"კოალიციურობის შეგრძნება და კულტურა, ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში არის ნოლზე - ერთი მხარე მეორეს ვერ იტანს და ერთად ვერაფერს აკეთებენ"

ანტონ ვაჭარაძე, IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) აღნიშნა ძალიან საინტერესო გამოცემით - მემორიალური ალბომით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, 1924 წელს დახვრეტილ ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება. გამოცემის ავტორია რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ირაკლი მახარაძე. რატომ აირჩიეს იდეისა და ალბომის ავტორებმა სწორედ ის? IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ჰყვება:

Your browser doesn’t support HTML5

1918-1921 - "არ იყვნენ შემთხვევით მოსულები და იცოდნენ რისი მიღწევა სურდათ"

„არჩევანი განაპირობა იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნება იყო, ჩვენი აზრით. მისმა ცხოვრებამ სულ რაღაც 44 წელი გასტანა. დაიბადა 1880 წელს. 1924 წელს იმ ტრაგიკული მოვლენების დროს, როცა საქართველოში ვერ შედგა საერთო-ეროვნული აჯანყება, ის შეიპყრეს, გადაასახლეს ჯერ ხუთი წლის ვადით, შემდეგ შეუცვალეს ეს მუხლი და დახვრიტეს რუსეთში. 22-23 წლის ასაკიდან, როცა რუსეთის იმპერიამ დაიწყო რყევა, როცა ნიკოლოზ მეორის პოპულარობა ნულისკენ წავიდა და იმპერია ჩაერთო იაპონიასთან უაზრო ომში, როცა შიგნითაც დაიწყო დასავლური აზრების დისტრიბუცია და პატარა სახელმწიფოებმა, ერებმა, ცალკეულმა ჯგუფებმა მოითხოვეს დამოუკიდებლობა, იმ დროიდან ედგა ბენია ჩხიკვიშვილი სათავეში რევოლუციურ მოძრაობას.

არსებობდა ძალიან ხანმოკლედ ასეთი - „გურიის რესპუბლიკა“, რომლის პრეზიდენტსაც და ხანდახან მეფესაც უწოდებდნენ მას. იყო ძალიან ქარიზმატული პიროვნება. გამოირჩეოდა გურიაში - პოლიტიკურად ძალიან გაჯერებულ და დამუხტულ სივრცეში, რომელმაც შვა უამრავი პოლიტიკოსი პირველი რესპუბლიკის და არა მხოლოდ პირველი რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირისაც, მან მოიპოვა ლიდერობა და გახდა წამყვანი ფიგურა. შემდეგ უკვე პირველი რესპუბლიკის არასრულ სამწლიან პერიოდში ბენია ჩხიკვიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას და სადაც ყველაზე რთული იყო იმ მომენტში ყოფნა - იქნებოდა ეს სოხუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სოხუმის ნაწილის დოკუმენტები ამ ალბომში, ჩემი აზრით, არის ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი, შემდეგ - თბილისის მერობა, რაც ასევე ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო. ბათუმში ორი წლის მანძილზე, 1920 წლამდე იყო ბრიტანელების მისია და როცა ის გავიდა და საქართველოს მთავრობას გადმოაბარეს ეს ოლქი, მაშინ ბენია ჩხიკვიშვილი იყო ამ საქმეების გამგე და ის გააგზავნეს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლად ბათუმის ოლქში“.

ანტონ ვაჭარაძე იხსენებს ბენია ჩხიკვიშვილის როლს 1921 წლის მოვლენების დროს, როცა მას ქალაქის მმართველობაში მნიშვნელოვანი მისია დაეკისრა. ის მოუწოდებდა თბილისის მცხოვრებლებს სიფხიზლისკენ და ფრონტისთვის საჭირო იარაღისა და ნივთების გაღებისკენ, რის შეგროვებაშიც თავად მონაწილეობდა. ხელისუფლების წარმომადგენელი სხვა პირების მსგავსაც, მანაც დატოვა ქვეყანა. ემიგრაციიდან 1924 წელს დაბრუნდა საქართველოში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად:

„ძალიან კარგად იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. სჯეროდათ, რომ აჯანყება შედგებოდა, თუმცა ასევე იცოდნენ, თუ ჩავარდებოდნენ, მათი სიცოცხლე აქ დასრულდებოდა“.

რადიო თავისუფლების ეთერში ანტონ ვაჭარაძე ლაპარაკობს პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესწავლის საკითხზეც - იმაზე, რომ თავის დროზე ემიგრაციაში წაღებული დოკუმენტაციის შესწავლის შესაძლებლობამ და უკვე ჩატარებულმა გამოკვლევებმაც „70-წლიანი კონიუნქტურის ქვეშ მოქცეული ისტორია თავდაყირა დააყენა. მთელი ეპოქა სხვაგვარად გაანალიზდა. დღეს გვაქვს გაცილებით სწორი ისტორია, ვიდრე ჩვენი მამების თაობა იცნობდა, რადგან მეტად არის დოკუმენტებზე დაფუძნებული“.

„დილის საუბრების“ სტუმარი არ ეთანხმება სტერეოტიპს, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს არ აინტერესებთ საქართველოს ისტორია და კონკრეტულად პირველი რესპუბლიკის პერიოდი. პირიქით, მისი შეფასებით, ეს ინტერესი არის და თანაც - მზარდი. ამასთან, ის მოუწოდებს არქივებს, ყველა მასალა გახადონ ხელმისაწვდომი ონლაინ, რომ უშუალოდ არქივებში მისვლის გარეშეც შესაძლებელი იყოს მათი შესწავლა. ამის საჭიროება განსაკუთრებით გამოაჩინა კორონაპანდემიის პერიოდმა.

ერთი საკითხია ისტორიის შესწავლა და მეორე მისი გმირების ხსოვნისთვის პატივის მიგება. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც IDFI ახორციელებს და უკავშირდება რეპრესიების მსხვერპლთა საცხოვრებელი მისამართების მოკვლევასა და, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, მემორიალური დაფების მიმაგრებას. ანტონ ვაჭარაძე თვლის, რომ ამ მხრივ არასაკმარისი კეთდება და ჰყვება კონკრეტული პროექტის შესახებ:

„1923 წელს დახვრეტილი სამხედრო ცენტრის წევრების (რაც გარკვეული გაგრძელებაა პირველი რესპუბლიკის ისტორიის) მისამართების მოკვლევა მოხდა და დამოტაჟდა მემორიალური დაფები იმ შენობებზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. კიდევ იმ ადგილას, სადაც ეს ადმიანები დახვრიტეს, ვაკის პარკში უნდა აღმართულიყო მემორიალური კომპლექსი. მერიისგან გაიცა დაპირება, დაიძრა კიდეც პროცესი, თუმცა შემდეგ, სამწუხაროდ, შეჩერდა“.

მკვლევარი ერთ საინტერესო ამბავსაც გვიზიარებს, რომელიც 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით კარლო ჩხეიძის მემორიალურ ალბომზე მუშაობისას აღმოაჩინეს საარქივო დოკუმენტებში:

„როცა კარლო ჩხეიძის მემორიალურ ალბომზე ვმუშაობდით, დოკუმენტებში გამოჩნდა ის სახლი, სადაც კარლო ჩხეიძე ცხოვრობდა და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ კარლო ჩხეიძის და კონსტანტინე გვარჯალაძის დაფები დავამონტაჟეთ ამ სახლზე. საინტერესო ამბავია: კარლო ჩხეიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო - რანგით, ალბათ, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ქვეყანაში და საცხოვრებელ ბინას მას უნაწილებდა მთავრობის ერთ-ერთი წევრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე გვარჯალაძე. ორივე ამ ადამიანის დაფა გავაკეთეთ. ასევე, რეგიონებში ვიაქტიურეთ, კასპში დამფუძნებელი კრების წევრების დაფები გავაკეთეთ. ხონში აკაკი ჩხენკელის სახელობის ნომერ მეორე სკოლის ფასადზე გავაკეთეთ მისი დაფა. ასევე გურიაში, სოფელ დიდივანში ისიდორე რამიშვილის დაფა დამონტაჟდა. მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანი და საჭიროა. გვსურს, ეს მოძრაობაც გავაფართოვოთ“.

ანტონ ვაჭარაძე ასახელებს არაერთ მაგალითს, როცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ქუჩებს საბჭოთა ლიდერებისა თუ ბოლშევიკების სახელები ჰქვია. ის აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, ეს არის „თავისუფლების ქარტიის“ დარღვევა, მეორე მხრივ, ამ სახელწოდებების შეცვლა პრიორიტეტული უნდა იყოს:

„ვერ შევთანხმებულვართ ელემენტარულ საკითხებზე - არა მხოლოდ ასი წლის წინანდელი, არამედ ბოლოდროინდელი ისტორიაც დამღად გვადევს და ამას კარგად იყენებს გარე ძალა. ვერ ჩამოვყალიბებულვართ ჯერ - 30 წელი გავიდა უკვე და არ ვიცით, საით მივდივართ. განსხვავებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთისგან. მათ თავიდანვე დაიწყეს ნარატივების ჩამოყალიბება“.

არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც, ანტონ ვაჭარაძის თქმით, არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის განვითარებისთვის, რაც შესაძლებელი იყო პირველ რესპუბლიკაში და შეუძლებელია დღეს საქართველოში:

„კოალიციურობის შეგრძნება და კულტურა, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არის ნოლზე - ერთი მხარე მეორეს ვერ იტანს და ერთად ვერაფერს აკეთებენ. იგივე ეს კოჰაბიტაცია იქცა უარყოფითი კონოტაციის სიტყვად დღევანდელ საქართველოში. მაშინდელ საქართველოში ერთმა პარტიამ აიღო 84% და ვხედავთ, რომ მათ თავისუფლად ჰყავდათ მთავრობის წევრად გიორგი ლასხიშვილი, რომელიც იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან. კონტრდაზვერვის უფროსი იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, რაც დღესდღეობით წარმოუდგენელია.

პარიზის საზავო კონფერენციაზე წასული კარლო ჩხეიძე 1919 წელს იწერებოდა - აქ რომ გამომატანეთ, ეს ხალხი არაფერში მჭირდება და ჩამოთვლის სასურველ პირთა სიას: ნიკო ნიკოლაძეს, ივანე ჯავახიშვილს, ზურაბ ავალიშვილს და სხვებს, რომლებიც არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ეს ხალხი მინდა აქ და დანარჩენი ყველა უკან გაიწვიეთო.

ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. ელემენტარულად რომ გვცოდნოდა ეს ისტორია და გადმოგვქონდეს დღევანდელობაში, ბევრად უკეთესად ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ისტორია მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ძალიან უჭირს ხოლმე ქვეყანას.

ეს ხალხი 1900-იანების დასაწყისიდან მოდიოდა - წამყვანი დიპლომატები, მოაზროვნეები იყვნენ, ნოე ჟორდანიასგან დაწყებული, კარლო ჩხეიძით გაგრძელებული - არ იყვნენ შემთხვევით მოსულები და იცოდნენ რისთვის უნდოდათ მიეღწიათ“.

Your browser doesn’t support HTML5

ანტონ ვაჭარაძე პირველ რესპუბლიკაზე და მის გმირებზე