“არა ინტელექტის ოკუპაციას!“

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია არის კოლექტიური მართვის სპეციალური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც მართავს ავტორთა და შემსრულებელთა უფლებებს საქართველოში. მისი თავმჯდომარე გიგა კობალაძე გიორგი გვახარიას სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიგა კობალაძე გვიამბობს კამპანიაზე „არა ინტელექტის ოკუპაციას“, რომელსაც ეს ასოციაცია, უკვე რამდენიმე კვირაა, აწარმოებს. ასოციაციის პროტესტი გამოიწვია ახლად დაფუძნებულმა ორგანიზაციამ , რომელიც, როგორც გიგა კობალაძე აღნიშნავს, „რუსეთის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილმა მომღერლებმა, მათ შორის დავით ხუჯაძემ და აჩი ფურცელაძემ, დააფუძნეს“. ამ ახალი ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი, რადიო თავისუფლების სტუმრის თქმით, არის ე.წ. „ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოების კონფედერაცია“, რომელიც, რეალურად, ქართულ ინტელექტუალურ საკუთრებას საფრთხეს უქმნის, რადგან ის რუსული „რბილი ძალის“ ნაწილია.

გიგა კობალაძე ამბობს, რომ მათ კამპანიას უკვე ათასობით ქართველი მუსიკოსი შეუერთდა და იმედი აქვს, ქართველი არტისტები არ დაუშვებენ სახელოვნებო სივრცე რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.