ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი 22 მარტს დაასრულებს რუსეთში სამდღიან ვიზიტს, რომელიც პირველია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. ჩინეთის მედიისა და ოფიციალური პირების განმარტებით, ამხანაგი სი მოსკოვში იმყოფება „მეგობრული და სამშვიდობო მისიით“.
ვიზიტის პირველ დღეს ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის არაფორმალური შეხვედრა 4,5 საათი გაგრძელდა .
„აშკარაა, რომ შედგა აზრთა ძალიან საფუძვლიანი გაცვლა, სერიოზული საუბარი“, - თქვა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
21 მარტს, ვიზიტის მეორე დღეს, სი ძინპინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან საუბრის დროს განაცხადა, რომ „ჩინეთი და რუსეთი არიან უმსხვილესი სახელმწიფოები და სტრატეგიული პარტნიორები“.
რუსული მედია და პოლიტიკის ანალიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთის ლიდერის მოსკოვში სტუმრობას. „დასავლეთი შეშინებულია სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტით“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთმა მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ, თუმცა არც დასავლეთსა და არც რუსეთში ანალიტიკოსები ამ ვიზიტისგან რამე გარღვევას არ მოელიან.
- დაეხმარება თუ არ ჩინეთი რუსეთს?
- მიაწვდის თუ არა პეკინი მოსკოვს იარაღს?
- რა რაოდენობის რუსულ საწვავს და რა ფასად შეიძენს ჩინეთი?
- შეუშვებს თუ არ ჩინეთი რუსულ ბანკებს თავის გადახდის სისტემაში?
ასეთი და ბევრი სხვა მგავსი კითხვა ისმის რუსეთის მედიაში ჩინეთის ლიდერის სტუმრობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი და ბლოგერი, მაქსიმ კაცი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს კითხვა და, ზოგადად, მსოფლიოს მზერა მიმართულია არა ვლადიმირ პუტინისკენ, არამედ სი ძინპინისაკენ, რომლის ხელშიც არის რუსეთის ბედი.
„რუსეთი პეტრე პირველის შემდეგ პირველად აღარაა საერთაშორისო ურთიერთობებში დამოუკიდებელი სუბიექტი. ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთის პრობლემების გასაღებების მთელი კომპლექტი ჯიბეში უდევს ჩინეთის კომპარტიის გენერალურ მდივანს. პუტინმა რუსეთი აქცია ჩინეთის ისეთივე დამატებად, როგორც, თავის დროზე, სოციალისტური ქვეყნები იყვნენ საბჭოთა კავშირის დამატება“.
ჩინეთი რუსეთისთვის მართლაც არის არა უბრალოდ N1, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი, მაშინ როცა რუსეთი ჩინეთისთვის მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი ეკონომიკური პარტნიორია. მაქსიმ კაცის თქმით, ჩინეთს შეუძლია უბრალოდ გამორთოს რუსეთის ეკონომიკა ისე, რომ თვითონ არაფერი დაემართოს, თუმცა ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ რუსეთის ჩამოშლა და რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა ჩინეთის ინტერესებში არ შედის.
რა უნდა ჩინეთს?
2011-2013 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მამუკა გამყრელიძის თქმით, რუსეთი ჩინეთის დიდი მეზობელია და სი ძინპინიც პრეზიდენტობის მორიგი ვადით არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით რუსეთში ჩადის ხოლმე. ასე იყო 10 წლის წინ, როცა პირველად აირჩიეს და ასეა ახლაც, როცა მესამე ვადით გახდა ქვეყნისა და პარტიის ლიდერი.
„ამ შეხვედრის ფარგლებში ჩინეთი და რუსეთი ბევრ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რაც ჩვეულებრივი ამბავია. რადგან რუსეთი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან პირველ რიგში ეკონომიკურ საკითხებში, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული და საეტაპო არ მოხდება, რადგან ჩინეთი არასოდეს არ აკეთებს მკვეთრ მოძრაობებს, - ამბობს მამუკა გამყრელიძე, - ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩინეთის მთავარი მიზანი. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე რუსეთის მკვეთრი მხარდაჭერა ეწინააღმდეგება ჩინეთის ინტერესებს. რუსეთი არ ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი ქვაკუთხედი დასავლეთთან დაპირისპირებაა. ამ მიმართულებით რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს.
„ამ გარემოებათა გამო ჩინეთი გააგრძელებს ბალანსირებას ამ ორ მიმართულებას შორის, მით უფრო, რომ ამისკენ უბიძგებს მას ეკონომიკური კავშირებიც: I - ჩინეთი უაღრესად ხელსაყრელ ფასად მოიხმარს რუსეთის წიაღისეულს, II - აშშ და ევროკავშირი ჩინეთის N1 სავაჭრო პარტნიორია. ასე რომ, არანაირი წინაპირობა მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილებების მოლოდინისა არ არსებობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს, როცა ის დაიგეგმა, ჰქონდა საიმიჯო მნიშვნელობაც - ჩინეთმა დაიწყო მშვიდობისმყოფელის როლის მორგება:
„ჩინეთის დიდი გამარჯვება იყო პეკინში ერთ მაგიდასთან საუდის არაბეთისა და ირანის დასმა. იმდენად წარმატებული გამოდგა ჩინეთის შუამავლობა, რომ ერ-რიადმა ირანის პრეზიდენტი თავისთან მიიწვია კიდეც. მხარდამჭერების შემოკრების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუდის არაბეთი აშშ-ის ტრადიციული პარტნიორია. შემდეგ პეკინმა რუსეთ-უკრაინის ამბავშიც სცადა სამშვიდობო ინიციატივის გამოჩენა. შეადგინა 12-პუნქტიანი გეგმა, უფრო ზუსტად ჩამოაყალიბა თავისი ხედვა კონფლიქტთან დაკავშირებით“.
მამუკა გამყრელიძის თქმით, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი და პეკინის სამშვიდობო მისია საგრძნობლად გააფერმკრთალა ჰააგის ტრიბუნალის მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოწერამ.
„ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება, რადგან ერთია, როცა ჩადიხარ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის ლიდერთან და მეორე, როცა ჩადიხარ ძებნილთან. არ აქვს მნიშვნელობა, დაიჭერენ თუ არა, რადგან პუტინი მიუღებელი გახდა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებისათვისაც, პუტინი მიუღებელი გახდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის სამხრეთი აფრიკა და ბრაზილია. ამ გარემოებამ გააფერმკრთალა სი ძინპინის ვიზიტი“.
პუტინი - ჩინეთისთვის მისაღები "ცუდი ბიჭი"
ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერის, აბას გალიამოვის თქმით, სი ძინპინის ინტერესებში არ შედის პუტინისა და რუსეთის ბოლომდე დაცემა, რადგან, ჩინეთში ფიქრობენ, როგორც კი დასავლეთი გაუმკლავდება პუტინს, დღის წესრიგში მისი საკითხიც დადგება.
„ასე რომ, ჩინეთისთვის უმჯობესია მსოფლიო სცენაზე მთავარი ცუდი ბიჭის როლი ჰქონდეს პუტინს, ხოლო სი ძინპინი მსოფლიოს სჭირდებოდეს როგორც შუამავალი. შესაბამისად, ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი. დაე, იყოს ომი, ოღონდ მსოფლის სჭირდებოდეს სი ძინპინი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა მხარესთან ანუ ჩართული იქნება პროცესში. სამურაის პრინციპით, მთავარია პროცესი. არ არსებობს მიზანი, არსებობს გზა. სი ძინპინი დაინტერესებულია უსასრულო პროცესით. რუსეთში მისი ჩასვლა ამ პროცესის ორგანიზების ნაწილია“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი.
უკრაინასთან წარუმატებელმა ომმა და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მოსკოვი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. რუსეთს, ურთიერთობის თუ ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, მწირი არჩევანი დარჩა. მოსკოვი თითქმის 100%-ითაა დამოკიდებული ჩინეთზე. შესაბამისად, გასაგებია, რა უნდა რუსეთს ჩინეთისგან, მაგრამ საკითხავია, რაში არგია ჩინეთის ლიდერს პუტინთან შეხვედრა?
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლია, - ამბობს ლაიფციგის უნივერსიტეტის მკვლევარი, სინოლოგი ალექსეი ჩიგოდიაევი, - ჩინეთი ყოველთვის მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ სი ძინპინი რუსეთში ჩავიდა იმისათვის, რომ დაიცვას ჩინეთის ინტერესები, განამტკიცოს ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი“.
ალექსეი ჩიგოდიაევი დარწმუნებულია, რომ სი ძინპინი პუტინთან გააფორმებს რაღაც ტიპის შეთანხმებას, სამშვიდობო ინიციატივას, რომლითაც დასავლეთს გაუგზავნის გარკვეულ სიგნალს, ნახეთ, მე ვარ ჩინეთი და ჩავედი მოსკოვში და, რომ შემიძლია წარმატებით ჩავერთო საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში, შემიძლია მათი მართვა.
„ჩინეთის ე.წ. 12-პუნქტიანი სამშვიდობო დოკუმენტი თითქოს თავიდან არავინ მიიღო, სურვილების ჩამონათვალი კი უწოდეს, მაგრამ გავიდა რამდენიმე კვირა და პუტინმა განაცხადა, პეკინის შეთავაზება კარგი დოკუმენტია, შეიძლება მისი განხილვაო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვა, ჩინეთი პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეა და მისი აზრი მნიშვნელოვანია, მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივასო. ჩინეთი ამას აკეთებს არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის, ჩინეთი ამას აკეთებს თავისთვის, ამჯობინებს დარჩეს ნეიტრალურ მხარედ, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ომის დასრულების პროცესში“, - ამბობს ალექსეი ჩიგოდიაევი, რომელიც არასერიოზულად მიიჩნევს მსჯელობას ჩინეთის მიერ რუსეთისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე, რაც დაადასტურა ომის ერთმა წელმა: არც ერთ ჩინურ კომპანიას არ დაურღვევია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი.
ასევე ნახეთ ვის ემუქრება ჩინური მშვიდობა?!ლაიფციგის უნივერსიტეტის მკვლევარის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩინეთი დიდად არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრსით არ ზარალდება:
- ეკონომიკური ფაქტორი. ჩინეთისთვის ეს ომი შორს მიმდინარეობს. სადღაც ევროპაში ორი ქვეყანა ომობს ერთმანეთში. იხოცება ხალხი, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩინეთი მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩინეთისთვის ამ ომს არ აქვს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა. სარგებელს ნახულობს ნედლეულის იაფად შესაძენად.
- პოლიტიკური ფაქტორი. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთში არსებული რეჟიმის შენარჩუნება, რადგან თუ შეიცვლება რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაშინ ჩინეთს მოუწევს რუსეთთან ჩამოყალიბებული რთული ურთიერთობის ხელახლა აწყობა. არადა, ჩინეთს უკვე ჰყავს ძველი, კარგი ავტორიტარი მეგობარი, რომელთანაც ყველაფერი გარკვეულია. რუსეთის ახალმა მთავრობამ ხომ შეიძლება თქვას, შევატრიალოთ განვითარების ვექტორი დასავლეთისკენ, ან უარესი, გავხდეთ აშშ-ის პარტნიორი? სწორედ ასეთია ჩინეთის კოშმარული სიზმარი.
კარგი რუსეთი - დასავლეთისგან გარიყული რუსეთი
მაქსიმ კაციც დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი არსებითად არაფერს შეცვლის, რადგან ჩინეთი ცდილობს მხოლოდ თავისი პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო არენაზე, სხვა მხრივ კი ყველანაირად აძლევს ხელს არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია:
„ჩინეთს სავსებით აწყობს შექმნილი ვითარება. ჩინეთს აწყობს დასავლური სამყაროდან გარიყული რუსეთი, რადგან აქედან ბევრი ბენეფიტის მიღება შეუძლია, მათ შორის რუსული სასარგებლო წიაღისეულის იმპორტისა და თავისი ყველანაირი საქონლის რუსეთში ექსპორტის სახით“.
მაქსიმ კაცის თქმით, გასაკვირი არც ის არის, რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ძალიან ჰგავს დიდი უფროსის („ნაჩალნიკის“) სტუმრობას რუსეთის უფროსობასთან.
„პუტინი გარიყულია, მასზე ძებნაა გამოცხადებული, მას არავინ ელაპარაკება, მან წამოიწყო ომი, რომელიც წააგო. ეს ძალიან სუსტი მდგომარეობაა ნებისმიერი მმართველისთვის და ამ სიტუაციაში პუტინი ვერანაირად ვერ იქნება თანაბარი მხარე მოლაპარაკებებში“, - ამბობს მაქსიმ კაცი.