ბოლო ხუთეულში - ასრულებს საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს?

საქართველო, ევროსაბჭოს 46 ქვეყანას შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მხრივ, აზერბაიჯანსა და რუსეთთან ერთად, ბოლო ხუთეულშია.

2024 წლის აპრილის მონაცემებით, აღუსრულებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებლები ქვეყნების ბოლო ხუთეულში ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი - 65%;
  • ალბანეთი - 51%;
  • მალტა - 45%;
  • რუსეთი - 67% ;
  • საქართველო - 44%.

ამ სტატიაში ვყვებით:

რატომ და რა ნაწილში არ ასრულებს საქართველოს სახელმწიფო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი;

  • რა საქმეების გამოძიებასა და რა პრაქტიკის შეცვლაზე ამბობს უარს საქართველოს ხელისუფლება;
  • რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს კომპენსაციების გადახდა;
  • სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ვალდებულებების შეუსრულებლობამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა სტრასბურგში.

პოლიციელების დასჯა, რეფორმები, კანონის ცვლილება - რას არიდებს თავს ქვეყანა?

ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც ეხება სისტემის ცვლილებას, პრაქტიკის გაუმჯობესებას, ცუდი კანონის კარგით შეცვლას, დამნაშავე სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას, ერთი სიტყვით - დემოკრატიულ რეფორმებს, - გვეუბნება საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი დავით ჯავახიშვილი.

მისი აზრით, საქართველოში, ამ საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები არც კი იაზრებენ, რატომ დადგინდა დარღვევა, რა უნდა შეიცვალოს, რომ იგივე არ განმეორდეს:

„იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე, ეს პროცესი ჩვენთვის თავიდან ბოლომდე ბუნდოვანი რჩება. ის, რომ პროცესში არ მონაწილეობს არც, მაგალითად, სასამართლო ან სპეციალური კომისიები, როგორც ეს ხდება, მაგალითად, სლოვენიაში, ესეც დიდი პრობლემაა“.

სლოვენიას, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მხრივ, პირველი ადგილი უკავია - მას გადაწყვეტილებების მხოლოდ 1% აქვს შესასრულებელი.

დავით ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში არასოდეს არავინ ისჯება პროცედურული დარღვევის დადგენის შემთხვევაშიც კი. ანუ, როცა ევროპული სასამართლო ქვეყანას ეუბნება, საქმე არასწორად გამოიძიეო - ამაზე დისციპლინარულადაც კი არავის უგია პასუხი.

„რეალურ სურათს დავინახავთ მაშინაც, თუ ვნახავთ, რამდენი გადაწყვეტილებაა გამოსული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 ან მე-2 მუხლთან მიმართებით, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მკვლელობასა თუ ადამიანის წამებაზე და რეალურად, რამდენი პირი დაისაჯა“, - გვეუბნება დავით ჯავახიშვილი.

დღეს ევროსასამართლოში, საქართველოს შემთხვევაში, აღსრულების პროცესშია ექვსი ძირითადი ჯგუფის საქმეები. საქართველოს შემთხვევაში ლაპარაკია სულ 185 საქმის აღსრულებაზე.

  • პირველი ჯგუფის საქმეები უკავშირდება სამართალდამცავების ქმედებას, სიცოცხლის უფლებას, არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც ხდებოდა დაკავების ადგილებსა და საპატიმროებში. ამავე ჯგუფშია მკვლელობის საქმეებიც;
  • მეორე ჯგუფის საქმეები ეხება პატიმრობების კანონიერებას და პატიმრობის გამოყენებას არალეგიტიმური მიზნებით;
  • მესამე ჯგუფის საქმეები უკავშირდება ოჯახში ძალადობას, პოლიციელების არასათანადო რეაგირებას;
  • მეოთხე ჯგუფში არის საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია გენდერულ იდენტობასთან;
  • მეხუთე - რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებს მოიცავს. იქნება ეს ძველი, იეჰოვას მოწმეების საქმეები თუ მერე დამატებული მუსლიმი თემის დისკრიმინაციის ფაქტები, სადაც ისევ და ისევ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა იკვეთება;
  • და მეექვსე ჯგუფი არის შეკრებების და ასოციაციის თავისუფლება. ეს ჯგუფი მოიცავს ლგბტქ თემის საქმეებს, მათზე თავდასხმის ფაქტებს, დემონსტრაციების დროს მათ მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას, გამოძიების არაეფექტურობას.

რატომ არ ასრულებს ვალდებულებას საქართველო?

პასუხი თავად ამ საქმეებში უნდა ვეძებოთ, - გვეუბნება ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია.

მისი შეფასებით, ყველა ამ საქმეს წითელ ხაზად გასდევს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი და ყველა საქმე უკავშირდება „სამართალდამცავი ორგანოებისთვის ლაგამის გაკეთებას“.

ამ საქმეების აღსრულება ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს და ეს, ყოფილი ევრომოსამართლის შეფასებით, პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ ნებას, რომელიც, მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია.

„თუ ჩავხედავთ აღსრულების დოკუმენტებს, იქ წერია, რომ უნდა გატარდეს საგამოძიებო სამსახურის ძირეული რეფორმა, რომ საჭიროა მთავარი პროკურორის არჩევის დემოკრატიულ სტანდარტებზე მოწყობა - საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობით. პირდაპირ სთხოვენ ხელისუფლებას, რომ ჰომოფობიური დანაშაული მკაფიოდ დაგმოს...თუმცა წელს ვნახეთ, რომ საერთოდ კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს“, - შენიშნავს ნონა წოწორია.

მისთვის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა „რუსული გზაა“ და თუ ხელისუფლებამ ამ გზას არ გადაუხვია, შესაძლოა, ქვეყანა სერიოზულ კონფლიქტში აღმოჩნდეს ევროსაბჭოს პრინციპებთან.

„მე მაქვს ეს განცდა, რომ ყველაფრის ეროვნული ინტერესებით შეფუთვა, ამ ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებებიც, არის ნიშანი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან ზღვარს, როცა შეეძლებათ თქვან - ევროსაბჭოს წევრობა ეწინააღმდგება ქართველი ხალხის ინტერესებსო“.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ მიკროავტობუსს, რომელშიც ლგბტქ თემის წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. 2013 წლის 17 მაისი, თბილისი.

აღუსრულებელი გადაწყვეტილებები

სია გრძელია და მათ შორის არის:

  • „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეები, რომლებიც შეეხება ციხეში და არა მხოლოდ იქ, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობას.
  • ორგანიზაცია „იდენტობის“ საქმეები, სადაც ასევე არ დამდგარა დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი.
  • ე.წ. wisg-ის საქმე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას შეეხებოდა.
  • ფემიციდის საქმეები - „A და B საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც გამოკვეთილია იმ პოლიციელების ბრალი, რომლებმაც არ დაიცვეს განმცხადებელი, რომელიც შემდეგ ფემიციდის მსხვერპლი გახდა. აქაც არავისნ დასჯილა.

„ადამიანი, რომლის იმედიც იყო სტრასბურგის სასამართლო, ახლა დემოტივირებულია და ფიქრობს, მიაღწევს კი იქ სამართალს? რა აზრი აქვს იმ რთული პროცედურების და სტრესის გავლას, რაც წინ ელის? წარმოიდგინეთ, წამების მსხვერპლი რომ ხარ და ყველაფერი თავიდან უნდა მოჰყვე იმისთვის, რომ შემდეგ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შენმა ქვეყანამ მაინც არ აღასრულოს“, - ამბობს დავით ჯავახიშვილი.

კიდევ ერთი შეხსენება ხელისუფლებას: მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა წლებია გრძელდება ისეთ გახმაურებულ სასამართლო საქმეზე, როგორიცაა ყოფილი შსს მინისტრისა და პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმე.

14 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები ამ საქმეზე განაჩენების აღსრულების შესახებ და 2025 წლის მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე საქმის განხილვის განახლება გდაწყვიტა.

ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიძიოს ის ფაქტები, რაც ევროსასამართლომ დაადგინა. მიიღოს ყველა საჭირო ზომა სასამართლოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების „დროულად და ეფექტურად“ აღმოსაფხვრელად და „გამოძიების სწრაფად დასასრულებლად“.

„რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია არ აკეთებს“, - გვეუბნება ამ საქმის იურისტი, ოთო კახიძე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში ევროპულმა სასამართლომ (როგორც სექციამ, ისე დიდმა პალატამ) დაადგინა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (მე-5 მუხლთან ერთად), რაც ნიშნავს იმას, რომ:

„დადგინდა ფაქტი - ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანა საკნიდან, მასზე განახორციელა ზეწოლა, მისგან უნდოდა ინფორმაციის მიღება და მერაბიშვილის პატიმრობას იყენებდა სხვა მიზნებით - ევროპულმა სასამართლომ დაავალა საქართველოს სახელმწიფოს, რომ გამოეძიებინა ეს ფაქტი. რადგან ეს არის უკანონობა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“.

ასევე ნახეთ ეროვნული ბანკი რიგითი ფარცხალაძისა და „სხვა ნებისმიერის“ გადასარჩენად - სუვერენიტეტის სახელით

ხელისუფლებას, ოთო კახიძის თქმით, ან უნდა აღესრულებინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოძიებით შეეკრიბა შესაბამისი მტკიცებულებები და ბრალი წაეყენებინა ფარცხალაძისთვის, ან საქმე ჩაეფარცხა, - „როგორც თავიდან ქნეს, როცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაშალეს“.

ოთო კახიძისთვის მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზებს პირდაპირ ებმის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ხაზინის მიერ ფარცხალაძის სანქცირების ფაქტი და მასზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი.

„პასუხი კი, ყველას გვახსოვს, იყო ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკებს მოუწოდა, რომ არ შეესრულებინათ გადაწყვეტილება. არც სუსსა და არც პროკურატურას ჰქონია რეაგირება. გამოძიება არ დაწყებულა. ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს როგორც მთავარი პროკურორობის დროს დააფარეს ხელი, როცა დიდმა პალატამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა დაადგინა, დღესაც იგივე ხდება და გამოძიებაც უსასრულოდ ჭიანურდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ევროკონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, არ ვასრულებთ აღებულ ვალდებულებას“, - ამბობს ოთო კახიძე.

ვანო მერაბიშვილი ტოვებს საპატიმროს. 2020 წლის თებერვალი.

გადაწყვეტილებების რამე ნაწილი მაინც სრულდება?

კი, საქართველოს მთავრობა დაზარალებულებს უხდის კომპენსაციას.

თუ ევროსასამართლოს განაჩენის აღსრულების დეპარტამენტის ვებსაიტზე შეიხედავთ, ნახავთ, რომ მას, 2012-2022 წლებში, საქართველოსთვის დაკისრებული აქვს 1 534 056 ევროს კომპენსაცია.

ოღონდ ეს არის გადასახადების გადამხდელების - ბიუჯეტის ფული, რომელსაც ქვეყანა მის მიერვე, საკუთარი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის იხდის.

ხოლო, თუ იუსტიციის სამინისტროსგან, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშებსაც ჩახედავთ (მიმდინარე საქმეებზე), ნახავთ გადახდილი თანხების რაოდენობას და თარიღებსაც. მაგალითად,

  • „საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - სასამართლომ მომჩივნებს ერთობლივად მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 15 000 ევრო ხარჯების ანაზღაურებისთვის. მთავრობამ მომჩივანს გადაუხადა დადგენილ ვადაში - 2023 წლის 20 ივლისს.
  • ან საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ" (ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეები - სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში - სახელმწიფომ ვერ დაიცვა მომჩივნის შვილის სიცოცხლე და ვერ განახორციელა ეფექტიანი გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით) - სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა (35 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 10 ნოემბერს.
  • ე.წ. მოსამართლეთა საქმეების სერიიდან იყო „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ - სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას დააკისრა 3500 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და 3380 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად. მთავრობამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2017 წლის 9 ივნისს, გადაუხადა მომჩივანს 6880 ევრო.

ამ ანგარიშებში აღწერილ მიმდინარე საქმეებში (ინდივიდუალური ღონისძიებების ნაწილი) ბევრი მსგავსი ანაზღაურება ჩანს.

თუმცა იმავე მაჩალიკაშვილის საქმეზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სულ ახლახან, 18 ივნისს გამოაქვეყნა დადგენილება, რომ უწყება ვერ ხედავს გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას.

2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აკეთებდა დათქმას, რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს ეს საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება.

ასევე ნახეთ ოჩიგავას საქმეზე გამოძიება გაგრძელდება, მაჩალიკაშვილის საქმეზე კი არა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

რაზე მეტყველებს ის, რომ საქართველოს მთავრობა იხდის კომპენსაციის ფულს, მაგრამ არ ასრულებს გადაწყვეტილებების დანარჩენ ნაწილს? იურისტების შეფასებით, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ გზით მათზე წნეხი შემცირდება.

2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა.

იშვიათი გამონაკლისი ათ წელში ერთხელ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ტენდენციას და, როგორც დავით ჯავახიშვილიც გვეუბნება, უიშვიათესზე უიშვიათესია შემთხვევა, როცა სასამართლოს მიერ გამოვლინ დარღვევის გამო კონკრეტული ადამიანი აგებს პასუხს.

„სამართალდამცველები ისევ ხელშეუხებლები არიან - სისტემა არ სჯის მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ იყო ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. მაგრამ მსგავსი რამ ხდება ათწლეულში ერთხელ“.

2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების უფლებამოსილება მიენიჭა.

ასევე ნახეთ „სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც“ - სიღნაღელი კაცი 7 წლის წინ პოლიციაში ცემის შესახებ ჰყვება

„საგრძნობლად შემცირებული“ საჩივარი სტრასბურგში - ეს კარგია?

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის ფონზე, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დასტურად მოჰყავს სტატისტიკა, რომ ევროპულ სასამართლოში, 2012 წლის შემდეგ, საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობა „საგრძნობლად შემცირებულია“.

თუმცა, როგორც ორკვევა, ნაკლები საქმე ევროპულ სასამართლოში არ ნიშნავს:

  • ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  • არ ნიშნავს ნაკლებ ადამიანს, ვინც ქვეყანას უჩივის უფლების დარღვევისათვის, რადგან ერთ საჩივარში, შესაძლოა, ათობით და ასობით ადამიანი იყოს გაერთიანებული;
  • პირიქით, ნაკლები საჩივარი, შესაძლოა, იყოს არა იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, არამედ იმისა, რომ მდგომარეობა გაუარესდა.

როდესაც სახელმწიფო არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, აღარც მომჩივნებს აქვთ მოტივაცია მიმართონ ევროპულ სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია არც იმას გამორიცხავს, რომ საჩივრების რიცხვის შემცირების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ის, რომ არასამთავრობო სექტორს აღარ ეყო ფინანსური და შესაძლოა, ადამიანური რესურსიც.

შედეგი ყველა შემთხვევაში ერთია - სულ უფრო ცოტა ადამიანი პოულობს სამართალს.

„როცა შენ, ქვეყანა, არ ასრულებ იმ ერთადერთი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელსაც ხალხი ენდობა, ამით უარს ამბობ მართლმსაჯულების აღსრულებაზე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ფემიციდის მსხვერპლების მიმართ. პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისგებაზე “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ჯავახიშვილი

„ეს პროცესი აჩენს უიმედობას, ნიჰილიზმს თესავს“, - ამატებს ნონა წოწორია.

რა შეუძლია მინისტრთა კომიტეტს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს?

დასჯით საქართველოს ვერავის დასჯის, თუმცა, შეიძლება დაიწყოს მსჯელობა საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებაზე, ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთის შემთხვევაში.

“სულ იყო ორი შემთხვევა: ერთხელ საბერძნეთი გავიდა ევროსაბჭოდან, როცა იქ სამხედრო დიქტატურა იყო და მეორედ - რუსეთი. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანიც იმუქრებოდა ევროსაბჭოდან გასვლაზე… როგორც წესი, ამას აკეთებენ ავტორიტარული რეჟიმები. ამ ნაბიჯს დემოკრატიული ქვეყნები არ დგამენ”.

ვის ვთხოვთ პასუხს?

რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროა, ჩვენც სწორედ მას მივმართეთ კითხვით, რა არის გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის მიზეზი, განსაკუთრებით კი, ზოგადი ღონისძიებების ნაწილში. ისიც გვაინტერესებდა, ბოლო ხუთ წელში ზუსტად რა რაოდენობის კომპენსაცია აქვს გადახდილი ქვეყანას.

იუსტიციის სამინისტროსგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.