ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სცენის შედევრები“, ამჟამად მიმართავს მეოცე საუკუნის დიდი დრამატურგის, ჟან ანუის პირველ „ანტიკურ“ ტრაგედიას, ფრანგული სცენის დიდ შედევრს, „ევრიდიკეს“. ანტიკურობის თემაზე ჟან ანუიმ სამი „ქალური“ ტრაგედია დაწერა: „ევრიდიკე“ (1941), „ანტიგონე“ (1944) და „მედეა“ (1946). ბოლო ორი დიდი ბერძენი დრამატურგების, სოფოკლესა და ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ტრაგედიების გამოძახილია, ხოლო პირველი – ორფევსისა და ევრიდიკეს ცნობილი მითისა. აპოლონის ძე, ორფევსი უდიდესი ხელოვანი იყო, მისი შვიდსიმიანი ლირა და გასაოცარი სიმღერა ხიბლავდა ყველას და ყველაფერს, ღმერთებითა და ადამიანებით დაწყებული ხეებითა და ქვებით დამთავრებული. ორფევსისა და ევრიდიკეს სიყვარულის თავგადასავალი ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ამბავია მსოფლიო სატრფიალო ისტორიებში. ევრიდიკე გველმა დაგესლა და მოკვდა, ხოლო ორფევსმა მისი ჰადესიდან ამოყვანა კინაღამ მოახერხა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო. ყველა იცის, რაც მოხდა. ორფევსს ევრიდიკესთვის არ უნდა შეეხედა, მაგრამ შეხედა. ანუიმ კონტრაპუნქტი ააგო სწორედ ამ შეხედვაზე და მას მიანიჭა ეგზისტენციური მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ ევრიდიკეს თვალები ფერს იცვლის იმის მიხედვით, ბედნიერი თუ უბედურია ქალი ან ტყუის თუ მართალს ამბობს. ორფევსი სიმართლის მაძიებელია, ხოლო ევრიდიკე – სიყვარულისა. მეოცე საუკუნის ტრაგედიის ირონიაც სწორედ ეს არის, საუკუნე ძალიან გაერთო სიმართლით და თავი დაიღუპა. ევრიდიკე ითხოვს ცვლილების შესაძლებლობას, წარსულის დაძლევის შესაძლებლობას, ხოლო ორფევსის სიმართლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, არქეოლოგიური ძიება პირდაპირ სიკვდილისკენ მიაქანებს პერსონაჟებს. იქ შეხვდებიან ერთმანეთს ორფევსი და ევრიდიკე, როგორც კაისი და ლეილი, ტრისტანი და იზოლდა, რომეო და ჯულიეტა, კვაზიმოდო და ესმერალდა.