არის თუ არა პოლიცია დამნაშავე იმაში, რომ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა?  

15 წლის მოზარდი 11 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს, რამ მიიყვანა მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე, მეორე მხრივ კი - უნდა გასცეს პასუხი კითხვას, მოხდა თუ არა მასზე ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში, რაშიც ოჯახი დარწმუნებულია.

„აბა დამიჭირე“ - ეს ერთ-ერთია იმ წარწერებს შორის, რომელიც 10 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს წითელი საღებავით დახვდათ კედელზე მიწერილი. როგორც რადიო თავისუფლებას „მწვანე სკოლის“ დირექტორი ბაკურ სულაკაური უყვება, ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. მოზარდი, რომელიც ახლა კომაშია, პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით იპოვა.

„ეს ბავშვი გასულ წელს რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენ სკოლაში, შემდეგ გადავიდა. ჩანაწერებიდან ჩანდა, როგორ გადმოვიდა სკოლის ტერიტორიაზე სიბნელეში. ვერ ავხსენით, რატომ დააზიანა ინფრასტრუქტურა. ჩვენც ძალიან გაკვირვებულები ვიყავით“, - ამბობს ბაკურ სულაკაური. მისი თქმით, ეჭვმიტანილის პოვნის შემდეგ დაკითხვის დეტალებსა და სხვა გარემოებებზე მას ინფორმაცია აღარ აქვს.

რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში?

მოზარდი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე პირველად 10 დეკემბერს, 17:00 საათზე მიდის და იქ 6 საათს ატარებს, მეორე დღეს კი - ერთ საათს. კანონის შესაბამისად, მის დაკითხვას დედა ესწრება, თუმცა ორჯერ, თითო-თითო საათით დოკუმენტების მოსატანად უწევს გასვლა, რა დროსაც მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მარტო რჩება.

რევაზ აჭარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უყვება, თუ რა მოხდა დედის არყოფნის პერიოდში: „პოლიციის განყოფილებაში ბავშვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა პირმა ცალკე გაიყვანა. ის უკან მალე გამოვიდა, თუმცა იყო ატირებული, ბევრად უფრო განერვიულებული და დათრგუნული“.

ოჯახის წევრების გამოკითხვის შედეგად საია განცხადებაში წერს - „არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება“.

რადიო თავისუფლება დაშავებული მოზარდის ძმას ესაუბრა.

„რთულ მდგომარეობაშია ჩემი ძმა. ოპტიმისტურ იმედს არ გვაძლევენ. მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. გამოღვიძებაზე საუბარიც კი არ არის. ბოლოს მას წინა დღეს განყოფილებაში ტელეფონით ვესაუბრე, რადგან თბილისში არ ვიმყოფებოდი. მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი. დაკითხვებზე დედა ახლდა, თუმცა მასთან ამ თემაზე ვერ ვსაუბრობ. ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია“, - ეუბნება დაშავებული მოზარდის ძმა რადიო თავისუფლებას.

საია-ს ინფორმაციით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარება, თუმცა დახმარება მას არ აღმოუჩინეს.

ის, რაც ვიცით გამოძიების შესახებ

13 დეკემბერს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. სწორედ ამ უწყებამ გადაიბარა გამოძიება ორივე მუხლით, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლი), ასევე ჩვენების მიცემის იძულების (335-ე მუხლი) ფაქტზე.

„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

13 დეკემბრამდე, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანს სავარაუდოდ დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. საია-ს განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურებულიყო.

ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციის განყოფილებამ მაინც მოასწრო გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. „მათ მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი და სხვა მასალები ამოიღეს. იმედი გვაქვს, არაფერია დაზიანებული ან განადგურებული ამ კომპიუტერიდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისგან მივიღეთ დაპირება, რომ განყოფილებიდან ყველა მტკიცებულებების გადაბარება მოხდება“, - ამბობს ადვოკატი.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში და აქვს თუ არა მას მართლაც კავშირი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასთან.