„არა მიშას“ და „ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი“ - ორი აქცია რუსთაველის გამზირზე

„არა მიშას, არა ნაციზმს“ - ამ გზავნილით გააპროტესტეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას უარს ეუბნებიან. აქციის მონაწილეები თავდაპირველად რუსთაველის თეატრის შენობაში შეიკრიბნენ, თუმცა, დარბაზში ხალხის სიმრავლის გამო, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გაიმართა კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი“.

2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია დაარბია. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მავე დღეს სპეცრაზმმა ტელეკომპანია „იმედის“ ოფისი დაარბია, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. 2007 წლის 7 ნოემბერი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, როგორც ძალის გადამეტების მაგალითი.

Your browser doesn’t support HTML5

ორი აქცია რუსთაველის გამზირზე

7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. საგანგებო მდგომარეობა 16 ნოემბერს გაუქმდა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2008 წლის იანვარში დაიგეგმა.

2007 წელს, პერმანენტული აქციების გამართვის შესახებ განცხადება ათი ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარმა კოალიციამ 22 ოქტომბერს დააანონსა. მაშინ ოპოზიციური ჯგუფი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს 2008 წლის გაზაფხულზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით ახალი ხელისუფლების არჩევაში ხედავდა.

მათ შექმნეს საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტიც, რომელიც 12 საკითხს აერთიანებდა. ამ მანიფესტს 17 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ხელი მოაწერეს ლეიბორისტულმა, რესპუბლიკურმა, კონსერვატიულმა პარტიებმა, თავისუფლებამ, საქართველოს გზამ, ხალხის პარტიამ, მოძრაობამ ერთიანი საქართველოსათვის, ეროვნულმა ფორუმმა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ჩვენ თვითონ” და “ქართული დასმა”.

ეს მანიფესტი განსაზღვრავდა მათ ხედვას არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებებზე, ბიზნესზე და სხვა.

მანიფესტის ერთი პუნქტი ეძღვნებოდა ”პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას“ და ისეთი გახმაურებული საქმეების გამოძიებას, როგორიც იყო პრეზიდენტ გამსახურდიასა და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებანი, სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის და სხვათა მკვლელობები, თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე და სხვა.