ამირან გამყრელიძე “ბიოზეკის” ტესტების შესყიდვაზე - ჩვენ ეს ტესტები არ შეგვიფასებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ე.წ. სწრაფი ტესტები, რომელიც საქართველოს უნდა შეეძინა და რომლის მწარმოებელიც ნიდერლანდის მაგივრად ჩინეთი აღმოჩნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ შეუფასებიათ.

13 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ 30 000 ცალი ტესტის ყიდვის ხელშეკრულება საქართველომ არა მის მწარმოებელთან დაკავშირებული კითხვების, არამედ დროულად ვერმოწოდების გამო გაწყვიტა.

„კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია“, - თქვა თამარ გაბუნიამ ტესტებთან დაკავშირებით, რომლის შეძენასაც საქართველო აპირებდა და რომელიც, როგორც OCCRP-სა და ნიდერლანდური პლატფორმა Investico-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობის ქვეყნად ნიდერლანდი ჰქონდა მითითებული, ჩინეთში წარმოებული აღმოჩნდა.

ამირან გამყრელიძემ ახსნა ისიც, რომ სწრაფი ტესტები არ გამოიყენება, როგორც დამადასტურებელი ტესტები.

„დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, არც ერთი სწრაფი ტესტი არ ითვლება და არ შედის როგორც დამადასტურებელი ტესტი, ანუ არ გამოიყენებიან ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის. ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან ე.წ. მასობრივი კვლევების დროს, რადგან მათი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების. ამიტომ, მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ნებისმიერი ამ სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას PCR ტექნოლოგიით.

ხაზს ვუსვამ, დღეს სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მხოლოდ PCR, ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები, პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული ტესტები. ამიტომ, ეს ტესტი იქნება იმ კომპანიის თუ სხვა კომპანიის, ბევრია დღეს მსოფლიოში ასეთი კომპანიები, ვინც მას აწარმოებს, რადგან ამ დაავადების განვითარების ისტორია არის 4 თვე, ჯერჯერობით მათი სპეციფიკურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. ალბათ დრო გვაჩვენებს და დროთა განმავლობაში ისინი [ტესტები] დაიხვეწებიან, ისევე როგორც შიდსის, ც ჰეპატიტის ტესტები დაიხვეწა. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ სწრაფი ტესტები გამოიყენონ დიაგნოსტიკური მიზნით“, - თქვა გამყრელიძემ.