25 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა ჭიაბრიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პოლიტიკის მკვლევარი. მან ილაპარაკა წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შემზღუდავ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც წარმოაჩენს ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის ჭიდილის ისტორიასაც. ახალ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით". ანა ჭიაბრიშვილის თქმით, ორგანულ კანონზე მუშაობისას "გამონაკლისი" "სავარაუდოდ, თავად ხელისუფლების ინტერესებს და მათ პრეფერენციებს მოემსახურება და არა რიგითი მოქალაქეების, ან თუნდაც, უცხოელი პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას". პარლამენტი მუშაობს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებზე, რომლებიც, მიმდინარე თვის ბოლომდე იქნება ინიცირებული.
Your browser doesn’t support HTML5