თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა - არასამთავრობოები მის გადადგომას მოითხოვენ

თეა წულუკიანი

არასამთავრობო ორგანიზაციები ემიჯნებიან მთავარი პროკურორის შესარჩევი კონსულტაციების პროცესს და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროკურატურაში შექმნილ პრობლემებში პასუხისმგებელია არა მხოლოდ ირაკლი შოთაძე, არამედ მოქმედი იუსტიციის მინისტრი:

Your browser doesn’t support HTML5

სულხან სალაძე წულუკიანის გადადგომაზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისა და შესაბამისად თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი უკვე მეხუთედ მიმდინარეობს. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის არამდგრადობის ინდიკატორი არაერთია, პრობლემების ჩამონათვალი ვრცელი, ყველა ერთად კი სისტემაში არსებული პოლიტიკური კორუფციის შედეგია.

Your browser doesn’t support HTML5

სოფო ვერძეული წულუკიანის გადადგომის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მთავრობა ვალდებულია პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. მათ, თავის მხრივ, სხვა ტიპის პასუხისმგებლობისკენ, კერძოდ გადაწყვეტილებებისადმი მეტი პასუხისმგებლობით მიდგომისაკენ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. იგი ფიქრობს, რომ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, სამოქალაქო სექტორი თავის მანდატს გასცდა და პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორს ულტიმატუმის ენით საუბარში და ბოიკოტის გამოცხადებით, პროკურორის არჩევის პროცესის ლეგიტიმაციის ეჭქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. 4 ივნისს კი თავად თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არ აქვს უფლება და ფუფუნება, მონაწილეობა მიიღოს მათ ფსიქოზში, ვინც მის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დღეს, 5 ივნისს დაემშვიდობა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება კი 31 მაისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს სასამართლომ ბრალეულობა წარუდგინა. სასამართლოს განაჩენით შესაბამისად დადასტურდა ის, რომ პროკურატურამ მკვლელობის საქმის ობიექტური და სათანადო გამოძიების ჩატარება ვერ შეძლო. ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მთავრობის წევრებმა ემოციურ ნაბიჯად მიიჩნიეს და მთავარ პროკურორს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ირაკლი შოთაძის გადადგომამ საზოგადოებაში საპროტესტო მღელვარება ვერ დააცხრო, იუსტიციის მინისტრი პირადად კი უკვე მეხუთე მთავარი პროკურორის შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს. ერთი თვის ვადაში პროკურორობის სამი კანდიდატი მან საპროკურორო საბჭოს უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ პროცესში უკვე მთავრობა და პარლამენტი ერთვებიან.

Your browser doesn’t support HTML5

თეა წულუკიანი პროკურორობის კანდიდატებზე

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად განაცხადების მიღება 4 ივნისის შუადღიდან დაიწყო. ცნობას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ეტაპობრივად აწვდის პროფესიულ-საგანმანათლებლო წრეებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათთვის კი ვისაც ამგვარი ცნობა ჯერ არ მიუღია, ან საერთოდ ვერ მიიღებს, სამინისტრო განმარტავს, რომ კანდიდატის წარდგენის უფლება არავისთვისაა შეზღუდული. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფორმალურ ხასიათსა და ამ გზით დამტკიცებული პროკურორის ლეგიტიმაციის პრობლემაზე წინასწარ ამახვილებს ყურადღებას.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ბენიძე წულუკიანის გადადგომაზე

მთავარი პროკურორობის პოსტზე წარსადგენ კანდიდატებს შორის კი სახელდებიან შალვა შავგულიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, რომელიც სხვა პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა; ნათია მეზვრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი; ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს წევრი და სხვები. მათგან ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს და ასევე გადადგეს თანამდებობიდან.

Your browser doesn’t support HTML5

არასამთავრობოები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

“მე ვფიქრობ, თეა წულუკიანმა უნდა გაიზიაროს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა და უნდა დაანებოს თავი ამ ორ სფეროს და მიანდოს სხვა პიროვნებას, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ნამდვილ რეფორმებს გაატარებს პროკურატურასა და სასამართლოში.“

იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც. სახალხო დამცველი კი ფიქრობს, რომ პროცესს სანდოობა არ ექნება, თუ მთავარი პროკურორის შერჩევის საჯარო პროცესში არასამთავრობო სექტორი მონაწილეობას არ მიიღებს.