ისინი დაშავებულ ადამიანებს პირველ დახმარებას უწევენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებამდე აცილებენ. გვიან ღამემდე შემორჩენილებს საკუთარ მანქანებს სთავაზობენ ტრანსპორტად. დილით ნამცხვრებს აცხობენ საღამოს დემონსტრაციისთვის, აქციაზე - ნაგავს აგროვებენ. მათი სახელია -აპრილ-მაისის აქციების მოხალისეები.
ნაგავი ხომ არ გაქვთ? მარიამ ფირაშვილი: გოგო დიდი შავი ცელოფნით
თუ მაისის საპროტესტო აქციებზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, მარიამს აუცილებლად მიაქცევდით ყურადღებას. თუ არ ყოფილხართ - მოგიყვებით მოლაშქრე გოგოზე, რომელიც უზარმაზარი შავი ცელოფნის პარკით მიჰყვება ხოლმე საპროტესტო მსვლელობებს და ნარჩენებს აგროვებს.
მისი ათასჯერ გამეორებული შეკითხვა, ნაგავი ხომ არ გაქვთ? აქციის ხმას უერთდება ხოლმე. ნაგავს აგროვებს მონაწილეების ხელიდან და მერეც, როცა აქცია იშლება და ნაგავი ქუჩაში რჩება.
„თავიდან უკვირდათ, მე კი მრცხვენოდა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ამაში არაფერია სათაკილო, პირიქით. პოლიციელებთანაც მივდიოდი. ერთხელ მითხრეს, ამ ბოთლებს რატომ აგროვებთ, ისევ ჩვენ რომ გვესროლონო?“.
დღის ბოლოს მისი ცელოფანი პირთამდე ივსება.
კოკა და მეგობრები
კოკა ჯახუტაშვილიც აქციის პირველივე დღეებიდან რუსთაველზე დგას და მოხალისეობს.
მან ჯერ კიდევ შარშან, 2023 წლის მარტის აქციებზე დაინახა, რა სჭირდებოდათ ყველაზე მეტად საათობით აქციებზე მდგარ ადამიანებს, ამიტომ როცა წელსაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, მზადებაც არ გადადო.
ჯერ მეგობრები შეიკრიბნენ და რაც საკუთარი რესურსებით შეძლეს, მოიმარაგეს, შემდეგ კი ეს საქმე ნამდვილ მოხალისეობად იქცა და კოკას გუნდში ათობით მოხალისე გაერთიანდა.
ხან საწვიმრებს არიგებენ, ხან პირბადეებს და ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხან ცრემლსადენი გაზით მოწამლულ თუ წიწაკის სპრეით დაზარალებულ ხალხს ეხმარებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე მიყვანაში.
„უბრალოდ ვიცი, რომ ერთი ადამიანის იქ დგომასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და რომ სწორ მხარეს ვდგავარ“, - ამბობს კოკა და ის, რასაც აკეთებს, სულ არ მიაჩნია გმირობად - უბრალოდ, მგონია, რომ ვაკეთებთ იმას, რითიც სხვებს ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ იქ დგომას“.
სალომე კვარაცხელია - ექიმის ჩანთით აქციაზე
მისი ზურგჩანთა დაახლოებით შვიდ კილოს იწონის. სალომე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მომავალი ექიმია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავისი ცოდნა აქციებზეც გამოეყენებინა და ხალხს დახმარებოდა.
მის ჩანთაში დევს ყველა საჭირო ნივთი როგორც თავდაცვისთვის, ისე სხვების დასახმარებლად - რამდენიმე ბოთლი ფიზიოლოგიური ხსნარი, სამედიცინო ბინტი, სპეციალურად დამუშავებული ბამბის დისკები - წიწაკის სპრეის მოსაწმენდად და ა.შ. თავისთვის - სათვალე, აირწინაღი.
ეს კი ზურა ტატანაშვილია - ხან რას არიგებს აქციაზე და ხან რას - წვიმს? საწვიმრები. დიდხანს დგომა უწევთ? საჭმელი. ან სულაც ჩურჩხელა - ენერგიისთვის.
მარიამ გაფრინდაშვილი: სამი შვილი, კატები, სამსახური და აქციები
„დღეს 200 პირბადე და 60 სათვალე ვიშოვე, რესპუბლიკის მოედნიდან დავარიგებთ“, - მომწერა მარიამ გაფრინდაშვილმა, რომელსაც დღე რამდენიმე ნაწილად აქვს გაყოფილი - დილით სამსახური, ცოტა დრო სამი შვილისთვის, თავისი კატების და სხვა შინაური ცხოველების მოვლა, საღამოს კი - აქცია.
ისიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციების დაწყების პირველ დღეებში თანხის შეგროვება და ისეთი ნივთების ყიდვა დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს მუდმივად სჭირდებათ - წყალი, პირბადე, სათვალე, საჭმელი.
„თავიდან ჩემმა ფეისბუკმეგობარმა, თეონა კობიძემ მომწერა, ბუტერბროტების გაკეთება და აქციაზე გატანა მინდა და როგორ დავაორგანიზოო. მე იმიტომ მომწერა, რომ თავიდანვე ვწერდი პოსტებს, ვაგროვებდით ფულს და ყველა დახარჯულ თეთრს აღვრიცხავდით... ამჯერადაც დაახლოებით 2000 ლარამდე შეგროვდა, იმ საღამოს წავედით და ვიყიდეთ საჭირო ინგრედიენტები, იმ დღეს საცობში გავიჭედეთ და ვორონცოვიდან ფეხით მივიტანეთ ეს პროდუქტი აქციაზე. ასე ვარიგებდით“, - იხსენებს მარიამი.
11 მაისს, ევროპული მარშის დღესაც წინასწარ დაარიგა დამცავი სათვალეები, პირბადეები, წყალი და შოკოლადები - წამში გაქრა ყველაფერი.
ამბობს, რადგან მხოლოდ ოთხი საათი შემიძლია აქციაზე დგომა, ამით ვცდილობ, რომ დავეხმარო ადამიანებს და მხარი დავუჭიროო.
„ერთხელ ვიტირე კიდეც. როცა რამდენიმე ისეთმა მეგობარმა ჩარიცხა თანხა, ვინც ახლა ჩვენს გვერდით არ დგას, ღიად გვაკრიტიკებენ და ჯერ კიდევ კითხვები აქვთ, რატომ არის ეს კანონი რუსული. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და ბრძოლას აქვს აზრი“.
გუჯა ტუღუში - კურიერი მოპედით, რომელმაც ხალხის წამყვან-წამოყვანა ითავა
გუჯა ტუღუში თავისი მოპედით ორთვლიანების იმ კოლონის ერთ-ერთი წევრია, რომელიც აქციებზე ხშირად ჩნდება.
გუჯა კურიერია. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებამდე, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების დღეებში დაფიქრდა, რა შეეძლო გაეკეთებინა თავისი ერთი მოპედით და ხალხს როგორ დახმარებოდა და ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ საქართველოში გამოქცეულ უკრაინელებს, თავისი მოპედით წამლებს ან საკვებს მიუტანდა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები რომ დაიწყო, არც მაშინ უფიქრია ბევრი:
„უბრალოდ რომ დავჯდე და ვუყურო რა ხდება, ვერ ვისვენებ. სულ მინდა რამე გავაკეთო. ამ აქციების დროს ხალხის წაყვანის იდეა გვანცა პერტიასთან ერთად გამიჩნდა... 3 წლის გოგო მყავს და როცა გაიზრდება, მინდა იცოდეს, მისი მამა ისტორიის რომელ მხარეს იდგა და თუ მკითხავს, მამა, მაგ დროს შენ სად იყავიო, ღირსეული პასუხი გავცე“, - გვეუბნება გუჯა.
ტელეგრამი, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ქუჩა - ნინა ჟვანიას ბრძოლის და მოხალისეობის ადგილი
ნინა ჟვანია დგას ქუჩაშიც, აქციებზე, მაგრამ პარალელურად ტელეგრამარხი გააკეთა, სადაც თანატოლებს საჭირო ინფორმაციას უზიარებს და უხსნის, რატომ არის ეს პროტესტი მნიშვნელოვანი.
ამ მიზნისთვის არის მომართული დღეს მისი ტიკტოკის და ინსტაგრამის ანგარიშებიც.
„თან სასწაული შეგრძნებაა, როცა ვინმეს ეხმარები აქციაზე, მაგალითად, ფიზიოლოგიურ ხსნარს აწვდი, ამ დროს გგონია, ფრთები გესხმება და ყველაფერს შეძლებ, მაგრამ ცოტა უსუსურობის გრძნობაც მაქვს ხოლმე, ყველას რომ ვერ ეხმარები და ეს ბრაზი ფიზიკურ ტკივილში გადამდის“, - გვეუბნება ნინა ჟვანია, რომელიც სულ 17 წლისაა.
ნანა ცომაია - გოგო ტკბილეულით
„ბანანი მეტი უნდა მეყიდა“, - ამბობს 25 წლის ნანა ცომაია და ხილს და ტკბილეულს პარკებში ანაწილებს. ის და მისი მეგობრები შეგროვებული თანხით აქციის მონაწილეებისათვის ნაყიდ ტკბილეულს არიგებენ 11 მაისის აქციაზე, ევროპის მოედანზე. თავსხმა წვიმაში.
მისი მოხალისეობის კიდევ ერთი დღე იწურება. ყოველდღე სხვადასხვა რამეს აკეთებს. „ბოლომდე ასე ვიქნები“, - ამბობს.
ხან დაშავებულ მომიტინგეებს უწევს პირველად დახმარებას და ფიზიოლოგიურ ხსნარს აწვდის, ხან სოდიანი წყლით გაჟღენთილ ნაჭერს და ვაზელინს შეაშველებს ხოლმე: როდის - როგორ.
აღდგომას, როცა აქციის მონაწილეები ქაშვეთთან მივიდნენ, დედის გამომცხვარი ხაჭაპურები და ღვეზელები ჩამოარიგა.
„ყველას ძალიან უხაროდა, ზოგს თავიდან ერიდებოდა, მაგრამ მეორედ რომ შესთავაზებდი, მერე მორიდებით იღებდნენ. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა სიყვარული და ერთიანობა იგრძნობა. თან ისეთ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვართ“.
რობი ხუროშვილი - ვეხმარები ვისაც სჭირდება და როგორც შემიძლია
23 წლის რობი ხუროშვილიც ბოლო ერთი კვირაა, აქციებზე ხან ტკბილეულს, ხან წყალს არიგებს. თუ ვინმეს რაიმე დახმარება სჭირდება, იქ ჩნდება. მის მეგობრებს კახეთიდან ჩამოაქვთ ხოლმე პროდუქტი და მათ ეხმარება დარიგებაში.
6 წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, 2023 წლის მარტის აქციებსაც უცხოეთიდან ადევნებდა თვალს და, როგორც ამბობს, ერთი სული ჰქონდა, ჩამოსულიყო:
„მინდოდა, რითიც შევძლებდი, ხალხს დავხმარებოდი. ახლა აქ ვარ, ვმუშაობ, ვვარჯიშობ და მერე ღამის 3-4 საათამდე აქციაზე ვდგავარ. მიხარია, რომ ასეთ დღეებში აქ ვარ, ჩემს ქვეყანაში“.
ანუკა: 9 აპრილის მემორიალთან ვიქნებით
ანუკა გურგენიძეს სჯერა, რომ სწორ ადგილას, საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად დგას. მოხალისეობის იდეა მეგობართან, გვანცა ეკალაძესთან ერთად გაჩნდა და ერთ-ერთი ემიგრანტის დახმარებით, რეალობად იქცა.
„ვცდილობთ მცირედით, მაგრამ გულით გავახალისოთ ჩვენი თანამებრძოლები“, - ამბობს ანუკა და გვანცასთან და სხვა მეგობრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან შლის „მოხალისის ბანაკს“ - ხან წყალი, ტკბილეული და საწვიმრები აქვთ დასარიგებელი. აქციის სხვა მონაწილეებსაც მიაქვთ ხოლმე ბანანი, ყავა, ენერგეტიკული სასმელი.
ხანდახან მოხალისეებმა ერთმანეთის სახელებიც არ იციან, მაგრამ როგორც ანუკა გვიყვება, ეს რაღაცნაირი უსიტყვო შეთანხმებაა, რომ საქმე ერთად აკეთონ.
„4 საათი ვარიგებდით წუხელ, გამთენიისას წამოვედით გაწუწულები და 7-ზე ისევ პარლამენტთან ვიყავით, სადაც დარბევაში მოვყევით, მაგრამ არა უშავს. აუცილებლად გავიმარჯვებთ. მარტივი არ არის, მშიერი იდგე აქციაზე და შენი მთავრობა გასველებდეს, გცემდეს, გარბევდეს, გაკავებდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ასეთი შეკრული საქართველო იშვიათად მახსოვს და დიახ, ჩვენ ახლა და აქ დავწერთ ისტორიას“.
ეს მოხალისეების მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია.
თუმცა ფეისბუკში შექმნილ ჯგუფში „დაიტოვე“ და მის მიღმაც, მოხალისეობის უამრავ ამბავს ნახავთ - „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, რომლებიც თითქმის მთელი თვეა უწყვეტად გრძელდება, პროტესტის გამოხატვის გარდა ერთმანეთის დახმარების, გამხნევების, გათბობის, გამოკვების, დაცვის არაერთი მაგალითი შეიქმნა.
ეს მაგალითები გადამდებია.