არჩევანი ცუდსა და უარესს შორის - როგორ უნდა გააგრძელონ სწავლა სტუდენტებმა?

თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას ნახევრად ონლაინრეჟიმში გააგრძელებენ.

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აუდიტორიებში  უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო გადაწყვეტილება შეიცვალა.

თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას ნახევრად ონლაინრეჟიმში გააგრძელებენ. აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩატარდება.

გამონაკლისია, ერთი მხრივ, აჭარის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სტუდენტები მეცადინეობას მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ, მეორე მხრივ კი, გორის, თელავისა და ახალციხის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლა კვლავ აუდიტორიებში, არადისტანციურად გაგრძელდება.

ჰიბრიდული რეჟიმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 19 ოქტომბრიდან ჰიბრიდული სწავლების ფორმატი დაინერგება, 22 000 სტუდენტია და 5 000-მდე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი მუშაობს.

„შესაბამისად, ამ პროცესის [სწავლის] არადისტანციურ რეჟიმში აღდგენა გამოიწვევდა მობილობის მკვეთრ ზრდას და გარკვეულ რისკებს ჯანმრთელობის კუთხით და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ დისტანციური ფორმატით გავაგრძელოთ თეორიული სწავლება, ამასთან... 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან მოყოლებული, ჩვენ ამ ფორმატით ვაგრძელებთ სწავლებას და ეს უკვე აპრობირებულია ჩვენთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

ასევე ნახეთ 19 ოქტომბრიდან სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

პრაქტიკული მეცადინეობები ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კონკრეტულ მიმართულებებზე დაიგეგმება, თუმცა არსებობს ერთი დათქმაც. ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, შესაძლებელია, სწავლების პრაქტიკული კომპონენტი უფრო უსაფრთხო პერიოდისთვის გადაიდოს.

საჭიროების შემთხვევაში ამ დათქმით ისარგებლებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიც (სეუ). უმაღლესმა სასწავლებელმა ფეისბუკზე სპეციალური განმარტებაც გამოაქვეყნა.

ლაბორატორიებში მხოლოდ პრაქტიკული მეცადინეობები, დანარჩენი სწავლების კი ონლაინრეჟიმში გაგრძელება მისაღებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც. რექტორი გიგა ზედანია 15 ოქტომბერს მწვავედ გამოეხმაურა უმაღლეს სასწავლებელში სწავლების მხოლოდ ფიზიკური დასწრებით აღდგენის შესაძლებლობას.

სწავლების ჰიბრიდულ ფორმატზე გადასვლის შესახებ ატყობინებს თავის სტუდენტებს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიც.

რას ფიქრობენ სტუდენტები?

უმაღლესი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა, სტუდენტთა ნაწილის აზრით, არ პასუხობს არც სტუდენტის მოთხოვნებს და არც კოვიდის გავრცელების პრევენციას.

„სტუდენტური ომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, თაკო მეტრეველი, მაგალითად, ამბობს, რომ ორგანიზაცია განათლების სამინისტროს თავიდანვე სთავაზობდა ჰიბრიდულ მოდელს, ოღონდ იმ პირობით, რომ სტუდენტს არჩევანის თავისუფლება ჰქონოდა:

„სტუდენტმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ ურჩევნია, იაროს აუდიტორიაში თუ ონლაინ მიიღოს განათლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თაკო მეტრეველმა, რომლის შეფასებითაც, მთავრობის მიერ შეთავაზებული ჰიბრიდული მოდელი არჩევანს უზღუდავს იმ ჯგუფსაც, რომელსაც მხოლოდ ონლაინსწავლება აძლევს ხელს და მათაც, ვისაც პირიქით, არ სურს განათლების დისტანციურად მიღება.

„მე მინდა დაბრუნება უკვე აუდიტორიაში. ასე, გაურკვეველი ვადით სახლში ჯდომა და იმის ლოდინი, ვაქცინა როდის შეიქმნება, ჩემთვის აბსურდია და სამომავლოდ არანაირ პერსპექტივას არ მაძლევს. შესაძლოა 4 წლით გამომკეტონ და ლოდინი გაურკვეველი ვადით არის უაზრობა. და მართლა თუ გვეუბნებიან, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, მოგვცენ საშუალება, რომ ვისწავლოთ. და ჩვენ თვითონ გვქონდეს არჩევანი, ვიცხოვროთ თუ დავიცვათ თავი“, - ეუბნება თავისუფლებას მარიამ დიმიტრაძე. იგი ხელმძღვანელია სტუდენტური მოძრაობისა „სტუდენტები უსაფრთხო და ხარისხიანი განათლებისთვის“.

ასევე ნახეთ უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ონლაინსწავლების მომხრეა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი დაკო ბაქანიძე:

„სრულად ონლაინი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯობია, რადგან თვითონ ამბობენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, და არ გვაქვს მეტის საშუალება, რომ ყველა აუდიტორიაში გავუშვათ, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უნდა დარჩეს ონლაინ და არც იმ რაღაც ნაწილს არ უნდა მიეცეს საშუალება აუდიტორიაში მისასვლელად. არ განსხვავდებიან ისინი არაფრით იმ დანარჩენისგან, რომელთაც არა აქვთ უფლება, აუდიტორიაში გააგრძელონ სწავლა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაკო ბაქანიძემ.

იმ პირობებში, როდესაც კოვიდის გავრცელების სტატისტიკა მზარდია, სწავლების შერეული მოდელის დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებად მიაჩნია განათლების ექსპერტს თამარ მოსიაშვილს, რომლის აზრითაც, უმჯობესი იქნებოდა, ამ მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მთავრობის გადაწყვეტილებას არ დალოდებოდნენ:

„ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ თავიდანვე უნივერსიტეტებს მიეღოთ გადაწყვეტილება, როცა გაზაფხულზე პირველი ტალღა მოვიდა საქართველოში და ვეცნობოდით ინფორმაციებს, რომ მეორე ტალღასაც ველოდებოდით“, - განაცხადა მან. თამარ მოსიაშვილს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა-სწავლების ხარისხი ამ შემთხვევაში შესაძლოა საგრძნობლად ჩამოუვარდებოდეს ტრადიციული სწავლების ხარისხს.