არის თუ არა WHO ის, ვისაც უნდა მივმართოთ COVID-19-ის შესაჩერებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს მისი რეაქციის გამო კორონავირუსის პანდემიაზე, რომელსაც მსოფლიოში 190 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

იმ დროს, როდესაც ერთნი მას ადანაშაულებენ ჩინეთში 2019 წლის ბოლოს წარმოშობილ დაავადებაზე არასწორი რეაქციისათვის, სხვებმა თავი გამოიდეს WHO-ს დასაცავად და ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მას არასოდეს ჰქონია ისეთი დანიშნულება და აღჭურვილობა, რომ ყოფილიყო ან გამჭვირვალე დამკვირვებელი, ან აღმასრულებელი ძალის მქონე საგანგებო საველე ქვედანაყოფი, როგორც ზოგიერთს ჰგონია.

მაგრამ როდესაც სამყარო აღმოჩნდება კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის მსგავსი დაავადების ეპიდემიის წინაშე, არის თუ არა WHO ნამდვილად ის ორგანიზაცია, რომელსაც საშველად უნდა მივმართოთ?

მკაცრი კრიტიკოსები

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას სათავეში უდგას აშშ, ქვეყანა, რომელსაც, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 26 აპრილის ანგარიშით, კორონავირუსით ოთხჯერ მეტი - დაახლოებით, 940,000 - დაინფიცირებული და ორჯერ მეტი, 54 ათასი, გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე ამ მაჩვენებლის მხრივ მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში შექმნილი საგანგებო ვითარების პირობებში WHO აგვიანებდა პასუხს, აქებდა ჩინეთს, როდესაც ვალდებული იყო, ელანძღა, ხოლო ეპიდემიის მასშტაბების შემცირებულად წარმოდგენით ჩინეთთან ერთად ისიც თანამონაწილეა პანდემიის გავრცელების ხელშეწყობაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, WHO-ს 400 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია დაადანაშაულა „ჩინეთზე მუშაობაში“ და განაცხადა, რომ ჩინეთი მოიმკის შედეგს, თუ დადასტურდება მისი პასუხისმგებლობა „პანდემიის შეგნებულ“ გავრცელებაში.

აშშ-ის ამ ნაბიჯმა WHO რეალურად ყველაზე მსხვილი დონორის გარეშე დატოვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ WHO-მ, როგორც მარეგულირებელმა უწყებამ, „აშკარად ვერ შეძლო“ დაეკისრებინა პასუხისმგებლობა თავისი წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც ევალებოდათ ყოფილიყვენ მზადყოფნაში და გამჭვირვალედ მოეხდინათ მთელი მსოფლიოს ინფორმირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ.

WHO-ს აკისრია ორი მთავარი ფუნქცია, მარეგულირებელი და საკონსულტაციო, რასაც ემატება „საგანგებო ვითარებაში სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა“, - განაცხადა 22 აპრილს მაიკ პომპეომ.

ვის ევალება წესრიგის დამყარება?

WHO-ს ქომაგები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული ბრალდებები არ არის რეალობის შესატყვისი და სამართლიანი.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, ორგანიზაციის დანიშნულებაზე მცდარი წარმოდგენა აქვთ იმათ, ვისაც WHO „სწრაფი რეაგირების“ ინსტრუმენტად მიაჩნიაო.

აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში სამანტა პაუერი

„ის ახორციელებს ტექნიკურ ექსპერტიზას. ეს არის, როგორც იცით, მონაცემთა შეგროვება მთელი მსოფლიოდან ეპიდემიისა და პანდემიის გამოსაცხადებლად. მაშინ ჩვენ პარალელურად რეაგირების სისტემაც გვესაჭიროება, რადგან ის (WHO) უფრო მეტად წააგავს შეტყობინების სისტემას, ვიდრე რეაგირების სისტემას“, - განაცხადა სამანტა პაუერმა.

WHO-ს გლობალური ჯანმრთელობის სამართლის ცენტრის დირექტორმა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლოურენს გოსტინმა, 9 აპრილს გამოაქვეყნა კომენტარი, რომელშიც განმარტავს ორგანიზაციის როლს და იცავს მას დონალდ ტრამპის ბრალდებებისგან.

გოსტინის თანახმად, „სავსებით სამართლიანია შეფასება, რომ ჩინეთი არ იყო ბოლომდე ტრანსპარენტული და მან რამდენიმე კვირით - შესაძლოა მთელი თვით და მეტი ხნითაც კი - დააგვიანა WHO-სთვის ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ, რომელიც ადამიანს ცხოველისგან შეეყარა“.

მაგრამ ეს არის ჩინეთის და არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომა.

WHO-ს გლობალური ჯანმრთელობის სამართლის ცენტრის დირექტორი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ლოურენს გოსტინი

„WHO-ს თვალსაზრისით, ორგანიზაციამ დაუყოვნებლად მიაწოდა ინფორმაცია პლანეტის მოსახლეობას“, - ამბობს გოსტინი და უარყოფს ბრალდებას, თითქოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროულად არ შემოჰკრა განგაშის ზარებს.

WHO-მ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა ძალიან სწრაფად გამოაცხადა, როგორც კი COVID-19-ის შესახებ პირველ შემთხვევებზე გავრცელდა ცნობები, - აცხადებს მკვლევარი, რომელსაც მხედველობაში აქვს 30 იანვარი, როდესაც ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება WHO-ს 12 მარტის განცხადებას, გოსტინი ამბობს, რომ ადამიანები ცდებიან და პანდემიის გამოცხადებად მიიჩნევენ ეპიდემიის აფეთქების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, რასაც სინამდვილეში „არავითარი იურიდიული ძალა“ არ ჰქონდა.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება პანდემია ეწოდოს, - ასეთი განცხადებით გამოვიდა 12 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი, ტედროს ღებრეიესუსი. „ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის ინფექცია შეიძლება პანდემიად იქნეს განხილული“, თქვა მან.

„სინამდვილეში, WHO-ს არ აქვს უფლება გამოაცხადოს პანდემია. მან, უბრალოდ, საკუთარი აზრი გამოთქვა. ორგანიზაციამ გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალებში იყო“, - აცხადებს ლოურენს გოსტინი.

არცთუ ისე ძლიერი?

მაგრამ ეს ძალები შესაძლოა არ იყოს საკმარისი.

„საჭირო იყო, რომ WHO უფრო მეტად სკეპტიკურად მოჰკიდებოდა იმას, რასაც მას ჩინეთი ეუბნებოდა, მაგრამ ორგანიზაცია მთლიანად არის დამოკიდებული იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მთავრობებისგან იღებს“, - უთხრა „ვაშინგტონ პოსტს“ პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს აშშ-ის ელჩმა გაეროში, დენიელ სპაიჯელმა, და დასძინა, რომ ორგანიზაციას „არც სადაზვერვო საშუალებები გააჩნია და არც გამოძიების ჩატარება ძალუძს“.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს დაარსებული WHO-ს დანიშნულება იყო გლობალური ჯანდაცვის ხელშეწყობა და ისეთი დაავადებებისგან დაცვა, როგორიც ქოლერა და პოლიომიელიტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი, ტედროს ღებრეიესუსი

მაგრამ ორგანიზაციას, როგორც ექსპერტები ამბობენ, სინამდვილეში არ გააჩნია დამოუკიდებელი ძალაუფლება და ფინანსურად მთლიანად არის დამოკიდებული ორგანიზაციის წევრ 194 ქვეყანასა და კერძო სტრუქტურებზე.

გოსტინის შეფასებით, WHO-ს ბიუჯეტი, რომელიც 2018-2019 წლებში 4,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ფაქტობრივად, „ერთი დიდი ამერიკული საავადმყოფოს“ ბიუჯეტის ტოლია და აბსოლუტურად არ შეესაბამება „ორგანიზაციის წინაშე მდგარ გლობალურ ვალდებულებებს“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასაკმარისად ფინანსდება მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის მხრიდან, რომლებიც „რაღაც საცოდავ გროშებს“ თუ იმეტებენ გაეროს ამ სტრუქტურისათვის. თანაც, როგორც ირკვევა, WHO პასუხს აგებს თავისი ბიუჯეტის 25 %-ის ხარჯვაზე, რადგან დაფინანსების დიდი ნაწილი გაუთვალისწინებელი ვითარებების დროს იხარჯება და კონკრეტულ მიზნებს ხმარდება.

„ის რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონებინა“, - ამბობს ლოურენს გოსტინი გაეროს სააგენტოს შესახებ და მიიჩნევს, რომ წევრი ქვეყნების მიერ WHO-ს დაფინანსება საერთაშორისო კანონმდებლობით უნდა გახდეს სავალდებულო.