ანა აბაშიძე: ფემიციდის გაშუქებისას მედია უნებლიედ არ უნდა აღმოჩნდეს ძალადობის მხარეს

„ადამიანები, რომლებიც დღემდე ცდილობენ, ისევ და ისევ ქალის დისკრედიტაციის და გენდერული სტერეოტიპების გააქტიურების ფონზე, გადაფარონ ნამდვილი ტრაგედია, ქალის სიცოცხლის დასასრული, მედია უნებლიედ არ უნდა აღმოჩნდეს მათ მხარეს“, - ასე ეხმაურება ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ხაშურში მოკლული 30 წლის ქალის შესახებ მომზადებული სიუჟეტების შინაარსს.

ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ როდესაც მედია გენდერულად მოტივირებულ დანაშაულს აშუქებს, წინასწარ უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ამ საკითხზე მუშაობისას, აუცილებლად წამოიწევს წინა პლანზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან „დამნაშავის გამართლების ცდუნება“:

„როდესაც დანაშაულს მოტივად გენდერი უდევს, საზოგადოების ძირითადი ნაწილი ორიენტირებულია კაცის გამართლებაზე და სწორედ ამ დროს ცოცხლდება ის გენდერული სტერეოტიპები, რის გამოც ხდება ამგვარი დანაშაულების ჩადენა, ოჯახში ძალადობა იქნება ეს თუ ფემიციდი. საზოგადოებრივი მორალი არ მიემართება დამნაშავე კაცებისკებ. როდესაც მედია იწყებს ამ საკითხის დამუშავებას, აპრიორი უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაანეიტრალოს და ხელი არ შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების კვლავ წარმოებას. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რეპორტიორმა ვინმეს აზრი არ ჰკითხოს, ვინმე არ ჩაწეროს. ამგვარ სიტუაციაში, მედიამ უნდა იგრძნობს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ფასდაუდებელი როლი, რომ მას შეუძლია მოამზადოს არა გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებული მასალა, არამედ, მასალა, რომელიც პრობლემის რეალურ არსს წარმოაჩენს. მაგალითად, რატომ არ აშუქებს მედია ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც ძალადობის მოწოდებას შეიცავს? რატომ ფარავს მედია ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანის პირადი ინფორმაციის გავრცელებას? დაახლოებით ასეთი სტანდარტით უნდა მუშაობდეს მედია, როდესაც ოჯახში ძალადობის, ფემიციდის საკითხებს აშუქებს“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გენდერულად მოტივირებული დანაშაულის გაშუქებას შეიძლება ედოს საფუძვლად, ანა აბაშიძის თქმით, არის ის, რომ საზოგადოებამ, მათ შორის მედიამაც, ამ საკითხზე აქტიური ფიქრი და მუშაობა, მხოლოდ და მხოლოდ, ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო:

„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული სტანდარტების განვითარება. მედიამ უნდა იცოდეს, როგორ აირიდოს თავიდან გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებული მასალის მომზადება. მედიის ღირებულება ყველა შემთხვევაში ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მედიას, გაიაზროს, რომ კარგი საქმის კეთების დროს, ძალაუნებურად არ გააფუჭოს საქმე. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს მედია სტანდარტი გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ეს იყო წლების წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვსწავლობთ და ვვითარდებით, მაგრამ უმჯობესი იქნება, უფრო სწრაფად ვისწავლოთ“.

ორი დღის წინ, ხაშურში, ყოფილმა ქმარმა 30 წლის ქალი, ორი შვილის დედა მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კაცი სამართალდამცველებმა მომდევნო დღეს, 12 ოქტომბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქალის მკვლელობიდან მალევე, ბრალდებულის ახლობლებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა საქმეში მესამე პირის (კაცის) არსებობის შესახებ. ბრალდებულის ახლობლების თქმით, ბრალდებული „იძულებული გახდა ამ ზომამდე მისულიყო“.

ბრალდებულის ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფებ დაღუპულის ნათესავები.