„თბილისს რომ მოადგებიან, მერე რას ვიზამთ?! კიდევ ვიტყვით, რომ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა?!"

არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

“არის კი ეს ბორდერიზაცია? რეალობაა, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადმოლახა უკვე ის ტერიტორია, რომელიც არასდროს ეკუთვნოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას”, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გორის მკვიდრი.

ის თვლის, რომ გუგუტიანთკარამდე მოსულ პროცესის შეფასებისას საჭიროა მისი ფართო კონტექსტში განხილვა:

„როცა ამ მოვლენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ერთი სოფელი და ერთი ნაწილი განვიხილოთ. მთლიანად უნდა შეფასდეს პროცესი, რომელშიც ვართ და შეიძლება ათვლის წერტილად არ ვაქციოთ არც 2008 წლის ომი და არც მცოცავი ოკუპაციით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით უკვე შიდა ქართლში გადმოსვლა.

გვჭირდება სერიოზული სტრატეგიული ხედვა და სერიოზული შესწავლა როგორ არის შემოსული რუსეთი და რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ სამივე მიმართულებით. ეს იქნება: სოციალური მიმართულება, რომ დავიცვათ ადამიანები და შევძლოთ მათთვის მიწების შენარჩუნება; სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება, როგორ შევინარჩუნოთ საქართველო როგორც ტერიტორია და სახელმწიფო და ეს იქნება მთლიანად პოლიტიკური პროცესი - როგორ ველაპარაკოთ უცხოეთში პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ უძლური ვართ ასეთი ძლიერი ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ და დაცვის რაიმე მექანიზმები მოინახოს“.

არინა თავაქარაშვილი განმარტავს გუგუტიანთკარში ოკუპანტის მოსვლის სტრატეგიულ მნიშვნელობას:

„ამ ტერიტორიას ესაზღვრება ისტორიული სოფელი დისევი, რომელიც ზევიდან დაჰყურებს მთელ გორის მუნიციპალიტეტს და სამხედრო თვალსაზრისით [რუსები] ყველა სიმაღლეს ფლობენ. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ახლა მოხდა სხვა ფაქტი: ზევითა კონტროლიდან მთელი ქვედა ნაწილის კონტროლი იწყება სოფელ გუგუტიანთკარიდან“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს მიმდინარე პროცესზე არაადეკვატურ რეაქციაზე და კითხვას სვამს:

„ძალიან მძიმე კითხვა მინდა დავსვა დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანებისათვის: თბილისს რომ მოადგებიან, მერე რას ვიზამთ?! კიდევ ვიტყვით, რომ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა?!

რა თქმა უნდა, არ ვარ იმ აზრისა და იმ ასაკში, გულუბრყვილოდ ვთქვა, რომ შევძლებთ რუსეთთან იარაღით, ომით გამკლავებას. სხვადასხვა ფორმები არსებობს ბრძოლისა და ჩვენ ამას უნდა მივმართოთ: უნდა ვეცადოთ ავახმიანოთ მთელი მსოფლიო! უნდა ვეცადოთ სოციალური გარემო შევქმნათ ისეთი, რომ დაცული იყოს ქვეყანა!

როცა გორის ბიუჯეტში რჩება ასათვისებელი თანხები, ერთი, ორი და სამი წელი და ვერ ვხედავთ ამ სოციალური გარემოს შექმნას, რომ ადამიანები ძლიერად იყვნენ და თვითონვე გაუწიონ წინააღმდეგობა. ვინც წინააღმდეგობას სწევენ, ხელისუფლება ცდილობს, მათ აღარ ჰქონდეთ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა და აღარ გააკეთონ განცხადებები. ეს არ არის სწორი გზა!“.

არინა თავაქარაშვილი ამბობს სახელმწიფოებრივი ხედვის დეფიციტზეც:

„გორში რომ შემოვლენ და დაიძვრებიან თბილისისაკენ, ჩვენ, ალბათ, მხოლოდ ერთ ნაწილს ადამიანებისა, შევაკვდეთ ამას, მაგრამ ეს ხომ არ იქნება სახელმწიფოს გადარჩენა!

უფრო მეტად მოაზროვნე და სახელმწიფოებრივი ხედვის ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, გორის ხელისუფლებას ეს ნამდვილად აკლია! ეს ჩემი პირადი ტკივილია!

გორის ხელისუფლებას, რომელმაც რუსული „გაზიკები“ იყიდა, ბევრჯერ დარჩა ბიუჯეტი ასათვისებელი, გზებისა თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თემების მოსაწესრიგებლად, რომელიც ქალაქს, ამ მხარეს ძალიან სჭირდება“.

არინა თავაქარაშვილი თვლის, რომ სახელმწიფომ არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს ოკუპაციის მიმართ პროტესტს, არამედ ამისთვის ყველა პირობა უნდა შექმნას:

„ყველა საშუალება უნდა მივცეთ საზოგადობას, რომ პროტესტი გამოხატოს იმის მიმართ, რაც ხდება, რომ ჩვენი ერთიანობა ნახოს ოკუპანტმა სახელმწიფომაც, დასავლურმა საზოგადოებამაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც“.

რადიო თავისუფლების სტუმარი წუხს, რომ ვერ ხედავს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რაშიც ბევრად დიდ რამეს დებს, ვიდრე სამხედრო სფეროა:

„მტერი მტერია, ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ ცუდი ხელისუფლება, უნიათო ხელისუფლება და რიგ შემთხვევაში ჩინოვნიკები, რომლებიც ესწრაფვიან ძველ დროში დაბრუნებას, ჩემთვის სირცხვილის ტოლფასია! არ მინდა სიტყვა გამყიდველობა ვიხმარო, მაგრამ არასახელმწიფოებრივი ხედვაა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას უფსკრულისკენ მიაქანებს!

რის გარშემო უნდა გავერთიანდეთ? იდეა არის სახელმწიფოებრიობა! იდეა არის ქვეყნის თავისუფლება! მაგრამ მას ორი რამ აკლია: ჩვენ გვაკლია ამისთვის განათლება. სირცხვილი მათ, ვინც ასე რბილად არიგებდა ნიშნებს და ქულებს! ახლა ისე აღარ არის საქმე. მეორე - არც ერთ ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფო მოწყობაზე ესაუბრა და რეალური თვითმმართველობა შეექმნა!“.

დეცენტრალიზაციაზე საუბრისას არინა თავაქარაშვილი პარტიების სტრუქტურული დეცენტრალიზაციის საჭიროებასაც უსვამს ხაზს, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე რეაგირებისთვის რეგიონში პარტიის ლიდერის ჩასვლას არ ელოდნენ, არამედ ადგილობრივი ლიდერები ახდენდნენ მყისიერად რეაგირებას.

ის წუხს მრავალი მიმართულებით დროის ფუჭად ფლანგვაზე:

„არ მინდა, რომ ისტორიაში სულ დავაგვიანოთ! დღეს თუ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, ვერავინ გვეტყვის რამდენ ხანს მოუნდება ქართველი ამის აღდგენას და შევძლებთ კი ოდესმე?! არ ვარ ნიჰილისტურად განწყობილი, მაგრამ მე ამ ქვეყნის გადარჩენა მწადია როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, რომელიც 1988 წლიდან, იატაკქვეშეთიდან, არაფორმალობიდან აი, ამ პროცესებში იყო და არასოდეს ხელისუფლების სადავეებთან არ ვყოფილვარ. მერჩივნა ყოველთვის ვყოფილიყავი მოქალაქე და შემძლებოდა კრიტიკაც და თანადგომაც!“.

არინა თავაქარაშვილი ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენებს ახალგაზრდების როლს:

„დღეს ძალიან გვჭირდება ახალგაზრდების უმაღლეს რანგში ჩართულობა. შეიძლება, მათ გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ მათი ოპტიმიზმი და ის, რომ თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია! თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულ ადამიანებს ასე ვერ წაართმევ თავისუფლებას! ასე ვერ წაართმევ სახელმწიფოებრიობას!“.

თვლის, რომ გუგუტიანთკარის ამბის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ოღონდ, ამისთვის საჭირო იყო გრძელვადიანი ხედვა:

„შესაძლებელი იყო, ოღონდ გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე: თუ იქ მოსახლეობას დავამაგრებდით, იმ დამწვარ სახლებს სიცოცხლეს დავუბრუნდებდით. გლეხები აკეთებდნენ ამას მარტივად და გენიალურად. ის კაცი, 75 წლისა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა წიხლქვეშ გაიგდეს და უმოწყალოდ სცემეს, სანამ აქამდე მივიდოდა პროცესი, ყოველთვის პატარა მიწის ნაკვეთს ასუფთავებდა, ამუშავებდა, მწვანილი მოჰყავდა, რაღაცას თესავდა, ვაზს მუდმივად სხლავდა, ჰყავდა ხბო და იქ აძოვებდა. ეს მას შვილების ხელშეწყობით ჰქონდა. სახელმწიფოს ყველასთვის რომ შეეწყო ხელი და ყველას ჰქონოდა ამის შესაძლებლობა, იქ სიცოცხლე იქნებოდა. ადამიანი შენსას ძალიან იცავ. რა წუთშიც შენი სახლის კარს აბიჯებენ, ყვირი და ცდილობ სხვასაც უხმო დასახმარებლად, არ გადმოაბიჯებინო. ასეა სახელმწიფოც! ასეა ტერიტორიაც!“.

დარწმუნებულია, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვი იმაზე ბევრად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე დღეს კეთდება: გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტებით, პოლიტიკური პროცესებით:

„სანამ შემოვლენ, მანამდეა საჭირო პროტესტიც, განვითარებაც, გრძელვადიანი ხედვებიც, მოსახლეობის დამაგრების ხელშეწყობაც, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებაც და თვითონ პარლამენტის აქტიურობა. რამდენი დეპუტატი დაინახეთ იქ ჩასული? არის საკითხი, რომელზეც სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ უფლება განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ და ერთმანეთს შეეწინააღმდეგონ“.

რაც შეეხება პროგნოზს, „ღმერთმა ქნას ვტყუოდე“-ო, ამბობს და განაგრძობს:

„ეს პროცესი გაგრძელდება და გარკვეულ პერიმეტრამდე მოვა. იმ სოფლებსაც შეეხება, რომლებიც ესაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიას და წამოვა იმ სოფლებამდე, რომლებშიც არ მომხდარა ომი და დაუახლოვდება თბილისს. ეს პატარა პერიმეტრი არ არის. მოსდევენ ამ ტერიტორიას და სადღაც შეჩერდებიან. ღმერთმა არ ქნას, ეს სადღაც იყოს თბილისი! ღმერთმა არ ქნას, შიდა ქართლი გაყონ ორად! დუმილით პასუხი ამას გამოიწვევს! პერიმეტრი მოდის! რეალობაა!“.

ყველაფრის მიუხედავად, იმედი აქვს - ახალგაზრდობის:

„ჩვენ შევძლებთ გადარჩენას იმიტომ, რომ წრფელი და ძლიერი, განათლებული ახალგაზრდობა მოდის!“.

Your browser doesn’t support HTML5

არინა თავაქარაშვილი ოკუპაციაზე, მცოცავ ანექსიაზე, ადამიანებსა და სახელმწიფოზე