არჩევნებზე ნიცშეს ულვაშით

ჯიმშერ რეხვიაშვილი

დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ბიძინა ივანიშვილი ნიცშეს უძალიანდებოდა და არ ეთანხმებოდა დიდი გერმანელის მიერ ადამიანზე დაწერილ მოსაზრებებს. ახლა ბატონ ბიძინას რომ ჰკითხოს ვინმემ, რა არის ადამიანისთვის კარგიო, უთუოდ ნიცშესავით უპასუხებს, რაც აამაღლებს ძალაუფლების გრძნობასო! და რა არის ცუდიო, ამ კითხვის პასუხად უთუოდ იტყოდა, ის, რასაც სისუსტე შობსო. სწორედ ამ ლოგიკით აიხსნება მორიგი პრემიერ-მინისტრის (თუ პრემიერ-მინისტრის მორიგი) ცვლილება. მამუკა ბახტაძემ ხალხის კი არა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის იმედი არ გაამართლა. გაამართლა კი არა, ბატონ ბიძინას ყველაზე მეტი პრობლემა სწორედაც რომ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს შეექმნა: ასეთი მძაფრი საპროტესტო გამოსვლები აქამდე არ ყოფილა, ასე უსაშველოდ ეროვნული ვალუტა აქამდე არ დაცემულა, არც ე.წ. ბორდერიზაციის თუ მცოცავი ოკუპაციის ტემპი აჩქარებულა აქამდე ასე და ა.შ.

ცხადია, მამუკა ბახტაძის წერილიდანაც (გულმოდგინე გრაფომანის 4-ათასსიტყვიანი ფეისბუკ-სტატუსიდანაც) შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება: ასეთი „შთამბეჭდავი მიღწევების“ („სელექტიური კონტრაქტების დანერგვა“; „ეტალონური კლინიკების ჩამოყალიბება“; „ფუნქციური და ფინანსური დეცენტრალიზაცია“; „ახალგაზრდული ეკონომიკის მაქსიმალური სტიმულირება“; „განათლება, როგორც ეროვნული იდეა“ და სხვ.) დახვავების შემდეგ პოლიტიკური ლიდერები თანამდებობიდან თავისი ნებით არ მიდიან! ასეთი „შთამბეჭდავი მიღწევების“ შემდეგ პოლიტიკური ლიდერები აგრძელებენ ქვეყნის აღმშენებლობას და დამაჯერებლად იმარჯვებენ უახლოეს არჩევნებში!

აშკარაა, რომ ბახტაძეს მიაჩნია, რომ ცუდად არ უმუშავია, მაგრამ, საქმეც ის არის, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა მიაჩნიათ მამუკა ბახტაძეს და სხვებს! ერთხელ, 2012 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაშიო. ბიძინა ივანიშვილისთვის, ბახტაძე და სხვები არც 2012 წელს ყოფილან თავისუფალი ადამიანები და, მითუმეტეს, არც - ახლა არიან. ბახტაძის მაგივრად მაშინაც სხვა იღებდა გადაწყვეტილებას (აკი, შესწირა კიდეც თავის ნების საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას მსხვილი თანხა) და ახლაც სხვა იღებს!

მამუკა ბახტაძე თავის გამოსამშვიდობებელ წერილში 2-ჯერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს და ორჯერვე ქვეშევრდომის მოწიწებით.

„...ამ [2012 წლის 1 ოქტომბრის] გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი”, - ეს აბზაცი ლამის წმინდა წერილივით უცვლელად გადადის „მოულოდნელად გადამდგარი“ პრემიერ-მინისტრების გამოსამშვიდობებელი სიტყვებში და ყველაზე თვალსაჩინოდ აშიშვლებს არაფორმალური მმართველობის მანკიერ სისტემას!

მამუკა ბახტაძის ფეისბუკ-პოსტში რამდენიმე ათეულჯერ გვხვდება სიტყვები: „სამშობლო“, „საქართველო“, „ჩვენი ქვეყანა“... აი, თუნდაც ამ ფრაგმენტში:

„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი“.

მაგრამ თუ ყველა ამ სიტყვას - „სამშობლო“ „ჩვენი ქვეყანა“ - ჩავანაცვლებთ „ბიძინა ივანიშვილით“, მივიღებთ შექმნილი რეალობის უფრო ცხად ასახვას:

„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დასაცავად.
მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ბიძინა ივანივშილის ერთგული ჯარისკაცი“.

ერთადერთი ადამიანი „ქართული ოცნებიდან“, ვისაც თეორიულად მაინც შეუძლია ემსახუროს საქართველოს, ბიძინა ივანიშვილია, ყველა სხვა დანარჩენი ემსახურება თვითონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ურთულეს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობელმებზე ფიქრის ნაცვლად, ხან ხეები გადააქვს, ხან აბასთუმნის ტყეს ღობავს, ხან რას აკეთებს და ხან რას... ასე იყო ყველა წინა პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში და ასე იქნება მომავალშიც. მისიის თვალსაზრისით, არანაირი განსხვავება მამუკა ბახტაძესა და, მაგალითად, გიორგი გახარიას შორის არ არსებობს, სხვა ამბავია, რომ ბატონი ბიძინა შესაძლოა ფიქრობს, რომ გიორგი გახარია უფრო ეფექტიანად მოემსახურება მის ინტერესებს: მოიგებს არჩევნებს, დააკომპლექტებს მთავრობას და ამგვარად უზრუნველყოფს პატრონის მშვიდ, იზოლირებულ ცხოვრებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

მამუკა ბახტაძის გადაყენება-მოხსნა ასევე შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც „ქართული ოცნების“ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კრახი. რაც უნდა ვრცელი წერილები წეროს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და თავი მოიწონოს რეიტინგებით, ინდექსებით და პროცენტებით, ფაქტია - „ქართული ოცნების“ დაპირებული „კარგი“, „უკეთესი“ და „საუკეთესო“ წლები არ დადგა! ასეთ საქართველოზე არ ოცნებობდა 2012 წელს ამომრჩევლების უმრავლესობა, როცა ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ პარტიას (კოალიციას) ირჩევდა! არადა, 2020 წლის არჩევნებამდე ისე ცოტა დროა დარჩენილი, რომ შეუძლებელია არსებითად რამის შეცვლა მოესწროს გინდა ეკონომიკაში, გინდა ჯანდაცვის და გინდა სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ასეთ მოცემულობაში, რა გასაკვირია, რომ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს აღარ მოსწონდე და აღარ უყვარდე? ალბათ, ეს გააცნობიერა ბიძინა ივანიშვილმა და გადაწყვიტა, მხოლოდ ამომრჩევლის კეთილგანწობის იმედად აღარ იყოს და საარჩევნო თაფლაკვერს, მათრახიც მოუმარჯვოს ახალი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახით. რა მნიშვნელობა აქვს, ამომრჩეველი სიყვარულით მოგცემს ხმას თუ - შიშით? სადაც ეჭვი გაჩნდა, რომ ბატონი ბიძინა აღარ ებრძვის ნიცშეს, იქნებ იქვე რუსთაველის სიბრძნესაც ეზიარა, მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქმს სიყვარულსაო?!

სხვა რის მანიშნებელი შეიძლება იყოს გიორგი გახარიას დაწინაურება?

რომ ერთ ამოთხრილ თვალზე არავინ გაჩერდება? რომ სამიზნეში მეორე თვალიც შეიძლება მოხვდეს?

და რის მანიშნებელი შეიძლება იყოს ირაკლი ღარიბაშვილის ლაზარესავით მკვდრეთით აღგინებაზე საუბარი?

რომ სხვებზე ჭკვანი და უნარიანია თუ სხვებზე ერთგული და სასტიკია?

მთლიანობაში, რას ეუბნება ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ამ საკადრო ცვლილებებით? რომ ეკონომიკას ააყვავებს? უმუშევრობას შეამცირებს? სიღარიბეს დაძლევს? თუ ნებისმიერ ფასად მოიგებს 2020 წლის არჩევნებს?

ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოგება, საქმისთვის კი არა, ბედნიერებისთვის სჭირდება. არა უბრალოდ 2020 წლის არჩევნების მოგება, არამედ ყველა დანარჩენი არჩევნებისა, რაც კი მის სიცოცხლეში გაიმართება. სხვანაირად ის ბედნიერი ვერ იქნება. პირველივე მარცხი დაღუპავს და გააუბედურებს მას.

კვლავ ნიცშეს რომ დავესესხოთ: რა არის ბედნიერება? - გრძნობა იმისა, რომ ძალაუფლებამ იმატა, რომ წინააღმდეგობა გადაილახება...

როგორ გინდა ამ შემთხვევაშიც არ დაეთანხმო დიდ გერმანელს. განა, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება იყოს ბედნიერი?