რომლის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის სხდომაზე 30 აპრილს დაიწყო. კანონპროექტის ინიციატორის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იგივე, “აგენტების კანონი” საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას მოემსახურება, ვინაიდან “კოლექტიურ დასავლეთს” საქართველოს ხელისუფლებაში მისი “აგენტურის” მოყვანა სურს და ინსტრუმენტად არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს.
რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ წერილობით ინტერვიუში ოდირის ხელმძღვანელი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს, ის ამბობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) დღესაც მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის კანონპროექტის ავტორებთან კანონპროექტის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის იმ გზების შესახებ, რომლებიც არ დააზიანებს ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამგვარად სახელდება არის არა მხოლოდ უსაფუძვლო და მიკერძოებული, არამედ იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ძლიერ სტიგმატიზაციას.
რადიო თავისუფლება: გასული წლის ივლისში „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ შეფასებაში, რომელიც, საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, მოამზადა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ ODIHR-ის ექსპერტთა პანელმა, ყურადღებას ამახვილებთ არაერთ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომლებიც იმ კანონის მიღებით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით; აგრეთვე წერდით იმაზეც, რომ მსგავს საკანონმდებლო ინიციატივებს, ჩვეულებრივ, აკლია ხოლმე დასაბუთება. ეუთო/ოდირის 16 აპრილის განცხადებაში აღნიშნულია: „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარმოდგენით, რომელსაც აქვს მკაფიოდ უარყოფითი ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენი შემოთავაზება - დაგეხმაროთ ჩვენი უწინდელი რეკომენდაციების შესაბამისად, ძალაშია“. რას გულისხმობს ეს შეთავაზება? რა შეიძლება იყოს თქვენი დახმარება დღეს?
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების განურჩევლად სახელდება უცხოურ აგენტებად ან რაიმე მსგავსად ქმნის უნდობლობის, შიშისა და მტრობის ატმოსფეროს, რაც ართულებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას.
მატეო მეკაჩი: გასულ წელს გამოვაქვეყნეთ ბოლო წლებში გავრცელებული ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის ანალიზი. ჩვენ იმ დროს არ შეგვიფასებია საკუთრივ საქართველოს კანონპროექტი, ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად გაწვეული იყო პარლამენტის მიერ. ახლა, როცა კანონპროექტი პარლამენტში დაბრუნდა, ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობასა და შეფასებას. კანონპროექტის ან კანონის იურიდიული შეფასების თხოვნით შესაძლებელია მოგვმართოს საქართველოს ნებისმიერმა სახელმწიფო უწყებამ. იურიდიული ანალიზის გარდა, მოხარულები ვიქნებით ჩავერთოთ დიალოგში ყველა მონაწილესთან, პოლიტიკურ დონეზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი იქნებოდა ამ კანონის მიზნებისა და იმის განხილვა, როგორ მიიღწევა ისინი ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
რადიო თავისუფლება: განცხადების გამოქვეყნების მიღმა, გქონდათ თუ არა კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“?
მატეო მეკაჩი: დარწმუნებულები ვართ, რომ სახელისუფლო ორგანოები ყურადღებით ადევნებენ თვალს ოდირის საჯარო განცხადებებს ამ და არაერთ სხვა საკითხზე. გარდა ამისა, გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია სახელისუფლო ორგანოებთან, თანამშრომლობის შესათავაზებლად.
რადიო თავისუფლება: „ქართულმა ოცნებამ“ უცვლელად წარმოადგინა შარშანდელი საკანონმდებლო ინიციატივა, გარდა ერთი ტერმინისა - „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. ეს რეალურად ცვლის რამეს?
კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მხოლოდ იმის გამო, რომ უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რაც ძალიან ფართო განმარტებაა. ზოგიერთი მუხლი ასევე ბუნდოვანია, რაც ზრდის მათი თვითნებური გამოყენების საფრთხეს.
მატეო მეკაჩი: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების განურჩევლად სახელდება უცხოურ აგენტებად ან რაიმე მსგავსად ქმნის უნდობლობის, შიშისა და მტრობის ატმოსფეროს, რაც ართულებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამგვარად სახელდება არის არა მხოლოდ უსაფუძვლო და მიკერძოებული, არამედ იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ძლიერ სტიგმატიზაციას. თუკი კანონპროექტის არსი და შინაარსი დამტკიცდება, მისი ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე იქნება უარყოფითი. კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მხოლოდ იმის გამო, რომ უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რაც ძალიან ფართო განმარტებაა. ზოგიერთი მუხლი ასევე ბუნდოვანია, რაც ზრდის მათი თვითნებური გამოყენების საფრთხეს.
რადიო თავისუფლება: დამტკიცების შემთხვევაში, რა საფრთხეებს უქმნის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დემოკრატიის მდგომარეობასა და მის მომავალს ზოგადად და კერძოდ, საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით?
მატეო მეკაჩი: გაერთიანების თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებების განვითარებისა და მათი კეთილდღეობისთვის. ჩვენს მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზი ნათელჰყოფს, რომ იმის მიუხედავად - რა სახელდებას გამოიყენებ, ამ კანონების პირდაპირი სამიზნე არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ურთულებს მათ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას.
თუკი სახელმწიფოები გადაწყვეტენ ახალი წესების შემოღებას, ისინი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ზოგად ან აბსტრაქტულ ვარაუდს, რომ ყველა უცხოური დაფინანსება საეჭვოა ან პოტენციურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინტერესებს.
მიღების შემთხვევაში, ამ კანონპროეტს შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი ყველა სახის გაერთიანებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე საქართველოში.
ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასა და შეკრების თავისუფლებაზე, არამედ ბევრ მონათესავე უფლებაზე, როგორებიცაა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ანდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და საბოლოოდ - ადამიანის უფლებების ზოგად მდგომარეობაზე ქვეყანაში. აყვავებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს ჰყავთ ძლიერი და კარგად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებები, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობა არასაჭიროდ ითვლება. მიღების შემთხვევაში, ამ კანონპროეტს შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი ყველა სახის გაერთიანებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე საქართველოში.
რადიო თავისუფლება: რა არის ამ კანონპროექტის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის დამატებითი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესების კუთხით?
მატეო მეკაჩი: გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და ის ქმნის საფუძველს ადამიანის უამრავი სხვა უფლებისთვის. დაფინანსების მისაწვდომობა, საერთაშორისო და უცხოური დაფინანსების ჩათვლით, არის შეკრების თავისუფლების აუცილებელი ელემენტი - ეს ფაქტი აღნიშნულია ოდირისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ გზამკვლევში გაერთიანების თავისუფლების შესახებ.
არსებობს არაერთი მოთხოვნა, რომელიც შესაძლებელია დაუწესდეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რომლებიც გამართლებულია ადამიანის უფლებების კუთხით. მათ შორისაა: საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები, ან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის საწინააღმდეგო ზომები, თუკი ისინი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელთა სპეციფიკურ სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოება.
ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციას, ფუნქციობასა და არსებობასაც კი და დამაზიანებელია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოებისთვის.
თუმცა, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონები ისეთი ახალი ვალდებულებების დასაწესებლად, როგორებიცაა ცალკე დარეგისტრირება, მარკირება, ანგარიშგება, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნები, ისევე როგორც: საგანგებო ზედამხედველობის დაწესება, ინსპექტირება და პოტენციური სანქციები, არის უკიდურესად მძიმე სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და მათ აწესებენ მხოლოდ საერთაშორისო ან უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღების გამო. შესაბამისად, ასეთი კანონმდებლობა ზოგადად არ პასუხობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ მკაცრ მოთხოვნებს, კერძოდ ის, რომ ისინი კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, კანონი უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.
რადიო თავისუფლება: კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ასეა განსაზღვრული: „ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“. მე კანონპროექტის ინციატორების სტილში დაგისვამთ შეკითხვას: „რა არის ცუდი გამჭვირვალობაში? განა, გამჭვირვალობა ევროპული ღირებულება არ არის?“
მატეო მეკაჩი: ადამიანის უფლებები განუყოფელია და უნივერსალური. მაშინ, როცა გამჭვირვალობის გაზრდა ნამდვილად აუცილებელი კომპონენტია საჯარო სექტორში კარგი მმართველობისთვის, ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორებიცაა კორუფციის, გაფლანგვის, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დანაშაულების პრევენცია, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციას, ფუნქციობასა და არსებობასაც კი და დამაზიანებელია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოებისთვის.
ასეთი კანონების შედეგი არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობისთვის ძირის გამოთხრა.
უცხოური აგენტის ან მსგავსი კანონების შემთხვევაში შეშფოთების მთავარი საგანი არის მათი მიზანი და გამჭვირვალობის მოთხოვნების შედეგები - როგორებიცაა იარლიყის მიკუთვნება ან უცხოური წყაროებიდან დაფინანსების შემთხვევაში, დამატებითი ანგარიშვალდებულების დაკისრება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია გაუმართლებელი სანქციები. ასეთი კანონების შედეგი არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობისთვის ძირის გამოთხრა.
კონკრეტულ ქვეყნებში, ეკონომიკური ვითარებისა და ქველმოქმედების წამახალისებელი კანონმდებლობის არარსებობის გამო, დაფინანსება ძირითადად მოდის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან. როგორც ვიცი, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უმრავლესობა ფინანსურ მხარდაჭერას იღებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან (და, თითქმის ყველა მსხვილი ორგანიზაცია საკუთარი ნებით ასაჯაროებს საკუთარი დონორების სიას). ამ კანონპროექტის დამტკიცება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უდიდეს უმრავლესობას უცბად გადააქცევს „უცხოურ აგენტებად“ ან „უცხოური ძალის წარმომადგენლებად“, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
ფუნდამენტური განსხვავებაა განსახილველ კანონპროექტსა და აშშ-ის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობას შორის.
რადიო თავისუფლება: რა არის არასწორი „ქართული ოცნების“ რიტორიკაში, როცა ის ცდილობს ამ სახის კანონის შემოღების აუცილებლობა გაამართლოს, როგორც თავად აცხადებენ, მსგავსი კანონდებლობის დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობის ან შექმნის პროცესით. ასახელებენ აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. და აცხადებენ, რომ, თუკი თითოეული მათგანი ცდილობს დაიცვას თავი უცხოური გავლენისგან, საქართველომ რატომ უნდა შეიკაოს თავიო. არის თუ არა მსგავსება ამ საკანონმდებლო ინიციატივასა და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების კანონებს შორის? შეგიძლიათ დაასახელოთ მსოფლიოში არსებული პრაქტიკები, რომლებსაც ამ კანონპროექტს შეადარებდით?
მატეო მეკაჩი: ფუნდამენტური განსხვავებაა განსახილველ კანონპროექტსა და აშშ-ის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობას შორის. დასახელებულ ქვეყნებში კანონმდებლობა იარლიყს არ აკერებს სამოქალაქო საზოგადოებას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, არამედ ცდილობს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არამომგებიანი ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ძალის სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობიზმში, დარეგისტრირდნენ ხელისუფლების წინაშე და ამის შემდეგ ეს ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ასეთი კანონმდებლობა არ ეხებათ სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ან მედიას, როგორც ასეთს და მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება არ არის საკმარისი ვარაუდისთვის, რომ ისინი უცხოური ძალის „აგენტები“ არიან და მათი დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. საქმე ორგანიზაციის მიერ მიღებული დაფინანსების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მათი საქმიანობის ბუნებასა და სამუშაოში, რომელსაც ქვეყანაში ასრულებენ.
გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოდირი მნიშვნელოვნად თვლის ადგილობრივი დამკვირვებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას.
ნება მომეცით, კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ: ბევრი ორგანიზაცია, რომელიც შშმ საკითხებზე მუშაობს, დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო დაფინანსებაზე. ამ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონების თანახმად, ისინი ყველანი ჩაითვლებიან უცხოურ აგენტებად ან უცხო ძალის წარმომადგენლებად. ნათელია, რომ ეს არც სწორია და არც გამართლებული.
რადიო თავისუფლება: საფრთხე საარჩევნო გარემოსთვის: როგორ ფიქრობთ, რატომ იქცნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციები დამატებითი რეგულაციების სამიზნეებად, რაც ქმნის მათი სტიგმატიზაციის საფრთხეს, სწორედ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში? რამდენად ემუქრება ასეთი ტიპის კანონი გამჭვირვალე, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს? ამ საკანონმდებლო ინიციატივაში ნაგულისხმევი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციები დგებიან რეპუტაციული, ფუნქციური და ეგზისტენციური საფრთხის წინაშე ნებისმიერ შემთხვევაში - უარს იტყვიან ისინი კანონის შესრულებაზე, თუ დაემორჩილებიან მას. თავიანთ გამოსვლებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ ყველაზე აქტიურ, დამოუკიდებელ სამოქალაქო (როგორებიცაა “სამართლიანი არჩევნები“, „TI - საქართველო“, საია, EECMD და ა.შ.) და მედიის ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პირებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მტრებად.
20-25 მაისს ოდირი განახორციელებს საჭიროებათა შემსწავლელ მისიას და მალევე გამოაქვეყნებს ანგარიშს თავისი მიგნებების შესახებ.
მატეო მეკაჩი: გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოდირი მნიშვნელოვნად თვლის ადგილობრივი დამკვირვებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ოდირი რეგულარულად აფასებს სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციების უნარს, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ოდირის სადამკვირვებლო მისიაში. 20-25 მაისს ოდირი განახორციელებს საჭიროებათა შემსწავლელ მისიას და მალევე გამოაქვეყნებს ანგარიშს თავისი მიგნებების შესახებ.
რადიო თავისუფლება: კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ მზად არიან დეტალური, შინაარსობრივი დისკუსიისა და კანონპროექტის გაუმჯობესებისთვის. რას ფიქრობთ, საქმე ეხება ამ კანონპროექტში რამის შეცვლას მის გასაუმჯობესებლად, თუ ამ ინიციატივის საკუთრივ იდეასა და მიზანს ზოგადად?
მატეო მეკაჩი: ეუთოს მთელ რეგიონში ჩვენს დიდ გამოცდილებასა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ოდირი მზად არის მისცეს რჩევა ხელისუფლებას, რა იქნებოდა მიზნების მიღწევის საუკეთესო გზა - ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით. ოდირი მოხარულია, რომ მრავალი წელია აქვს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსთან, სადაც გვიმუშავია მრავალ პროექტზე ხელისუფლებასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად.
ჩვენ შევთავაზეთ თანამშრომლობა ხელისუფლებას და მზად ვართ მონაწილეობისა და კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მთელი კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მის ვალდებულებებთან.
ოდირი მზად არის მისცეს რჩევა ხელისუფლებას, რა იქნებოდა მიზნების მიღწევის საუკეთესო გზა - ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.
რადიო თავისუფლება: „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა კიდევ ერთი პოსტულატი არის ის, რომ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ახლავს კონკრეტული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს გამჭვირვალე, რომ მოხდეს ცალკეული ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების „ჩრდილოვანი დაფინანსებისა“ და საქართველოს პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამოყენებით მავნე უცხოური ზეგავლენის პრევენცია. საქართველოს მთავრობის რომელიმე მოსაზრება შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ამ სახის კანონის მიღების გამამართლებელ არგუმენტად?
მატეო მეკაჩი: მსურს აღვნიშნო, რომ ასეთი ვალდებულების დაკისრებით, როცა ერთი მხრივ საქმე ეხება უცხოური დაფინანსების შესახებ ანგარიშგებას და მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციას უცხოეთის აგენტის ან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს აკერებ მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო, ორი სხვადასხვა საკითხია. როგორც უკვე აღვნიშნე, ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ლობიზმს ან მართლაც მოქმედებს უცხო სახელმწიფოს მითითებით, შესაძლებელია იყოს დამატებითი შეზღუდვის სამიზნე, ოღონდ მათი საქმიანობის ტიპსა და იმაზე დაყრდნობით, ვისთვის მუშაობენ და არა მხოლოდ მათი დაფინანსების წყაროს გამო. გაუმართლებელია მთელი უცხოური დაფინანსება საეჭვოდ მიიჩნიო.
რადიო თავისუფლება: თუკი, საშინაო თუ საერთაშორისო შეშფოთების (მათ შორის, ოდირის „ღრმა შეშფოთების“), გაფრთხილებებისა და კანონპროექტის გაწვევისკენ მოწოდებების მიუხედავად, პროცესი ბოლომდე მივა, რას მოიმოქმედებს ოდირი?
მატეო მეკაჩი: ჩვენი მანდატი გულისხმობს ქვეყნებთან მუშაობას - როგორც ხელისუფლებასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან - დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში, აგრეთვე მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას, საქართველოს ხალხისთვის საუკეთესო შესაძლო შედეგის უზრუნველსაყოფად.