-რამდენი სოფელი იყო კოდორის ხეობაში?
-რამდენი და, საკენი, ომარიშარა, გენწვიში... - კოდორის ხეობიდან დევნილი ნელი ანსიანი სოფლებს თვლის. ცდილობს, არც ერთი არ გამორჩდეს, - მერე იქით ბუჩუყური, პტიში... 24, მგონი.
-კიდეც ბუძგური, ზენი... ზენში მარტო ერთი კაცი ცხოვრობდა, - ეშველება სხვა.
„დაკარგული“ კოდორის ხეობის სოფლების სრული ჩამონათვალი ასეთია: ვანდრა, ზემო ომარიშარა, ქვემო ომარიშარა. მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია, აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, ქვემო ზიმა, მარცხენა პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, შაფათკვარა, ჩხალთა, ბრამბა, ზემო აჟარა, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ნაჰარი, ხეცქვარა, საკენი.
2008 წელს ეს სოფლები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიერთა, 4 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა. მათგან 70-მდე ოჯახი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროშია ჩასახლებული.
პირველი დევნილობა - 1993 წელი
კოდორის ხეობიდან სოხუმამდე ასი კილომეტრიც არ არის. სანამ ომი დაიწყებოდა, 1992 წლამდე, როდესაც კოდორელებს ქალაქში ჰქონდათ საქმე, სოხუმში მიდიოდნენ. ტრანსპორტი დღეში სამჯერ დადიოდა. სოხუმში მიდიოდნენ სასწავლებლად, სავაჭროდ, ფოტოების გადასაღებად, ბევრი - საცხოვრებლადაც.
„17 წლიდან სოხუმში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ათ დღეს თუ გავძლებდი, სოხუმის გარეშე ვერ წარმომედგინა. მაჭარაში ბინას ვიშენებდი, ზღვასთან ახლოს. ფუნდამენტი ჩასხმული იყო. ერთ წელიწადში საკუთარი სახლი უნდა მქონოდა“, - იხსენებს ელეონორა გურჩიანი. ის კოდორიდანაა, 1993 წელს სოხუმი რომ დაეცა, კოდორში იყო, თავის სოფელში, მარჯვენა გენწვიშში, - „პანიკა ატყდა, თავებს აჭრიან გოგოებსო და წამოვედით. ფეხით გადმოვედით უღელტეხილზე. ცხედრები ესვენა გზადაგზა, გადაფარებული ჰქონდათ. ისე მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ მეშინოდა და ასე მოვბობღავდით, მოვდიოდით“.
Your browser doesn’t support HTML5
დაბრუნება
30 წლის წინ კოდორის ხეობა საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დარჩა. Ხალხიც ნელ-ნელა დაბრუნდა. თუმცა, ცხოვრება ისეთი ადვილი აღარ იყო. სოხუმში ვეღარ ჩადიოდნენ, ხეობაში კი აფთიაქიც არ ჰქონდათ. მათი ტრანსპორტი სამხიდიანი მანქანები და „კუკურუზნიკი“ გახდა, რომელიც კარგ ამინდში კოპიტნარში გადააფრენდათ ხოლმე. ელეონორა იხსენებს, წამლისთვის სახლიდან გასული კაცი უკან ერთი თვის შემდეგ ბრუნდებოდაო.
კოდორში დარჩენილებს სჯეროდათ, რომ იქ ყოფნით აფხაზეთის დაბრუნების შანსს ინარჩუნებდნენ.
„რომ დავბრუნდით, ნელ-ნელა ისევ ყველაფერი გავაკეთეთ, ფუტკარი, ეს, ის, თუმცა ყოველ ჯერზე შიშის ქვეშ ვიყავით, დავთესოთ, არ დავთესოთ, დავიბომბებით, არ დავიბომბებით... მაინც დავთესეთ. თუ ვერ ავიღეთ და რამე მოხდა, მაინც იყოს დათესილიო, ასე ვფიქრობდით. 15 წელი ასეთ მდგომარეობაში ვიყავით“, - ამბობს ელეონორა.
მიმოზა გუჯეჯიანიც 17 წლის იყო, აფხაზეთში ვითარება რომ დაიძაბა და თბილისში წამოვიდა.
„კოდორის ხეობაში, სოფელ გვანდრაში ვცხოვრობდი. ჩემები კი დაბრუნდნენ, მაგრამ მე დავრჩი. 1991 წლის შემდეგ კოდორის ხეობაში აღარ ჩავსულვარ, ალბათ მეშინოდა. იქ ცხოვრებას თუ ცხოვრება ერქვა, არ ვიცი, მართლა გმირები იყვნენ, ვინც იქ იყვნენ“.
2008 წელს მისი ოჯახის წევრები კოდორის ხეობიდან დევნილები გახდნენ და წინწყაროში ჩასახლდნენ. მიმოზაც იქ გადავიდა, სახლი დანაზოგით შეიძინა. სახელმწიფოსგან კომპენსაცია დღემდე არ აუღია.
„თავიდან სოხუმში ვცხოვრობდი, სოფელ განახლებაში. სოხუმი როგორ მახსოვს? ჩემი ორი შვილი პატარები დაიღუპნენ და მათი საფლავები სოხუმში დავტოვე“, - ჰყვება იზოლდა ცინდელიანი, ისიც ჯერ პირველ დევნილობას იხსენებს, - „სოხუმიდან უღელტეხილით გადმოვედით. არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ გოგო მეხუთე კლასში მყავდა და ის წამოვიყვანე. ჯერ ფეხით ვიარეთ, მერე ტანკზე დაგვსვეს, მერე ეს ტანკი ტალახში ჩარჩა... მშივრები მოვდიოდით, ხანდახან ვერტმფრენიდან პურს გვიყრიდნენ“.
ორი წელი ჭუბერში დარჩნენ, შემდეგ კოდორის ხეობაში გადავიდნენ, მიწის ნაკვეთი ჰქონდათ და იქ აიშენეს სახლი. ათი წელი ხეობაში ცხოვრობდნენ, ის იყო, წელში გაიმართნენ, რომ 2008 წელს ისევ წამოსასვლელი შეექნათ. ამ დროს მეხუთეკლასელი გოგო ლალი უკვე თავადაც დედა იყო, სამი თვის ბიჭი ჰყავდა. იზოლდა სიცილით იხსენებს, როგორ ცდილობდა, შვილიშვილი ბომბებისგან გადაერჩინა: „რომ მოვდიოდით, დაგვბომბეს. ბავშვი „კანაოში“ ჩავაწვინე და ზედ გადავეფარე, თითქოს ბუმბერაზი ვინმე ვიყავი და ჩემი სხეული ტყვიას ვერ გაატანდა“.
მეორე დევნილობა - 2008 წლის აგვისტო
ნელი ანსიანი 71 წლისაა, ისიც გენწვიშიდან. კოდორის ხეობაში რომ გათხოვდა, 19 წლის იყო. ხუთი შვილი გაზარდა, ყველას ვასწავლეო. მეურნეობა ჰქონდა და საქონელი ჰყავდა, კიდევ ფუტკარი, ხილი...
„ნიგოზს ვყიდდი, ყველს ვყიდდი და ასე ვასწავლე ბავშვებს. 2006 წელს ჩვენი მთავრობა რომ შემოვიდა* კოდორის ხეობაში, სამსახურებიც იყო, ხალხიც ნელ-ნელა დაბრუნდა, რემონტები გავაკეთეთ. რა ვიცი, რა აღარ ვქენით და მერე ერთ დღეში დავტოვეთ ყველაფერი. ზღურბლზე ვიდექი, ჩემს ეზოში ბომბი რომ ჩამოვარდა“.
ნანა სტეფლიანი 2008 წელს 15 წლის იყო. კოდორის ხეობის სოფელ ბუძუგურში ცხოვრობდა, იქ სამხედრო ბაზა იდგა და ამიტომ დაგვბომბესო, ამბობს.
„დაბომბვის წინა ღამეს „კრაკადილები“ ისე დაბლა დაფრინავდნენ, სახურავი ხმას გამოსცემდა. ბავშვები ვიწექით და ვუყურებდით. ჩაიარა იმ ღამემ. მეორე დღეს ისევ დაბრუნდნენ „კრაკადილები“. ნაკადულის კალაპოტში დავიმალეთ. პირველი ბომბი იმდენად ახლოს ჩამოვარდა, მიწა ჩვენც დაგვეყარა. „კრაკადილები“ რომ წავიდნენ, მეზობელმა „ზილი“ გამოიყვანა. ოცი ადამიანი, ქალები და ბავშვები წამოვედით. კაცები დარჩნენ. აჟარაში სამხედროებმა საწვავი ჩაგვისხეს. ერთი თვე ჭუბერში ვიყავით ნათესავებთან. ველოდებოდით, ჩაწყნარდება ყველაფერი და დავბრუნდებითო“.
ბიძის ეზოში სამი ბომბი ჩამოვარდა. ნალიისგან რკინის ბოძი დარჩა და დიდი ორმო, დანარჩენი სად რა გაფრინდა, არავინ იცის.
ადგილობრივებს დღესაც ხინჯად აქვთ გულში, რომ 2008 წელს გამოსვლაში არავინ დაეხმარა. ხელისუფლებამ არც მანქანები მიაშველა, არც გააფრთხილა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე უშველა თავს.
„არ ვაპირებდი წასვლას, თავზე თუ არ დამეცა ბომბი, აღარსად წავალ, სადმე დავიმალები-მეთქი, ვფიქრობდი, იმდენად აღარ მინდოდა წასვლა. ჩემი ორივე ძმა დარჩა, დედაც. ბავშვები და რძალი სხვა სოფლელებთან ერთად მანქანაში ჩავსვით და შვიდში გამოვაცილეთ. ხომ იცოდნენ, რაც მოხდებოდა, მაგრამ არც მანქანები მოგვაშველეს, არც გაგვაფრთხილეს. მთავრობას შეეძლო, მოსახლეობა ერთი კვირით ადრე გამოეყვანა, - ჰყვება ელეონორა გურჩიანი, - რვაში და ცხრაში დილასაც ვიბომბებოდით და საღამოსაც. ბოლოს ცხრაში ისე ძლიერად დავიბომბეთ, რომ დავყრუვდით. ერთი საათი ციდან შავი ნაფლეთები ცვიოდა. კარტოფილის და ვაშლის შესანახი ორმო გვქონდა ნალიის ქვეშ, იქ ვიყავით ჩასულები. სოფლის თავიდან დაიწყეს დაბომბვა და ჩამოყვნენ. ბიძის ეზოში სამი ბომბი ჩამოვარდა. ნალიისგან რკინის ბოძი დარჩა და დიდი ორმო, დანარჩენი სად რა გაფრინდა, არავინ იცის.
ძალიან დიდი გულით დავრჩით, ვინც დავრჩით, მაგრამ მერე რომ დავრწმუნდით, რომ აღარ შეიძლებოდა გაჩერება, წამოვედით. ორი პატარა ტრაქტორი ჰყავდათ მეზობლებს. ვინც დავეტიეთ, დავეტიეთ, დანარჩენები ფეხით მოდიოდნენ. ცხრა კილომეტრი გვსდია ჩვენმა ძაღლმა. ვერ დავსვით ვერსად, ადგილი არ იყო. კაცებიც ტიროდნენ, ჩვენ ხომ საერთოდ. გვსდია, გვსდია, მერე ჩამორჩა და დარჩა“.
„არაფერი!“ - ეს არის პასუხი კითხვაზე, „რა წამოიღეთ?“ მანქანაში ნივთების კი არა, მათი ადგილიც არ იყო.
„დედაჩემს ერთ ხელჩანთაში ჰქონდა საბუთები ჩადებული, მაგრამ რაღაც მაინც დარჩა, რადგან მერე აქ ძალიან დიდი წვალება მოუხდა აღდგენაზე. რომ შემძლებოდა, ჩემს ნახატებს წამოვიღებდი, ვხატავდი მაშინ კარგად, კიდევ ნათლობის ჯვარს, იმ ღამე მოვიხსენი რატომღაც და ფანჯრის რაფაზე დავდე. ფოტოალბომებიც დარჩა, არც ერთს ბავშვობის ფოტო არ გვაქვს.
სამი ძაღლი გვყავდა: ბელკა, სტრელკა და ტარზანი, ძაღლები იმდენ ხანს მოგვდევდნენ...“, - ამბობს ნანა სტეფლიანი.
უწყლო წინწყარო
წინწყარო მარნეულიდან მეორე სოფელია. უდაბური გზის შემდეგ სოფელში შესულს ხეც გხვდება და გრილი ნიავიც. თუმცა, აქაურები ამბობენ, აქ ხეები მაღალი არ იზრდება, სიღრმეში მიწის ნაცვლად გაჯია და ფესვი ვერ ჩადისო. მაინცდამაინც არც აქაური ხილი მოსწონთ, ჯერ კიდევ ახსოვთ იმ ვაშლის გემო, კოდორის ხეობაში რომ ხარობდა. მთავარი პრობლემა მაინც წყალია, წყლის მილები აქვთ, წყალი კი, ოთხ დღეში ერთხელ მოდის.
„წყალი რომ იყოს, ეს არ არის ცუდი სოფელი. ყველაფერი მოდის, მიწაც გვაქვს, მაგრამ წყალი უნდა. ცოტაა, ყველა სოფელს ვერ ჰყოფნის“, - ამბობს ნელი ანსიანი.
წინწყარო დაუსახლებელი სოფელი არ იყო. აქ ბერძნები ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში საქართველო თითქმის ყველამ დატოვა და ცარიელი სახლები შემდეგ ან სახელმწიფომ შეისყიდა კოდორელებისთვის, ან თავად დევნილებმა იყიდეს კომპენსაციის ფულით.
„დევნილობაში ყველაზე რთული ის გაუთავებელი გადაბარგება იყო. ჯერ ჭუბერში ვიყავით, მერე ქუთაისში, მერე თბილისში, ვაკეში მოვხვდით. მერე ვაკიდან ვაზისუბანში წაგვიყვანეს. დაგვპირდნენ, მორჩა, აქ დარჩებითო, მაგრამ ერთხელაც დილის შვიდ საათზე დაგვადგა პოლიცია. იანვარი იყო, ყინავდა, მთელი კორპუსი გარეთ გამოგვყარეს. მაშინ წამოვედით წინწყაროში. ჩემს ოჯახს მანამდე კომპენსაცია ჰქონდა აღებული და სახლი ვიყიდეთ. 2010 წლიდან აქ ვცხოვრობ, - ამბობს ნანა სტეფლიანი, - ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ბავშვია აქ და არაფერი აქვთ, სადაც შეიკრიბებიან.
ტრანსპორტის პრობლემა აქაც არის, თბილისამდე საათის სავალია, ამიტომ სტუდენტები ხშირად სოფლიდან დადიან სასწავლებლად, რასაც დღეში 20 ლარი მაინც უნდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტაქსი რამდენიმე ადამიანმა ერთად დაიქირავა.
გერლიანების შვიდსულიანი ოჯახი წინწყაროში ახალი წლის ღამეს მოხვდა. ბაჩუკი გერლიანი იხსენებს, რომ კოდორიდან გადმოსული დევნილები თავიდან თბილისში ერთ-ერთ კორპუსში შესახლდნენ, მაგრამ შემდეგ იქაურობის დატოვებაც მოუხდათ.
„2010 წელს თბილისიდან აქ გადმოგვიყვანეს. ნივთებს მეოთხე სართულიდან ყრიდნენ, იმის საშუალებაც არ მოგვცეს, ჩვენით ჩაგველაგებინა. აქ რომ შემოვედით, 31 დეკემბერი იყო. სახლს არც ფანჯარა ჰქონდა, არც კარი. არც შუქი დაგვხვდა. „ფეჩი“ დავანთეთ და დალაგებაში გავატარეთ ის ღამე. არავინ იყო ახალი წლის ხასიათზე“.
კოდორის ხეობაში ჩასვლა დევნილებისთვის ახლა შეუძლებელი არა, მაგრამ ძალიან ძნელია. ელეონორა ამბობს, ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ვერაფრით ვაიძულე თავი, საშვებზე მეზრუნაო: „ან რა აზრი აქვს ჩასვლას, ვიტირებ და ისევ ჩამოვალ, იქ ხომ ვერ დავრჩები. ერთადერთი, მამის საფლავი მინდა ვნახო“.
2008 წელს ცხინვალის რეგიონში ვითარება დაიძაბა და რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო. ამავე დროს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომენტით ისარგებლა, იერიში მიიტანა კოდორის ხეობაზე და ეს ტერიტორია დაიკავა. კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა 15 წელია სახლებში ვერ ბრუნდება.
* 2006 წლამდე კოდორის ხეობას აკონტროლებდა ადგილობრივი, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“, რომელსაც პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა. 2006 წლის 26 ივლისს, ზემო კოდორის ხეობა სამთავრობო ძალებმა დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ კვიციანმა მაშინ ჯერ აფხაზეთს, შემდეგ კი რუსეთს შეაფარა თავი. მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ხეობაში გადავიდა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თავად კოდორის ხეობას სახელი შეეცვალა და ზემო აფხაზეთი ეწოდა.