არაერთხელ ხელდაფარებული შვილობილი - სასულიერო პირების დაპირისპირების ისტორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სასულიერო პირი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, დავით აქიაშვილს (საერო სახელი კობა კობაიძე), ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას უყენებენ. ის იზოლატორში უკვე მოინახულა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. მისი თქმით, სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას და არ ადასტურებს რიგი გარემოებების რეალურობას. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს საათებში იმსჯელებს. ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ არც პირდაპირი მოწმეები არსებობენ.

„მთელ რიგ საკითხებს, რაც ბრალდების მხარეს ჩვენ წინააღმდეგ აქვს გამოყენებული, არ ვეთანხმებით. არც ერთ ნაწილში არ ვეთანხმებით. აქ იარაღზეა საუბარი და არანაირი იარაღი არ არის გამოყენებული, ამოღებული. ესე იგი, არ არსებობს იარაღი. დანარჩენი უკვე, როდესაც საქმის მასალებს ავიღებთ, იქ გამოჩნდება. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საქმეში პირდაპირი მოწმეებიც არ არსებობენ და მხოლოდ ირიბი მოწმეები არიან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, სასულიერო პირს მალევე ბრალი წარუდგინეს.

ასევე ნახეთ პოლიციის მიერ დაკავებული კ.კ. სავარაუდოდ, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარია

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. კ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის

19 აპრილს, აღდგომის დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები სადღესასწაულო ტრაპეზზე ერთად შეიკრიბნენ. თავიდან ყველაფერი თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ყინწვისის ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა (აქიაშვილი. საერო სახელი კობა კობაიძე), ერთ-ერთ სასულიერო პირს დამცირება და დაცინვა დაუწყო. ეს ვერ აიტანა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი), და მამა დავითს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. იმ დღით მათ შორის კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია. როგორც წყაროები გვეუბნებიან, იმ დროს მათთან ერთად რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობიც (აქიაშვილი) იმყოფებოდა და სწორედ მან განმუხტა სიტუაცია.

მეორე დღეს არქიმანდრიტი საბა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ერთ-ერთ სოფელში სტუმრად წავიდა. საღამოს ყინწვისისკენ საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, როცა სოფლების რიეთი-ღვლევის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ამ სურათის აღდგენაში რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი სასულიერო პირი დაეხმარა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. სროლისა და საბას ჟღენტის მხარში დაჭრის შესახებ ინფორმაცია მედიამ 22 აპრილს მიიღო. სასულიერო პირის დაჭრის ფაქტს მაშინვე უარყოფდნენ ეპარქიის ბერების ნაწილი, თავად დაზარალებული და ეპარქიის ხელმძღვანელიც. სამართალდამცავები კი ამ დროს უკვე იძიებდნენ მომხდარ შემთხვევას. დაიკითხა რიეთისა და ღვლევის მოსახლეობა, ჩხრეკა ჩატარდა ყინწვისის მონასტერსა და ქარელში - იქ, სადაც მამა დავითი ცხოვრობდა.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, დაცხრილული მანქანიდან პოლიციელებმა 7 ტყვია ამოიღეს და თავადაც გაკვირვებულები იყვნენ, იქ ადამიანები ცოცხლები როგორ გადარჩნენო. ვიდრე პოლიცია საქმეს გახსნილად გამოაცხადებდა, ეპარქიის სასულიერო პირებმა უკვე იცოდნენ, რომ ცეცხლი მამა დავითმა გახსნა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყინწვისში აღარ გამოჩენილა. მონასტრის ბერების ერთი ნაწილიკი ჟურნალისტებს დღემდე არწმუნებს, რომ არაფერი იციან მომხდარზე, თუმცა მონასტრიდან გამოტანილი ამბებიდან ირკვევა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ ლაპარაკობენ. კონფიდენციალური წყარო იმასაც განმარტავს, რომ თავდასხმის დროს დავითი მარტო არ იყო და საერო პირები ჰყავდა თანამზრახველებად, თუმცა პოლიციას მხოლოდ ის ჰყავს დაკავებული. დავით აქიაშვილის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია 27 აპრილს გაავრცელა.

ასევე ნახეთ ყინწვისში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ შიდა ქართლში დააკავა 1986 წელს ქარელში დაბადებული კ.კ., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მსგავსი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - წერია განცხადებაში

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, დაკავებული კ.კ. კობა კობაიძეა. ერისკაცობაში სწორედ ეს სახელი ჰქონდა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, დავით აქიაშვილს.

ერთ-ერთი სასულიერო პირის მონათხრობით, მამა დავითი, რომელიც მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) შვილობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერავინ ბედავს. წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ არქიმანდრიტი საბა იყო, ვინც შენიშვნას და რჩევას აძლევდა მას. ამ მიზეზით მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა.

ასევე ნახეთ ცნობილი ხდება ყინწვისელი სასულიერო პირების დაპირისპირების ახალი დეტალები

კონფლიქტების ისტორია

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიის მრევლია, სხვა შემთხვევას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა:

„ერთ საღამოს მიტროპოლიტ იობს მანქანა მოჰპარეს. მანქანის ძებნაში საპატრულო პოლიციაც ჩაერთო. მანქანის პოვნის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით აქიაშვილმა მოიპარა. მიტროპოლიტმა შვილობილს აპატია და პოლიციასთანაც საქმე მოაგვარა. ეს ამბავი ეპარქიის მრევლმა იცის, თუმცა ის ფართოდ არ გახმაურებულა. დავითსა და საბას შორის კი კონფლიქტების მთელი სერია ამ ამბიდან დაიწყო, რადგან საბამ მას შენიშვნა მისცა“.

კიდევ ერთი შემთხვევა სხვა სასულიერო პირს უკავშირდება. ამ სასულიერო პირს, რომელიც ახლა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მამა დავითი და საბა ძმები არიან და სხვა არაფერი ვიციო, დავითის სისასტიკე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ჩვენი წყაროს ცნობით, ერთხელ დავითმა მას იარაღის კონდახით სცემა და თავი გაუტეხა, თუმცა არც ეს ამბავი გახმაურებულა.

დავით აქიაშვილის (კობა კობაიძე) ისტორია

კობა კობაიძე რუის-ურბნისის ეპარქიაში 17 წლის ასაკში მივიდა. მანამდე ის რუსთავსა და სიღნაღში ცხოვრობდა. გაჭირვებული ახალგაზრდა მიტროპოლიტმა იობმა ბერად აკურთხა და დავითი უწოდა. მან დავითი იშვილა. ამის შემდეგ კობა კობაიძე მამა დავით აქიაშვილი გახდა, რომლის გავლენა და ძალაუფლება ეპარქიის მასშტაბით სწრაფად იზრდებოდა. მიტროპოლიტმა მას ყინწვისის მონასტრის წინამძღოლობა ცოტა ხნის წინ უბოძა. მისი გავლენა ამით უფრო გაიზარდა. ქარელელები მას იარაღით ხშირად ხედავდნენ, თუმცა სასულიერო პირები მრევლს არწმუნებდნენ, მამაოს ნადირობა უყვარს და ამიტომ აქვს ყოველთვის თან იარაღიო.

საბა ჟღენტის (კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი) ისტორია

საბა ჟღენტი, რომელიც მიტროპოლიტ იობს ჯერ კიდევ ბათუმის ეპარქიაში მსახურების დროს დაუახლოვდა, წარმოშობით ზესტაფონიდანაა. ბათუმიდან რუის-ურბნისში წამოსვლისას მიტროპოლიტ იობს საბა და კიდევ რამდენიმე ყველაზე დაახლოებული სასულიერო პირი გამოჰყვა. მათ შორის იყო მამა ეფრემიც (გამრეკელიძე), რომელიც ახლა ბოლნისის მთავარეპისკოპოსია. საბა ყოველთვის ითვლებოდა იობის ერთგულ კაცად და ეპარქიაში მონასტრების მშენებლობის საკითხიც მას ებარა.

ამ საქმის სავარაუდო ფინალი

რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირებისგან რადიო თავისუფლებამ შეიტყო, რომ საბა ჟღენტი დავით აქიაშვილის პატიებას აპირებს და მის წინააღმდეგ არც ჩვენებას აძლევს. გამოძიება გრძელდება. ზოგიერთი სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ ეს საქმეც წინა ინციდენტების მსგავსად დამთავრდება და დავით აქიაშვილს დიდი სასჯელი არ დაეკისრება. ამ შემთხვევაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ მიტროპოლიტ იობის პოზიცია იქნება, რომელმაც შვილობილს არაერთხელ დააფარა ხელი.