"ორი ინტერესი ეჯახება ერთმანეთს - კერძო მესაკუთრისა და საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი, რომელსაც სურს, რომ ტყეპარკი თბილისს შეუნარჩუნოს"

რუსუდან ლომიძე, ანა გაბრიაძე და კახა კოჟორიძე

დიღმის ტყეპარკის დაცვისთვის ბრძოლა გრძელდება. ერთ მხარესაა კერძო მესაკუთრის უფლებები და ინტერესი - საკუთარი ბიზნეს-მიზნებისთვის გამოიყენოს გამწვანებული ტერიტორია და ააშენოს იქ სარესტორნე კომპლექსი, მეორე მხარესაა მწვანე ზონის შენარჩუნების საჯარო ინტერესი. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის პროგნოზირება რა გადაწონის საბოლოოდ.

„უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელის, ანა გაბრიაძის თქმით, ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ გაასაჩივრა კომპანიამ, რომელიც დიღმის ტყეპარკში მსხვილი ობიექტის აშენებას გეგმავს.

„უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი არის ერთადერთი მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ 4 პროცესში, რომელიც დიღმის ტყეპარკის მორიგი მშენებლობისგან დაცვას ისახავს მიზნად. ანა გაბრიაძის თქმით, მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შედეგს იძლევა:

„ეს არის ფაქტობრივად ხელოვნური სუნთქვა, აპარატზე ჩართვა. არ დაიწყო მშენებლობა, რომელიც უკვე იწყებოდა. დღეს ჯერჯერობით არ მიმდინარეობს არც სადემონტაჟო და არც სამშენებლო სამუშაოები. სასამართლომ შეაჩერა იმ მიზეზით, რომ, თუ დამტკიცდა ჩვენი სიმართლე და მოვიგეთ დავა, აღსრულება ვერ მოხდება, რადგან იმ დროისთვის შენობა იქნება უკვე აშენებული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი“.

იურისტი, ადვოკატი კახა კოჟორიძე ბოლო ათი წელიწადია ჩართულია დიღმის ტყეპარკის დაცვის კამპანიაში. ის აღწერს დიღმის ტყეპარკის ფართობის მკვეთრად შემცირების პროცესს და იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს დიღმის ტყეპარკი 75 ჰექტარს მოიცავდა, შევარდნაძის მმართველობის დასასრულისთვის თითქმის სრულად იყო გასხვისებული. ბოლო ორი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ტყეპარკის ტერიტორიის 10 ჰექტრის დაბრუნება მუნიციპალურ საკუთრებაში. დღეს ერთი იმდენი ისევ კერძო მესაკუთრეების არის. რაც შეეხება დაგეგმილი „ორანჟერეის“ მშენებლობას:

„ორი ინტერესი ეჯახება ერთმანეთს - კერძო მესაკუთრისა და საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი, რომელსაც სურს, რომ ტყეპარკი თბილისს შეუნარჩუნოს. ანას და ჩვენი ჩართულობის მიზანი არის რაღაცნაირად ამ ადამიანების, ქალაქის ხელმძღვანელობის, სახელმწიფოს დარწმუნება იმაში, რომ მეგობრებო, ეს არის ერთადერთი და უნიკალური ტყეპარკი, იქნებ, მოხერხდეს და ეს 10 ჰექტარი, რომელიც კერძო საკუთრებაშია, დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს. ვთხოვოთ კერძო მესაკუთრეებსაც გაითვალისწინონ ქალაქის ინტერესები. შესაძლებელია ამ ადამიანების დაკმაყოფილება ალტერნატიული ფართის შეთავაზებით. ეს მიზანი აქვს ანას სამართლებრივ ბრძოლას და რაშიც ჩვენ ვეხმარებით“.

რუსუდან ლომიძე 1995 წლიდან ცხოვრობს დიღმის მასივში. ის „დილის საუბრებში“ ყვება დიღმის ტყეპარკის მნიშვნელობაზე მისი და ახლომახლო მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაში და აცხადებს:

„თბილისის მასშტაბით ასეთი ტერიტორია სხვა არ გაგვაჩნია. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არის დაღუპვა თბილისისთვის!

ვისი ინტერესებიცაა, მათ შვილებსაც ხომ სჭირდებათ ჟანგბადი?!“.

რა ხდებოდა რუსუდან ლომიძის თვალწინ, ბოლო 24 წლის განმავლობაში:

„ჩემს თვალწინ იღუპებოდა დიღმის ტყეპარკი და ჩემს თვალწინ მცირდებოდა. ეს იყო კატასტროფა. ჩვენ ტრაქტორებს ვუდგებოდით წინ. 2003-ში, სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, მიშა სააკაშვილი იდგა ჩვენთან ერთად. უდგებოდა ტრაქტორს წინ. ამის შემდეგ პრეზიდენტი რომ გახდა, იმის მიუხედავად, რომ ვერ დაბრუნდა სრულად ტერიტორია, ნაწილი დააბრუნა, მაგრამ შეაჩერა მშენებლობის უფლება მესაკუთრეებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ითქვას ასევე, რომ ყველა მერის ინტერესი იყო, რომ იქ რაღაც ცვლილება შეეტანა. მაგ პერიოდში იყო, რომ წვრილ-წვრილი ბენზინგასამართი სადგურები ჩაიდგა იქ, რომლებიც შეუსაბამო ობიექტებია ამ ტერიტორიისთვის“.

ანა გაბრიაძე იხსენებს აგრეთვე, რომ 2008 წელს სარგებლობის უფლებით გაცემული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადავიდა.

კახა კოჟორიძე ვითარებიდან გამოსავლად რამდენიმე სამართლებრივ გზას განიხილავს:

„დავის გადაწყვეტის ყველაზე სასურველი გზა არის ურთიერთშეთანხმება. ქალაქის ხელმძღვანელობის ჩართულობით გამოყოფილი იქნეს სადმე სხვაგან ადგილი, სადაც „ანაგის“ პროექტი განხორციელდება. წმინდა იურიდიული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, დავუშვათ, მორიგება ვერ ხერხდება, საქართველოს კანონმდებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა, ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას. ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი პროცედურა, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ ხდება, გამოსავალი არის კანონმდებლობით განსაზღვრული. უნდა შეფასდეს, მოხდეს გამოსყიდვა და ქალაქისთვის გადაცემა“.

ანა გაბრიაძისთვის დიღმის ტყეპარკისთვის ბრძოლა უსასრულოდ გრძელდება იმისდა მიუხედავად, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და რომელი - ოპოზიციაში. არ ავიწყდება მადლიერების გამოხატვა არავის მიმართ, ვინც რაიმე წვლილი შეიტანა ტყეპარკის გადარჩენაში. დღეს კი მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, დაუდგნენ გვერდით:

„მინდა ამ ბრძოლიდან გამოვიდე ცოცხალი და სასურველია - გამარჯვებული. ამისთვის საჭიროა ყველა ჩაერთოს ამაში. ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. 5 დღეა ვაკვირდები ეკრანს და ვერ გამიგია... არ ვიცი, საერთოდ წავალ არჩევნებზე თუ არა... აბსოლუტურად ყველა არის მოწყვეტილი რეალობას, ხალხს...

მოგმართავთ ყველას! ეს არის პოლიტიკური საკითხი“.

უმთავრეს პასუხისმგებლობას კი ანა გაბრიაძე, ბუნებრივია, მმართველ პარტია აკისრებს:

„მე უნდა ვიპოვნო გზა კახა კალაძის გულისკენ. რა ვქნა, კიდევ ორი წელი იქნება მერი. სხვა გზა მე არ მაქვს. ეს არ არის ხუმრობა“.

Your browser doesn’t support HTML5

ანა გაბრიაძე, კახა კოჟორიძე და რუსუდან ლომიძე დიღმის ტყეპარკის გადარჩენის საქმეზე