ატოცში დღეს ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა რას აკეთებდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალები. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს პროცესი ცხინვალს იზოლაციაში მოაქცევს.

ქეთევან ციხელაშვილი

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ რაც აქედან 50 მეტრში ხდება, ეს არის სამარცხვინო, აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ჩვენ არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მე დღეს აქ ყოფნით მინდა ატოცის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. დღეს ფიზიკურად ვარ მათთან და ასე გამოვხატავ მხარდაჭერას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

სოფელ ატოცთან რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის გავლების სამუშაოები დაიწყო, გუშინ გაირკვა. პირველი ინფორმაცია ოსურმა მედიამ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა. ამ ცნობის თანახმად, სოფელ ბალთას მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ერთკილომეტრიანი სასაზღვრო ღობის მშენებლობა. საქართველოს ხელისუფლებამ პირველი განცხადებები გუშინ საღამოსვე გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, იმისთვის რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

დავით ზალკალიანი

„ჩვენს ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმომადგენლობას აქვს შესაბამისი ინსტრუქცია, რომ უახლოეს პერიოდში ყველა სხდომაზე იყოს ეს საკითხი აქტუალიზებული, დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებებში განსაზღვრული და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციას მოეთხოვოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახლო მომავალში ატოცში გაგრძელებული მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. მოძრაობის წევრები დღეს მოსახლეობას შეხვდნენ და აქციები დაგეგმეს.