- "ასი პროცენტით დარწმუნებულია მამუკა, რომ არაფერი არ არსებობს და ყველა დარწმუნებულია ამაში. უბრალოდ, ეს ხმაური დროულად დაასრულეთ"
- "გავაკეთოთ ერთხელ და სამუდამოდ გარღვევა და გადმოვიტანოთ ეს დიდი ტვირთების ნაკადები ჩვენს ქვეყანაზე"
- "ამ ამოცანის ამოხსნა სახელმწიფოს და ჩვენ ერთნაირად უნდა გვინდოდეს და ერთად უნდა გვინდოდეს, თორემ ცალკე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს"
- "განცხადებები კარგია, მაგრამ დამფინანსებლებს, რომლებიც 400 მილიონს დებენ, უნდათ გარანტია, რომ ეს განცხადებები რეალობასთან იქნება შესაბამისობაში"
- "ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რომ იქ არის აფხაზეთი, უსაფრთხოებას და ა.შ., წმინდად კომერციულად არ აწყობს რუსეთს ამ პორტის გაკეთება და ბევრი ეჭვები ისმის ამაზე"
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოება, თუ ცალკეული ანალიტიკოსი ყოველთვის ლაპარაკობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების პერსპექტივაზეც. კონკრეტულ რისკებზე თავის საჯარო გამოსვლებში აღნიშნავდა თავად მამუკა ხაზარაძეც, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელია.
ანზორ მანწკავა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონული და ოპერაციული დირექტორი „დილის საუბრებში“ ყვება დასაწყისიდან დღემდე პროექტის მიმდინარეობის დეტალებზე.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოება, თუ ცალკეული ანალიტიკოსი ყოველთვის ლაპარაკობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების პერსპექტივაზეც. კონკრეტულ რისკებზე თავის საჯარო გამოსვლებში აღნიშნავდა თავად მამუკა ხაზარაძეც, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელია.
ანზორ მანწკავა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონული და ოპერაციული დირექტორი „დილის საუბრებში“ ყვება დასაწყისიდან დღემდე პროექტის მიმდინარეობის დეტალებზე.
„ვფიქრობთ, გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გავაკეთოთ ერთხელ და სამუდამოდ გარღვევა და გადმოვიტანოთ ეს დიდი ტვირთების ნაკადები ჩვენს ქვეყანაზე, რასაც დიდი პოტენციალი აქვს და რისიც გვჯერა ყველას, ვინც ამას ვაკეთებთ“.
კონსორციუმის წარმომადგენელი ყვება პროექტის განვითარების პროცესში წარმოქმნილ ზოგიერთ გამოწვევასა და მათ გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებზე:
„დაახლოებით ორი წელი დასჭირდა სახელმწიფოს იმისთვის, რომ ტენდერი გამოეცხადებინა. ჩვენ ამის შემდეგ ერთი წელი დაგვჭირდა, რომ მოგვემზადებინა ყველანაირი დოკუმენტაცია. პორტის შენება არ არის ერთი მორიგი კორპუსის შენება. საქართველოში ჯერ არავის აუშენებია ღრმაწყლოვანი პორტი და არის ძალიან რთული ამოცანა, რომელიც კარგად გვესმის. მხოლოდ კვლევებში დაიხარჯა დაახლოებით 18 მილიონი დოლარი და მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურსა და ტექნიკურ ასპექტებს. საქმე საქართველოში არსებულ სტანდარტს კი არ ეხება, არამედ ამ სტანდარტებით მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას შეგეძლებათ პორტის აშენება. ეს იმიტომ ხდება, რომ დაფინანსების პროცესში ჩართული გვყავს 4 დიდი ბანკი, რომლის მიერაც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს შესწავლა. ეს 4 დიდი ფინანსური ინსტიტუტია, რომლის გარეშეც ამხელა ინფრასტრუქტურული პირველადი (greenfield) პროექტები არ ხორციელდება“.
სულ მალე კონსორციუმი ხელშეკრულებას გააფორმებს პორტის მშენებელ კომპანიასთან. რაც შეეხება ჩატარებულ მნიშვნელოვან სამუშაოს, კონსორციუმის წარმომადგენელი ყვება ზღვის ფსკერის დაღრმავებაზე - ამოღებულია 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა, რომელიც ხმელეთზე - 80 ჰექტარ ფართობზე გაიშალა, მომზადდა სამშენებლო მოედანი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის რუსეთის ინტერესები. ანზორ მანწკავა თავის მხრივ განმარტავს:
„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რომ იქ არის აფხაზეთი, უსაფრთხოებას და ა.შ., წმინდად კომერციულად არ აწყობს რუსეთს ამ პორტის გაკეთება და ბევრი ეჭვები ისმის ამაზე. ჩვენთვის პირდაპირ არავის უთქვამს რუსეთიდან, მაგრამ ჩვენც რაღაც მოსაზრებები მაგასთან დაკავშირებით გვაქვს. ფაქტია, რომ კონკურენტი ვხდებით გარშემო მდებარე ბევრი ქვეყნის. ფაქტია, ამ პროექტის განხორციელება არის უმნიშვნელოვანესი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოვიდეს და სწორი ფასეულობებით ვაკეთებთ ამას. ნულებს არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. მთავარია, გრძელვადიანი, აზრიანი გარდატეხა გავაკეთოთ. ფინანსურად ეს არის საინტერესო პროექტი, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მამოტივირებელი, რატომაც უნდა გავაკეთოთ პორტი“.
ანაკლიის პორტის წარმატებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მიერ რკინიგზისა და გზების ინფრასტრუქტურის განვითარებას:
„პორტი თავისთავად, ცალკე მდგომი, არავის არაფერში სჭირდება, თუ არ იქნება განვითარებული საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. პორტი რომ ავაშენოთ, სად უნდა წავიღოთ მერე ის ტვირთები, თუ არ იქნა რკინიგზა და მათ შორის, გზაც. სახელმწიფოს ვალდებულებები აქვს აღებული რკინიგზასთან მიმართებით, გზასთან მიმართებით, რომელიც უნდა შეასრულოს და ეგეც იყო ერთ-ერთი კითხვა ჩვენი დამფინანსებლების - რამდენად მოახერხებს სახელმწიფო ამ ვალდებულების შესრულებას. არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ჩართულობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პორტი და ზოგადად ამ ამოცანის ამოხსნა სახელმწიფოს და ჩვენ ერთნაირად უნდა გვინდოდეს და ერთად უნდა გვინდოდეს, თორემ ცალკე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. თუ გვინდა, ქვეყანა გადავიყვანოთ სხვა ეტაპზე, ეს პარტნიორობა უნდა გამოიხატებოდეს ყველგან“.
როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის?
„სახელმწიფომ გამოისყიდა მიწის ნაკვეთები, რომელიც მიწაც გადმოგცა ჩვენ აღნაგობით, სადაც უნდა ავაშენოთ პორტი. ამ გადმოცემიდან 52 წლის შემდეგ უნდა დავუბრუნოთ სახელმწიფოს მოქმედი, ფუნქციური და წარმატებული პორტი. რამდენიმე ადგილას მოვისმინეთ, რომ თითქოს სახელმწიფომ სხვა ინვესტიციებიც ჩადო. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომ როდესაც ე.წ. ფინანსური დახურვა მოხდება, მათ შორის, ბანკებისგანაც, სახელმწიფო მზად არის ჩადოს 100 მილიონი ამ პროექტში, რომელიც იქნება სუბორდინირებული სესხი. დღეისთვის რაც იხარჯება, არის მთლიანად კერძო ინვესტორების მიერ გაღებული თანხები და დაახლოებით 180 მილიონია დახარჯული დღემდე. მიწის გამოსყიდვას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერ დანარჩენზე დაიხარჯა კერძო ინვესტორების თანხები“.
ზვიად მანწკავა ყვება, რომ ფინანსური ინსტიტუტები ითხოვენ გარკვეულ ცვლილებებს კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის არსებულ ხელშეკრულებაში. ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა დღეს რამდენიმე საკითხს ეხება და ერთ-ერთია საქართველოს ხელისუფლების მიერ გზებისა და რკინიგზის განვითარების შესახებ გარანტიის გაცემა:
„ამ ფინანსური ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც არ აყენებენ ეჭვქვეშ, რომ ამ პროექტს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს და პორტი კომერციულად საინტერესო იქნება, მაგრამ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ არ განავითაროს ეს პროექტი. უნდათ, მკაფიოდ დაინახონ, რომ სახელმწიფო გვერდში დაუდგება მთლიან პროექტს და მის ინტერესშია, რომ მთელი საქართველოს დერეფანი იყოს გამართული და ფუნქციონირებდეს. ამიტომ მოთხოვეს „ტრეფიკგარანტია“. ყველაზე პრინციპული საკითხი ეგ არის, რომ როდესაც გაფინანსებთ, გვითხარით, რომ ეს ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოსაც აინტერესებს და გინდათ, რომ განავითაროთ. განცხადებები კარგია, მაგრამ დამფინანსებლებს, რომლებიც 400 მილიონს დებენ, უნდათ გარანტია, რომ ეს განცხადებები რეალობასთან იქნება შესაბამისობაში“.
რას გულისხმობდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, როცა თავის საჯარო გამოსვლებში ლაპარაკობდა ახლო მომავალში (მაის-ივნისში) დაგეგმილი ღონისძიების, კერძოდ - „ფინანსური დახურვის“ ჩაშლის რისკზე. ანზორ მანწკავა განმარტავს:
„ფინანსური დახურვა გულისხმობს ამ ოთხი დიდი ბანკისგან, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, საბოლოოდ დასტურის მიღებას, რომ ამ პროექტს აფინანსებენ“.
მანამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დაასრულებს პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის ანგარიშებზე მუშაობას, რომელშიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები: Royal Haskoning, Hatch, Ecoline ჰყავს ჩართული. ეს და სხვა ანგარიშები გამოქვეყნდება კონსორციუმის საიტებზე და ყველა დაინტერესებულ პირსა და მხარეს შეეძლება მოსაზრებების გამოთქმა, რაც ასევე მიმდინარე პროცედურის ნაწილია.
„თიბისის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე და მისი ზეგავლენა ანაკლიის პროექტის პერსპექტივაზე:
„რაც შეეხება, ახდენს თუ არა გავლენას დღევანდელი უსაფუძვლო ბრალდებები და რაც ხდება ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის მიმართ - რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას. არ შეიძლება, რომ არ მოახდინოს. ზუსტად როგორ გადაითარგმნა, ვერ გეტყვით და ძაან დეტალებშიც არ მინდა წავიდე, მაგრამ გავლენას როგორ არ ახდენს! ძირითადი ინვესტორები, ვინც დღემდე ხარჯავენ ფულს იმისთვის, რომ ეს პროექტი გამოვიდეს და ჩადებული აქვთ თავისი ინვესტიცია მაღალი რისკის ფასად, დღეს ხდებიან, ჩემთვის - როგორც ერთი ფიზიკური პირისთვის - გაუგებარი თავდასხმის მსხვერპლი, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის“.
„მამუკამ რაც თქვა, აბსოლუტურად მართალია. მამუკამ მოითხოვა: დროულად დაასრულეთ ის, რაც დაიწყეთ რაღაც შედეგით და არ გაწელოთ ეს, არ გამოდიოდეს პროკურატურა და პერიოდულად რაღაც განცხადებებს არ აკეთებდეს. ასი პროცენტით დარწმუნებულია მამუკა, რომ არაფერი არ არსებობს და ყველა დარწმუნებულია ამაში. უბრალოდ, ეს ხმაური დროულად დაასრულეთ. ამ ხმაურის დროულად დასრულება წაგვადგება“.
შესაძლებელია, თუ არა და რამ შეიძლება შეაჩეროს პროექტი დღეს?
„ჩემი აზრით, პროექტის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ყველას გუნდში გვჯერა, რომ ამ პროექტს განვახორციელებთ და ამაში ეჭვი არავის გვეპარება. შეიძლება ცოტათი გადაიწიოს, ცოტათი რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და არც ერთი ადამიანი გუნდში ერთი წამითაც არ ვუშვებთ მის შეჩერებას. არ შეიძლება, რომ შეჩერდეს! ერთიანობა და ერთი სურვილია მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკეთოთ. ეს არ კეთდება ერთი ინვესტორისთვის. ეს კეთდება მთელი ქვეყნისთვის!“
Your browser doesn’t support HTML5