“ლუკაშენკა დღენიადაგ გვიქადაგებს: აი, ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში? ბელარუსში ომი არ არის. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ამის უზრუნველყოფა შეუძლია. Მე დაგიფარავთ თქვენ განსაცდელისგან. და რა თქმა უნდა, ოპოზიციას და ყველას, ვინც ამას არ ეთანხმება, ბრალს სდებს, რომ მათ ომის გაჩაღება, ბელარუსის ომში ჩათრევა უნდათ. ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ზუსტად იმავეს აკეთებს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბელარუსი დიპლომატი, პოლიტიკური ანალიტიკოსი პაველ სლუნკინი. ის ამჟამად ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიწვეული ექსპერტია. Სლუნკინი 2020 წლამდე მუშაობდა ბელარუსის საელჩოში ლიეტუვაში. იგი გადადგა არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ. ვაჟა თავბერიძე პაველ სლუნკინს საქართველოში “უცხოეთის აგენტების” კანონის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღისა და ბელარუსთან პარალელების შესახებ ესაუბრა.
ბელარუსში პროტესტი "სისხლისგან დაცალეს" - ეს იყო ე.წ. სალიამის ტაქტიკა, ნაწილ-ნაწილ, მეთოდურად დანაწევრება... დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, რომ გავიხსენებ იმ მოვლენებს, ვერ ვხედავ, სხვა რა უნდა გვექნა. ვერ ვხედავ, როგორ უნდა გაგვემარჯვა...
რადიო თავისუფლება: ხშირად ადარებენ 2020 წელს ბელარუსის სახალხო გამოსვლებსა და იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ პარალელებზე, ბელარუსის გამოცდილებაზე, რაც საქართველოს შესაძლოა, გაკვეთილად გამოადგეს?
პაველ სლუნკინი: რა თქმა უნდა, არის მსგავსებები და პარალელები, მაგრამ მგონი, სჯობს მთავარ განსხვავებას დასაწყისშივე გავუსვა ხაზი: ბელარუსი დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ლუკაშენკას დიქტატორული მმართველობის ქვეშ იყო, ის თანდათანობით იქცა აბსოლუტურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. საქართველოს სრულიად სხვა ისტორია აქვს: თქვენ გაქვთ დემოკრატიის ისტორია, და ძლიერი ინსტიტუციები. ბელარუსი არასოდეს ყოფილა პროდასავლური - არა იმიტომ, რომ ეს არ გვსურდა, არამედ ლუკაშენკას „დამსახურებით“, მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდები, როდესაც ურთიერთობა მასა და დასავლეთს - დაუკვირდით, ლუკაშენკასა და დასავლეთს შორის, და არა ბელარუსსა და დასავლეთს შორის - თითქოსდა უმჯობესდებოდა. საქართველოში კი ხალხი აქტიურად ითხოვს პროდასავლურ კურსს, ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ სვლას და როდესაც ხედავენ, რომ გაჩნდა საფრთხე, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით წაიყვანოს - მზად არიან, ქუჩებს მიაშურონ, მზად არიან, იბრძოლონ. ვფიქრობ, არის საფრთხე, საქართველო ბელარუსის მსგავს ქვეყნად იქცეს - სწორედ ეს დევს დღეს სასწორზე, ეს უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული კანონის წინააღმდეგ პროტესტი.
რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ის ყველაფერი - და კიდევ ბევრი, უარესი რამ - თავის დროზე მინსკში ვნახეთ. ბელარუსში უფრო სასტიკად გვექცეოდნენ, უფრო დაუნდობლად.
მთავარი განსხვავების მერე, გადავიდეთ მსგავსებებზე და ისინი მართლაც მრავლადაა: მაგალითად, როგორც ბელარუსში, ისევე საქართველოში, ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას - ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენ წინააღმდეგ, აი, ასეთია მათი მიდგომა. კიდევ ერთი მსგავსებაა ხალხის ომით დაშინება და ხელისუფლების გამოყვანა მშვიდობის ერთადერთ გარანტორად. პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან მოყოლებული, ლუკაშენკა დღენიადაგ გვიქადაგებს: აი, ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში? ბელარუსში ომი არ არის, და თუ გინდათ, ასეც გაგრძელდეს, მაშინ მე ერთადერთი ვარ, ვისაც ამის უზრუნველყოფა შეუძლია. რამეთუ მე ვარ მშვიდობისმყოფელი და დაგიფარავთ თქვენ განსაცდელისგან - აი, ლუკაშენკას ქადაგება. და რა თქმა უნდა, ოპოზიციას და ყველას, ვინც არ ეთანხმება, ბრალს სდებს, რომ მათ ომის გაჩაღება სურთ, სურთ ბელარუსი ომში ჩაითრიონ. ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ზუსტად იმავეს აკეთებს, მთელი ამ გიჟური მონაჩმახებით გლობალური ომის პარტიის შესახებ, ბრალდებებით, რომელსაც მხოლოდ შეშლილი თუ დაიჯერებს, რომ დასავლეთსა და ოპოზიციას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ და მისთანები. რა თქმა უნდა, მტკივნეულად ნაცნობია რეპრესიებისა და დაშინების ტაქტიკაც: რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ის ყველაფერი - და კიდევ ბევრი, უარესი რამ - თავის დროზე მინსკში ვნახეთ. ბელარუსში უფრო სასტიკად გვექცეოდნენ, უფრო დაუნდობლად. დაშინებები, ცემა, დაპატიმრებები, „ტიტუშკები“ და ა.შ. ჩვენც გვაშინებდნენ ტელეფონზე ზარებით, დარეკავდნენ, დაგემუქრებოდნენ ათასი უბედურებით. ირონიულია, მაგრამ აშინებდნენ საკუთარ ხალხსაც. მაგალითად, სპეცსამსახურები ოფიციოზის იმ წევრებს, რომელთა ერთგულებაშიც მთლად დარწმუნებულები არ იყვნენ, უგზავნიდნენ მესიჯებს ოპოზიციის ლიდერების სახელით: „აი, ხელისუფლებაში მოვალთ და თქვენი საქმე წასულია, დაგხოცავთ, შვილებს დაგიხოცავთ, ყველაფერს დაკარგავთ, რაც გაქვთ, ყველაფრისთვის სისხლით აგებთ პასუხს“. ლუკაშენკა ამას ერთგულების განსამტკიცებლად იყენებდა: აი, ხომ ხედავთ, რა დაგემართებათ, თუ „გემიდან გადახტომას“ დააპირებთ. მხოლოდ მე შემიძლია გადაგარჩინოთ. და უნდა ვაღიარო, რომ ეს კამპანია წარმატებული გამოდგა: ბევრმა დაიჯერა, რომ მართლაც პროტესტების ლიდერები სწერდნენ მათ ამ მესიჯებს, შედეგად, ცოტამ თუ გაბედა პროტესტის ნიშნად გადადგომა ან პროტესტის მიმართ სიმპათიის გამოხატვა.
დგახარ იქ, მშვიდობიანი პროტესტია, ხელში არაფერი გიჭირავს, რაც ვინმემ შესაძლოა იარაღად მიიჩნიოს. შემდეგ მოდიან და კალაშნიკოვის ლულას გიშვერენ სახეში. რა უნდა ქნა?
რადიო თავისუფლება: რადგან მწარე გამოცდილებებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, რატომ ჩაქრა პროტესტის მუხტი ბელარუსში? როგორ მოახერხა ლუკაშენკამ ბელარუსი ხალხის გატეხვა?
პაველ სლუნკინი: ძალიან კარგი კითხვაა. პირველს იმას ვიტყვი, რომ ლუკაშენკას ბევრად უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ აქვს. შედარებაც კი არ შეიძლება. მთელი სახელმწიფო აპარატი, რესურსები, სილოვიკები - არმია, სპეცრაზმი - მის განკარგულებაში იყო. და რა თქმა უნდა, მოსკოვი - რუსეთმა ჯარი მოაყენა ბელარუსის საზღვარს, ეს იყო ღია მუქარა: თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, თუ პროტესტი იმარჯვებს, ბელარუსში შემოვიჭრებით. დანამდვილებით ვიცი ისიც, რომ მოსკოვი აშინებდა ჩვენს სახელმწიფო ოფიციოზსაც - მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, ყველას, ვისაც რაიმე რესურსი, პოლიტიკური კაპიტალი გააჩნდა: არც კი იფიქროთ „დეზერტირობაზე“, პროტესტების მხარდაჭერასა და ლუკაშენკას გადაგდებაზე, თორემ არა მხოლოდ თქვენ, არამედ ქვეყანაც აგებს ამაზე პასუხს. ამან თავისი როლი უდავოდ ითამაშა. პარალელურად, იზრდებოდა რეპრესიების და პოგრომების მასშტაბი და ინტენსივობაც: თუ პირველ კვირებში, როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, შემდგომ კვირებში ეს რამდენიმე ასეულებად იქცა, ნადირობა დაიწყეს - ჯერ ლიდერები დააპატიმრეს, მერე იყო რეიდები პოლიტიკური პარტიების ოფისებში, დაშინებები და ბოლოს ყველაზე ნადირობდნენ, ვისაც კი შეეძლო რაიმე ლიდერის ფუნქცია ეტვირთა. იქ ვიყავი - ყველაფერი ეს დღემდე თვალწინ მიდგას, ნახატივით. პროტესტი სისხლისგან დაცალეს... დგახარ იქ, მშვიდობიანი პროტესტია, მთელ მსოფლიოს უნდა ანახო, რომ პროტესტი მშვიდობიანია, რომ ძალადობისთვის არ გამოსულხარ ქუჩაში, ხელში არაფერი გიჭირავს, რაც ვინმემ შესაძლოა იარაღად მიიჩნიოს. შემდეგ მოდიან და კალაშნიკოვის ლულას გიშვერენ სახეში. რა უნდა ქნა? ერთადერთი, რაც შეგვეძლო, და რასაც ვაკეთებდით, იყო ის, რომ გვეჩვენებინა, რომ ბევრი ვიყავით, რომ უმრავლესობა ვიყავით და არ დავიშლებოდით. და პროტესტები დიდხანს გაგრძელდა, თვეების განმავლობაში ვიდექით, მაგრამ თანდათანობით, ეს უმრავლესობა გამოიხშირა - დაპატიმრებებმა, ძალადობრივმა დაშლებმა, დაშინებებმა თავისი დამღა დააჩნიეს ამ ყველაფერს. ეს იყო ე.წ. სალიამის ტაქტიკა, ნაწილ-ნაწილ, მეთოდურად დანაწევრება... დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, რომ გავიხსენებ იმ მოვლენებს, ვერ ვხედავ, სხვა რა უნდა გვექნა. ვერ ვხედავ, როგორ უნდა გაგვემარჯვა... ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც დამარცხებისთვის ვიყავით განწირული. საქართველოში საქმე სხვანაირადაა, ჯერ არ ქცეულხართ ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმად, როგორიც ბელარუსი იყო უკვე 2020 წელს, დღევანდელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მთავრობას არ აქვს იმდენი რესურსები, არ აქვს ისეთი, ყველგან შემღწევი საცეცები, როგორიც ლუკაშენკას. ოპოზიცია გყავთ, პარლამენტი გაქვთ, სადაც საპირისპირო აზრის გამოთქმა ჯერ კიდევ შეიძლება... ერთი სიტყვით, საქართველოში დემოკრატიაა. და ხალხი - უამრავი ხალხი გამოვიდა პროტესტებზე, მაგრამ მიჩნდება განცდა, რომ კიდევ მეტია ისეთი, ვინც თანაუგრძნობს პროტესტებს, მთავრობას მხარს არ უჭერს, მაგრამ სახლში რჩება. როგორმე უნდა დაარწმუნოთ ისინიც, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ყველაფერში. ასევე, ბელარუსის გამოცდილების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ხედვის ქონა, ცოდნა არა მარტო იმისა - აი, ქუჩაში გამოვედით, ამას ვაპროტესტებთ და ეს და ეს გვინდა, არამედ იმისიც, თუ როგორ მიხვიდეთ იქამდე, რაც გსურთ. ვფიქრობ, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს საქართველოსთვის, რადგან ვხედავ, რომ ხალხის რაოდენობა კლებულობს აქციებზე. ბელარუსში ხალხი კითხულობდა: აი, გამოვედით, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ვეცადეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ისინი ვეღარ ხედავდნენ გამოსვლის მიზეზს, თუ ეს მხოლოდ რისკებთან იყო დაკავშირებული, შედეგები კი არ ჩანდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც ასე არ მოხდება, მაგრამ ამის რისკი არსებობს.
ხალხი ასე ხედავდა ამ ყველაფერს: კარგი, ლუკაშენკას დამარცხების შანსი, ვთქვათ, გვაქვს, მაგრამ რუსეთთან რას გავაწყობთ?
რადიო თავისუფლება: ზემოთ უკვე ახსენეთ, თუ როგორ ერეოდა რუსეთი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში. საქართველოშიც ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა მსგავსი სცენარის განვითარება ვიხილოთ: ვიხილოთ რუსული დანაყოფები თბილისში, რომლებიც ქვეყანაში „სტაბილურობას უზრუნველყოფენ“. Რა ხდება მაშინ, თუ ასეთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით?
პაველ სლუნკინი: სწორედ ეს მოხდა ბელარუსში - ხალხმა იცოდა, რომ თუ გავიმარჯვებდით, იმ ათეულობით ათას რუსი ჯარისკაცს, რომლებიც საზღვართან მოაყენეს, მოსკოვი საზღვრის გადმოლახვას უბრძანებდა. ეს იყო ყველაზე დამთრგუნველი და გამანადგურებელი რამ პროტესტების დინამიკისთვის, დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ხალხი ასე ხედავდა ამ ყველაფერს: კარგი, ლუკაშენკას დამარცხების შანსი, ვთქვათ, გვაქვს, მაგრამ რუსეთთან რას გავაწყობთ? თუ რუსეთი შემოიჭრება, დავმარცხდებით. რამდენად რეალურია მსგავსი სცენარი საქართველოში, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ჩემი აზრით, მოსკოვს ჯარების გარეშეც შეუძლია დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“, თუ უკვე არ ეხმარება კიდეც - ხალხით, რესურსებით, ისე, რომ საქმე სამხედრო შეჭრამდე არ მივიდეს, მთავრობამ კი გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა უზრუნველყოს. რა უნდა ქნას ქართველმა ხალხმა? ვშიშობ, ამაზე მე პასუხი არ მაქვს, რჩევას ვერ მოგცემთ. ფაქტია, რომ რუსეთი დემოკრატიის ყველა ნაპერწკლის ჩახშობას ცდილობს სამეზობლოში, ასეთია რეალობა.
შესაძლოა, "ქართული ოცნება" ლუკაშენკასავით ფიქრობს: დაგვასანქცირონ, მერე რა, გადავიტანთ. დაველოდებით, სანამ შტორმი დაცხრება.
რადიო თავისუფლება: დასავლეთს თუ შეუძლია, უფრო ქმედითი როლი ითამაშოს მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად?
პაველ სლუნკინი: შეუძლია და უნდა ითამაშოს კიდეც. მეტიც, დააგვიანეს ამ როლის თამაში, ჯერ კიდევ მაშინ უნდა ემოქმედათ, როდესაც „ოცნებამ“ ოპოზიციის პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრება დაიწყო. ეს საუბარი სავიზო ლიბერალიზაციის შეზღუდვასა და პერსონალურ სანქციებზე უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, ახლა შეიძლება გვიანიც კი იყოს, ახლა შესაძლოა, "ქართული ოცნება" ლუკაშენკასავით ფიქრობს: დაგვასანქცირონ, მერე რა, გადავიტანთ. დაველოდებით, სანამ შტორმი დაცხრება. ისიცაა, რომ სანქციები ალბათ „ოცნებას“ კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის მოსკოვზე, უფრო მიაბამს და მართლაც ნამდვილ მარიონეტებად აქცევს, ასეთია მედლის მეორე მხარე. ამ მხრივ, უკეთეს და უფრო ჭკვიანურ ვარიანტად მეჩვენება ამერიკის კონგრესში შეტანილი MEGOBARI ACT-ი, ის მეტ ალტერნატივას იძლევა.