კვირა, 4 ნოემბერი
Kordz- Untitled fantasy - უსათაურო ფანტაზია
,,ის - ვინც ჯერ მგლად ვერ გადაიქცა”, - ამბობს სოფო ჩერქეზიშვილის ნახატის გოგო.
ფრანკფურტის საკვირაო მარკეტზე 3 ევროდ ნაყიდი უცნობი ავტორის თვალებდაბრეცილი ბიჭი სახელად JJ or DD გოგოს დაჰყურებს და ყოველი შეხედვისას ტრანსფორმაციას განიცდის.
ვწევარ იატაკზე. სიუჟეტს ვალაგებ. თუ სრულ სურათს გონებაში ვნახავ, მარტივი დასაწერია.
,,წამების კვლევისას’’, წიგნის 52-ე გვერდი გადაშლილი დამიტოვებია და აბზაცებს ვკითხულობ.
,,აფხაზეთიდან დევნილ გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონას, რომელსაც თვალწინ ოჯახის წევრები დაუხოცეს ….’’
,,ტყვეთა ბანაკში მყოფ შუა ასაკის დევნილ ქალს შვილის დაღუპვის მომენტში’’
,,პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ახალგაზრდა კაცს’’
,,ქალის მოუნელებელი ემოცია… მას პოლიტიკური მოტივით დაუპატიმრეს მეუღლე’’
მერე ფსიქოსომატური დაავადებების ჩამონათვალია. აჰა - კიბო, თმის ცვენა, ფარისებრი, თავის ტკივილი, წყლული, …
აბა, ავდგეთ ფეხზე რამდენი ვართ? რამდენი ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას? დაუჩქარეთ, დაუჩქარეთ 27 წელია გასული, მანამდე უნდა ამდგარიყავით, მაგრამ ვის ეცალა.
რუსთაველზე 3 729.6 მილიონი დათვლილი და ოდნავ ნაკლები დაუთვლელი ქართველი და საქართველოში მცხოვრები გამოვედით - ამოვიცანით თავი და ავდექით მოწოდებისთანავე.
არარეაბილიტირებული მსხვერპლების და გადარჩენილების ქვეყანა.
Kordz - Untitled fantasy - უსათაურო ფანტაზია
…
Instagram, message request … მძიმე კაცთან შენს ინტერვიუს ვუსმინე, მაგარია. ქართლის დედაზე რატომ არ გკითხა ტო?
შენადა, მე რომ გკითხო?
რას დააჭერინებდი ქართლის დედას ხელში?
Reply - ქართლის დედას სარკე უჭირავს და რუსთაველზე ფეხზე დამდგარი 3 729.6 მილიონი საქართველოში მცხოვრები ავირეკლეთ.
ვახ, კაი ტო.
მუსიკა soundcloud-იდან Newa - სიმშვიდე
დათუჩამ და მე სატელეფონო საუბრით შევაჯამეთ დღე.
Your browser doesn’t support HTML5
ორშაბათი, 5 ნოემბერი
ავიღე, პირთან მივიტანე და ვერცხლის მსუბუქი ფოლგა ენით მოვაშორე თეთრ აბს. ნელა, ალუ, არ გაგეჩხიროს, ერთი, ორი, სამი. 150 მილიგრამიანი „ეუთიროქსის“ აბი უწყლოდ გადავყლაპე და გაღვიძებისკენ ვუბიძგე თავს. სპონტანური დილის შეზღუდვის მეხუთე წელი დაიწყო. არა, ასე არ უნდა თქვა. ასე თქვი: უზმოზე აბის გადაყლაპვის ორიგინალური მეთოდების დანერგვის მეოთხე წელი წარმატებით მიილია და დაიწყო მეხუთე. ან ასე: რა იქნებოდა თქვენი დილა რომ არა „ეუთიროქსის“ ეს მშვენიერი აბი.
მიდი, მიდი იღვიძებ. კიდევ ერთი ვერსია მაქვს: ანუნა, მიმდინარე თვეს რომელ „ეუთიროქსს“ სვამთ? სინგაპურში, თურქეთში, მილანში, ბერლინში, სომხეთში, ვორონცოვზე, გორში, თელავში, დიღომში კლინიკასთან ნაყიდს თუ რომელს? და დოზა სწორია? გახსოვთ, არა, ბოლოს რაც დაგემართათ? 3 დღეში დაგიჭკნათ სახე და გაგითეთრდათ ქოჩორი. მართალია ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სარკეში უყურებდით მესამე დღეს 4 საათიანი ბრძოლის შემდეგ ძლივს გაღვიძებულ საკუთარ თავს და თმის შესწორებისას სწორედ თქვენ დაინახეთ სარკეში არეკლილი ვერცხლისფერი ,,ჩოლკა’’. ისე, შემთხვევით ქუჩაში ირა რომ არ შეგხვედროდათ და არ ეკითხა რა დოზას სვამთ და მისი ეს ნათქვამი დილით არ გაგხსენებოდათ, ისე დაანგრევდით ორგანიზმს რომ მომდევნო 6 თვე აღდგენას დასჭირდებოდა. მაგრამ თქვენ ეს შეგაშინებთ? მებრძოლი ჯარისკაცი ემსახურება უკვე ამოჭრილი ფარისებრი ჯირკვლის კვალს და მოდუნების უფლებას არ აძლევს თავს. არ მოეშვათ, არა, დანაშაულია მოშვება თქვენთვის. ახლა ნამდვილად გადარჩით, 3 დღე იღებდით 125 მილიგრამით ნაკლებს და 4 კვირა მოანდომეთ ძალების აღდგენას. ჩემი თავი მელაპარაკება ქეთის (ექიმი) ხმით.
გადავრჩი რა, ერთადერთი შეცდომა 1580 დღეში რომელსაც 30 დღე ვასწორებდი.
და ქარაფშუტულ-სექსუალური სარეკლამო ხმით ხომ არა? - შემოდგომის გრილი დილა დაიწყე „ეუთიროქსთან“ ერთად... არ გამოდგება… უკონკურენტო „ეუთიროქსს“ რადიაციული გარემო და კლიმატური ცვლილებები არ მოაკლებს პაციენტებს.
ამ ყველაფრის გაფიქრება ალბათ 40 წამში მოვახერხე. თუ 30 წამი? თუ ნაკლები? ფიქრის კლასიკური სიჩქარე რამდენია? და ნორმას რამდენით ვაჭარბებ?
ნამდვილად გავიღვიძე… ნერწყვს ძლიერად ვყლაპავ, ემანდ, მშრალად გადაყლაპული წამალი არ დარჩეს სადმე.
ტელეფონი, google - b r a i n s p e e d c o n t r o l .
Here are some ways you can work to calm your mind and stop racing thoughts. ,,თქვა Google-მა’’ და გვერდი ჩავხურე.
მაგრად აფრენ რა, - მეტყვის საღამოს დათუჩა, როცა ფიქრის სიჩქარეზე დავიწყებ საუბარს.
ალუ, დაიღალე? - ნოუპ.
ბევრი ხომ არ ვარ? ვეკითხები შავ პასპარტუ-ჩარჩოებიან ნახატებში არეკლილ ანოს, ალუს, ანუნას, ალულას, ანუკას. ბევრი ხარ ბევრი. მეტისმეტი ერთი ადამიანისთვის, - მპასუხობს ერთ-ერთი. კიბეზე ინერციით ვეშვები. ტელეფონი, bluetooth, blackplayer. მისაღებ ოთახში ფეხის შედგმა უმუსიკოდ არ შეიძლება. სულ მცირე გაღვიძების შემდგომი წამებია დასამარცხებელი.
Bonjour je suis monsieur dupont … ისმის მარშალში.
წყალი, ყავა, ცეცხლი, ბიალეტი. მადლობა სამყაროს რომ ამ ულვაშებიანი კაცუნას ყავის სახარში გვაჩუქა. იტალიის ჩუანია. (ჩუანი - ღომის ქვაბი).
ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში ვისვენებ. შაბათ-კვირას ვისაც რა მოაფიქრდება სულელური თუ ჭკვიანური, მთელი ენერგიით გაყრის ორშაბათს გამთენიისას, ან მთელი დღე ეტაპობრივად. განსაკუთრებით ის, ვინც ისვენებს. არადა, შენ მუშაობ.
კაცობრიობის განვითარებული ნაწილი შრომის საათების შემცირებაზე, შემცირებულ დროში შრომის ეფექტურ ზრდაზე, სამსახურს (ანუ ფულის გამომუშავების მიღმა) მიღმა ცხოვრების საათების გახანგრძლივებასა და საბოლოოდ მათ სინქრონიზაციაზე ფიქრობს. ჩამოსაყალიბებელ სამყაროში კი თმენით, ან კარგ შემთხვევაში, ირონიული ღიმილით ისმენ მავანთა მიერ ამაყად წარმოთქმულ სიტყვათა წყობას: არ მცალია.
ისევ ორშაბათი.
ადამიანი ან ატმიანი აწერია რვეულს, რომელშიც ფიქრებს ვიწერ. დრო რომ გავა, მერე მონღოლურ ვერცხლის თასში ჩავფერთხავ და ორი სამყაროს ან ხელოვნური ინტელექტის ძალით დავინახავ როგორი ვიყავი მათი ჩაწერისას… ეს იქნება 2048 ში. გამეცინება ან შემრცხვება. 2048 ში, 1988 წელს დაბადებულები ვიქნებით წინა საუკუნისანი და შემდგომ წლებში უფრო და უფრო ხშირად იტყვიან: იცი როდის დაიბადა? ზოგი ამბავს მოყვება დაბადებაზე და თარიღს დამალავს, ისე, როგორც დედაჩემის ბებია ოლიკო-ქეთევანი ამბობდა: „დიდთირობას დუნაბად ვორექ, ბებ“ („დიდთოვლობას დავიბადე, ბებო“-ო). ზოგიც სიამაყით იტყვის ასაკს.
...
მისაღები ოთახის ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებულმა ზმუდარტის ციფრული ნახატის ქალებმა ხორუმი იცეკვეს და დღე ასე დამთავრდა…
ძილამდე მე და დათუჩამ კიდევ ერთი სატელოფონო შეჯამება მოვაწყვეთ.
სამშაბათი, 6 ნოემბერი
აბი „ეუთიროქსისა“, ფიქრები გაღვიძების წინა… აპაპაპა… მუსიკა ჩქარა… კიბე, ტელეფონი, bluetooth, Youtube, marshall The Internet - Come Together
სადარბაზოს კარი… დილით ცოცხის ხმა მესმოდა. მთელი კვირაა ასუფთავებენ. მერიის გაგზავნილი ნუსხით, გზის ერთი მხარის დასუფთავებაა გათვალისწინებული, ანუ იქ, სადაც ტროტუარი არ არის და ტროტუარიანი მონაკვეთი ,,ჰაერში კიდია.’’ თუმცა, თბილსერვისი მოთმინებით და დაუჯერებელი სისწრაფით ითვალისწინებს ჩემს თხოვნას და ამ მონაკვეთსაც ასუფთავებს მანამდე, სანამ უბნის უსტაბაში არ იცვლება. ასე გაჩნდა 6 თვეში რამდენიმე ახალი ნომერი ჩემს ტელეფონში: გიგა თბილსერვისი, giorgi ketili tbilservisi, bolo gabrazebuli damsuftavebeli tbilservisi, zuka tbilservisis risxva.
...
ქალბატონო, მოვედი, კუთხეში ვდაგავარ, იქ ვერ ვაჩერებ მანქანას, ადგილი არ არის.
კარგი, ჩემო ბატონო, მოდის ქალბატონი. ბლა, ბლა, ბლა…
ფეხით გადავწიე წყლის მრიცხველის ხუფი. აზრზე არ ვარ ვის ეკუთვნის. უბრალოდ ჩემს შესასვლელთანაა და ინტუიტიურად მივხვდი, რომ წყლით არ უნდა ივსებოდეს. ჰოდა, პერიოდულად ვამოწმებ. ვრეკავ. მოდის GWP. აკეთებს. მიდის. მერე ისევ მოდის… ისევ მიდის და ასე სინქრონულად ვართ. ავაწყვეთ ურთიერთობა.
„კოპეშია“… შეხვედრები… „კოპეშია“… მონტაჟი… განხილვა… გადაღება… კონცეფცია… ახალი კამპანია… დღეს ყველა ახალი პროექტი ერთდროულად დაიწყო, ანუ შემდეგი 2 კვირა ხიბლის და მოხიბლვის ფაზაში ვართ. მერე პოზიტიურ დარტყმებს დავიწყებთ… მერე ჩვენსას გავიტანთ, ან ვერ გავიტანთ… შედეგი ერთად გაგვიხარდება, ან შეცდომაზე ვისწავლით რამეს.
„კოპეშია“ ჩემი სოციალური კომუნიკაციის კომუნაა. ვმუშაობთ ორიგინალურ კონცეფციებზე, კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნასა და საჭიროებისამებრ მართვაზე. ყველა სექტორში. ბოლო 5 წელია იზრდება ურთიერთობა ბიზნესთან. განსაკუთრებით რთული პროცესია წარსულში ან პარალელურად მედიასა და საზოგადოებრივ პროექტებში მომუშავე ჯგუფისთვის, რომელსაც ამოძრავებს იდეა და არა ფული, მაგრამ ეს ჩვენი მსხვერპლია ცვლილებებისთვის.
ერთხელაც შეწყდება გრანტებით ქვეყნის სტიმულირება და ჩვენ არ ვიქნებით მზად ხალხმა გამოიწვიოს სოციალური ცვლილება. ამიტომ ვართ ხიდი სექტორებს შორის. ხანდახან არ მჯერა ამას როგორ ვაკეთებთ, მაგრამ, მივხვდი რომ ყველა სექტორშია ვიღაც ვინც ფორმალურად ან მხოლოდ ეკონომიკური სარგებლისთვის მუშაობს და ვიღაც, ვინც იდეისა და ცვლილებისთვის. ჩვენ რკინის აბჯრით, ქალამნებით და ინფორმაციის ფლობის უპირატესობით ბოლო ამოსუნთქვამდე ვუტევთ. მანამ, სანამ ბრძოლას ან დიალოგს აზრი აქვს. იშვიათად, მაგრამ დგება წასვლის მომენტიც. მაშინ, როცა ვხედავ ფუნდამენტს წყალი აქვს შემდგარი და ვერასდროს დავაშენებთ.
დათუჩას და მე არჩევნებისშემდგომ საქართველოზე ბრაზმა ცხოვრების სამი საათი წაგვართვა.
ოთხშაბათი, 7 ნოემბერი
ბაბუს პერანგი მოვიცვი და ყავით ხელში ოთახში შემოსულ მზეს მივეფიცხე… ისმის Instagram მეგობრის wall-ზე გამოქვეყნებული მუსიკა Some Kind Of Up And Down Yes… გასვლამდე პერანგის სუნს ღრმად ვისუნთქავ. ნეტავ როდის ამოიწურება? თუ უკვე გაქრა და მე მეჩვენება.
ყვითელი ყვავილი მოუხდა შავ მიწას...
შავი მიწა დაამატეს საფლავს … 20 წელი უსაფლავო აღდგომა დგებოდა ჩვენს დიდ სოხუმურ ოჯახში. ოლიას წასვლა 2 წელი ვერ დავუდასტურე სამყაროს. საფლავის ნახვა იტყოდა, რომ დავამთავრეთ ერთად ცხოვრება.
5 წლის შემდეგ აღდგომას 4 საფლავი გვაქვს, სამით მეტი წინა წლის ნოემბრიდან ამ მომენტამდე.
ახლა რომელია საგვარეულო საფლავი? ის, რაც სოხუმში დარჩა, თუ ის, რაც აქ არის? თუ ორია? თუ სადაც უფრო მეტი ვიქნებით? ირონიული შეკითხვა გამოვიდა.
ოთო…
სამზარეულოში, შაქრის და მარილის ყუთებთან იდო გარდაცვლილის ტელეფონი და რეკავდა … რამ წაიყვანა ოთო ნაადრევად?! ომმა, ვუპასუხეთ ჩვენ… ნაადრევად და დაგვიანებულად ორივე დროში ერთად წაიყვანა ოთო ომმა… ოთო მოდიოდა დაბადების დღეებზე უშუქობისას და ყოველთვის მოჰქონდა რაღაც, რაც გვახსენებდა რომ ჩვენ შორეული თეთრი ქალაქის ნაწილი უფრო ვიყავით, ვიდრე იმის, სადაც ვიყავით. ერთხელაც ოთო მოვიდა და ფუმფულა სათამაშოს ნაცვლად სუნამო მოიტანა… ასე გავიგე რომ გოგო ვარ… ოთომ ოთო დაკარგა, რაღაც დროს, რაღაც მომენტში და ვეღარ იპოვა… ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ არა სოხუმი, ასე ამბობს ყველა… მეც ასე ვამბობ… ოთო წავიდა მაშინ, როცა მოდიან… ვინ თქვა რომ ომი დამთავრდა?!
ოთო გაგუა, ბიძაჩემი… გავიდა 1 წელი… 24 წლის თავზე წამოეწია ომი…
ახალი შავი მიწა 2
ლილი
ბებიაჩემის და… 3 ან 4 წლის ვარ და მის სახლში მე ვთამაშობ მისი შვილის მოტანილი მინიატურული საზამთროებით. კედელზე ვახეთქებ, თითქოს ბურთია. არ სკდება…მერე ჩემი საზამთროების ბიძა ხელს ჩამჭიდებს ეზოს და ქუჩას გადავჭრით და მის შეგროვილ დიდ გროვაზე შემომსვამს. მერე ხელის ურიკაზე შემომსვამს, ისევ ეზოში მაბრუნებს. ასე ხანგრძლივად და ნამდვილი სიყვარულით იშვიათად მინახავს ვინმე ეთამაშებოდეს ბავშვებს. (ალბათ ალეკო ელენეს, ჩემი ერთი ძმა მეორე ძმის შვილს).
ბედნიერები ვართ მანამდე, სანამ ოლია ხელს არ ჩამჭიდებს და დასამალად არ წამიყვანს. საზამთროს ბიძას კლავენ და მთელი დარჩენილი ცხოვრება ლილი ელოდება მასთან ხელახლა შეხვედრას.
ახალი შავი მიწა 3
შალვა,
ჩემი ბაბუა… წაიყვანა ადრე წასულმა ოთომ. დარდობდა და ბრაზობდა ჩუმად და სვანეთის გზაზე მოყინული თითი კიდევ ერთხელ გაეყინა.
შალვა, ჩემი, ჩემი ძმების და ელენეს ბაბუა. მოასწრო რომ ყვარებოდა ბევრს. ნოემბრიდან ნოემბრამდე სამყარომ შეისრუტა ჩემი მთავარი, 4 წლიანი მოგონებების გმირები და მე ამას არ ვეთანხმები.
დედაჩემი, დეიდაჩემი და ბებიაჩემი შავსამოსიან ქალებად იქცნენ … სამით ნაკლებია ადამიანთა ნუსხა, ვისაც შეუძლია სახლზე გველაპარაკოს.
საღამო თინას შავმა ქალებმა (georgian dark - ნახატების სერია თინა ცხადაძე) დამბაჩა და ხმალი მოიმარჯვეს და დროსთან შერკინება დაიწყეს. ამბობენ სამივე მე ვარ. მე ვამბობ, რომ მე და ჩემი გოგოები ვართ. ელენე, ჟანა, თამო, თამარა, თამუნა, ეკა, ნინა, თამთა, დარო.
ხუთშაბათი, 8 ნოემბერი
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა … შორიდანაც იკითხება მაცივარზე მიკრული ლექსის პირველი სტრიქონი…
წყალი, ყავა …. Merry Christmas Mr. Lawrence
ვრეკავ წიგნის მაღაზიებში, მასარუ იბუკას ვეძებ დაროსთვის. 3 წლამდე ბავშვის განვითარების პოტენციალზეა. ვიპოვი, ან გამოვიწერ. მთავარი მაინც ისაა, ადრეული განვითარებისთვის სწორი სივრცეები შეიქმნას და ჩამოყალიბდეს მიდგომა, რომ პროცესი იწყება დაბადებისთანავე და არა 3 წლის ასაკიდან.
მსუბუქად მოყოლილი განცხადება: ცნობილმა ბალერინამ 4 წლის ელენე კლასიდან გამოაძევა, რადგან ბავშვი მესამე გაკვეთილზე დედის დასწრებას ითხოვდა. ნუ მკაცრია,რა ვქნათ ასეთია, ჩვენც ასე ვიყავით, ბალეტს სიმკაცრე და რეჟიმი უნდა, აბა? თქვეს სხვა მშობლებმა და გონიერმა ადამიანებმა. აბა რა?! ამიტომ ვიხსენებთ სამუსიკო და ქორეოგრაფიულ სასწავლებლებს განსაკუთრებული სიყვარულით.
ერთხელაც ირკვევა რომ 10 წელია ამბობს მიყვარხარ და 6 წელია ვერ ვუბრუნებ იგივეს.
#გამოიყვანე იკითხება კედელზე მიკრული ნაწერი და მახსენებს რომ შეხვედრა მაქვს ჩასანიშნი. ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ ხანდაზმულ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ. კიდევ გვჭირდება რაღაც. უკვე მოვიფიქრე. მალე დავასრულებ. ჩემი პროექტების უმეტესობაზე საუბარი დასრულებამდე არ შეიძლება. ან 3-4 წელი მაინც არ შეიძლება. მანამდე, სანამ შედეგი არ დადგება. პროცესი ითხოვს სიჩუმეს. წითლებსა და ლურჯებს შორის გაჭედილ საზოგადოებაში ბალანსი და ჩუმი ხმაურით ფუსფუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.
#ილაპარაკე მეუბნება ფოტო გამოფენიდან და ფიქრით მაბრუნებს საიას პროექტისკენ. გადარჩენილი მსხვერპლების გზავნილები, ალბათ ამაზე იქნება ის 3 ვიდეო. გადარჩენილი ირინა, ნინა, პალიკო, კატო…
#ომი25 - გიორგისგან ველოდებით საბოლოო ჩანახატს. ფონტი მომწონს.
ეს ოთახი ნახატებით, ნივთებით და ჩანაწერებით არსებობს იმისთვის, რომ შეაჩეროს ჩემი ფიქრის სისწრაფე და გამახსენოს საით მივმართო ჩემი აპრილის ძალა.
დათუჩა შეყვარებულია… ისევ მახსენებს სამყარო, რომ მარტო დავიბადეთ და მარტო ვართ.
---
ჭოროხის ქუჩაზე კაცი ეგდო … შარვლის ტოტიდან გამომავალი სითხე ასფალტს მტკვრისკენ გაუყვა. რა ჭირს? სუნთქავს? ჩავუაროთ? გავჩერდეთ? გამოვიძახოთ სასწრაფო? აი, ვრეკავ უკვე ამბობს ყოჩაღი მაღალი ბიჭი. ტაქსი გაუშვა და შეყოვნდა. ტელეფონზე საუბრობს. იქნება ასე 65 წლის. ჭოროხის და აღმაშენებლის კვეთაზე. დიახ, მე გამვლელი. ავაყენოთ? არა, არა ხელი არ მოკიდოთ. იყოს. უი სისხლიცაა.
კარგი გავალ მაშინ მე, ბევრნი ხართ.
ასფალტზე დაგდებული საქართველოს შვილი, 18 წლის ალბათ საბჭოთა კინოს გმირი ახალგაზრდა თეთრპერანგიანი ბიჭივით იყო და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მომავალში ვიღაც გამვლელი ბიჭი შეაჩერებდა ტაქსს, გადმოვიდოდა მანქანიდან გამოიძახებდა ექიმებს, გამვლელი გოგო დაიტირებდა მის ასაკს და ბედს და სხვა გამვლელები შეჩერდებოდნენ მის წამოსაყენებლად.
სასმელის სუნი არ ასდიოდა, იქნება პირველად დაემართა? იქნებ დაიღალა? იქნებ სიკვდილი უნდოდა. გონს მოვა და შერცხვება? თუ ისევ ვიპოვით ჭოროხზე დაგდებულს. ვერ გაუძლო, არ შეეძლო, ვერ შეძლო, დაიღალა, ხელი ჩაიქნია, რამდენჯერ დამდგარიყო ფეხზე, იტყვიან, იტყვიან, იტყვიან უსასრულოდ და საფლავის ქვაზე მიაკრავენ ახალგაზრდა თეთრპერანგიანი ბიჭის ფოტოს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ მოკლა სამშობლომ და მისმა დაუსრულებელმა გარდამავალმა პერიოდმა. ამასობაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაც 24-დან ვიდრე 30 წლამდე, სრული 6 წელი ყოველდღე ვისმენ რაოდენ ცუდი იყო განვლილი 9 წელი. მერე ვისმენ ამაზე პასუხს. პინგ-პონგ. ამ დროს ჭოროხზე კაცი დაეცა. ქალი წაიქცა გუშინ სამგორის მეტროსთან, ბავშვი აფეთქდა ვარკეთილში, საზღვარი ლამის გორშია. როგორი რეალობაა, მმართველი გუნდის და არა მხოლოდ, ფესვი 9 წლიანი თუ 6 წლიანი პერიოდიდან, მიდის დამოუკიდებლობის დროინდელ საქართველომდე და სადღაც ერთდება კიდეც. ჰიბრიდული მხოლოდ თბილისი კი არა მთელი ქვეყანაა. თბილისი და ალბათ მთელი ქვეყანაც ისევ იმათ მფლობელობაშია, ვისაც მის განადგურებას ვაბრალებთ.
ცუდებს კარგად ძინავთ?
ახლა ვგრძნობ, რომ მალე დადგება მომენტი, როცა მეც ვიტყვი, მე თუ მოვესწრები არ ვიცი, მაგრამ... თუმცა, ამ მომენტამდე მაინც ვფართხალებ, რომ წაქცეული არ მიპოვონ სადღაც ჭოროხის ქუჩაზე „ჰალალ შაურმას“, „ლაღიძის წყლებს“, თეატრალურ უნივერსიტეტსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრს შორის.
…
,,ისევ ვერ გადავწყვიტე, იჯდეს თუ არა სცენაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც შვილს ყიდის. ,,გვერდი 224, თემო ჯაფარიძე. ჯერ არ დაუფასებია საქართველოს საკმარისად. მალე იზამს. მე ასე ვფიქრობ და მისი ნახატების კარგი შემფასებელი ჩემი წითური მეგობარიც მიდასტურებს…
…
Take a chill pill or water
Cold or Hot?
Very Cold
Only warm blood
Cheesecake ჯობია
Hug
Hug
მუსიკა: kordz - We've Been
პარასკევი, 9 ნოემბერი
სალომე რიგვავას ნახატის გოგომ ვაშლი ჩაკბიჩა და ეს დღეც დაიწყო.
ადრეა… მუსიკას ვერ ვასწრებ…
თავისუფლების სიმბოლოს ქვეყანაში ჩასასვლელად შენ გჭირდება ვიზა.
რაც უფრო ღრმა იშლება საზღვარი ჩემში, მით უფრო მკვეთრი ხდება ის რეალობაში. ფართოვდება და ძალაუფლების იარაღი ხდება.
გამოდის, ჩემს დროში ვირტუალურ რეალობას აქვს საზღვრის წაშლის უპირატესობა და ის ხელისაწვდომია ობიექტურად არსებულ რეალობაზე. მერე შეხების და შეგრძნების შესაძლებლობას რა ვუყოთ?
„სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“ დამოუკიდებლობის დეკლარაცია გადამალულია გაურკვეველი დროით… ასე მაგრძნობინა ამერიკის საკონსულოს თანამშრომელმა.
შეხვედრები.
ახალ კონცეფციაში ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტი ერთად თანაარსებობს, თანაბარი რაოდენობის საქმით, უფლებებით და გავლენით. ჩვენ უნდა შევქმნათ ჭკვიანი შენობა მომავლის ადამიანებისთვის.
და ვინ ივლის აქ? აქ ივლის ბენდუქიძის, ჟვანიას, ზალდასტანიშვილის დატოვებული მემკვიდრეობის შედეგი. აქ და მსგვას სივრცეებში წლებთან ერთად ივლის დამოუკიდებელ საქართველოში გამოწრთობილი გონება.
და რას ტოვებენ ისინი, ვინც თბილისი გაინაწილა?
ისინი აწმყოშიც მადიანად ჭამენ საქართველოს…ფიქრისთვის არ სცალიათ.
სახლიდან ვმუშაობ. სტატუსი: გადავარჩინოთ ქართული კინო, უცნაური ამბიციაა.
,,დაცალე აუზი, რათა მოიპოვო თევზი’’ - წერია რობერ ბრესონთან
,,ამიტომ მიყვარს მე ფილიპი, და კიდევ იმიტომაც, რომ ის ბედნიერი ადამიანია. ამის დადასტურება? არასდროს გამიგია ვინმეზე ცუდი ეთქვას” - ეს ტრიუფოსთან. განმანათლებლობა ყველაზე დიდი საქმეა. გამომცემლობა „სეზანი“, პროექტი - ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
50 ქალი საქართველოდან…საბჭოთა წარსულის გააზრება. ნინო, ირაკლი, ანა, დათო…
ისევ იგივე თევზი… და რა მოხდება, როცა დახმარება შეწყდება? დავეცემით, თუ პირიქით - ეს მეტ ძალას მოგვცემს?
რომელი ცხოვრებაა მართალი? როცა ვმუშაობთ, თუ ის, რა ფიქრებიც გვაქვს ამ პროცესზე?
თევზები შეიკედლა ჩემმა ტვინმა. მდინარის თევზები.
30 წლის ახალგაზრდის პარასკევი: ღარიბ, შვილმოკლულ მამას მდიდარი, ძმამოკლული ძმა მოუწოდებს დაცალოს ტერიტორია. აქ ნაძვის ხე უნდა დაიდგას. ისევ წითლობის და ლურჯობის პარანოია.
მუსიკა, spirited away (2001) - the name of life
ყარო ხატავს… სალომე ფოტოებს გზავნის. გარიყულა, სხვა სივრცე.
კინოზე არ ვლაპარაკობ… ველოდები როდის ჩამჩურჩულებს ინტუიცია.
ისევ დათუჩა.
შაბათი, 10 ნოემბერი
მუსიკა ინსტაგრამიდან: Kordz Hassfest-ზე
ყავა, წყალი… მზე არ არის…
სალამი, ახლა შევაფასე ფილმი IMBD ზე და მერე მოგძებნეთ. შეტყობინებები ,,მოდის და მოდის’’ ყოველ ჯერზე ხელახლა ვიბადები.
ენგური რეალურად მაშინ გადავცურე, როცა ნამდვილი საფრთხეების არსებობის მიუხედავად, მისი ტელევიზიით გაშვების გადაწყვეტილება მივიღე. ამ მომენტში რაღაც კიდევ ერთხელ შეიცვალა. მე არ ვიყავი ცივსისხლიანი, მაგრამ მე დავატოლე სიკვდილი ან საშიშროება. დავატოლე მათი დრო და ტემპი. დავატოლე ის, რაც ხდებოდა 25 წელი და ის, რაც შეიძლება მომხდარიყო ამის შემდეგ. დავინახე როგორი იქნებოდა ჩემი შემდგომი ცხოვრება ვინმეს დაზიანების შემთხვევაში და ძარღვებში ვიგრძენი ამ გრძნობით ცხოვრების საშინელებაც, მაგრამ მე მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ეს გავაკეთე მამაშვილური თხოვნის, მოთხოვნანარევი შეტყობინებების,ირიბი მუქარის, შემოთვლილი დაშინების და ნათლად დანახული შესაძლო გართულებების მიუხედავად. რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, ვიდრე ხდება და რა უნდა დაგვემართოს იმაზე მეტი, ვიდრე უკვე გვჭირს, ვუთხარით ერთმანეთს მე და ნათიას და ნატას ბაბუმ, ჩემმა ბაბუმ. ჩვენ ეს ფილმი თაროზე შემოსადებად არ გადაგვიღია, მომწერა ნათიამ. მიდი, ჩვენ აქ ვართ თქვა ალეკომ, ჩემმა ძმამ. მე ვიყავი და არ ვიყავი მარტო.
მერე იყო სიჩუმის დღეები და მოგვიანებით დარტყმები, რომელსაც გავუმკლავდით.
თმენა. თავშეკავება. ვალდებულება საჭირო მომენტების შეგრძნების და პროცესში ყოფნის.
ჰედლაინები, ფილმები, ჩანაწერები:
1957 წელი ჰარვარდის სამართლის სკოლა Ruth Bader Ginsburg ერთადერთი ქალი კურსდამთავრებულია მრავალ მამაკაცს შორის.
1964 ში მარტინი პასუხობს მალაია ჯექსონის კომენტარს, მარტინ უთხარი მათ სიმართლე. I have a dream ითქვა მარშზე და …
ვხარობთ, რომ ქალები იმარჯვებენ არჩევნებში. პირველად ამა და ამ შტატიდან, პირველი მუსლიმი, პირველი ფერადკანიანი, პირველი გუბერნატორი, ბავშვიც თან ჰყავდა, ვაშაა… და როდის დგება მომენტი, როცა ეს უბრალოდ ფაქტი გახდება და არა განსაკუთრებული აღნიშვნის საგანი? მამებიანი, მაგრამ უმამო ბავშვები გაიზარდნენ და ჯერ კიდევ არ იციან რატომ არის სწორი თანაბარ პირობებში აღზრდა. როლების უნარებით და არა დადგენილი ნორმებით გადანაწილება. ჩვენ ისევ ამას ვებრძვით? მაგრამ მაინც ვამბობთ #კაცებიზრუნავენ. გამოფხიზლდით.
25 ნოემბრის ჯგუფში დაიწერა, რომ გავიმარჯვეთ. ქალებმა გამარჯვებით უპასუხეს არა მხოლოდ საქმეს, არამედ კაცი ადვოკატის ირონიულ, ზიზღნარევ შეფასებას. სექსუალური შევიწროების 3 შემთხვევა მაინც დადგინდა, მიუხედავად ბრძოლის არათანაბარი ემოციური პირობებისა.
,,ძველ ქალაქში ხეტიალისას, ამ ბიჭს წავაწყდი, ციგით იყო. თოვლი ქუჩაში თითქმის არ იდო და ამიტომ ის კომიკურად და თან სევდიანად გამოიყურებოდა. ეს ძველი ფოტო დღემდე რჩება ჩემს უსაყვარლეს ფოტოდ. თბილისი, 1983 წელი’’
ვფიქრობ სად დავკიდო გოგი ცაგარელის ეს ნამუშევარი. ესეც აპრილში დაბადებულების სწრაფი რეგენერაციის უნარი.
…
არ ვიცი მართალია, თუ არა ჩემი ნატვრა დავბადებულიყავი ერთ მარტივ ადამიანად იუმორის გრძნობით.
მაინც არ მაქვს პასუხი კითხვაზე ცეცხლი თავში დაბადებიდან მქონდა, თუ სახლის დატოვების შემდეგ გაჩნდა?
ბოდიში, დრო არ მქონდა მოკლედ დამეწერა...
Your browser doesn’t support HTML5