ბათუმს საპროტესტო აქციების ფონზე, ორჯერ ესტუმრა სოჭიდან თურქეთისკენ მიმავალი რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო ხომალდი ASTORIA GRANDE. ესაა მაქსიმუმ 1229 მგზავრზე გათვლილი ლაინერი 590 კაბინით, რომლის სიგრძეც 193 მეტრია და სიგანე 32. ხომალდს აქვს 11 გემბანი, 3 რესტორანი, 6 ბარი და 1 გარე აუზი. ამ გემზე 7-დღიანი კრუიზის ღირებულება დაახლოებით 1200 დოლარია.
თურქული წყაროების ცნობით, ლაინერის 250-კაციანი ეკიპაჟი, თითქმის, მთლიანად რუსეთის მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული და გემსაც რუსეთი მართავს. საკრუიზო ლაინერის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში მხოლოდ რუსულ ენაზეა.
2023 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებული სარეკლამო სტატიის მიხედვით, ASTORIA GRANDE-ს მგზავრებს ყველა ქალაქში რუსულენოვანი გიდი ემსახურება და არცერთი გაჩერებისას არ სჭირდებათ ვიზა.
ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოჭიდან ბათუმში შემოსული საკრუიზო გემის რეალური მფლობელი უკრაინის მიერ სანქცირებული რუსული კომპანია “Sovtracht”-ის მფლობელი დმიტრი პურიმია. ეკონომიკის სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ ინფორმაციის პასუხად თქვეს, რომ საქართველოში შემოსული ხომალდი სანქცირებული არ არის.
“პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანია Goodwin Shipping Limited არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება”, - წერია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 31 ივლისის განცხადებაში.
Your browser doesn’t support HTML5
6 დღის წინ კი, 25 ივლისს, როცა რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო ლაინერი პირველად უნდა შემოსულიყო ბათუმში, იგივე სააგენტო წერდა:
“გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.”
რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროების საშუალებით დაედგინა, ვის ეკუთვნის ხომალდი, რომლის ბათუმში შესვლასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
ASTORIA GRANDE-ს ოფიციალური საიტის მიხედვით, საკრუიზო გემით მგზავრობას თურქული კომპანია Miray International-ი ყიდის, თუმცა თავად საიტსაც და ლაინერსაც საზღვაო კომპანია “აკვილონი” ფლობს, რომლის ოფიციალურ მისამართადაც რუსეთი, ქალაქი მოსკოვია მითითებული.
საკრუიზო ლაინერის ვებსაიტზე მითითებული მისამართი ემთხვევა კომპანია “აკვილონის” ოფიციალურ მისამართს. ეს კომპანია 2020 წელს შეიქმნა საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს კომერციული ექსპლუატაციისთვის.
“აკვილონი” 2022 წლის ივლისიდან იწყებს კრუიზებს სოჭიდან თურქეთის საზღვაო კურორტების მიმართულებით. კომპანიას სულ ორი დამფუძნებელი ჰყავს: კირილ პურიმი და ვიქტორია კოზაკევიჩი.
1996 წელს დაბადებული კირიმ პურიმი დმიტრი პურიმის ვაჟია - დმიტრი პურიმი კი უმსხვილესი რუსული სატრანსპორტო კომპანია “Sovtracht”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
„სოფტრახტი“, რომელიც რუსეთის საზღვაო ფლოტის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს აკონტროლებს, მათ შორის, ბალტიის და შავ ზღვებში, 2016 წლიდან, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, ანექსირებულ ყირიმში უკანონო მუშაობის (2016, აშშ), სირიაში ნავთობის უკანონო გადაზიდვების (2018, აშშ) და უკრაინაში რუსეთის შეჭრის (2022, ევროკავშირი) გამო. უკრაინის მიერ სანქცირებულია თავად დმიტრი პურიმიც.
1996 წელს გერმანელების მიერ აშენებული საკრუიზო ლაინერი ჯერ ორი წლის წინ, ლაინერ AIDAcara-ს სახელით დაცურავდა და ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული საკრუიზო ოპერატორის Carnival Corp-ის გერმანული შვილობილის, AIDA-ს საკუთრება იყო. ASTORIA GRANDE რუსი მფლობელების ხელში 2021 წელს აღმოჩნდა.
AIDA-მ, რომლის პარკშიც AIDAcara ყველაზე მცირე ზომის ხომალდი იყო, ლაინერი სიძველის გამო გაყიდა პატარა კვიპროსულ კომპანიაზე, რომელსაც საკრუიზო ლაინერის მართვის გამოცდილება არ ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კვიპროსელების უკან რუსეთი იდგა. ლაინერს ახალმა მეპატრონეებმა სახელი გამოუცვალეს და Astoria Grande დაარქვეს, ახალი ოპერატორი კი რუსული სანაოსნო კომპანია „აკვილონი“ გახდა. Astoria Grande-ს კრუიზი შავი ზღვაში ეგვიპტის, ისრაელის, თურქეთისა და საქართველოსკენ ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში უნდა დაეწყო, თუმცა პირველი ტურისტული მარშრუტის შესრულება მხოლოდ 2022 წლის 13 ივლისს შეძლო.
უკრაინაში ომის დაწყების დროს, როცა რუსული კომპანიები ახალი სანქციების სამიზნედ იქცნენ, ლაინერი Astoria Grande თურქეთში, სტამბოლის პორტში იდგა. მისმა მეპატრონეებმა სავარაუდოდ სანქციის და გემის დაპატიმრების შიშით, Astoria Grande თურქეთში დატოვეს და პირველი კრუიზი შავ ზღვაში, რომელსაც 2022 წლის აპრილში, სოჭის პორტიდან უნდა აეღო სტარტი, საერთოდ გააუქმეს.
პირველ კრუიზამდე ASTORIA GRANDE-ს მეპატრონეებმა ფორმალურად შეცვალეს ლაინერის ოპერატორი და რუსული „აკვალონი" თურქული კომპანიებით Miray Cruises International-ით და Honest Holding-ით ჩაანაცვლეს, ასევე სანქციების შიშით გააუქმეს ისრაელის და ეგვიპტის მიმართულებები და მხოლოდ თურქეთი დატოვეს.
ASTORIA GRANDE პირველი ლაინერი იყო, რომელმაც სოჭიდან საერთაშორისო კრუიზები დაიწყო პანდემიის შემდეგ.
2023 წლის ზაფხულში ბათუმში შემოსვლა ASTORIA GRANDE-ს მხოლოდ ორი ტურის დროს ჰქონდა დაგეგმილი. 31 ივლისის კრუიზზე ტურისტებთან ერთად იყვნენ პუტინისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერი რუსი მომღერლები და მსახიობებიც.
ასევე ნახეთ ბათუმში შემოვა გემი, ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებით