რობი კუხიანიძის დუმილი და მძვინვარება

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

რობი კუხიანიძის დუმილი და მძვინვარება

„ასათიანის კუთხეს“ დღეს - არც მეტი, არც ნაკლები - ცოცხალი ლეგენდა სტუმრობს და ის დიდხანს, გულწრფელად და სიღრმისეულად გვიყვება თავისი ცხოვრების, გამოცდილების, მუსიკის და შთაგონების წყაროების შესახებ. ამ გამოშვებაში ვმასპინძლობთ რობი კუხიანიძეს - ჯგუფ „აუტსაიდერის“ ლიდერს და ქართული ალტერნატიული მუსიკის ბუმბერაზს.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

რობის მუსიკა ძალიან ქართულია - ქართულენოვანი და ქართულ ხმოვანებაზე დაფუძნებული. თუმცა ის, ამავე დროს, ძლიერად საზრდოობს დასავლური პანკროკით. რობის ტექსტები უჩვეულო, ძარღვიანი და ამბოხის, შეურიგებლობის მუხტის მატარებელია. თუმცა თავად ამბობს, რომ პოლიტიკურ ტექსტებს არ წერს და ეს იმპულსები თავისთავად ჩნდება. "სხვა ენაზე არასოდეს მიმღერია. რასაც ქართული ესტრადა, მუსიკოსები ქართულ ენაში ერიდებიან, მე ეგ მიყვარს ზუსტად. სიტყვების გადაბმაზე მცოდნე ფიქრს იწყებს ხოლმე, მე კი იმწუთას რაც თავში მომდის, იმას ვწერ. ჩემი გამოსავალი არის "ყ", "ფ" "თ", ერთი მაგარი ასო თუ დავითრიე, იმაზე ყველაფრის აგება შეიძლება“ - გვიხსნის რობი.

მშობლიურ ქუთაისში და ალტერნატიული მუსიკის მსმენელებში „აუტსაიდერი“ ადრეული 1990-იანებიდან იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, თუმცა ფართო აუდიტორიამ ის 1996 წლის ზაფხულში, თბილისში, ვაკის პარკში გამართულ ფესტივალ „მარგარიტაზე“ გაიცნო, მოინუსხა და მოიხიბლა. მაშინდელ დამთრგუნველ, ძალადობრივ, უმძიმეს გარემოში რადიკალური პოლიტიკური განაცხადივით ჟღერდა ახალგაზრდა, გამხდარი რობი კუხიანიძის მიერ სცენიდან დაჟინებით, მანტრასავით გამეორებული სიტყვები - „დუმილი, დუმილი, დუმილი, შენი დუმილი, თქვენი დუმილი, ნერვებს მიშლის ეს დუმილი“. (თუმცა, პოდკასტში ირკვევა, რომ ამ სიტყვებს და სიმღერას რობისთვის სულ სხვა, გაცილებით უფრო პირადული და სევდიანი მნიშვნელობა აქვს).

რობი კუხიანიძე და სალომე ასათიანი, 2018

მას მერე 20-ზე მეტი წელიწადი გავიდა. დღევანდელი რობი უკვე განსხვავდება „მარგარიტასეული“ რობისგან - უწინდელი მუხტი, სიბრაზე, აგრესია და საპროტესტო იმპულსები ისე გამოკვეთილი აღარაა, დღეს რობი ცოტა დაღლილი, გულღია ღიმილით, თავმდაბლად ლაპარაკობს. მასთან ურთიერთობაში საერთოდ ვერ გრძნობ ეგოს, თვითტკბობას, საკუთარი უდავო მნიშვნელობის ხაზგასმას. მაგრამ საუბრის რამდენიმე წუთში მაინც აშკარა ხდება, რომ უსამართლობასთან შეურიგებლობა, ბრაზი და ენერგია ისევ თან დააქვს. ასაკმა და დრომ შეიძლება გამოხატვის ფორმები შეუცვალა, მაგრამ გარშემო დამკვიდრებულ ფარისევლობას, ჩაგვრას და უსამართლობას ის კვლავაც ძალიან მკაფიოდ ხედავს და ამაზე ისევ უწინდელი უკომპრომისობით ლაპარაკობს. მისივე ცნობილი სიტყვებით რომ ვთქვა, მის ქალაქში დღესაც საშინლად ბნელა.

"ეს ტრიბუნა ჩემი არაა. მე აუტსაიდერელების ტრიბუნაზე ვდგავარ. იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ ამ წესით. რომლებიც მკაფიო უმცირესობა არიან" - აცხადებს რობი. „მე ვიცი ბავშვებს რატომ ვევასები, მე ვიცი მდუმარე მსმენელი რატომ მყავს. იციან, რომ ზუსტად იმას განვიცდი მეც, რასაც ისინი განიცდიან, მაგრამ ამაზე ვერ ლაპარაკობენ - იმიტომ, რომ უშუალოდ არიან გარეული იმ სიმახინჯეებში და იმ ბოროტებაში, რასაც მე ვყვირი".

პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში რობისგან შეიტყობთ მისი ბავშვობის, ცხოვრების, მუსიკალური გავლენების შესახებ, მოისმენთ ჯგუფ „აუტსაიდერის“ ძველ და ახალ სიმღერებს და გაიგებთ, რომ ამ ჯგუფს ქუთაისში ენამოსწრებულ სახელს, „გარე-წრებს“, ანუ წრის თუ მეინსტრიმს გარეთ დარჩენილებს უძახიან.