„არტელი რაჭა“ – თანამედროვე ხელოვნების მისამართი რაჭაში

1904 წელს, როცა რაჭის სოფელ ჭყვიშში, ილარიონ ჯინჭარაძე ამ სახლს აშენებდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 100 წლის შემდეგ, მისი შთამომავალი, მხატვარი კოტე ჯინჭარაძე ამ სახლს ახალ სიცოცხლეს მისცემდა, იქაურობას „არტელი რაჭას“ დაარქმევდა და მას თანამედროვე ხელოვნების რეზიდენციად აქცევდა.

კოტე თბილისიდან რაჭაში მცირე დროით, ზაფხულში ჩადიოდა ხოლმე - როგორც ყველა, დასასვენებლად. თუმცა 2005 წელს ყველაფერი შეიცვალა. ახლა 120 წლის სახლის კარი გაზაფხულზე იღება და შემოდგომამდე სტუმრებს მასპინძლობს.

Your browser doesn’t support HTML5

„არტელი რაჭა“ – თანამედროვე ხელოვნების მისამართი რაჭაში

კოტე ჯინჭარაძეს ამ სახლში თითქმის არაფერი შეუცვლია - თუ არ ჩავთვლით ეზოში მოწყობილ სივრცეებს - გამოფენას, ღია კინოთეატრს, სახელოსნოს და სტუმრების მისაღებ ოთახებს, რომლებიც კოტემ თავისი ხელით გააკეთა.

წლების განმავლობაში ძველი ოდა იქ ჩასული მხატვრების ნამუშევრებით გაივსო, რომლებიც რაჭული ყოფის უძველეს ნივთებს მიემატა - თანამედროვე ხელოვნების და ეთნოგრაფიული მასალის ეს სინთეზი იქ მისვლისთანავე თვალს გტაცებს და როგორც თავად მხატვრებიც ამბობენ, იქაურობა წამში გიყვარდება.

სახელოვნებო რეზიდენცია „არტელი რაჭა“ რაჭის სოფელ ჭყვიშში 2005 წელს გაჩნდა - თავიდან, როგორც კოტე ჯინჭარაძემ მოგვითხრო, მხატვრების სამუშაო შეხვედრა მოეწყო. მერე დაიწყო და დაიწყო - რატომ უნდა გამქრალიყო ეს სახლი ისტორიით, თან ასეთ ადგილას და რატომ არ შეიძლებოდა დასავლეთ საქართველოსაც ჰქონოდა თავისი „არტ ვილა გარიყულა“?

„ჩვენ გვინდოდა, რეგიონებშიც მიგვეტანა ის, რაც თბილისშიც ძნელად იკიდებს ფეხს - თანამედროვე ხელოვნება. ყარამან ქუთათელაძის „არტ ვილა გარიყულას“ გამოცდილებაც გამოვიყენე და ასე გაჩნდა „არტელი რაჭა“. მოკლედ, მთავარი იდეა დეცენტრალიზაციაა. თბილისს გარეთაც რომ მოიკიდოს ფეხი თანამედროვე ხელოვნებამ, აქაურებმაც მეტი ინფორმაცია მიიღონ, ახალგაზრდებმა მეტი გაიგონ“.

კოტე ჯინჭარაძე იხსენებს, რომ თავიდან ჭყვიშელები მის ამ წამოწყებას ეჭვით უყურებდნენ, მერე გცნობისმოყვარეობა გაუჩნდათ, ბოლო კი იქ ჩასულ მხატვრებს დაუმეგობრდნენ კიდეც. „არტელი რაჭას“ ყოველ წელს სტუმრობენ უცხოეთიდანაც. რეზიდენციაში მუშაობის შემდეგ ნამუშევრები ადგილზე რჩება და მთელი სეზონის ნამუშევარი, ბოლოს, ფესტივალით სრულდება.

„უკვე ხუთი წელია ამ ფესტივალს ვატარებთ. დასკვნით გამოფენებს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვაკეთებთ ხოლმე. და ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ რაიონში კულტურული ცხოვრება ცოტათი მაინც გამოცოცხლდეს“.

„თუნდაც ისეთი მინიმალური, როგორიც მხატვრების ტრანსპორტირებაა“.

წელს „არტელი რაჭაში“ ჩვენი სტუმრობა ჯგუფი „ბულიონის“ იქყოფნას დაემთხვა. ჭინკების და ალების შესახებ ძველ თქმულებებზე ილუსტრირებულ წიგნს ამზადებენ და ამ მხრივ, რაჭაში გავრცელებული ამბებიც მოაგროვეს. ჩანახატები უკვე მზადაა. აი, მაგალითად, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, კოკა ქიტიაშვილის ვერსიები ასე გამოიყურება.

ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ნატუკა ვაწაძემ, რომელსაც თურმე, ძალიან უყვარს მითოლოგია, გვიამბო, რომ პირველად ჭინკებისა და ალების მაგიური ამბები ბავშვობაში, თავისი რაჭველი მეზობლისგან მოისმინა. რაჭაში წასვლა რომ გადაწყვიტეს, ეს მოგონებები ბუნებრივად გაცოცხლდა და ხალხში შემორჩენიი ამბების შეგროვება რაჭაშიც დაიწყეს.

ნატუკა ვაწაძეს შოთა ბაბუს მონაყოლი ახსოვს, რომელიც მონადირე იყო, რომ ერთხელ, რაჭაში, ერთი სოფლიდან მეორეში ცხენით მიმავალს, ორივე მხრიდან ცხენებზე ამხედრებული ქალები ამოსდგომიან. ძალიამ ლამაზები და გრძელთმიანები. მაგრამ იცოდა, ალებს არ უნდა დალაპარაკებოდა, თორემ მოახრჩობდნენ. ღამე იყო, გარშემო უკუნი სიბნელე იდგა. მონადირე მიტოვებულ წისქვილში შესულა ღამის გასათევად. ქალები, უხმოდ მისწოლიან გვერდით. მამლის პირველ ყივილზე კი გამქრალან.

„ეს ამბავი დღემდე მკაფიოდ მახსოვს. აქ რომ ჩამოვედით, ხალხს ვეკითხებოდი, თუ მსგავსი რამე სმენოდათ ან თავს გადახდენოდათ. თავიდან არ მიყვებოდნენ, მაგრამ ცოტ ხანში, უკეთ რომ გაგვიცნეს და დაგვიმეგობრდნენ, გაიხსნენ და უამრავი ძალიან საინტერესო ისტორია ჩავიწერეთ. ეს ხომ გამოგონილი ამბებია, რომელიც ხალხის ფანტაზიაზე მეტყველებს. მერე ამ ამბების ხატვაც დავიწყეთ და დასურათებული წიგნის გამოცემაც გადავწყვიტეთ. სამი მხატვარი ხატავს და წიგნიც სამი გამოვა. მგონია, რომ არც ეს ძველი ამბები დაიკარგება და ბავშვებისთვისაც საინტერესო საკითხავი იქნება“, - გვითხრა ნატუკა ვაწაძემ.

„ბულიონის“ შემდეგ კოტე ჯინჭარაძე რეზიდენციაში მხატვრების ახალ ჯგუფს ელოდა. და ასე იქნება შემოდგომამდე, სანამ რაჭაში თოვლი არ მოვა და მთაში მისვლა არ გართულდება. და კიდევ, სანამ კოტე მასპინძლობას შეძლებს, რადგან ამ ყველაფერს, ცხადია, ფინანსებიც სჭირდება. დაფინანსებას კი ყოველთვის ვერ იღებს.

დაზამთრებამდე, კოტე, ალბათ, იქ ჩასული სტუმრებისთვის სახელდახელოდ შეჭედილ ოთახებსაც შეავლებს ხელს. როგორც თავად ამბობს, ხელოვანებს ბევრი არაფერი სჭირდებათ - მთავარია კარგი გარემო და სამუშაო პირობები.

როგორც კოტე ჯინჭარაძე ამბობს, იდეების მქონე ადამიანები, ვისაც მსგავსი საქმის კეთება უნდა, საქართველოს ყველა კუთხეში მოიძებნებიან. თავიდან, მის მსგავსად, ენთუზიაზმითაც შეიძლება დაწყება, თუმცა დროთა განმავლობაში, ასეთ წამოწყებებს, იმისთვის, რომ მათ იარსებონ, სახელმწიფოს მხარდაჭერაც სჭირდება.

პს. „არტელი რაჭიდან“ სიმბოლური ფოტოს გარეშე ვერ წამოხვალთ - წესი ასეთია: ოდის მეორე სართულის ხისრიკულებიან აივანზე უნდა შეიყაროთ და კოტეს ობიექტივს შეხედოთ - „არტელი რაჭის“ ისტორია ასეც იწერება.