„არავინ მოგარჩენთ“: ჟურნალისტ ანასტასია პეტროვას სიკვდილი COVID-19-ით

31 მარტს პერმში გარდაიცვალა რუსი ჟურნალისტი, გამოცემა „დელოვოი ინტერესის“ რედაქტორი ანასტასია პეტროვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ორმხრივი პნევმონია. 2 აპრილს ჟურნალისტის ნაცნობმა გამოაქვეყნა მასთან მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ პეტროვას კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. ამ მიმოწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პეტროვას ანალიზებმა COVID-19 დაადასტურა.

ანასტასია პეტროვა ავადმყოფობის პროცესში ფეისბუკში აკეთებდა სადღიურო ჩანაწერებს, საიდანაც ცნობილია მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეების დეტალები.

დაავადების პირველი ნიშნები 23 მარტს გამოჩნდა. „ღამით მკვეთრად აიწია სიცხემ, დამეწყო ყელის ტკივილი და მწვავე ხველება. გამოვიძახე ექიმი, მოვუყევი უცხოეთიდან ჩამოსულებთან კონტაქტის შესახებ“, წერს ანასტასია პეტროვა და დასძენს, რომ ის იბუპროფენით ცდილობდა სიცხის დაწევას. მისი თერმომეტრი იმ დროისთვის 38,4 გრადუსს აჩვენებდა.

ნუ გეშინიათ, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სეზონი არავის გაუუქმებია

25 წუთის შემდეგ გაკეთებულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ის მოინახულა უბნის ექიმმა: „არ შემოსულა, ერთი მეტრის დაშორებიდან გამომკითხა სიმპტომები, დამპირდა, რომ კორონავირუსის ტესტისთვის ნაცხის ასაღებად მოვლენ ერთი დღის განმავლობაში და მთხოვა, 14 დღის მანძილზე ან ანალიზების უარყოფით პასუხამდე მაინც არსად გავიდე სახლიდან. თქვა: ნუ გეშინიათ, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სეზონი არავის გაუუქმებია“.

მაგრამ იმ ღამით პეტროვამ კვლავ მიმართა ფეისბუკს და დაწერა, რომ სიცხემ 39-მდე აუწია და აღარაფერი შველის მის დასაწევად. არც ნაცხისთვის გამოუვლია ვინმეს.

პეტროვამ ფეისბუკის კონფიგურაცია ისე დააყენა, რომ გამორიცხა დედამისი, რომლის შეშინებას მოერიდა.

„თუ შეიძლება, მას არ გაუზიაროთ“, მისწერა თავის მეგობრებს.

ამის შემდეგ მან სასწრაფო დახმარებას გამოუძახა და საავადმყოფოში წაიყვანეს კორონავირუსის ინფექციის ეჭვით. ის 31 მარტს გარდაიცვალა.

ანასტასია პეტროვა

პეტროვა პერმში აღიარებული ჟურნალისტი იყო. როგორც ჟურნალისტთა კავშირის პერმის განყოფილების თავმჯდომარემ, ტატიანა ჩერეპანოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, პეტროვამ მიატოვა ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია და „დელოვოი ინტერესში“ გადასვლით დამოუკიდებელი ხაზი აირჩია.

„კონფლიქტურ ვითარებებში“, ამბობს პეტროვა ერთ-ერთ ინტერვიუში, „თუკი საქმე ეხება მეწარმეს, რომელიც კანონს არ არღვევს და წესიერად იხდის გადასახადებს, ჩვენ ყოველთვის მეწარმის მხარეს ვდგავართ“.

როგორც მისი მეგობრები აღწერენ, ანასტასია პეტროვა გამორჩეული ნიჭის პატრონი იყო, ხატავდა, მის ცხოვრებაში სერიოზულ როლს თამაშობდა პოეზია. ორი ვაჟის მარტოხელა დედას ხშირად აწუხებდა პნევმონია და ჰქონდა მწვავე ალერგია ზოგიერთ ანტიბიოტიკზე.

ანასტასია პეტროვა სიკვდილის პირას ყოფნისასაც ავლენს ჟურნალისტის ხასიათს და დეტალურად აღწერს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება.

არავინ წესიერად არ იცის, რა გააკეთოს. ჯოჯოხეთური არეულობაა...

ერთ-ერთ პოსტში პეტროვა ჰყვება მის გარშემო შექმნილი ქაოსური მდგომარეობის შესახებ, როცა ის ერთ საავადმყოფოში არ მიიღეს და სასწრაფო დახმარება იძულებული გახდა, სხვაგან მიეყვანა:

„არავინ წესიერად არ იცის, რა გააკეთოს. ჯოჯოხეთური არეულობაა... სასწრაფო დახმარების მთავარი შეკითხვაა - რა ჯანდაბად გამოგვიძახეთ, ახლა ნახევარი ღამე უნდა გელოლიავოთო. ინსტრუქცია არა აქვთ, წესიერად არ იციან, სად და როგორ წამიყვანონ“.

როგორც ოდნავ მოგვიანებით გაკეთებული ჩანაწერიდან ირკვევა, ის ცალკე ბოქსში მოათავსეს სამსაწოლიან სათავსოში, სადაც მარტო იმყოფებოდა.

„მომცეს სიცხის დასაწევი საშუალება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო წამლების ნაკრები და გამიკეთეს ჟანგბადის ნიღაბი - არ მოსწონთ, როგორ ვსუნთქავ. წინაა ორი კვირა ან კორონას ორი უარყოფითი ტესტი“.

ანასტასია პეტროვა

ერთი საათის შემდეგ ის ორმა რეანიმატოლოგმა მოინახულა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატით: „ძალიან კარგები და პროფესიონალები არიან. დადიან მყვინთავების ნიღბებით. გამიზომეს არტერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობა, მითხრეს, რომ ჯერჯერობით არ მესაჭიროება მათი დახმარება, მაგრამ ზოგადად - რისკის ჯგუფში ვარ. დამიბარეს, რომ ჟანგბადით სუნთქვა გავაგრძელო. და რომ საჭიროების შემთხვევაში აქვე არიან“. დაიმედებული ჟურნალისტი ბოლოს შენიშნავს: „როცა ექიმი რეანიმატოლოგი ჩაფიქრებული დაჰყურებს შენს ანალიზს - ეს შიშის მომგვრელი რამეა“.

დილით პეტროვას ნაცხები აუღეს გრიპის და კორონავირუსის, ასევე სხვა სტანდარტული ანალიზებისთვის. „ახლა ლოდინის დროა“, წერს ის.

იმავე დღეს პეტროვამ მეგობარს მისწერა, რომ არც ის და არც მისი ექიმი არ ფიქრობენ, რომ მას კორონავირუსი აქვს. მას შემდეგ, რაც რენტგენით გააშუქეს, მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

პეტროვა 25 მარტს წერს, რომ, ექიმების თქმით, თუკი ანალიზმა კორონავირუსი არ დაადასტურა, პარასკევს შინ გაუშვებენ. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მეორე დღე-ღამეა 38 გრადუსზე მაღალი სიცხე აქვს.

დროის თითქმის 90% მძინავს. განუწყვეტლივ მწყურია.

„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს განუწყვეტლივ ვიძირები კისელში. ამიტომაც ვერავის ვცემ პასუხს - ძალა აღარ მაქვს. დროის თითქმის 90% მძინავს. განუწყვეტლივ მწყურია. ანალიზის პასუხი ჯერ არ არის“.

26 მარტს პეტროვას ინტონაცია საგრძნობლად იცვლება. ის ჩივის: „აქ სამარცხვინო მედდები არიან. ერთი გასიებულ ფეთხუმს მეძახის, მეორემ დერეფანში დაიღრიალა, რომ ჩემთან აღარ შემოვა. უკვე ორმოცი წუთია ვითხოვ თეთრეულის გამოცვლას - ამის გამო ვერ ვწვები. შენც არ მომიკვდე... 38,5-39 ჩემი არსებობის ზღვარია. ტესტი არ ჩანს“.

ფეისბუკში მისი უკანასკნელი ჩანაწერიც იმავე დღითაა დათარიღებული. 26 მარტს 13:13-ზე პეტროვამ დაწერა: „კორონაზე პირველი ტესტი უარყოფითია“. იმავე პოსტზე არის 29 მარტით დათარიღებული კომენტარი, რომელშიც ის ადასტურებს, რომ ტესტი უარყოფითია. ამის შემდეგ მალე ის მიაერთეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილატორზე, რომელზეც გარდაცვალებამდე, 31 მარტამდე დატოვეს.

ხელისუფლებამ თავდაპირველად უარყო მისი COVID-19-ით დაავადება, მაგრამ მოგვიანებით დაადასტურა.

1 აპრილს პერმის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა ოქსანა მელეხოვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პეტროვას დიაგნოზია „ორმხრივი პნევმონია“.

მაგრამ 2 აპრილს პეტროვას მეგობარმა, ადგილობრივმა ჟურნალისტმა იულია ბალაბანოვამ ფეისბუკში გამოაქვეყნა პეტროვასთან სატელეფონო მიმოწერის სკრინშოტი. ამ მიმოწერაში პეტროვა ადასტურებს, რომ ის COVID-19-ით არის ავად.

„ვაქვეყნებ ჩვენი მიმოწერის ფრაგმენტს. ნასტიამ იცოდა, რომ კორონავირუსის მეორე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. რატომ არ გვეუბნებიან ამას მისი ექიმები, არ მესმის. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნეს გამჭვირვალობა და მონაცემთა სისრულე“, წერს ბალაბანოვა.

ბალაბანოვამ არ ისურვა რადიო თავისუფლებასთან სხვა დეტალებზე საუბარი და თქვა, რომ სკრინშოტია მთელი ის ინფორმაცია, რაც მას მოეპოვება.

წყაროს თქმით, რომელიც იცნობს ანასტასიას სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებებს, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ჟურნალისტი დათრგუნული იყო, მას ესმოდა, რომ თუ თავის დიაგნოზზე მოჰყვებოდა, დიდი ხმაური ატყდებოდა. ერთადერთი, რაც სურდა, იყო ის, რომ მისთვის თავი დაენებებინათ.

„შესაძლოა, მან გადაწყვიტა პირად შეტყობინებებში მიეწერა თავისი დიაგნოზი იმათთვის, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, რათა გაეფრთხილებინა ისინი პოტენციური საფრთხის შესახებ“, ამბობს წყარო.

ბალაბანოვას მიერ პეტროვასთან მიმოწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პერმის მხარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ანასტასია პეტროვა გარდაიცვალა კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული ორმხრივი პნევმონიის შედეგად.

როგორც პერმელი ჟურნალისტი ვალერი მაზანოვი ფიქრობს, ნასტია პეტროვას დიაგნოზის მიჩუმათების ამბავი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ის ნათელყოფს, რომ სინამდვილეში ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მაღალია, ვიდრე ამას ხელისუფლება აღიარებს.

ასეთი ინფორმაციის დამალვით, უპასუხისმგებლო პასუხისმგებელი პირები დარტყმის ქვეშ აყენებენ ათობით, ასობით, ათასობით ადამიანს.

„ასეთი ინფორმაციის დამალვით, უპასუხისმგებლო პასუხისმგებელი პირები დარტყმის ქვეშ აყენებენ ათობით, ასობით, ათასობით ადამიანს. თუკი ადამიანს პნევმონია აქვს, არავინ ამოწმებს მის კონტაქტებს. კიდევ უფრო გასაგები ხდება ხელისუფლების მიერ მოწყობილი ფაქტობრივი სამხედრო მდგომარეობა. მათ უწყიან რეალური სურათი და მისი პერსპექტივები, ასევე იციან ჩვენი ჯანდაცვის რეალური მდგომარეობა. საბოლოოდ გასაგებია, რომ დაავადების საფრთხის წინაშე ყოველი ადამიანი საკუთარი თავის ამარაა დარჩენილი. არავინ გიშველით, არ მოგარჩენთ და სიკვდილის საბუთშიც კი სხვა დიაგნოზს დაგიწერენ“, ამბობს მაზანოვი.

წელს პნევმონიით დაავადებულთა დიდი რიცხვი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას. ოფიციალური მონაცემებით 7 აპრილისთვის ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 7497 შემთხვევა, აქედან 58 ლეტალურად დასრულდა.

ფონდ „დედმოროზიმის“ ხელმძღვანელი დმიტრი ჟებელევი, რომელიც რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის წევრია, კარგად იცნობდა ანასტასია პეტროვას. მისი თქმით, შტაბში განიხილეს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ მის გადასარჩენად. „მაგრამ საქმეში უკვე ჩართული იყვნენ საუკეთესო ექიმები და ახალი ტექნიკა. ასეთ შემთხვევებში ფედერალური ცენტრები, კონსულტაციის გარდა, უსარგებლოა. სხვა ალტერნატივები არ იყო, იძულებული ვიყავით, მხოლოდ მედიკოსების იმედზე ვყოფილიყავით და დაგვეცადა“, ჰყვება ის.

ჟებელევის თქმით, „როსპოტრებნადზორიდან“ პეტროვას მეორე ტესტის დასკვნა მხოლოდ 2 აპრილს მოვიდა.

ჟებელევის აზრით, პეტროვას მაგალითმა შეიძლება ხალხს იქით უბიძგოს, რომ შეზღუდონ სოციალური კონტაქტები.

ამ დროისთვის პერმის მხარეში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 21 შემთხვევა. ანასტასია პეტროვას გარდა გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთი გამოჯანმრთელდა, თვითიზოლაციაშია კიდევ 3511 ადამიანი, რომელსაც სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები აქვს.

2 აპრილიდან პერმის მხარეში სრული თვითიზოლაციის რეჟიმია შემოღებული. ხალხს ეკრძალება საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ქალაქებში პატრულირებენ პოლიცია, როსგვარდია, კაზაკები და სახალხო რაზმელები.