არარატის 12/არმაზის 27 - სახლი, რომელიც ღმერთს უჭირავს

ორი საუკუნის სახლი ავლაბარში

ავლაბარში, სურბ ეჩმიაძინის ეკლესიას რომ გასცდები, არარატისა და არმაზის ქუჩების კუთხეში, ნახევრად დანგრეული სახლი აგესვეტება. პირველი, რაც თვალში გხვდება და გაკვირვებს, თაღებითა და ხის რიკულებით შემკული ფართო აივანია - სიტყვა ლამაზი და მშვენიერი რომ გეცოტავება, აი, ასეთი. აივნიდან მზერა გამოშიგნული, ამოშავებული ფანჯრებისკენ გადაგაქვს. წლებია იქ აღარავის უცხოვრია.

მერე კიდევ უფრო ახლოს მიდიხარ სახლთან და სარდაფის ჩამსხვრეულ ფანჯრებში ყოფ თავს - სანაგვედ ქცეულა იქაურობა.

სახლის შიდა ტერიტორია

მერე ისევ რამდენიმე ნაბიჯით იხევ უკან, არარატის ქუჩისკენ გამავალ კედელს აყოლებ თვალს, რომელსაც უხვი დეკორი, მასკარონები, ხის ორსართულიანი აივანი აგვირგვინებს.

სახლის ფასადი

ახლა სახლს გვერდიდან უვლი, ჯაგნარად ქცეულ პატარა ციცაბოზე დგამ რამდენიმე ნაბიჯს და აღმოაჩენ, რომ ამ მხარეს სახლი აღარ არსებობს. ნასახლარია აქაურობა. ფასადი, რომელიც გაქრა, ვეღარ მალავს მეორე სართულზე გადახუნებული შპალერით მორთულ კედლებს, ოდესღაც ალბათ მისაღები ოთახი უნდა ყოფილიყო, ფიქრობ, ან იქნებ, დიდი საძინებელიც. პირველი სართული ვიღაცას ფერადი გრაფიტით მოუხატავს.

ჩამონგრეული ფასადი

ეს თითქმის ორი საუკუნის წინ ნაგები საცხოვრებელი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მას ორი მისამართი აქვს - არარატის 12/არმაზის 27.

ამ სახლს, რომელშიც წლების წინ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ერთადერთი ოჯახიღა ამაგრებს - მაჩაიძეების ოჯახი. 76 წლის აივენჰო მაჩაიძე ამ სახლში დაიბადა. ისნის გამგეობამ მას და მის ცოლს ავარიული, ფაქტობრივად ნახევრად დანგრეული სახლიდან ქირით გაყვანა შესთავაზა, მაგრამ უარი თქვეს. ის და მისი ცოლი უვლიან ახლა სახლს, რომელიც თბილისისთვის ერთ-ერთი საეტაპო მნიშვნელობის ობიექტია და რომელიც თითქმის ორი ათეული წელია, თუ უფრო მეტი არა, აგურ-აგურ იშლება.

- ჩემ გოგოს დაურეკე, იმან უკეთ იცის ყველაფერი. ის დადის გამგეობაში, მე დავიღალე უკვე ამდენი ბრძოლით. 13 ოჯახი ვიყავით, მათი უმეტესობა საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად. ერთი-ორი ოჯახი გამგეობამ გაასახლა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა აქაურობის დატოვება, - მეუბნება აივენჰო მაჩაიძე და შვილის ტელეფონის ნომერს მაწერინებს.

საეტაპო მნიშვნელობის სახლი

„სახლი, რომელიც ღმერთს უჭირავს“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ფოტოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მას შემდეგ ავტვირთე, რაც ამ შენობას სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ავლაბარში.

ხელოვნებათმცოდნეები სახლის მთავარ კორპუსს მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებით ათარიღებენ. ეზოსკენ მიმართული ფასადი, ბრტყელი თაღებით გახსნილი, უფრო გვიან წლებს ეკუთვნის. მესამე ეტაპი კი XX ს-ის დასაწყისს განეკუთვნება, როდესაც სახლი შეილესა და ფასადები მოდერნის სტილის ელემენტებით შეიმკო.

ეს ორსართულიანი ნაგებობა, სარდაფის მაღალი სართულით, შიდა ეზოს ირგვლივ ვითარდება. აქვე გვხვდება მეზონინის, ე.წ. მანსარდის სართულიც. სახლი კრამიტითაა გადახურული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის სამმალიანი, სამყურა თაღებით შემკული და ხის რიკულებით მოფარგლული აივანი, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ფასადის კომპოზიციაში.

რაც შეეხება ნაგებობის შიდა ეზოს, ის ხის აივნების კონსტრუქციით - მრგვალ სვეტებზე დაყრდნობილი, პროფილირებული ელემენტებით მორთული, სამყურა თაღებითაა წარმოდგენილი. სავარაუდოა, რომ აივანი მოგვიანებით შეიმინა და ლოჯიად გადაკეთდა.

სახლის შიდა ეზო

თამარ ამაშუკელი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას, რომელიც XIX საუკუნის თბილისური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებით ნიმუშია, სავალალოდ აფასებს და ამბობს, რომ მას გადარჩენა სჭირდება. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მისი გადარჩენის პერსპექტივა ბუნდოვანია:

თამარ ამაშუკელი

„ბევრი სახლი გვაქვს ქალაქში, რომელიც ქმნის თბილისს, მაგრამ მათ შორის გამოირჩევა რამდენიმე, ე.წ. ქრესტომათიული სახლები, როგორც საეტაპო მნიშვნელობის ობიექტები. სწორედ ერთ-ერთია ეს შენობა. არავინ დაობს ამ შენობების მნიშვნელობაზე, ყველამ იცის მათი მნიშვნელობა, ყველამ იცის, რომ ასეთი ობიექტების დაკარგვა გააღარიბებს ქალაქს და დაკარგავს თბილისური არქიტექტურისთვის ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო ობიექტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შენობები წლებია ასე დგანან. ეს შენობა, მართლაც ღმერთს უჭირავს, 2000-იანების დასაწყისიდან ამ მდგომარეობაშია“.

ვინ უნდა იზრუნოს მის გადარჩენაზე? - თამარ ამაშუკელს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს კონკრეტული მიზეზების გამო:

„მაგალითად, დედაქალაქის გამგეობებს ძალიან მცირე თანხა აქვთ, რომელიც მარტივ გამაგრებებს ხმარდება და არა სრულფასოვან რეაბილიტაციას. „თბილისის განვითარების ფონდი“, პრაქტიკულად, ერთადერთია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არეალების რეაბილიტაციაზე მუშაობს, მაგრამ ამ ფონდს აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს. მას მიზნებში უწერია, რომ ის დეგრადირებული უბნების გაჯანსაღებისთვის და თანხების მოძიებისთვის შეიქმნა. ფონდი კონკრეტულ ობიექტებს არ აკეთებს. ის მუშაობს არეალებზე, მაგალითად, აღმაშენებლის გამზირი, ორბელიანის მოედანი, სადაც შეიძლება მიმზიდველი გარემო იყოს, იყოს ძეგლების კონცენტრაციაც, მაგრამ ასეთი ტიპის ძეგლები, რომლებიც თავისი მნიშვნელობით ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, აღმაშენებლის რომელიმე ობიექტი, პრაქტიკულად, ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერის მიღმა რჩებიან და ელოდებიან, ვერ გეტყვით რას. ორი ვარიანტია, ან ელოდებიან, როდის დაინგრევა და მოვა მერე ინვესტორი, რომელიც ამ ადგილზე ააშენებს შენობას, ან მოვა ინვესტორი, ამ შენობის ერთ ფასადს შეინარჩუნებს და უკან ააშენებს სხვა შენობას“.

თამარ ამაშუკელის თქმით, დღეს როგორც თბილისს, ისე მთლიანად ქვეყანას, არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა:

„მონიტორინგის ნორმალური სისტემაც კი არ არსებობს. მერიაში არ არსებობს სამსახური, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს. ასე, თქვენს მსგავსად, ვინმე გადაიღებს ფოტოს, მერე ფეისბუკში ატვირთავს და გავრცელდება ინფორმაცია, რომ ესა და ეს შენობა არის ასეთ მდგომარეობაში. მართლა მგონია ხანდახან, რომ ზებუნებრივი ძალები აჩერებენ ამ შენობებს. პრაქტიკულად შიშველი ხელებით უნდა სდიო ასეთ შენობებს და გამოსტაცო ხელიდან ან ინვესტორს, ან დროს“.

ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილმა დაახლოებით 20 წლის წინ იკვლია ავლაბრის ის არეალი, სადაც პრეზიდენტის სასახლეს უნდა დაედო ბინა.

სახლის მდგომარეობა 2006 წელს

საკვლევ არეალში მოჰყვა არარატისა და არმაზის ქუჩებიც და იქ მდებარე ორი საუკუნის სახლი, რომელიც 1885 წლის საკადასტრო გეგმის თანახმად, ვინმე ნაზაროვს ეკუთვნოდა. გასაბჭოების შემდეგ კი სახლი ჩამოერთვა მის პირვანდელ მფლობელებს და გადაეცა რამდენიმე ოჯახს.

არარატის 12/არმაზის 27 მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს

როგორც გია ჭანიშვილი გვიყვება, გასულ საუკუნეში სახლი არათუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, არამედ ეროვნული მნიშვნელობის მქონე ძეგლის სტატუსს ატარებდა. ამ სტატუსს კი თბილისში დღეს სულ რამდენიმე შენობა ატარებს, მათ შორის - სიონის საკათედრო ტაძარი, ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა:

გია ჭანიშვილი

„2006 წელს, როდესაც მოხდა ძეგლების რეინვენტარიზაცია, სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრო საცხოვრებელი სახლების ხელახლა ეროვნულ ძეგლებად დამტკიცება. ახლა, პრაქტიკულად, თბილისში არცერთი საცხოვრებელი სახლი არ არის, რომელიც ეროვნული ძეგლის სტატუსს ატარებს. ავლაბარში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ჰქონდა ასეთი სტატუსი და მათ შორის იყო ეს სახლიც. მიუხედავად იმისა, ეს სახლი ატარებს თუ არა ეროვნული მნიშვნელობის სტატუსს, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლი, თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა და ძალიან ცუდია, რომ მას ახლა ასეთ მდგომარეობაში ვუყურებთ. 2004-05 წლებში, როდესაც ხდებოდა ამ უბნის კვლევა, საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობის დროს, მაშინ უკვე დაზიანებული იყო ეს ნაგებობა და განსაზღვრულიც იყო მისი რეაბილიტაცია, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა. ამ სახლის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თან მაშინ, როდესაც თბილისი მაინც სეისმურად აქტიური ზონაა, ნამდვილად მძიმეა“.

13-დან ერთი - რას ეუბნებიან მაჩაიძეების ოჯახს ისნის გამგეობაში?

მაია მაჩაიძე, რომელმაც წლები იცხოვრა მშობლებთან ერთად არარატი-არმაზის ქუჩების კუთხეში, დიდი ხანია ცდილობს მიაწვდინოს ხმა მერიას, რომ სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ინგრევა.

პერიოდულად მიმართავს წერილებით ისნის რაიონის გამგეობას, თუმცა, ეს წერილები მხოლოდ გამგეობაში რჩება, სადაც მას ეუბნებიან, „დაელოდეთ, ადრე თუ გვიან, თქვენამდეც მოვლენ“:

„როგორც ორბელიანის განახლება და რეაბილიტაცია მოხდა, ასე უნდა მოხდეს ჩვენი სახლის რეაბილიტაციაც, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გვეუბნებიან და ასე გადის წლები. გასახლებას სთავაზობდნენ ჩემს მშობლებს, 13 ოჯახიდან მხოლოდ ისინიღა დარჩნენ, მაგრამ მშობლები არ არიან თანახმა, რადგან მეთხუთმეტე წელია გამგეობამ ორი ოჯახი გაასახლა და ამ 15 წლის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ არის, მოვლა და პატრონობა სჭირდება. ამ წლების განმავლობაში ჯერ არც მოვლა ყოფილა, არც პატრონობა. დაწერილი გვაქვს გამგეობაში განცხადებები, გვიშუამდგომლონ თბილისის განვითარების ფონდთან, გვიშუამდგომლონ მერიასთან, რომ იქნებ მოხდეს ბიუჯეტში გამონაკლისის სახით ამ სახლის რეაბილიტაციის პროექტის ჩასმა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ“.

როგორც მაია მაჩაიძე გვეუბნება, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას, ისნის გამგეობაში მას უთხრეს, რომ თუკი სახლის 13 მფლობელი შეთანხმდება, შესაძლოა შენობის აუქციონზე გატანა და გაყიდვა:

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა შეაფასოს სახლის მდგომარეობა. შემდეგ მესაკუთრეებისთვის (13 ოჯახი) ხდება სახლის მთლიანი ღირებულების შეთავაზება, თუკი 13-ივე ოჯახი თანახმა იქნება, რომ ეს სახლი აუქციონზე გატანილი იქნას კონკრეტულ თანხად, გააქვთ აუქციონზე, სადაც ალბათ ვინმე ინვესტორი გამოჩნდება. თუმცა, ეს მხოლოდ ზოგადი მსჯელობა და ერთ-ერთი ვარიანტია. მანამდე კი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სახლს სული დღეს ჩემი მშობლების წყალობით უდგას“...

გია ჭანიშვილი ამბობს, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, არარატის 12/არმაზის 27-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციის შესახებ არავითარი პროექტი არ შექმნილა. ციფრულ მატიანეში მისი რეაბილიტაციის პროექტი არ არის შემორჩენილი. მისი ინფორმაციით, უკანასკნელად სახლი, სავარაუდოდ, 80-იან წლებში შეკეთდა.

​„თბილისის განვითარების ფონდში“ გვეუბნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს, მაჩაიძეების ოჯახმა ისნის რაიონის გამგეობას სახლის რეაბილიტაციის თხოვნით მიმართა. მათი განცხადება ფონდში გაიგზავნა. 27 სექტემბერს მაჩაიძეების ოჯახს ფონდისგან პასუხი დაუბრუნდა: „2023 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული ამ კონკრეტული შენობის რეაბილიტაცია“.

რაც შეეხება მომავალ, 2024 წლის ბიუჯეტს, „თბილისის განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა, გაითვალისწინებს თუ არა ბიუჯეტი ავლაბარში მდებარე უნიკალური სახლის რეაბილიტაციის პროექტს, ამ ეტაპზე, უცნობია.