ყველა ქარის დროს, ანაკლიაში ქვიშით იფარება პორტის მშენებლობისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან მცხოვრებთა ეზოები და სახლები. ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა 110 ჰექტარ მიწაზე გრუნტის გასამყარებლად 2018 წელს დაიყარა. მაშინ ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აშენებდა.
ქვიშით გამოწვეული მტვერი ანაკლიელებს მაშინაც აწუხებდათ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, პრობლემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, რათა პორტის მშენებლობისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინათ. თან, იმედიც ჰქონდათ, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა.
დრო მაინც ვიცოდეთ, რომ ამდენ ხანს უნდა დავიცადოთ და რაღაც იქნება. ამის იმედიც არ გვაქვს.ლალი შელია
სახელმწიფოს მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის და პორტის მშენებლობის შეჩერების შემდეგ, ამ ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებთ იმედიც ამოეწურათ და დღეს პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული მასა, რომელსაც ქარი მარტივად ავრცელებს. ძლიერი ქარის დროს ხილვადობაც უარესდება. ქვიშის მტვერი, როგორც მას ანაკლიელები ეძახიან, ეზოებსა და სახლებში აღწევს.
ბოლო ერთი კვირაა, სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარია, ამიტომ, შვილიშვილები დროებით ნათესავებთან დააბინავა ანაკლიელმა ლალი შელიამ. ის პორტის მშენებლობისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს. სახლის ფანჯრიდან კარგად ჩანს გაშლილი სივრცე, სადაც ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული ქვიშა ყრია. ლალი შელიამ ქარით მოტანილი ქვიშით დამტვერილი ეზო და სახლის ოთახები გვაჩვენა. „დრო მაინც ვიცოდეთ, რომ ამდენ ხანს უნდა დავიცადოთ და რაღაც იქნება. ამის იმედიც არ გვაქვს“, - გვითხრა ლალი შელიამ.
ანაკლიის პორტისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს. „სარეცხი გარეთ ვერ გაგვიფენია, ვეღარ ვსუნთქავთ, ბავშვები გარეთ ვერ გაგვიშვია. ოდნავ ქარი ამოვარდება და ვიხრჩობით. ღამეც მტვრის სუნი დგას ოთახში“, - გვეუბნება მაია სვანიძე.
მაიამ და მისმა მეზობლებმა ზღვის სანაპიროზე დამსვენებლების მისაღებად სახლები საგანგებოდ გაარემონტეს და მოაწყვეს, თუმცა მტვრის გამო მოვლა-პატრონობა უჭირთ. ქვიშის მტვერში დასვენებაც ბუნებრივია, არავის მოუნდება: „გასულ წელს მყავდა დამსვენებლები, ბავშვებით იყვნენ. ამოვარდა ქარი, ბავშვები ჩასვეს მანქანაში და გაიქცნენ. უკვირდათ, აქ როგორ ცხოვრობთ, ასეთ მტვერშიო...“
„ეს მტვერი წამლავს ადამიანს. ყელს გიშრობს. ერთი გამოსავალი ის არის, რომ წავიდეთ აქედან, მაგრამ სად წავიდეთ?! ის მაინც ვიცოდეთ, მოგვარდება ეს პრობლემა თუ არა“, - გვეუბნება ანაკლიელი ნანა ჩიქობავა.
მწუხარებით საქმე არ კეთდება. საქმე კეთდება საქმით. მიწა რომ მოეყაროს ამ ტერიტორიას, სულ რაღაც სამი-ოთხი-ხუთი სანტიმეტრი, ეს პრობლემა არ იქნება.დათა შელია
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს,“ რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში შეუწყვიტა „ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის“. კონსორციუმის წარმომადგენლის, სოფო შამუგიას თქმით, 2018 წლის სექტემბერში ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშით გრუნტი უნდა გამყარებულიყო. შამუგიას განმარტებით, ქვიშა კონკრეტულ ნიშნულამდე უნდა „დამჯდარიყო“ და შემდეგ ეტაპზე უნდა დაფარულიყო, თუმცა ყველაფერი ხელშეკრულების შეწყვეტამ შეცვალა: "გრუნტი გვიან შემოდგომისთვის მზად უნდა ყოფილიყო და დაწყებულიყო შემდგომი მუშაობა. უნდა მომხდარიყო ტერიტორიის რეკულტივაცია, რაც გულისხმობს, რომ რა ფენაც მოიხსნა, ეს მასა ისევ უკან უნდა მოყრილიყო. მაგრამ შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დეკემბრის პერიოდში თესლები არის მიძინების პერიოდში და ამ ვადებში ყოვლად შეუძლებელი იყო და ეფექტის გარეშე იქნებოდა ამ სამუშაოების განხორციელება. ამიტომ, სახელმწიფოს ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს შევატყობინეთ, რომ უნდა დაგვეწყო სამუშაო მარტის თვეში". სოფო შამუგია ამბობს, რომ ანაკლიაში დღეს შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა უკვე მთავრობას ეკისრება.
პრობლემას „ანაკლიის ეკოლოგიურ კატასტროფას“ უწოდებს ზუგდიდის საკრებულოში ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დათა შელია. მისი თქმით, პრობლემაზე საუბრისას ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ თანაგრძნობით შემოიფარგლება: „მწუხარებით საქმე არ კეთდება. საქმე კეთდება საქმით. მიწა რომ მოეყაროს ამ ტერიტორიას, სულ რაღაც სამი-ოთხი-ხუთი სანტიმეტრი, ეს პრობლემა არ იქნება“.
რას აპირებენ პრობლემის მოსაგვარებლად, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკრეტულად არაფერი უთხრეს. მოკლედ მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ.