„არავის მოვუკითხივართ“ - რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე და შეიძლება თუ არა, მეტნი იყვნენ?

რაჭაში ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედრები. შსს-ს ცნობით, მაშველები ეძებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს. შეიძლება თუ არა, დაკარგულთა და დაღუპულთა რაოდენობა 34-ზე მეტი იყოს?

26 წლის ნიკა კაკაბაძე 3 აგვისტოს ორ მეგობართან ერთად რაჭაში, ბუბას მთაზე სალაშქროდ მიდიოდა - იქ, საიდანაც სტიქია დაიწყო. რახან ბუბა-თბილისას მარშრუტი სასაზღვრო ზონაშია, ონში სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტისგან წინასწარი თანხმობა და საშვის აღება სჭირდებოდა.

„ონში საშვის აღების პროცესი გაიწელა… შოვში რომ შევდიოდით, პროცესი უკვე 10 წუთის დაწყებული იყო, მანქანები გამორბოდნენ და შეტრიალდით, შეტრიალდითო, გვიყვიროდნენ. ხალხი ტიროდა. გამოვბრუნდით და გლოლადან უძირო ტბისკენ დავიძარით“, - იხსენებს იგი.

უძირო ტბა სოფლების, გლოლისა და შოვის მახლობლად მდებარეობს - ბუბისა და თბილისას მოპირდაპირე მხარეს. ნიკა კაკაბაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მეგობრები ურჩევდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ, „ამ მთაზე ასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“. სამივენი გადარჩნენ.

კაკაბაძე წერს, იმის მიუხედავად, რომ ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში, სამივე მათგანის მონაცემები ჩაიწერეს და იცოდნენ, რომ „ზუსტად იქ მივდიოდით, სადაც ტრაგედიის ეპიცენტრი იყო, ამ დღეების განმავლობაში, არავის მოვუკითხივართ“:

„არც ის ვიცი, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი რა პრინციპით ითვლებოდა, რადგან თუკი ჩვენთან არ გადაამოწმეს, მაგ სიაში უნდა ვყოფილიყავით. უძირო ტბიდან დაბრუნების შემდეგ თავად მივწერეთ, რომ უვნებლად ვიყავით და თბილისში დავბრუნდით“.

კაკაბაძის თქმით, პასუხი ასეთი იყო: „უი, თქვენ ხომ აიღეთ შოვის საშვები და როგორ ხართ“?

რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე?

7 აგვისტოს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ:

  • 18 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია;
    • მათგან 14 იდენტიფიცირებულია;
    • 4-ის ვინაობა ჯერ დაზუსტებული არაა;
  • ეძებენ კიდევ 16 ადამიანს.
  • დაღუპულთა და დაკარგულთა ჯამი 34 გამოდის.

უწყების ცნობითვე, 16 დაკარგულის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა:

  • 112-ზე შესულ ზარებს,
  • სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე შესულ ზარებს და
  • „საპოლიციო დანაყოფების მუშაობისას გამოვლენილ გარემოებებს“.

ვინ იპოვეს და ვის ეძებენ?

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის შემდეგი 11 ადამიანი:

  • ნატო ჭელიძე და მისი ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილი ლუკა დუდაშვილი;
  • და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • სამირა ისაევა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • დავით ბერიაშვილი;
  • ალინა პოლიკოვსკა, უკრაინელი ჟურნალისტი;
  • ქსენია ტრიჩევა, რუსეთის მოქალაქე;
  • გიორგი გოგინაშვილი, რომელიც წარსულში „რიონის ხეობის მცველი“ იყო;
  • ნინო კენჭაძე.

რადიო თავისუფლება ფლობს ინფორმაციას კიდევ 14 ადამიანზე, რომლებიც კვლავ დაკარგულებად მიიჩნევიან. ესენი არიან:

  • ნატო ჭელიძის კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი;
  • ალინა პოლიკოვსკას მეუღლე ზაზა მესხი და მათი სამი შვილი;
  • გიორგი და სოფო ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან;
  • გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • გენადი (გენო) სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ცხედრების ამოცნობის პროცესს სირთულეები ახლავს თან - გარდაცვლილების სხეულები დაზიანებულია და ოჯახის წევრებს, რიგ შემთხვევებში, მათი ამოცნობა უჭირთ. ასეთი შემთხვევებში დნმ-ის ანალიზით ცდილობენ გარდაცვლილების ვინაობის დადგენას.