სივრცე “ანტიზონა” თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს რუსმა აქტივისტებმა გახსნეს. ისინი აგროვებენ ფულს რუსი პოლიტპატიმრებისა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის. მარტის დასაწყისში კი გამოვიდნენ რუსთაველზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ.
თუ ჭოროხის ქუჩაზე შავ ჭიშკარს შეაღებთ, იდილიურ მწვანე ეზოს დაინახავთ. “ანტიზონა” მარცხნივაა, ოთხსართულიან შენობაში.
პირველ სართულზე ბარია. გამჭვირვალე მაცივარი ნახევრად ცარიელია, მასში მხოლოდ ლუდის ბოთლებია. ბარში 23 წლის რომა მუშაობს. არც ფოტოს გადაღება უნდა, არც საკუთარი გვარის თქმა.
რომა პოლიტიკური აქტივისტი და ანარქისტია. სანქტ-პეტერბურგში აწყობდა აქციებს უკრაინაში ომის წინააღმდეგ და ასწავლიდა სხვებს პოლიციისგან თავის დაცვას. საქტემბერში გაიგო, რომ უშიშროების სამსახური ეძებდა და გამოიქცა. “მაშინ ამხანაგმა ანტიზონის თავშესაფარში გაჩერება მირჩია”, - ჰყვება რომა.
"ანტიზონის" თავშესაფარს ჰქვია “სახლი 207/3”. ეს არის მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომლითაც ასამართლებენ მათ, ვინც ავრცელებს “ყალბ ამბებს” რუსულ ჯარზე. ანუ აპროტესტებს უკრაინაში შეჭრას. თავშესაფარი 23 ადამიანზეა გათვლილი და გაჩერება მაქსიმუმ ერთი თვით შეიძლება.
მეორე სართულზე სამზარეულო და სამუშაო სივრცეა. კვირაში ორჯერ აქ ტარდება ქართულის გაკვეთილები. სხვადასხვა ღონისძიება, საჯარო ლექციები თუ კინოჩვენებები კი - ყოველდღე. აინტერესებთ: პოლიტიკური აქტივიზმი, გარემოს დაცვა, ფემინიზმი და უმცირესობების უფლებები. “ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს, და თქვას, იდეა მაქვს და ღონისძიების ჩატარება მინდაო”, - ამბობს რომა.
მესამე და მეოთხე სართულებზე ოთახებია, რომლებსაც რუსი მიგრანტები ქირაობენ. სულ რამდენნი არიან? რომა პასუხს თავს არიდებს: “საკმარისად ბევრნი”.
აქ თუ ცხოვრობ, მონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში
სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ღიად ლაპარაკობს იმაზე, როგორ იმართება “ანტიზონა”. მუშაობენ შემოწირულებებსა და გრანტებზე. ყველანი თანამოაზრეები არიან და უფროსი არ ჰყავთ, “აქ თუ ცხოვრობ, მონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში”.
სოლიდარობა ქართველებს
7 მარტს, როდესაც რუსთაველის გამზირზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამოსული ათიათასობით ადამიანი ძალის გამოყენებით დაშალეს, “ანტიზონამ” მათი დახმარება გადაწყვიტა.
“არ მინდა, რუსული პოლიტიკა სადმე განმეორდეს, ვიცი რა ყ*ეობაცაა. მომდევნო დღეს ვიყიდეთ მაალოქსი [ეს ხსნარი ბლოკავს ცრემლსადენ გაზში შერეულ მჟავებსა და ტუტეებს], ბამბა, ბინტი, სადეზინფექციო ხსნარი და წავედით. ექვსნი ვიყავით”. - იხსენებს რომა.
ერთმა ტიპმა, რუსებს ვერ ვიტან, მაგრამ შენ კაი კაცი ხარო
რუსთაველზე მათი ყოფნა არავის გაუპროტესტებია. “მაგრად ეკიდათ, რუსი რომ ვარ, თვალების ჩამობანა უნდოდათ. ერთმა ტიპმა, რუსებს ვერ ვიტან, მაგრამ შენ კაი კაცი ხარო”.
8 მარტს ექვსკაციან ბრიგადაში იყო 39 წლის დანიილ დუგუმიც. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით დაშავებულებს თვალებს და კანს უწმენდდა. “მე და ამხანაგები დამტვრეული ინგლისურით ვუხსნიდით, რომ თვალები არ უნდა ისრისონ”.
ყველაზე მეტად დანიილს ის გაუკვირდა, რომ ხალხმა “საკუთარ გულისთქმას მოუსმინა” და ყოველი დაშლის შემდეგ, ისევ რუსთაველზე ბრუნდებოდა. რამდენიმე ადამიანმა ჰკითხა, რუსეთში რატომ არ იკრიბებითო. მათ უხსნიდა, რომ “საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენთან შეუძლებელია სოლიდარობის გამოხატვა”.
დანიილიც ანარქისტია, და კარგად იცის, რა ემართებათ მათ, ვინც კრემლის პოლიტიკას არ ეთანხმება. “ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედი ეწიათ მათ, ვინც ამბობს, რომ სახელმწიფო საჭირო არაა? ერთი ჩემი ამხანაგი აწამეს, მეორემ ციხეში ხუთი წელი გაატარა. ანარქისტული მოძრაობა დაიშალა. ნაწილი ემიგრაციაშია, ნაწილი კი იატაკქვეშეთში”.
ბოლო ერთი წლის მანძილზე, რუსეთში წვავენ სამხედრო კომისარიატებს და აზიანებენ რკინიგზას, რომელიც სამხედრო ობიექტებთან მიდის. ამ აქციების ნაწილზე პასუხისმგებლობა აიღო “ანარქოკომუნისტების საბრძოლო ორგანიზაციამ”.
დანიილი ამბობს, რომ ბრძოლის ამ გზას არ ეთანხმება და უფრო “სოციალური ანარქიზმი აინტერესებს”. მაგრამ მის ამხანაგებს, “სხვა გზა აღარ დაუტოვეს”. გამოხატვის სხვა ფორმები კრემლმა უკვე მოახრჩო.
მან იცის, რომ 7-9 მარტის აქციების შემდეგ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დემონტრანტების ნაწილს ანარქისტები უწოდა. ეს მოსწონს და დარწმუნებულია, რომ ამით ღარიბაშვილმა ანარქიზმს “კარგი რეკლამა” გაუკეთა.
ქართველი ამხანაგების გარეშე
აქციებზე იყო 23 წლის ნასტია პორშკოვაც. “ფარისევლობა იქნებოდა, მეყვირა, რუსეთში კანონებს ვებრძოდი-მეთქი და აქ, უსაფრთხო ქვეყანაში, ჩემს სოროში დავმალულიყავი”, - ჰყვება ის.
მოსკოვიდან სექტემბერში ჩამოვიდა, რადგან ბოლოს სახლთან პოლიციის მანქანა სდარაჯობდა. “დაჭერის მოლოდინი საერთოდ არ ასწორებს, ამიტომ ამხანაგებმა ბილეთი მიყიდეს”, - ამბობს ნასტია. “ანტიზონაშიც“ ამხანაგმა დააბინავა.
მემარჯვენე ტიპს ამხანაგს ვერ დავუძახებ
რას ნიშნავს მისთვის სიტყვა “ამხანაგი”? დიდხანს ფიქრობს, ბოლოს ღიმილით ამბობს: “არ ვიცი. მემარჯვენე ტიპს ამხანაგს ვერ დავუძახებ. მაგრამ არც ყველა ამხანაგია ჩემთვის მეგობარი”.
ნასტია ფრიგანია, ანუ თითქმის არ ყიდულობს ნივთებს და საჭმელს. ძირითადად, ნაგვის ურნებში ეძებს. “ფული და საბაზრო ურთიერთობები არ მიყვარს, გაცვლა მირჩევნია. დღეს შარვალი მომცეს, მე კი სანაცვლოდ მივეცი მწვანე წიწაკა, ლობიო და ხახვი”. მოკლედ, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მისი დამსახურება არაა. ფულს როგორ შოულობს? ხანდახან ძაღლებს ასეირნებს, ხანდახან კი რუსთაველზე კაფეში ჭურჭელს რეცხავს.
თბილისში ამხანაგები ჯერ ვერ გაიჩინა. ქართველები “ანტიზონაში” არ დადიან. კარგად ესმის, რატომაც. “ერთმა კაცმა მითხრა, რუსეთმა სახლი წამართვაო. ახლა კი ჩვენ გამო ბინები გაძვირდა და სტუდენტები სასწავლებლადაც ვეღარ ბრუნდებიან”.
ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუნდაც იმიტომ, რომ საზღვრებისა და მოქალაქეობის ცნებას არ აღიარებს.
რეპრესიული სახელმწიფო
ბარმენი რომა ამბობს, რომ “ანტიზონა” ანარქისტული პრინციპებით იმართება, “მაგრამ ანარქისტები უმცირესობაში ვართ. უფრო მემარცხენეები გვეთქმის”.
რეპრესიულ სახელმწიფოში უბრალოდ წყლის ჭავლს არ გესვრიან.
ქართველი ამხანაგები მასაც არ ჰყავს. ქართველებს ხშირად გაუმტყუნებიათ იმის გამო, რომ რუსეთიდან გაიქცა. რომას აზრით, იმიტომ, რომ არასდროს გამოუცდიათ საკუთარ თავზე რუსული რეპრესიები. “რეპრესიულ სახელმწიფოში უბრალოდ წყლის ჭავლს არ გესვრიან. იქ, პროტესტის შემდეგ სახლში გაკითხავენ და ციხეში მიგათრევენ”.
ავტორიტარიზმის “საგანგაშო ნიშნებს” საქართველოშიც ხედავს, რადგან აქციებზე ყველა დაკავებულს ბრალი არ მოუხსნეს, ნაწილს კი ახლაც ასამართლებენ [მაგალითად, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს]. “ირაკლიც [ღარიბაშვილი] არსად წასულა. ამიტომ, ვფიქრობ, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება”, - ამბობს ის.
რომას მალე ამოეწურება საქართველოში ყოფნის ვადა - 365 დღე. ამიტომ მოუწევს, საზღვარი გადაკვეთოს და უკან დაბრუნდეს. კი, გვარი არ გაუმხელია, არც ფოტო გადავუღეთ, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მაინც ადვილია. არ ეშინია, რომ საქართველოში აღარ შემოუშვებენ? მით უმეტეს, რომ ბოლო ერთ წელიწადში არაერთი რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი გააბრუნეს უკან?
“მეშინია. მაგრამ ხანდახან რაღაცებს იმიტომ არ აკეთებ, რომ გინდა. უბრალოდ იცი, რომ უნდა ქნა. მასე არც რუსეთში მინდოდა მიტინგებზე სიარული”, - ამბობს რომა.