ანტარქტიდაზე: ლევან ტიელიძე თეთრი კონტინენტის ექსპედიციიდან

ლევან ტიელიძე აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე

ნოემბრის ბოლოს, ქართველმა გლაციოლოგმა და გეოგრაფმა, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარმა და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ტიელიძემ, რომელიც ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს და მუშაობს, ფეისბუკზე სამოგზაუროდ გამზადებული ზურგჩანთების ფოტო დადო და იქვე მიაწერა: „დიდი მოგზაურობის დასაწყისი“.

მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა და მის ფეისბუკგვერდს ჩავუსაფრდი.

რამდენიმე დღეში დაწერა, რომ თითქმის ხუთწლიანი ლოდინის და ბევრი თავგადასავლის შემდეგ, მონაწილეობას მიიღებდა 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში.

დაწერა ისიც, რომ დღეს ავსტრალიას ეკუთვნის ანტარქტიდის კონტინენტზე მდებარე სამი მუდმივმოქმედი სადგური - ქეისი, დევისი და მოუსონი (ასევე რამდენიმე სეზონური სადგურიც) და რომ მეცნიერების ჯგუფი, ჰობარტიდან გაემგზავრებოდა ქეისიში, ხოლო იქიდან ბანგერ ჰილსის სეზონურ სადგურში გადაფრინდებოდა.

ასე დაიწყებოდა ორთვენახევრიანი ექსპედიცია, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი, დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა იქნებოდა.

ლევანს მაშინვე მივწერე.

ვიცოდი, რომ ანტარქტიდაზე მოხვედრა ყველა გლაციოლოგის და მკვლევარი გეოგრაფის ოცნებაა და დიდი გამოცდილებაც: შემპირდა, როგორც კი ამბები დაუგროვდებოდა, ამ ამბებს რადიო თავისუფლებასაც გაუზიარებდა.

ლევან ტიელიძე ანტარქტიდაზე

მერე კი ნამდვილი მოგზაურობა დაიწყო, როგორც ლევანი ჩვენთან ინტერვიუშიც ახსენებს „თეთრ ოკეანეში“.

ლევან ტიელიძე გვიყვება, რომ ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს, არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში.

ექსპედიციის წევრებთან ერთად

ამბობს იმასაც, რომ ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის კვლევა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, ხოლო უკვე 1954 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ანტარქტიდის კვლევითმა ექსპედიციამ უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე დააარსა მოუსონის ბაზა. სწორედ მას მერე ინარჩუნებს ავსტრალია უწყვეტ სამეცნიერო კვლევებს ანტარქტიდაში.

მალე ისიც გავიგეთ, რომ ლევან ტიელიძე მსოფლიოს 27 წამყვან მეცნიერთან ერთად, კომპლექსურად შეისწავლიდა აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთ მყინვარს, დენმენს, რომლის დნობაც უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე.

და ისიც, რომ ის პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად დადგა ფეხი ანტარქტიდაზე სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად.

ანტარქტიდა

ასე ნელ-ნელა გავიცანით მისი ფეისბუკგვერდიდან ადელის პინგვინები და უედელის სელაპები ქეისის სადგურთან, ბანგერ ჰილსის ბანაკი, მასთან ერთად, ვირტუალურად მოვხვდით შირლის კუნძულზე, ვნახეთ პირველი სამეცნიერო ფრენა ბანგერ ჰილსიდან შიდა კონტინენტზე, ლევანმა დაგვანახვა როგორ დნება ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი ზაფხულის თვეებში.

ფაქტობრივად, დავესწარით ანტარქტიდის ყინულის საცდელ გაბურღვას, გრანიტი-გნეისის გამოფიტულ ლოდებსაც შევავლეთ თვალი და მერე, ლევანის მიერ ანტარქტიდაზე აღმართული საქართველოს დროშაც ვნახეთ - ამ ფოტოთი მან ახალი წლის დადგომა მოგვილოცა და ნაახალწლებს, დაპირებული ინტერვიუც ჩავწერეთ.

კეიპ ჯონსი, ანტარქტიდა

- დღეს ქარი შედარებით ჩადგა, იმედია, ჩემს ხმას გაიგებთ, - მითხრა ლევან ტიელიძემ საუბრის დასაწყისში.

მის უკან მხოლოდ ლურჯი ცა და უზარმაზარი თეთრი სივრცე მოჩანს. ეს ბანგერ ჰილსის სეზონური ბანაკია. უკვე ვიცი, რომ ექსპედიციის განმავლობაში მას და მის კოლეგებს დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა აქვთ დაგეგმილი. ამაში კი იგულისხმება: გლაციოლოგიური კვლევები, გეომორფოლოგიური კვლევები, გეოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კვლევა - კლიმატის ცვლილების პარალელურად.

ლევანს ვეკითხები, რა არის ამ ექსპედიციის საბოლოო მისია?

- საბოლოო მისია გამყინვარების ისტორიის შესწავლაა. როგორ ხდებოდა გეოლოგიური დროის განმავლობაში მყინვარის ცვლილება - უკან დახევა თუ მატება. როგორი იყო ამასთან კავშირში ტემპერატურის ცვლილება და რა გავლენას ახდენდა ოკეანის დონეზე ამ მყინვარული მასის ცვლილება.

ლევანის ჯგუფის მოვალეობა გაყინული ტბების გაბურღვა და სედიმენტების ამოღებაა. სედიმენტების საშუალებით კი შეიძლება ძველი კლიმატის ცვლილების დადგენა. ამას გარდა, ძველი ტბების დონეების დაფიქსირება და მისი კავშირის დადგენა ოკეანის თანამედროვე დონესთან. ასევე, კლდოვანი შვერილებიდან, ნიმუშების მოგროვება და კოსმოგენური ნაფენებით ძველი გამყინვარების დათარიღება.

ანტარქტიდაზე საქართველოს დროშით

ლევან ტიელიძე წლებია მყინვარებს იკვლევს, მაგრამ რადგან ანტარქტიდა გამორჩეული გამოცდილებაა, ვთხოვეთ ამ კონტინენტზე თავისი პირველი შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინა.

- წარმოიდგინეთ, 360 გრადუსით თქვენ გარშემო ჩანს მხოლოდ თეთრი სფერო, თეთრი სამყარო - ჰორიზონტის ხაზამდე ეს არის მხოლოდ თეთრი და ლურჯი სამყარო. და ეს „თეთრი ოკეანე“ მართლა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს და აცნობიერებ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ხარ შენც.

ლევან ტიელიძის ექსპედიციაში ყოფნის განმავლობაში, ყველაზე მინიმალური ტემპერატურა მინუს 23 გრადუსი იყო. თუმცა წინ ერთი რთული მარშრუტი აქვთ, სადაც მინუს 45 გრადუს ყინვას ელიან. თუმცა, ლევან ტიელიძე ამბობს, რომ კარგად არიან მომზადებულები, რომ ასეთ კლიმატურ პირობებს გაუძლონ. ზოგისთვის სიცივეზე მეტად რთული დაუღამებელი დღეებია - ანტარქტიდაზე ახლა ზაფხულია და არ ღამდება.

ლევან ტიელიძე კოლეგებთან ერთად, ანტარქტიდაზე

ბოლოს ლევანს ისიც ვკითხე, თეთრ კონტინენტზე საქართველოს დროშის გაშლა რა შეგრძნება იყო-მეთქი და ასე მიპასუხა:

- ეს მართლა განსაკუთრებული ემოცია იყო. თან, აქაურობას ჩვენი დროშის ფერები გამორჩეულად მოუხდა. იქნებ ისეთი დროც მოვიდეს, რომ საქართველოსაც ჰქონდეს თავისი სადგური ანტარქტიდაზე. და იმედი მაქვს, რომ ჩემს გარდა სხვა ქართველ მეცნიერს, მკვლევარს მიეცემა აქ მოხვედრის შესაძლებლობა.