შემოდიოდა თუ არა საქართველოში კრემლის ფული „პატრიოტთა ალიანსის“ დასაფინანსებლად და იღებდა თუ არა პარტია საქართველოსთვის სახიფათო რჩევებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კონსულტანტებისგან - ახლა ეს საკითხი შესაძლოა საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა გამოიკვლიონ. გამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა „ევროპულმა საქართველომ“. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი არ უარყოფს, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება, თუმცა 8 მილიონ დოლარიანი დაფინანსების საკითხს ის „სააკაშვილი-ბოკერიას“ მიზანმიმართულ თავდასხმად თვლის.
რატომ არის მნიშვნელოვანი „დოსიეს“ მიერ გავრცელებული მასალების გამოძიება? საშიშია თუ არა რუსეთიდან წამოსული ფული და რჩევები? რაში გამოიხატება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები? აქვთ თუ არა პარტიებს უფლება - მიიღონ ფული სხვა ქვეყნებიდან?
რა წერია „დოსიეს“ მასალებში
„კრემლი ფსონს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებზე - ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს“ - წერს ინტერნეტგამოცემა „დოსიე“. ეს არის ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი, რომელიც, მისივე განაცხადით - შეისწავლის „კრემლის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურებისა და მათი გარემოცვის“ საქმიანობას.
„დოსიეს“ თანახმად:
- „პატრიოტთა ალიანსისთვის“ დაქირავებული იყო პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში მოქმედი კომპანია POLITSECRETS-ი;
- მიხეევს კურირებენ გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი;
- რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის სამსახურის (СВР) გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი სათავეში უდგას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ სამმართველოს და ის დაახლოებულია პრეზიდენტ პუტინის გარემოცვასთან.
ამგვარი კავშირების აღწერისა და გამოქვეყნებული მასალების ფონზე „დოსიე“ წერს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ მოსკოველ კონსულტანტებთან საუბარი ჰქონდა ორ დასაფინანსებელ პროექტზე: 2020 წლის დასაწყისში 700 ათას დოლარიანზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - 8 მილიონ დოლარიანზე. პირველი საკონსულტაციო მომსახურებას შეეხება, ხოლო მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის 4-თვიანი ბიუჯეტია, რომელიც, წყაროს თანახმად, თავად „პატრიოტთა ალიანსმა“ გადააგზავნა მოსკოვში.
სტატიაში არ ჩანს, კონკრეტულად ვინ იხდის ანდა უკვე გადახდილია თუ არა ეს ფული. თუმცა მაგალითად 700 ათას დოლარიან პროექტთან მიმართებით წერია, რომ „თუკი მიმღები მხარე [სავარაუდოდ - „პატრიოტთა ალიანსი“] მზად არის საკუთარ თავზე აიღოს საკითხების ნაწილი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, შესაძლებელი იქნება ხარჯთაღრიცხვაში ასახული თანხების შემცირებაც“.
წყარო იუწყება, რომ პროექტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სერგეი მიხეევის ჩართვით, მასთან კონსულტაციითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოში დასაქმებულ პირებთან, მაქსიმოვ-ჩერნიშოვთან კონსულტაციით მიმდინარეობდა.
ხოლო ის, რამაც „დოსიეს“ მასალებიდან საქართველოში საგანგებო ყურადღება მიიპყრო, მოსკოველი კონსულტანტების მხრიდან წამოსული რჩევების შინაარსია და კერძოდ:
- ამომრჩეველთა საპროტესტო განწყობების გამწვავება და პრობლემების გაბუქება;
- ამომრჩევლების დაპირისპირება და მათ შორის შუღლის გაღვივება;
- ანტიდასავლური პოლიტიკური ძალების დისკრედიტირება;
- ევროკავშირისა და აშშ-ის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.
„დოსიეს“ თანახმად, რუსი კონსულტანტები ურჩევენ „პატრიოტთა ალიანსს“, რომ პარტიამ სწორება გააკეთოს გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე და ხმები წაართვას - „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“.
განგაში და მოთხოვნა პროკურატურაში
25 აგვისტოს „ევროპულმა საქართველომ“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს პროკურატურას. განცხადება უწყებაში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეიტანა.
მისი თქმით, „დოსიეს“ მასალებში ასახული ფაქტები საგანგაშოა საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კიდევ ერთხელ ააშკარავებს როგორც რუსეთის მცდელობას ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ასევე „პატრიოტთა ალიანსს“, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელ პარტიას.
ასევე ნახეთ საიდან შემოუტევს საქართველოს რუსეთიროგორც „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სასწრაფოდ დასადგენია „დოსიეს“ მასალების ავთენტურობა და საჭიროა ასევე სწრაფი შემდგომი რეაგირება. თუმცა მას ამის იმედი ნაკლებად აქვს.
სერგი კაპანაძის თქმით:
- „ეს გამოქვეყნებული ინფორმაცია სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს... გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოძიებას იწყებდა ხოლმე მაგალითად უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებულ რაღაც უაზრო მასალებზე დაყრდნობითაც“;
- „არ მაქვს იმედი, რომ გამოძიება დაიწყება, მაგრამ თუკი არ დაიწყება, ამით დადასტურდება და ყველა გავიგებთ, რომ პირდაპირი ალიანსია „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის“.
ოპოზიციაში „პატრიოტთა ალიანსს“ თვლიან „ქართული ოცნების“ სატელიტურ პარტიად, რომელსაც მმართველი პარტია მომავალ პარლამენტში სავარაუდო კოალიციურ მოკავშირედ განიხილავს.
ასევე ნახეთ მიზანი: ხალხი რომ ერთმანეთს გადაემტეროს, შეთქმულების თეორიები რომ დაიჯეროს„დოსიეს“ მასალებზე დაყრდნობით გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავენ არასამთავრობო სექტორშიც.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს პარტიების დაფინანსებას უცხო ქვეყნის ფიზიკური თუ იურიდიული პირების მხრიდან.
თუმცა „დოსიეს“ მასალებში ის უფრო სახიფათო სავარაუდო კანონდარღვევის ნიშნებსაც ხედავს.
„მაგალითად, ასეთი მუხლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში - უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ამ შემთხვევაში, თეორიულად მტრულ საქმიანობად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რაც „დოსიეს“ მასალებშია ასახული - ქვეყანაში შფოთის შემოტანა, საპროტესტო მუხტის გაჩენა დეზინფორმაციის გავრცელებით და ასე შემდეგ... როცა ამაში ფულს ხარჯავს უცხო ქვეყანა. სერიოზული დანაშაულია, თუ ეს დადგინდა, ცხადია“ – გვეუბნება ნატროშვილი.
ამასთან, ნატროშვილი „დოსიეს“ მასალებში სს კოდექსთან შესაბამის კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულს ხედავს და კერძოდ, ეს არის - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - „თუკი მოხდა უკანონოდ მიღებული თანხების ლეგალური გზებით დადეკლარირება“.
რას ამბობენ „პატრიოტთა ალიანსში“ და „ქართულ ოცნებაში“
„რადიო თავისუფლებამ“, მცდელობის მიუხედავად, 25 აგვისტოს ვერ მოახერხა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ირმა ინაშვილთან დაკავშირება.
რადიო თავისუფლებას აინტერესებდა, მაგალითად:
- ჰქონდა თუ არა „პატრიოტთა ალიანსს“ რაიმე სახის კონტაქტი „დოსიეს“ მიერ დასახელებულ პირებთან თუ ორგანიზაციებთან?
- დაინახავდა თუ არა თავად „პატრიოტთა ალიანსი“ გამოძიების აუცილებლობას - მსგავსი ინფორმაცია სხვა რომელიმე პარტიის შესახებ რომ გავრცელებულიყო?
24 აგვისტოს, „დოსიეს“ მასალების გავრცელების შემდეგ, მალევე გამართულ ბრიფინგზე, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ არის ორგანიზებული. ის კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას ახსენებს და აფრთხილებს - „ახლა თქვენ ელოდეთ ჩვენგან საპასუხო დარტყმებს“.
ირმა ინაშვილის თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აღიზიანებთ და თავდასხმისკენ უბიძგებთ ის ფაქტი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატარებული კვლევით, ორივე პარტიის საერთო რეიტინგი 5%-ს არ აღემატება.
რაც შეეხება უცხოურ საკონსულტაციო კომპანიებს, ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ დაქირავებული ჰყავს: „4 ამერიკული, 2 ებრაული (ისრაელის) და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია“. კომპანიების სახელებს ის არ აკონკრეტებს და შესაბამისად, საიდუმლოდ რჩება რუსული კომპანიის სახელიც.
„მე მიმაჩნია, აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არანაირი შეკითხვები არ დარჩეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ისეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან მტრული განწყობების მქონე სახელმწიფოებთან“ - განაცხადა 25 აგვისტოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დოსიეს“ მასალებთან დაკავშირებული შეკითხვების საპასუხოდ.
ასევე ნახეთ კონკრეტულად რას გააკონტროლებს ფეისბუკი საქართველოშიუმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის „გამორიცხავდა რაიმე ტიპის თანამშრომლობას ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ჰქონდათ სიმპათიები, დამოკიდებულება და ინტერესები რუსეთთან“; ხოლო ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატში ეს პრინციპი დაცული არ არის:
„მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ ისინი თავს უწოდებენ პროდასავლურ ჯგუფებს, თუმცა მაგიდასთან სხედან ბურჯანაძესთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ოქრუაშვილთან და კიდევ ბევრ სხვა ადამიანთან. უნდა გაირკვეს ახლა, როგორ აპირებენ ისინი თანამშრომლობას პრორუსულ ჯგუფებთან“.
ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებდნენ, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პარტიები ერთი მაგიდის გარშემო საარჩევნო სისტემის შეცვლისა და ხელისუფლების დამარცხების მიზანმა შეკრიბა.
როგორც 25 აგვისტოს სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ახლა მთავარი მიზანია, რომ პარლამენტში პროდასავლური ძალების კოალიცია შეიკრას. შესაბამისად, კოალიციურ მთავრობაში ერთად ყოფნა მისთვის წარმოუდგენელია მაგალითად ნინო ბურჯანაძის „ერთიან საქართველოსთან“.
ზოგადად კი, კაპანაძე ამბობს, რომ „პრორუსულობა ამა თუ იმ პარტიის უფლებაა და გამოხატვის თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს“, მაგრამ „მთავარია, რომ კანონს არავინ არღვევდეს“ ისე, როგორც ეს „დოსიეს“ მასალებშია აღწერილი.