სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
ეს მწერალი და მისი ტექსტები, წესით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო ქართველი ქალი ავტორებისა და მკითხველისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქალი, რომელმაც 1987 წელს - საბჭოთა იმპერიის ნგრევის დასაწყისში, სანამ საქართველო დიდი ხნით
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
გადაეშვებოდა ომებისა და ძალადობის უფსკრულში - გამოაქვეყნა სადებიუტო რომანი, რომელშიც ქალის პოზიციიდან, ქალის ხმითა და პერსპექტივით დაგვანვახა გარემო და ქალისავე ხელთათმანი ესროლა დამთრგუნველ, შემბოჭველ, პატრიარქალურ წესრიგს.
ეს ქალი ქეთი ნიჟარაძეა, რომელიც 2000 წლიდან აღარ არის ჩვენ შორის. 1987 წელს გამოქვეყნებულ მის რომანს კი „ავტოპორტრეტი“ ჰქვია. დღეს ჩვენ სწორედ ქეთიზე და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე ვილაპარაკებთ.
ქეთი ნიჟარაძის ლიტერატურა დაუმორჩილებლობის, ამბოხების ლიტერატურაა, რომელიც, ამავდროულად, ღრმა მელანქოლიით არის გაჯერებული. ის წერს სადა, ნაცნობი, რეალური, შეიძლება ითქვას, ყოველდღიური ენით; შემოაქვს ქართული ლიტერატურისთვის უჩვეულოდ ინტენსიური ემოცია - მასა და მის პირველ პირში მოლაპარაკე პერსონაჟს შორის ზღვარი ბუნდოვანია, ისინი მკითხველის წინაშე იხსნებიან, ფორიაქობენ, განიცდიან, დარდობენ, უყვართ, ტირიან.
ამ ავტორის სახით ქართული ლიტერატურის დამკვიდრებულ ტრადიციაში გაჩნდა - ან ალბათ გაიელვა - ქალის პიროვნულმა განცდამ, ინდივიდუალურმა გამოცდილებამ, ქალის სხეულმა, ერიტიკულმა სურვილმა, სიამოვნებამ, არაცნობიერმა. და ძალიან მკაფიოდ გაშიშვლდა ის საზოგადოებრივი, კულტურული თუ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქალს იმორჩილებს, აკონტროლებს, ჩარჩოებს უწესებს; მისგან ძერწავს „კარგ გოგოს“ და მშობლების, ქმრის, სოციუმისა თუ სამშობლოს „სასახელო ქალს“ - რასაც ქალის ინდივიდუალურობა ეწირება.
"პირადად მე არც ზღაპრები მიყვარს და არც დოკუმენტური პროზა. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა შეხვედრა ისეთ ავტორთან, რომელიც მიამბობს განცდილისა და გადატანილის შესახებ" - ამბობდა ქეთი ნიჟარაძე მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის ქართულ ლიტერატურაზე საუბრისას.
პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში ვკითხულობთ ნაწყვეტებს ქეთი ნიჟარაძის პროზიდან, ინტერვიუდან და მწერალს იხსენებს მისი მეგობარი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.