პროტესტი დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი პროექტის გამო: "შესაძლებელია, საჭირო გახდეს აქციების ჩატარება. ამ მშენებლობის დაშვება არ შეიძლება!"

გიორგი ანთაძე და ანა გაბრიაძე

ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მათგან მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას - "დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი „ორანჟერეის“ მშენებლობასთან დაკავშირებული გარიგებების, როგორც კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას".

ცალკე წერილით მიმართავს ანა გაბრიაძე თბილისის მერს კახა კალაძეს. წერილი ასე სრულდება:

„საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლის ამოცანა იყო ქალაქისთვის ბუნების ცოცხალი კერის შენარჩუნება ფუნქციურად წყნარი დასვენების ზონის სახით, ყველანაირი ატრაქციონების, კაფეების და რესტორნების გარეშე. დაგეგმილი კომპლექსი ფუნქციურად შეუთავსებელია ტყე-პარკის დანიშნულებასთან, რამდენადაც მისგან გამოწვეული გაორმაგებული დატვირთვა მძიმედ აისახება პარკის ეკოსისტემაზე და შელახავს მოსახლეობის ინტერესს, ისარგებლოს ამ უნიკალური ეკოლოგიური რესურსით.

1. მოვითხოვთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ, სასამართლო დავების დასრულებამდე, შეაჩეროთ გაცემული მშენებლობის ნებართვის და მასში ხარვეზის გასწორების შესახებ ბრძანებების მოქმედება;

2. გაიმართოს საკითხის საჯარო განხილვები ექსპერტების და სპეციალისტების ჩართვით.

3. განხილვების დასრულების შედეგად გაუქმდეს ტერიტორიაზე გაცემული გაპი (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები), მშენებლობის ნებართვა და დაიწყოს მოლაპარაკება მიწის მესაკუთრესთან მიწის გამოსყიდვის ან ადგილმონაცვლეობის შესახებ“.

რადიო თავისუფლების ეთერში თვეზე მეტი ხნის წინ სტუმრობისას ანა გაბრიაძე ყვებოდა დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ და შეხვედრის თხოვნით მიმართავდა თბილისის მერს. შეხვედრა შედგა, რომელზეც „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი 21 აგვისტოს ეთერში ყვება:

„მქონდა კახი კალაძესთან შეხვედრა, რომელმაც მე ცოტათი გამაკვირვა, ცოტათი დამაიმედა, რადგან გაირკვა, რომ ბევრი საკითხის შესახებ მერი უბრალოდ არ არის ინფორმირებული.

მერს პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ მივაღწიე იმას, რომ ითქვა - ეს შეხვედრები გაგრძელდებოდა, ის მოვიდოდა დიღმის ტყე-პარკში. მე ვამბობდი, რომ ამ პროექტით იკარგება ამ ტყეპარკის პერსპექტივა იყოს ნაკრძალი და ჩემი ამოცანაა ეს დაგანახოთ, ბატონო კახი-მეთქი. ამაში დამეთანხმა.

ამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღეში ვიგებ, რომ კომპანია აპირებს ტექნიკის შემოყვანას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ეგრევე ვცდილობ დავუკავშირდე მერიას, რომ გააფრთხილოს მშენებელი, სთხოვოს, არ ვიცი, ეგ როგორ კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ტექნიკა არ შემოიყვანონ და სიტუაცია არ დაიძაბოს, ანუ ადამიანურად გაირკვეს ის, რაც არ არის დღეს გარკვეული.

ბატონი კახი წავიდა ისე, რომ 15-ში ტექნიკა იყო შემოყვანილი დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, „კია მოტორსის“ უკან. ტექნიკა გაჩერებულია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა დაიწყება.

ბატონი კახი როცა ჩამოვიდა, მივეცი თავს უფლება და მივწერე პირად ნომერზე, რომ ტექნიკა შემოვიდა და დაძაბული მდგომაროებაა. ვთვლი, რომ ვმოქმედებდი მერიის სასარგებლოდ, ხელისუფლების სასარგებლოდ, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერი დაძაბვა, კონფრონტაცია არის ხელისუფლების სისუსტე“.

ანა გაბრიაძე „დილის საუბრებში“ ყვება, რომ მერთან შეხვედრაზე გაირკვა კიდევ ერთი დეტალი:

„მერთან შეხვედრაზე ჩემთვის გაირკვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად კატასტროფული საკითხი: ნახსენები იყო რამდენჯერმე, რომ კანალიზაციის ნაცვლად გაკეთდება გამწმენდი ნაგებობა. [მაია] ბითაძემ დაადასტურა, რომ ეს გაწმენდილი წყალი ჩაშვებული იქნება დიღმის ტყე-პარკის ნიადაგში. იქ გზისპირა ზოლში განთავსებულ 14 ობიექტიდან არც ერთს აქვს კანალიზირება დღესაც. უამრავი წყალი ჩამოდის დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე და არსებობს დასკვნა, რომ ამორეცხილია ნიადაგი და ხმება ხეები“.

საია-ს იურისტი, გიორგი ანთაძე ყვება დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის დასაწყებად მიღებული გადაწყვეტილებების ისტორიას და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, აგრეთვე თბილისის საკრებულოს 2006 წლის დადგენილებას, რომლითაც დიღმის ტყე-პარკში აიკრძალა ყველანაირი მშენებლობა:

„ეს არის შეზღუდვის ზონა, სადაც არ შეიძლება არანაირი შენობა-ნაგებობის განთავსება“.

ამ გადაწყვეტილებამ თავის დროზე დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების მფლობელი არაერთი მოქალაქე გაანაწყენა. თვლიდნენ, რომ მათი უფლებები ილახებოდა ნაკვეთებზე მშენებლობის აკრძალვით: „აღმოჩნდა, რომ ერთი კომპანიისთვის გაკეთდა გამონაკლისი“, - ამბობს გიორგი ანთაძე:

„„ორანჟერეას“ ფუნქციურად გამწვანებასთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი სახელი აქვს გამწვანების ასოციაციის შესაქმნელად. სინამდვილეში, იქ თბილისის მერი როცა იყო მისული, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იქ უნდა გაკეთდეს რესტორანი.

საინტერესო იყო, რომ როცა მიმართეს არქიტექტურის სამსახურს, ელოდებოდნენ რა საზოგადოების ძლიერ პროტესტს, აფიქსირებდნენ, რომ ეს იყო საგამოფენო დარბაზი, რომ შედარებით მეტი მიმღებლობა ჰქონოდათ საზოგადოებისგან. დღეს აღარ მალავენ, რომ ეს არის რესტორანი“.

ანა გაბრიაძე კვლავ თბილისის მერთან შეხვედრის დეტალებზე:

„ძალიან საინტერესო რამ ითქვა ამ შეხვედრაზე, რომ მესაკუთრეს თავიდან უნდოდა არსებული ავტოსალონის რებრენდინგი, ანუ განახლება. ადამიანს არ ჰქონდა იმის პრეტენზია, რომ რესტორანი ააშენოს და თვითონ მერიამ შესთავაზა. ეს მერმა თქვა“.

გიორგი ანთაძე კვლავ აღნიშნავს, რომ ნებართვა გაიცა „კანონის სრული უგულებელყოფით“. რაც შეეხება სამართლებრივ გზას, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი საქმეები, როგორც წესი, ჭიანურდება. ამის მაგალითად „შუახევიჰესის“ საქმე მოჰყავს. დიღმის ტყე-პარკის თაობაზე სარჩელის განხილვაზე კი ამბობს:

„ჭიანურდება ჩვენი სარჩელის განხილვა - ორთვიანი ვადაა და ერთი წელი ხდება. ჯერ პირველ ინსტანციაში რამდენიმე სხდომაა ჩატარებული და ძალიან შორსაა დასრულებისგან.

სასამართლოში დავა ხდება ილუზორული. ჰესთან დაკავშირებითაც აღმოჩნდა, რომ უკანონო იყო, რომელიც ჩამოინგრა. იგივე მოხდება აქაც, თუ საზოგადოება არ დაიცავს ამ ტყე-პარკს. სამართლებრივი დავა საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე არის აზრს მოკლებული. ძალიან მარტივად შეუძლიათ მოსამართლეებს გიჭიანურონ.

აქტის გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს მშენებლობას დადამატებით საჭიროებს მოსამართლის განჩინებას, სანამ დადგინდება ჭეშმარიტება - არის თუ არა კნონიერი ნებართვა. შესაძლოა, სასამართლოზეც დადგინდეს, რომ მართლა უკანონობა იყო და ისე შეიძლება აღმოჩნდეს მოსამართლის მიერ მუდმივი გაჭიანურებით, რომ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს,ობიექტი აშენებული იქნება“.

გიორგი ანთაძისთვის არასაკმარისია სარჩელის განხილვის გაჭიანურების არგუმენტად სასამართლოს გადატვირთულობის მომიზეზება:

„ამბობენ, რომ არიან გადატვირთულები. არიან, ვერავინ უარყოფს, მაგრამ სხვა ადმინისტრაციულ დავებში ასე არ ჭიანურდება პროცესი. სამოქალაქოში ჭიანურდება, მაგრამ „რუსთავი 2“-ზე როცა მოინდომა სასამართლომ, ვნახეთ რა ვადაში მიიღო გადაწყვეტილება“.

ანა გაბრიაძის აზრით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა, ვისაც დიღმის ტყე-პარკზე გული შესტკივა, იცოდნენ, რომ ისინი კანონიერი მიზნისთვის იბრძვიან:

„თუ დაიწყება აქციები, ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ იცავენ კანონიერ მოთხოვნას. გარდა იმისა, რომ ეს არის, რაც მათ გულით უნდათ, კანონიც მათ მხარეს არის.

მინდა მივმართო ყველას: ვართ სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს აქციების ჩატარება. ამ მშენებლობის დაშვება არ შეიძლება!“.

საუბრის დასასრულს ანა გაბრიაძე კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერს:

„ბატონო კახი, შეასრულეთ თქვენი დაპირება! დამიკავშირდნენ! გავარგძელოთ მოლაპარაკების პროცესი!“.

Your browser doesn’t support HTML5

ანა გაბრიაძე და გიორგი ანთაძე დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობაზე