ევგენი პრიგოჟინისა და მისი კერძო სამხედრო კომპანიის ლაშქრობა მოსკოვზე ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო.
გამოითქვა არაერთი ვარაუდი ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, შეთქმულებასა თუ სამხედრო გადატრიალებაზე, თუმცა კვანძის მშვიდობიანმა გახსნამ და მხარეების მოულოდნელმა დაშოშმინებამ ბევრს აფიქრებინა, რომ ეს იყო ბანალური, კრიმინალური გარჩევა, რომლის საგანი დიდი ფული და სხვა სახის დოვლათი იყო.
ეკატერინა შულმანი, ცნობილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, დარწმუნებულია, რომ ეს იყო ბიზნესკონფლიქტი სამხედრო საშუალებების გამოყენებით და არა გადატრიალებისა თუ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა.
„ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ხშირად ლაპარაკობენ კონფლიქტში ჩართული ადამიანები ფულზე... სწორედ ბიზნესპრეტენზიებით გაილაშქრეს „ვაგნერელებმა“ მოსკოვზე. ეს მართლა ჰგავს „სტრელკის“ დანიშვნას.
ასეთი ურთიერთობა ძნელი ასახსნელია გარე აუდიტორიისათვის, რადგან უცხოელ ექსპერტებსა და სპეციალისტებს შეუძლიათ დაიჯერონ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არიან ვიღაც ბარბაროსები მესიანისტური ბოდვებით, რომლებსაც უნდათ უკრაინის განადგურება, სსრკ-ს აღდგენა, წმინდა რუსეთის დიდების დაბრუნება და ა.შ., - ამის დაჯერება შეუძლიათ, მაგრამ უჭირთ იმის დაჯერება, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი „სასტავები“ ამგვარი ფორმით შეიძლება არჩევდნენ საქმეს იმის გამო, რომ ვიღაცამ ფული მოტეხა (ან არ მოტეხა), ვიღაცამ პირობები არ შეასრულა და ა.შ.
ამის წარმოდგენა უჭირთ, რადგან საუბარია სახელმწიფოს მართვაზე და, შესაბამისად, მათი წარმოდგენით, კონფლიქტსაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მდგენელი. ალბათ რაღაც დოზით ესეც არის, მაგრამ მთავარი მოტივატორი ამ კონფლიქტში ფულია“, - ამბობს ეკატერინა შულმანი.
ბევრისთვის მოულოდნელად სწორედ ფულზე ილაპარაკა ვლადიმირ პუტინმაც, რაც მას აქამდე არ გაუკეთებია. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 27 ივნისს განაცხადა კრემლში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე, - 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე „ვაგნერმა“ რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე (1,01 მლრდ დოლარი) მეტი მიიღო. თანხა დაქირავებულთა შენახვისთვის გამოიყოფოდა“.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ მფლობელმა - ევგენი პრიგოჟინის კომპანია „კონკორდმა“ – „ვოენტორგის“ მეშვეობით ერთი წლის განმავლობაში 80 მილიარდი რუბლი (944 მლნ დოლარი) მოგება ნახა სამხედროების საკვებით მომარაგების გზით. ამასთან, 110 მილიარდ რუბლზე მეტი (1,3 მლრდ დოლარი) დაიხარჯა სადაზღვევო გადასახადებზე.
„იმედი მაქვს, რომ არავის არაფერი მოუპარავს ან ცოტა მოიპარა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.
პრიგოჟინის დაპირისპირება რუსეთის თავდაცვის მინისტრთან 1 ივლისის მოახლოების პროპორციულად იზრდებოდა. სწორედ 1 ივლისი დასახელდა უკიდურეს ვადად, რომლის ფარგლებშიც „ვაგნერის“ რაზმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყვნენ.
„ეს არის კონფლიქტის ქვაკუთხედი და საფუძველი. მოსალოდნელი იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი დედლაინის დადგომისას, როგორც ცნობილ ზღაპარშია, ეტლი გადაიქცეოდა კვახად. 1 ივლისსამდე საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და აი, ასეთი მახინჯი ფორმით გადაწყდა კიდეც“, - ამბობს ეკატერინა შულმანი.
„საკითხი“ რომ გარჩევის გზით გადაწყდა და არა სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, იქიდანაც ჩანს, რომ, უმძიმეს დანაშაულთა წყების მიუხედავად (დაიხოცა 20-მდე ადამიანი, განადგურდა 10-მდე საფრენი აპარატი და ა.შ.), ყველას ყველაფერი ეპატია: პრიგოჟინი და მისი რაზმები მშვიდად გადავიდნენ ბელარუსში, ხოლო ვისაც სურვილი ჰქონდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი.
ასევე ნახეთ რატომ არის უნიკალური პრიგოჟინელების ჩამოგდებული Ил-22М?ცნობილი რუსი ბლოგერის ილია ვარლამოვის თქმით, პრიგოჟინი თვითონაც სულ უსვამდა ხაზს იმას, რომ არ აპირებდა ხელისუფლების დამხობას.
„არა მხოლოდ „ვაგნერის“ შენარჩუნების მიზნით წავიდა მოსკოვზე, არამედ დაფინანსების გასაზრდელადაც. დაახლოებით ისეთი ამბავია, როცა ბაზარში ძველი ბიჭი მიდის ჯიხურის მფლობელთან ხარკის ასაკრეფად. გარდა იმისა, რომ პრიგოჟინიც ამ წრიდანაა გამოსული, მაყუთის გარეშე მისი „ვაგნერი“ არ იბრძოლებს, ეგრევე მოითხოვენ, სადაა ფულიო. აშკარაა, რომ ფული ჰქონდა ასაღები და სახე რომ არ დაეკარგა, თავისი „ხოდით“ წავიდა ფულის მისაღებად“, - ამბობს ჟურნალისტი.
ამ ვერსიას დიდწილად იზიარებს პოლიტოლოგი და ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი აბას გალიამოვი.
„მიაწვა, მიიღო პირგასამტეხლო და წამოვიდა. ახლა, ალბათ, ბელარუსში შექმნის „ვაგნერს“ რუსული ფულით ლუკაშენკასთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას აქვს სტრატეგია, რომელსაც იგი თანმიმდევრულად მიჰყვება და ამ სტრატეგიის შესაბამისად მიიღო მოსკოვზე ლაშქრობის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის. ის ფართხალებს, როგორც ადამიანი, რომელიც იხრჩობა და, რომელიც ყველაფერს ებღაუჭება, რასაც მისწვდება“, - მიაჩნია აბას გალიამოვს.
ევგენი პრიგოჟინმა, გარდა იმისა, რომ ნამდვილი ბანდიტური წარსული აქვს, დროულად გამოიყენა სიტყვა „სამართლიანობა“, რადგან, როგორც რუსი ჟურნალისტი სერგეი ასლანიანი მიიჩნევს, რუსეთში ნებისმიერი ბანდიტი, სამართლიანობის ლოზუნგით, მით უმეტეს, თუ სახელმწიფოს საფუძვლებს არღვევს, გამოიყურება ლეგიტიმურად, მისაღებად და სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით.
ასევე ნახეთ ფოტო: პრიგოჟინს და „ვაგნერელებს“ მეგობრულად აცილებენ როსტოველები„ადრე გოპნიკი ლეწავდა ფოტო და ვიდეოკამერებს, სცემდა „სტაიანშიკს“, ჩხუბობდა „გაიშნიკთან“ (საგზაო პოლიციის ინსპექტორთან) და აღტაცებას იწვევდა, რადგან ის გამოიყურებოდა არა ხულიგნად, არამედ სამართლიანობისთვის მებრძოლად. ახლა გოპნიკი აღმოჩნდა ტანკზე და ავტომატით ხელში. კვლავ განაგრძო ხულიგნობა, უსამართლო სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრების სახით, რითაც დაიმსახურა საყოველთაო მოწონება და მიიღო მყისიერი ლეგიტიმაცია ობივატელისგან, რომელმაც იფიქრა, რომ ეს გოპნიკი კი არა, სამართლიანობისთვის მებრძოლია“, - ამბობს სერგეი ასლანიანი.
ვლადიმირ პასტუხოვი, პოლიტოლოგი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორიც მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის ლაშქრობა „ეს იყო საბიუჯეტო ნაკადების გამო მომხდარი კლასიკური პეტერბურგული ბანდიტური გარჩევა. პრიგოჟინი ნამდვილად არ აპირებდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას”.
„მთელი ეს საოცრება ტანკებითა და სხვა რეკვიზიტებით მოაწყო მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა თავისი „წილი“. ისიც კი გამოჩნდა, რომ კადიროვიც კი, თავისი დამტვრეული რუსულით, დღეში ორჯერ სწორ რამეებს ამბობს. მგონი მართლა ცდილობდა დაეყოლიებინა „ძმა“, რომ თავისი მატყლი სახელმწიფო მატყლში არ არეოდა“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი, რომლის თქმითაც, შოიგუ და გერასიმოვი მხოლოდ უბრალო ხალხისთვის არიან თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, პრიგოჟინისთვის ისინი უბრალო ბარიგებია, რომლებიც მისთვის ბიზნესის ახევას ცდილობდნენ:
„მოკლედ, პრიგოჟინმა თავისი ბრიგადირი უტკინი მთელი თავისი პონტებით გაგზავნა სტრელკაზე. ისე, თითქოს ქალაქ კირიშიში რაღაც ქარხნის განაწილებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. როგორც ახლა ირკვევა, საძმო მოსკოვში უნდა ჩასულიყო და გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ დამდგარიყო, რათა პაგონებიანი ფრაერები აზრზე მოსულიყვნენ, თუ ვისზე ასწიეს ხელი.
ამ მიზნით, პრიგოჟინი მათ რამდენიმე თვის განმავლობაში უგზავნიდა ინტერნეტქსივებს, მაგრამ ისინი მხოლოდ სიფათებს კერავდნენ. იძულებული გახდა, უტკინი გაეგზავნა. მაგრამ საქმის მსვლელობისას გაირკვა, რომ პრიგოჟინს შეუძლია ძალაუფლების დათრევა, რომ ძალაუფლება ქუჩაში გდია, როგორც ვიღაც ლოხის მიერ დაკარგული საფულე და, რომ ბიჭებიც მზად არიან მისი კურთხევისთვის. თითქოს აქ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ პრიგოჟინმა ცეცხლთან თამაში გადაწყვიტა.
ეს ყველაფერი მე არაფერში მჭირდება, მაგრამ თუ რაღაცის მოტეხა შეიძლება კირიშიში ან მთლიანი სურგუტნეფტეგაზის დათრევა, მაშინ რატომაც არა? სწორედ აქ აიღო ოცდაორი ქულა (21-ის ნაცვლად) და ჩაიწვა“.
ასევე ნახეთ ვინ არის დმიტრი უტკინი, რომელიც მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელთა“ კოლონებს წინ მიუძღოდა?ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, სირიამ აჩვენა, რომ პრიგოჟინი უვარგისი რეიდერია, ახლა კი გაირკვა, რომ არც რევოლუციონერად უქნია ღმერთს, რადგან „რევოლუციის წამოწყება ძალაუფლების აღების მკაფიო მიზნის გარეშე და რევოლუციური სიტუაციის არარსებობის პირობებში, უკანასკნელი ფრაერობის ნიშანია“:
„კანონიერებს“ შეეძლოთ დაუსრულებლად დიდხანს ეცქირათ პრიგოჟინისა და ბარიგების რქენისათვის, მაგრამ როდესაც მოულოდნელად მათ ქვეშაც დაიწყო ტაბურეტების რყევა, პრიგოჟინს გაუგზავნეს "მკვდარი თევზი" დიუმინის ხელით. დიუმინი კიდევ დიმონი (დმიტრი მედვედევი) არ არის, სიტყვებს ჰაერში არ ფანტავს. ამიტომ, აითესა პრიგოჟინი თავის ქურდული რევოლუციით“.
2017 წელს, როცა ჯერ კიდევ ცხადი არ იყო, მიიღებდა თუ არა პუტინი მონაწილეობას 2018 წლის არჩევნებში, ექსპერტებმა დაასახელეს პუტინის სავარაუდო შემცვლელები. სამეულში აღმოჩნდნენ: დმიტრი მედვედევი - მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, სერგეი სობიანინი - მოსკოვის მერი და ალექსეი დიუმინი - ტულის გუბერნატორი.
24 ივნისს Telegram-ის სხვადასხვა არხმა განაცხადა, რომ დიუმინი მონაწილეობას იღებდა ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებში. 2014 წელს რუსული მედია წერდა, რომ დიუმინი და პრიგოჟინი საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს.
სავარაუდოდ, მან მართლაც მიიღო აქტიური მონაწილეობა სიტუაციის მოგვარებაში. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე ინფორმირებულმა ექსპერტმაც დაადასტურა.
მათ ასევე ივარაუდეს, რომ დიუმინი დაიკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს სერგეი შოიგუს ნაცვლად. თუმცა ტულის ოლქის მთავრობის პრესსამსახურმა უარყო გუბერნატორის მონაწილეობა მოლაპარაკებებში. „მსგავსი საკითხები რეგიონის ხელმძღვანელის უფლებამოსილებებს სცილდება“, - განაცხადეს ალექსეი დიუმინის პრესსამსახურმა.