აუდიტის სამსახურმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობის შესწავლისას დარღვევები აღმოაჩინა. ლაპარაკია თანხების არაეფექტურ ხარჯვასა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, რამაც საბოლოოდ ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა. ოპოზიცია ამბობს, რომ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და კონკრეტული საქმეებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. რას ამბობენ პასუხისმგებელი პირები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებსა და თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე?
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფინანსური მონიტორინგი დაასრულა, რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს. ანგარიშში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების არაეფექტურად ხარჯვაზე, კონკრეტულ დარღვევებსა და დაუსრულებელ სამუშაოებზეა ლაპარაკი, რამაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობა დააზარალა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, თუ რა პასუხისმგებლობა აიღო მუნიციპალიტეტმა და ვერ შეასრულა. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ფინანსების არაეფექტურ ხარჯვაზე, საგარეჯოში შოთა რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის 100 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან ზუსტად 9 თვეში მერიამ ამავე ქუჩის რეაბილიტაცია თავიდან დაგეგმა, რისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, რეგიონალური განვითარების ფონდიდან უნდა გამოიყოს. შესაბამისად, ერთ ქუჩას მოკლე დროში რეაბილიტაცია ორჯერ ჩაუტარდება, აუდიტის სამსახურის დასკვნაში კი წერია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაში არაეფექტურად დაიხარჯა 82 ათას ლარამდე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი გილაშვილი ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ყოფილი გამგებლის დროს ჩატარდა და პასუხისმგებლობაც მან უნდა იკისროს. რაც შეეხება ამ ქუჩის ხელმეორედ დაგეგმილ რეაბილიტაციას, მერის მოადგილე ირწმუნება, რომ ამის საჭიროება არის და საპროექტო სამუშაოებიც ამიტომ შეისყიდეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ლაპარაკია სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რისთვისაც გამოყოფილი თანხებიც სრულად დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და ზოგი მათგანი საერთოდ არ ფუნქციონირებს. მაგალითად, სოფელ მანავისა და საგარეჯოს №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები ოფიციალურად შესრულებულია, დახარჯულია 67 ათასი ლარი, თუმცა საბავშვო ბაღებში კედლებიდან ზოგიერთ ადგილას ჩამოყრილია ბათქაში და საღებავი.
სოფელ პატარა ჩაილურის წყლის სისტემის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2016 წელს 126 ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ანალოგიურად, მუნიციპალიტეტმა 2017 წელს სოფლებში: კოჭბაანში, პატარძეულში, წყაროსთავში, ნინოწმინდასა და პატარა ჩაილურში წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის შეისყიდა 14 ათასი ლარის ღირებულების პოლიეთილენის მილები, თუმცა საგანგებო დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი ამ დრომდე გამოუყენებელი და დასაწყობებულია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი გილაშვილი ამბობს, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობდა, რაც არაკვალიფიციური კადრების მუშაობით იყო გამოწვეული. მისივე თქმით, ის პირები, რომლებმაც საქმე ვერ გააკეთეს, ან გათავისუფლდნენ, ან საყვედური მიიღეს.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში საკრებულოს მუშაობაც არის შეფასებული. როგორც ცნობილია, საკრებულოს რიგით დეპუტატებს მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებისა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებისთვის საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯებს უნაზღაურებენ, თუმცა მათ ჯერ შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარადგინონ იმის დასტურად, რომ კონკრეტული დეპუტატი ნამდვილად შეხვდა მოსახლეობას და ამისთვის ხარჯი გაიღო, აუდიტის სამსახურის დასკვნაში კი წერია, რომ ასეთი ხარჯების ანაზღაურება ხდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი აღიარებს, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და ახლა მის მოგვარებაზე იწყებენ მუშაობას.
საგარეჯოს საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გარი ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნაში ბევრ დარღვევაზეა ლაპარაკი და, წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იკვეთება თუ არა კონკრეტულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი დანაშაული.
დაინტერესდება თუ არა პროკურატურა აუდიტის სამსახურის დასკვნით, ეს ჯერ უცნობია, ის კი ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში დოკუმენტის დეტალური განხილვა იგეგმება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე გაცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემები საგარეჯოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.