ასეთ მეგობრებთან ერთად...

ბრიუსელს ასეთი მესიჯი აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე დასავლეთ ბალკანელებისთვის: ახლა არ გვინდიხართ. და მომავალში? შესაძლოა. მაგრამ ნუ მოგვმართავთ. ჩვენ თვითონ დაგიძახებთ. რაც შეეხება ბლოკის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა? თუ შეიძლება უბრალოდ დაივიწყეთ ამის შესახებ დიდი, დიდი ხნით.

ევროკავშირის გაფართოების პროცესი სულს ღაფავს და, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს, ბევრს გაახარებდა მისი საერთოდ ჩაკვდომა და დასამარება.

ყოველივე ეს შეიძლება საკმაოდ დრამატულად ჟღერდეს და, რა თქმა უნდა, გაფართოების მომხრეთა პოვნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებშიც შეიძლება და რამდენიმე წევრ ქვეყანაშიც. ევროპის კომისიაში, რომელიც ყოველდღიურად არის დაკავებული გაფართოების საკითხებით, ბევრს მართლა სწამს, რომ გაფართოება არის ბლოკის ყველაზე ქმედითი საგარეო-პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ძალუძს ევროკავშირის უახლოესი მეზობლების გარდაქმნა აყვავებულ დემოკრატიებად და საბოლოოდ კლუბის ღირებულ წევრებად.

და, რა თქმა უნდა, გაფართოება ჯერაც მოქმედებს. მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატები არიან, რომლებმაც უკვე დაიწყეს კავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებები. მონტენეგროსთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის მთავარი კანდიდატია, ევროკავშირის სხვადასხვა წესისა და რეგულაციის ყველა 33 თავი, რომლებიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა მიიღოს, ამ ზაფხულში გაიხსნება, თუმცა დახურულია მხოლოდ და მხოლოდ სამი.

მიმდინარე თვეში ევროკავშირის 13-მა წევრმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ემოციური ღია წერილი, რომელშიც ხოტბას ასხამდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის კარის გაღებას.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საქმე გვაქვს ორმაგ პრობლემასთან. ჯერ ერთი, რატომ აწერდა ხელს 28 წევრი ქვეყნის ნახევარზე ნაკლები. მეორე - შევხედოთ ამ 13 ქვეყანას. მხოლოდო ორი მათგანია ე.წ. ძველი წევრი, რომელიც გასულ საუკუნეში გახდა კავშირის წევრი: ავსტრია და იტალია.

პოზიციები ამჟამად არც ისე ძლიერია ბრიუსელში. რომს მართავს ორი პოპულისტური პარტია, რომელიც კლუბს სხვადასხვა პრობლემას უქმნის. ვენა მთავრობის გარეშეა მას შემდეგ, რაც მაისში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილი იყო, როგორ სთავაზობს ყოფილი ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე პოტენციურ რუს დონორს კონტრაქტებს პოლიტიკური შეწირულებების სანაცვლოდ. დანარჩენები არიან ახალგაწევრიანებული ქვეყნები, რომლებიც ან პროცესებზე გავლენის მოსახდენად ძალიან პატარები არიან (ხორვატია, მალტა, სლოვენია ან ბალტიის სამეული), ან რეპუტაციაშელახული არიან კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო (ვიშეგრადის კვარტეტი).

ბრიუსელში ხშირად გაიგებთ არგუმენტს, რომ ევროკავშირის ახალ აღმოსავლელ წევრთაგან ბევრის არაპროგნოზირებადმა ქცევამ გამოიწვია ის, რომ გაფართოების ენთუზიაზმი ჩაქრა ბლოკის დასავლეთ ნაწილში. და დასავლეთ ბალკანეთში ან აღმოსავლეთის სამეზობლოშიც კი, მაინც და მაინც კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ასეთ ქვეყნებს შორის როცა გეგულება უდიდესი მხარდამჭერი.

მთავარი მიზეზი, თუ რატომ დაიწერა წერილი, პირველ რიგში არის ის, რომ ევროკავშირის რამდენიმე საკვანძო მნიშვნელობის წევრმა, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდი, კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ არ არიან მზად, მწვანე შუქი მისცენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. იგივე მოხდა შარშანაც. მათთვის უბრალოდ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა შთამბეჭდავი რეფორმები გაატარეს და სკოპიემ ბოლოს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია საბერძნეთთან, რითიც დასრულდა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავა. ახლა საქმე ისე გამოიყურება, რომ ისინი ოქტომბრისთვის აპირებენ გადადონ გადაწყვეტილების მიღება, თანაც არავითარ გარანტიას არ იძლევიან, რომ მაშინ მაინც მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას.

ეს სია შეიძლება გავაგრძელოთ. პარიზმა და ბერლინმა ევროპის კომისია აიძულეს, მაისის არჩევნების შემდეგ გამოექვეყნებინა გაფართოების პაკეტი, რათა არჩევნებისას პოპულისტების პოზიციები არ გაეძლიერებინათ. ეს წყვილი ასევე წინ აღუდგა საზეიმო განცხადების გამოქვეყნებას ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ათი წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მისწრაფებები. ისინი იმისთვისაც კი არ იყვნენ მზად, რომ შეთანხმებულიყვნენ 2020 წლის სამიტის ჩატარებაზე.

ისინი ამტკიცებენ, რომ ახლა ევროკავშირის გაფართოების დრო არ არის. ახლა იმის დროა, რომ კავშირი გაღრმავდეს, კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს უკანასკნელი წლების ისეთი კრიზისული პროცესების შემდეგ, როგორიცაა ბრექსიტი, ევროზონის საფინანსო კრიზისიდან გამოსვლა და 2015 წლის მიგრაციის ტალღა. მრავალთა აზრით, ამის ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი ისაა, რომ ბლოკის ლიბერალი ლიდერები, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ასევე - შედარებით ნაკლებად - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არიან ისინი, ვინც ამღერებს ამ სიმღერას და თანაც ძალიან ხმამაღლა.

ასეთი მეგობრები როცა ეგულებათ გვერდში, ვის შეიძლება მიმართონ ნამდვილი თანადგომისთვის ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა?