"მე, როგორც დევნილი, სოხუმელი, სოხუმის თვითაღიარებული მერი, არალეგიტიმურად ვცნობ ამ მთავრობას თუ ხელოვნურ კონსტრუქტს... ვიცნობ უამრავ, ძალიან ბევრ დევნილს, ვინც ანალოგიურად ფიქრობს. დღევანდელი ჩვენი აფხაზეთის მთავრობა დაცინვა და შეურაცხყოფაა ყველა დევნილის, რომელზედაც ისინი არც არასდროს ზრუნავდნენ და არ ზრუნავენ. დისკურსიდან საერთოდ გამქრალია დევნილთა რეალობა – დადონ თავიანთ გვერდებზე ჩვენი მონჯღრეული დასახლებების ფოტოები, გადაგვიღონ ფოტოები ჩვენს ორიგინალურ დევნილურ ბალენსიაგებში, კაია ლურჯ პიჯაკში უხიფათო კაბინეტებში ტასაობა, როცა ჩვენი კედლებიდან წყალი ჟონავს...", - ამბობს "საბას" ლაურეატი მწერალი და მუსიკოსი ზურა ჯიშკარიანი.
30 წელია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორი სტრუქტურა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა, სოხუმის ნაცვლად, თბილისში წერს კანონპროექტებს, განკარგავს ბიუჯეტს, მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
"აგერ უკვე 30 წელია, აფხაზეთის მთავრობა ისე ფუნქციონირებს, რომ ის არ აურჩევია საქართველოს დევნილ მოსახლეობას. ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი და მწვავე არ იქნებოდა, თუკი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შექმნიდა რაღაც ისეთ მექანიზმს, რომელიც დევნილებს საშუალებას მისცემდა, რომ ჩართულიყვნენ მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმვის, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი მექანიზმი დღეს არ გვაქვს", - ამბობს მკვლევარი ქეთი სართანია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო ლეგიტიმური არჩევნები 1991 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. მაშინ აფხაზეთმა 64 დეპუტატი აირჩია. 28 - ეთნიკურად აფხაზი და 25 ქართველი, აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს - 11 მანდატი ერგოთ.
მომდევნო არჩევნები 4 წელიწადში უწევდა, თუმცა მას შემდეგ, რაც წაგებული ომის შედეგად თბილისმა რეგიონზე კონტროლი დაკარგა და არც ამ კონტროლის აღდგენის პერსპექტივა ჩანდა, ქვეყნის პარლამენტმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დაითხოვა.
თუმცა 1995 წელს აფხაზეთის ა/რ საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების აღდგენა სთხოვეს, რასაც საქართველოს პარლამენტი დათანხმდა.
დევნილობის მე-3 წელს, 1996 წლის 25 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გაუგრძელდა.
დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჯერ კიდევ 30 წლის წინ არჩეული 21 დეპუტატია. მათგან ყველაზე ხანდაზმული 84 წლის ანზორ წოწონავაა.
უმაღლესი საბჭო სოხუმის ნაცვლად თბილისში წერს კანონპროექტებს, მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
"ვინაიდან ეს ხალხი ოდესღაც არჩეული იყო იმდროინდელი კანონმდებლობით და არავის, მათ შორის არც აფხაზურ და არც ქართულ მხარეს, მათ არჩევაში ეჭვი არ ეპარებოდა, ამიტომ მათ გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვთ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რატომ აქვთ ამხელა ბიუჯეტი ამ სტრუქტურებს და როგორ იხარჯება ეს ფული. ანსამბლებია, ფეხბურთის გუნდებია, რატომ არ შეიძლება ესენი კულტურის სამინისტროში და უამრავ სხვადასხვა სტრუქტურაში გადანაწილდეს", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, 2014-2016 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა შეიძლება მათი სრულუფლებიანი წარმომადგენელი გამხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი მოიფიქრებდნენ რაიმე მექანიზმს, რომლის დახმარებითაც დევნილები მთავრობის წევრებს აირჩევდნენ.
"შეხედეთ აფხაზურ მხარეს, ატარებენ არჩევნებს იმ რესურსით, რომელიც იქ დარჩათ და პრაქტიკულ, ქმედით მთავრობას აყალიბებენ, მართალია, საერთაშორისოდ ცნობილები არ არიან, მაგრამ [ეს სტრუქტურები] განკარგავს და იღებს გადაწყვეტილებებს. ის მთავრობა არის ქმედითი. ჩვენ ძალიან დიდ თანხას ვხარჯავთ და რისთვის, რომ სიმბოლური იყოს ხელისუფლება? როგორ შეიძლება, უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე სტრუქტურას ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ლეგიტიმაცია. ეს არის წყალში გადაყრილი ფული და რეალურად ძალიან ბევრი ფული იხარჯება ამ სიმბოლიზმზე", - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.
"ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი აფხაზეთის უწყებების გაუქმების წინააღმდეგია, მაგრამ მიაჩნია, რომ საჭიროა ამ უწყებების რეორგანიზაცია, რადგან ადმინისტრაციულ ნაწილში დიდ თანხებს ხარჯავენ.
"მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი დევნილთა სამინისტროს გაუქმების [წლები აფხაზეთის დევნილი მთავრობა, თავისი სამინისტროებით დევნილთა სამინისტროს პარალელურად არსებობდა. 2018 წელს დევნილთა სამინისტრო გაუქმდა - რ.თ] და დღემდე მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. წლების წინ, როცა აფხაზეთის დეპუტაცია იყო პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ეს დეპუტაცია გააუქმეს. მაშინ არგუმენტი იყო, რომ ცარიელი სკამები გაგვახსენებს აფხაზეთს და ასე შემდეგ. შემდეგ პარლამენტი საერთოდ ქუთაისში გადაიტანეს. შემდეგ ისედაც შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, ნახევარი სკამები ისედაც ცარიელია და არა მგონია ეგ ცარიელი სკამები ვინმეს ან აფხაზეთს, ან დევნილებს ახსენებდეს. ამიტომ მგონია, რომ დევნილებმა პოლიტიკური ხმა სამწუხაროდ დაკარგეს. მთავრობაში დევნილებს არ ჰყავთ წარმომადგენელი, ვინც დევნილთა პრობლემატიკას გააჟღერებს. მე ვერ ვხედავ აფხაზეთის უწყებებს როგორც ჰუმანიტარულ ორგანიზაციას და არა მგონია, რომ ის უნდა იყოს რაღაც დასაქმების ადგილი ან ბიურო", - ამბობს ელიკო ბენდელიანი.
არჩევნები დევნილობაში წარმოუდგენლად და დაუშვებლად მიაჩნია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას. მისი თქმით, ეს ისეთივე უკანონო ხელისუფლება იქნება, როგორც ენგურის მეორე მხარეს, რადგან არჩევნები ცალმხრივი იქნება.
"დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოს არსებობას ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ. როგორ უნდა აირჩეს? გვაქვს იდეა, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც დევნილები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ და იქ არიან დევნილები ადგილობრივ საკრებულოებში არჩეულნი, ეს ადამიანები ერთიანად შეიძლება შეადგენდნენ დევნილთა წარმომადგენლობით ორგანოს, ისინი კანონიერად არიან არჩეულნი. ეს არ იქნება აფხაზეთის ხელისუფლება, არამედ იქნება მხოლოდ დევნილების", - ამბობს ჯემალ გამახარია.
თბილისში ასევე მუშაობს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც სხვანაირად სამხრეთ ოსეთის, საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიის, ადმინისტრაციას უწოდებენ. ეს არა არჩევითი, არამედ ცენტრალიზებული სტრუქტურაა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა. ადმინისტრაციის ფუნქცია კონტროლის მიღმა არსებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაა.
"აქ რაიმე მემკვიდრეობაზე და ლეგიტიმაციაზე საუბარი არ არის, სწორედ იმიტომაა დროებითი ადმინისტრაცია, რომ მისი ფუნქცია კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიაზე ეფექტური სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაა. შეიქმნა იმ ტერიტორიაზე ეფექტურად განხორციელებისათვის, რომელიც მოიცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომლის ეფექტური მმართველობისთვის შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია. შესაბამისად, აქაც გვაქვს სამართლებრივი ლაქა, რადგან ეფექტური მმართველობისთვის შექმნილ სტრუქტურას არ გააჩნია ის ტერიტორია, სადაც ეს ეფექტური მმართველობა უნდა განეხორციელებინა. ოღონდ ეს თვისებრივად განსხვავებულია იმისგან, რაც გვაქვს აფხაზეთის შემთხვევაში. იქ უფრო მემკვიდრეობითი თემაა, ეს ახალშექმნილი, დროებითი სტრუქტურაა", - ამბობს ბენდიანიშვილი.
ეს მთავრობა არ წარმოადგენს დევნილებს - დევნილები აფხაზეთის მთავრობის მუშაობას აკრიტიკებენ
"ჩვენ გამოვიარეთ სასტიკი ომი, დავკარგეთ ყველაფერი, რაც კი ადამიანმა შეიძლება დაკარგოს, ჩამოვედით უცხო ქალაქებში, სადაც ამრეზით გვიყურებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ დაგვიკარგავს ღირსება და სიკეთე. ეს მთავრობა არ წარმოადგენს დევნილებს, არანაირი კავშირი არა აქვთ აფხაზეთთან", - ამბობს მწერალი ზურა ჯიშკარიანი.
ის და სხვა დევნილები, დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, წლებია აფხაზეთის დევნილ მთავრობას ბიუჯეტის არასწორად განკარგვასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (მინისტრთა საბჭო) სხვა დევნილ სტრუქტურებთან ერთად 30 წელია თბილისში ტერიტორიული იურისდიქციის გარეშე მუშაობს, რომელიც 5 სამინისტროს აერთიანებს:
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სადაც ცალკე ფუნქციონირებს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო;
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.
აფხაზეთის მთავრობაში 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ბიუჯეტი კი წელს შარშანდელზე 3 მილიონი ლარით მეტია - 27 700 მილიონი ლარი. ამ ფულის თითქმის ნახევარი 42% თანამშრომელთა ხელფასებზე იხარჯება.
"ეს მთავრობა, თავისი სამინისტროებით მთელი ამ წლების განმავლობაში დევნილთა სამინისტროს პარალელურად არსებობდა. დევნილთა სამინისტროს ძირითადად სოციალური ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის დევნილთა განსახლების და აშკარად ჩანს, რომ უფლებამოსილების დუბლირება ჰქონდათ. თუ დევნილთა სამინისტროს შემთხვევაში 2013 წლიდან ბინის ან რაღაც პროგრამაში ერთჯერადი დახმარების მიღების ბუნდოვანი კრიტერიუმი არსებობდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში შეუძლებელია გაიგო, რა პრინციპით ხდება სოციალური დახმარებების თუ განათლებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება და როგორ იღებდნენ ამაში დევნილები მონაწილეობას", - ამბობს მკვლევარი ქეთი სართანია.
2023 წელს აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის მთავრობისა და სამინისტროებს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტის არაეფექტიანად ხარჯვაზე 5 სხვადასხვა დასკვნა გამოაქვეყნა.
12 ნაკლოვანება-ხარვეზი დაადგინა 2021 წელს აუდიტის სამსახურმა, რომელმაც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის 2018-2019 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა შეისწავლა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად აღწევს სამინისტროს პროგრამები მიზნებს.
2020-2021 წლებში აფხაზეთის მთავრობამ "მაღალმთიან რეგიონებში ხშირი მივლინებების" მიზეზით მაღალი გამავლობის ავტომობილი იყიდა, თუმცა ის არ გამოუყენებიათ. აუდიტის დასკვნით, ამ მანქანის ნაცვლად, ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილი რომ შეეძინათ, 10 ათასამდე ლარი დაიზოგებოდა.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მთავრობის წევრები სამსახურებრივი ავტომობილებით დასვენების დღეებში დადიოდნენ და ბენზინს არ აღრიცხავდნენ.
ასევე ნახეთ აფხაზეთის დევნილი მთავრობის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები პროკურატურას გადასცესაფხაზეთის მთავრობიდან მოგვწერეს, რომ ბიუჯეტის არამიზანმიმართულად ხარჯვაში დადანაშაულება ობიექტურ გარემოებებს არ ემყარება და რეალურ, ფაქტობრივ მდგომარეობასთან საერთო არ აქვს.
"მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესყიდვა განპირობებული იყო დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით ხშირი მივლინებებით - სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის რეგიონებში, რომელიც მოიცავდა მაღალმთიან დასახლებებსაც", - მოგვწერეს მთავრობიდან.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დევნილების სოციალური პროგრამებისთვის თანხა ცენტრალურ ხელისუფლებაში აკუმულირდება, გაჭირვების დროს დასახმარებლად მაინც მათ აკითხავენ.
"გვეუბნებიან, თქვენ ხართ ჩვენი ხელისუფლება და მოგვხედეთო. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ეს ბიუჯეტი ძალიან დიდია, პირიქით, ამ ბიუჯეტის კიდევ გაზრდა შეიძლება. აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი არის ჩვენი შემოსავლები. იგივე ენგურჰესი, ჩვენი სკოლები, აფხაზეთის სხვადასხვა ბიზნესმენები", - გვითხრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ.
ოჩამჩირელი ნატო ძინძიბაძე, 30-ე წელია თბილისში დევნილობაში ქირით ცხოვრობს. მის ბინამდე ასასვლელად ამ ხის კიბის გავლაა საჭირო.
ნატო გასულ წელს 81 წლის დედის მუხლის ოპერაციისთვის თანხას აგროვებდა და დახმარებისთვის აფხაზეთის მთავრობას მიმართა, თუმცა ამბობს, რომ მთავრობამ თბილისის მერიაში გადაამისამართა.
"ბიუჯეტში თანხა არ არისო, მითხრა რუსლან აბაშიძემ [აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რ.თ]. ეგერა გყავს თბილისის მერიაო და ადგილობრივ გამგეობას მიაკითხეო. იმდენჯერ ვთხოვე რუსლან აბაშიძეს, რომ გამოეყოთ კომისია და ენახათ რა პირობებში ცხოვრობს დედაჩემი. არავითარი დახმარება არასდროს მიგვიღია მათგან, დღემდე უსახლკაროები ვართ”, - ამბობს ნატო ძინძიბაძე და დასძენს, რომ ოპერაციის თანხა სამგორის რაიონის გამგეობამ და თბილისის მერმა დაფარეს ოპერაციამდე 2 დღით ადრე.
2021 წლის ნოემბერში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნითა და ბინების უსამართლო განაწილებით სასოწარკვეთილმა დევნილებმა ზუგდიდში ჯერ შიმშილობა დაიწყეს, შემდეგ კი პირი ამოიკერეს.
2022 წლის იანვარში აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ქირია, თვითმხილველების მტკიცებით, თბილისის ზღვაზე დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად გადმოხტა და გარდაიცვალა.
"დევნილები ხშირ შემთხვევაში ამ სტუქტურების დახმარებას ვერ გრძნობენ. ეს სტრუქტურები ძირითადად დაკავებულნი არიან ჰუმანიტარული ან კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით. ამ ფორმით ამ სტრუქტურების არსებობა სერიოზული პრობლემაა, რადგან მათ შენახვაში დიდი თანხები იხარჯება. თუკი ფორმაზეა საუბარი, შესაძლებელია სხვა ფორმით არსებობდეს. მათი ფინანსები ძირითადად მიდის ადმინისტრაციის შენახვაზე, ვიდრე უშუალოდ დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე", - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.