"რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა" - არის თუ არა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე და რაში (ვერ) არწმუნებს "ოცნება" ბიზნესს?

პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ბიზნესმენების ერთი ჯგუფი უჭერს მხარს და ივანიშვილის პარტიის გზავნილებს იმეორებს „ომის საფრთხისა“ და „ევროკავშირისკენ ღირსეული სვლის“ შესახებ. 2300-ს აღწევს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაძლევის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობა აღიარებს, რომ 28 ნოემბერს დაწყებული ყოველდღიური საპროტესტო მოძრაობა (და მოძრაობის აქტივისტების მასობრივი დაკავება/სასტიკი მოპყრობა) უარყოფითად აისახება ბიზნესზე.

28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა, არასავალდებულო რეზოლუციით, საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები არ ცნო, ამ არჩევნების შედეგად არჩეულმა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 4 წლით ამოიღებდა დღის წესრიგიდან ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას. ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოფიციალური ინფორმაციით, 23 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან მიწვევის მიღების შემდეგ მსხვილი ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის ისინიც, ვინც ახალი არჩევნების ჩატარებას ემხრობიან.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ უპასუხოდ დარჩა კითხვა, თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან მწვავე ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტები არცთუ შორეულ მომავალში მოელიან და რაც უკვე დაეტყო სტუმარმასპინძლობის ბიზნესს - რესტორნებსა თუ სასტუმროებს.

„ოცნების“ მომხრე ბიზნესმენებს სჯერათ, რომ - „მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასთან იანვარში“, „ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“.

  • რომელი ბიზნესი უჭერს მხარს „ოცნებას“ და როგორ აისახება მათი პოზიცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე?
ასევე ნახეთ რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ირაკლი კობახიძე - სია

„რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ ეს ["ოცნების" განცხადებები და ქმედებები] არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ“, - ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდამჭერმა - „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, „სითი მოლის“ მფლობელმა მინდია საბანაძემ, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეა.

ბიზნესმენი აღარ უღრმავდება საკითხს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წლით შეაჩერა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე - ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს კი აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით - მინდია საბანაძემ 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა, ხოლო 2012-ში - 49 965 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაურიცხა.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„უკრაინაში რაც ხდება, მოგწონს?! რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ?! იგივე გინდა, რომ აქ იყოს?! აწიოკება გინდა ამ ქვეყნის?! არ გამოგივა“, - ასე უპასუხა კრიტიკული მედიის კითხვებს ბიზნესმენმა ნოშრევან, იგივე ნოშიკო, ნამორაძემ, რომელიც 23 დეკემბერს კანცელარიის შენობაში შესვლამდე და გამოსვლისას ბიზნესმენებს შორის ყველაზე აქტიური იყო: „სანქციას დიდი სიამოვნებით მივიღებ“, - ამბობს კომპანია „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი - ნოშრევან ნამორაძე, რომლის ბიზნესი ძირითადად მასშტაბურ და ხშირად სადავო მშენებლობებს უკავშირდება.

„12 წელია ბიზნესს საშუალება მოეცა, რომ ამოესუნთქა. არავინ არავის სახლში არ უვარდება. არ ხვრეტენ ქუჩაში ადამიანებს და არ აწიოკებენ ბიზნესს. არ ართმევენ ბიზნესს არაფერს“, - თქვა ბიზნესმენმა.

ნოშრევან ნამორაძეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად იცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი ნამორაძის შვილის ნათლიაა.

ასევე ნახეთ „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ - კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ [TI] დათვლით - ნოშრევან ნამორაძეს და მის მეუღლეს, ნინო სუთიძეს, 2016 წლიდან „ქართული ოცნებისთვის“ 270 000 ლარი აქვთ შეწირული.

TI-ის ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ შემოწირულება მხოლოდ „ერთ-ერთი ფანჯარაა, რომლითაც ბიზნესსა და პარტიას შორის პოლიტიკური კავშირი ვლინდება“, მაგრამ ბიზნესმენები „ქართული ოცნების“ მიმართ მადლიერებას საჭირო დროს გვერდში დგომითაც გამოხატავენ.

„ფაქტობრივად წაშლილია ზღვარი პარტიასა და ბიზნესის გარკვეულ ნაწილს შორის და ჩათვალეთ, რომ ხშირად ეს ერთი ორგანიზმია… პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი იღებს ბენეფიტებს და შემდეგ აბრუნებს უკან პარტიის პირდაპირი დაფინანსების სახით [შემოწირულება] ან თუნდაც ასე - როცა სჭირდება პარტიას, აკეთებს ზუსტად ისეთ განცხადებებს და ზუსტად იმ მესიჯბოქსს იყენებს, რაც არის პოლიტიკოსის მესიჯბოქსი“, - ქევხიშვილის თქმით, ნოშრევან ნამორაძე წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად დაზარალდა [ცნობილია ნარკოტიკების ჩადების, დაკავების, ბიზნესწილისა და ავტომანქანის წართმევის ფაქტები], თუმცა ეს ისტორია „ახლა გამოყენებულია სამთავრობო პროპაგანდისთვის და ამას გვერდს ვერ ავუვლით“.

ნოშრევან ნამორაძის სახელს უკავშირდება ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტი, რის გამოც ის, 2014 წელს, რამდენიმე თვით იყო დაკავებული.

ნამორაძის პრობლემურ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებული ბოლო ხმაურიანი ამბავი ჭავჭავაძის გამზირის #49-ში 59-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას უკავშირდება. ამ ადგილას ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის შენობა დაანგრიეს. სატრანსპორტო კოლაფსის გარდა, ამ გარიგების უკან ოპოზიცია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კორუფციული კავშირების ნიშნებს ხედავდა.

„დოკუმენტაციას, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18.000 კვ. მ, რომელიც თეა წულუკიანმა [კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი] გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, შეფასებულია 93 მილიონად“, - აცხადებდა აგვისტოში ლილე ლიპარტელიანი , „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თბილისის საკრებულოში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაშინ განგაში მოსალოდნელ სატრანსპორტო კოლაფსზეც ატეხეს. პროცესი ვერაფერმა შეაჩერა.

ჭავჭავაძის გამზირზე ცათამბჯენს ნოშრევან ნამორაძის კომპანია აშენებს

სანდრო ქევხიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენებს - და მათ შორის ნოშრევან ნამორაძეს - უკვე შეეხო აშშ-ის სანქციები, როცა სექტემბერში, სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვებთან ერთად, სავიზო შეზღუდვები კორუფციაში ჩართული ბიზნესმენებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც დააწესა. გვარები ასეთ დროს არ სახელდება და როგორც ამერიკული მხარე განმარტავდა - შეზღუდვის შესახებ სანქცირებული პირები შეიტყობდნენ.

„ქართული ოცნებისთვის“ [2018 წლიდან] 480 000 ლარი აქვს შეწირული შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს - ზურაბ ჩხაიძეს - „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ [KTW] დამფუძნებელსა და მფლობელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბაზების თანახმად:

  • ზურაბ ჩხაიძის ღვინის კომპანიებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან 10 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.
  • „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ რუსეთში ღვინის ექსპორტიორ 10 კომპანიას შორის არის.
  • ზურაბ ჩხაიძის მეუღლე ია მაქაცარია-ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარია. 2017-2022 წლებში ის ა(ა)იპ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად მუშაობდა.

„ჩემთვის [მთავარი] არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება… სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ, ზოგადად, ეკონომიკას“, - უთხრა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს, შეხვედრის შემდეგ. ასევე მისი სიტყვებია, რომ - „სამთავრობო გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა - ქვეყნის განვითარება იმ ტემპით გაგრძელდეს, როგორიც ახლაა“ და „სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს“.

ჩხაიძეს მოსწონს იდეა, რომ ხელისუფლების მომხრე ბიზნესმენები კრიტიკულად განწყობილებს შეხვდნენ და დაელაპარაკონ, მაგრამ როგორ, როდის და რა მიზნით - აღარ აკონკრეტებს.

რამდენად დიდია ხელისუფლების მომხრე ბიზნესმენების წონა და შეუძლიათ თუ არა მათ ზეგავლენა სხვა ბიზნესმენებზე?

„არა, არა, არავინ არავის დაელაპარაკება იმაზე, რაც თავადაც არ სჯერა. კი, ასე ლაპარაკობენ ესენი კამერების წინ, მაგრამ რეალურად თავადაც ძალიან ეშინიათ. რა სახეებით ისხდნენ [შეხვედრაზე], ალბათ ნახა ყველამ, იმიტომ, რომ დაძაბულები არიან და აქვთ მძიმე მოლოდინები. იციან, თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა და ხელისუფლება ჭკუაზე არ მოეგო, 15 იანვრიდან ეკონომიკაში განვითარდება ძალიან მძიმე პროცესები, რამაც შეიძლება ზვავის ეფექტი იქონიოს, მაგრამ ლაპარაკობენ იმას, რასაც ხელისუფლება უწერს“, - ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ პროსახელისუფლებო ბიზნესმენები გავლენას ვერ მოახდენენ მათზე, ვინც პოზიცია თავისუფალი ბიზნესის პეტიციაში უკვე გამოხატა.

თავისუფალი ბიზნესის ერთობლივ განცხადებას - 24 დეკემბრის 22:00 საათისთვის - 2300 კომპანია აწერს ხელს. მათ შორის არის მსხვილი ბიზნესიც. თანხმდებიან, რომ კრიზისის დაძლევა დაკავებულების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის გზით უნდა მოხდეს.

ასევე ნახეთ პროტესტი ახალ წელს - რაზე წუხს და რას ითხოვს ბიზნესი

ხელმომწერთა შორის არის თემურ ჭყონიას მიერ დაფუძნებული „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და ასევე - „მაკდონალდსი“. როგორც ბიზნესმენმა bpn.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, კობახიძესთან შეხვედრის მიწვევა „საერთო ჩატით“ გავრცელდა, ყველასთვის გაგზავნილი მოსაწვევი მანაც მიიღო, ბევრი საქმის გამო ვერ მივიდა შეხვედრაზე, მაგრამ ინტერესიც არ ჰქონდა.

„რაც ჩემი თავი მახსოვს, ასეთი შეხვედრები სულ არის და მოძველებულია ეს თემები ჩემთვის… აზრთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. თუ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, შეხვედრას რა აზრი აქვს?!“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

პეტიციაზე ხელმომწერთაგან კობახიძესთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე, „ნუტრიმაქსის“ მმართველი ბექა ბექაია და „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელი, გიორგი მარგველაშვილი. მათ არ დაუმალავთ პოზიცია, რომელიც ხელმოწერით აქვთ დადასტურებული.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილები უმცირესობაში იყვნენ. ახალი არჩევნების ჩატარება ირაკლი კობახიძემ სრულებით გამორიცხა.

გია ხუხაშვილი, რომელიც ბიზნესის სფეროს კარგად იცნობს, ამბობს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ მხოლოდ „ხელისუფლებაში ინტეგრირებული ბიზნესმენები“ იცავენ.

„ესენი არიან ოლიგარქები, რასაც ჰქვია. ჩვენთან ოლიგარქს ძალიან მდიდარ ადამიანს უწოდებენ, შეცდომით. სინამდვილეში, ოლიგარქია ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ბერკეტებით მოიპოვებს კეთილდღეობას და შემდეგ, ამ კეთილდღეობის ნაწილის რეინვესტირებას ახდენს ისევ პოლიტიკაში, რომ სასათბურე პირობები შეინარჩუნოს“, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას.

ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც ბიზნესთან 4-საათიან შეხვედრაში მონაწილეობდა, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღიარა, რომ „დღეს შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე“ და, რომ აუცილებელია დიალოგი ბიზნესთან. შეკითხვის პასუხად, დავითაშვილმა ასევე დაადასტურა საჯარო შეხვედრის გამართვის იდეა, რათა ოპონირების რეჟიმში „ხელისუფლების პოზიციები უფრო ნათლად იყოს წარმოჩენილი“.

„ეს შეხვედრა უახლოეს ხანებში გაიმართება. ბიზნესი თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება წარმოდგენილი ბიზნესის სახელით და, რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრას ჩვენ ვიხილავთ“, - თქვა ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ და როდისთვის დათანხმდება ირაკლი კობახიძესთან დიალოგს. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის - ახალგაზრდებს „ოცნების“ პრემიერი დიალოგს ხშირად სთავაზობს, თუმცა მსურველები არ ჩანან.

„ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ ხალხს მათი ნათქვამის გაგება უჭირს და მრავალჯერ უნდა აუხსნან. ექსპერტები კი ამბობენ, რომ „ოცნების“ ლიდერების ნათქვამი ყველამ კარგად გაიგო და არ დაეთანხმნენ.