მანამდე ჩასმულ ძელებზე მათ მავთულხლართები გააბეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ და სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნა. მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას, განცხადებით, მავთულხლართები, დაახლოებით, 50 მეტრზეა გაბმული, თუმცა იქვეა დატოვებული დახვეული მავთულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოებს გააგრძელებენ. ქაცარავა ამ ფაქტზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც დაადასტურეს. მათი თქმით, სოფლის მინდვრებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ჩნდებიან, მათ კუთვნილ ნაკვეთებში ბოძებს ამონტაჟებენ და ამ ბოძებზე მავთულხლართებს აბამენ. ატოცელების განცხადებით, შიშით მინდვრებსა და საძოვრებზე ვეღარ გადიან. სოფლის მცხოვრები ეთერ გოგიჩაშვილი ამბობს, რომ სოფლიდან ახალგაზრდებიც გარბიან.
„შიგნით და შიგნით იწევენ. რამდენი ჰექტარი წაგვართვეს, ღმერთმა იცის. გვეშინია, ძალიან გვეშინია. სოფელიც დაიცალა ამის გამო. ახალგაზრდობა სულ წასულია და ბევრი სახლი დაკეტილია. მოხუცებიღა ვართ დარჩენილი. გადმოწიეს რუსებმა ღობეები და ამბობენ, რომ კიდევ გადმოწევენ. რუსის როგორ არ შეგეშინდება?“
ასევე ნახეთ ახალი მავთულხლართები ატოცისა და ოქონის მიმდებარე ტერიტორიაზეანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, რამდენიმე დღეა, ატოცში იმყოფება. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები ბოლო დროს ინტენსიურად მუშაობდნენ და სამუშაოებს კიდევ განაახლებენ, რადგან ბოძებზე გასაბმელი მავთულხლართები ადგილზე დატოვეს.
„საოკუპაციო რეჟიმმა განაახლა ჩარჭობილ ბოძებზე მავთულხლართების გაბმა. ეს „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებაა. ჩვენთვის რთულია ვთქვათ, როდის მოხდა ეს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ეს მომხდარი არის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იმ პერიოდში, როცა მათ კვლავ კომფორტის ზონა შექმნილი ჰქონდათ. ხელისუფლების მხრიდან კვლავ შექმნილი არის ინფორმაციული ვაკუუმი და ხელშეწყობა ხდება საოკუპაციო რეჟიმისთვის“, - თქვა დავით ქაცარავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო დღეებში ბორდერიზაციის შესახებ ატოციდან გავრცელებული ცნობები უარყო, თუმცა იმას არ უარყოფს, რომ სამუშაოებს რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად აახლებენ.
„სოფელ ატოცის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე წელია. ნებისმიერ უკანონო აქტივობაზე აქტიურდება ცხელი ხაზი, საკითხი განიხილება ერგნეთის „ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ და ჟენევის დისკუსიის ფარგლებში. უკანასკნელი კვირების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის აქტივობა საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ატოცის მიმდებარედ არ დაფიქსირებულა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება, რა დროსაც ფაქტი ასევე არ დადასტურდა“.
საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში წელს მაისის თვეში გამოჩნდნენ და ძელების ჩასმა ატოციდან ოქონის მიმართულებით გააგრძელეს. მისი სიგრძე, ჯამში, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრია. ღობეების პერიმეტრზე გავლებულია, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. ატოცელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები სოფელთან ახლოს წელიწადში რამდენჯერმე ჩნდებიან და მუშაობას აგრძელებენ. ადგილობრივები მავთულხლართების სიახლოვეს არსებულ ნაკვეთებში ვეღარ მიდიან, რადგან რუსეთის მესაზღვრეები იქ მუდმივად პატრულირებენ და მათი დაკავების საფრთხე დიდია.
ასევე ნახეთ შიშის ზონა სოფლის საძოვარზესუს-ის განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
„უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს. მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 350 კმ-ზე მეტი. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, - აცხადებს სუსი.
2021 წლის პირველ 6 თვეში რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად მუშაობენ ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე მუდმივად აპროტესტებენ, საოკუპაციო ძალები „ბორდერიზაციას“ მაინც აგრძელებენ. მცოცავი ოკუპაციის გამო ათობით ჰექტარი მიწა ისევ იკარგება.