ამილახვრების სასახლეს ყიდიან: რა უნდა ეკლესიას, სახელმწიფოს, სოფელსა და მფლობელს?

Your browser doesn’t support HTML5

ამილახვრების ციხე-სასახლე

ამილახვრების ისტორიული ციხე-სასახლე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ უცხოურ საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და მალევე გაქრა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საზოგადოების მღელვარება გამოეწვია - ვინ ყიდის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიულ სასახლეს? ვინ იყიდის? რას გააკეთებენ? სახელმწიფო სად არის ამ დროს? - სხვა ბევრი კითხვაც დაისვა.

განცხადების მიუხედავად, სასახლეს მისი მესაკუთრე ჯერ ვერ გაყიდის. 2023 წლიდან ამ ქონებას ყადაღა ადევს. საქმეს პროკურატურა იძიებს. ისტორიული კომპლექსისთვის მრავალწლიან დავაში კი, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია სახელმწიფო, ეკლესია, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე და თავად მფლობელი, რომელმაც გაყიდვის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება.

ხოლო სანამ ციხე-სასახლის ბედი ირკვევა, მე-17-მე-18 საუკუნეების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი ინგრევა.

ამილახვრების ციხე-გალავნის ფრაგმენტი, 2024 წლის ივლისი

რა ხდება ახლა სასახლეში?

სამთავისს რომ გასცდებით, მალევე მიადგებით სოფელ ქვემო ჭალას, სადაც ამილახვრების ცნობილი ციხე-სასახლე დგას. თბილისიდან აქამდე სულ 65 კილომეტრია.

წარწერა გამცნობთ, სად მოხვედით

რკინის ჭიშკარი ღიაა - ნახევრად დანგრეული სასახლის ეზოში შესასვლელად ნებართვა არ გჭირდება. ერთია, შეიძლება იქვე ჩამომსხდარი ქვემო ჭალელები დაინტერესდნენ და გკითხონ, რამ ჩამოგიყვანა, ნებართვას იქ შესასვლელად არავინ ითხოვს - სასახლე ცარიელია.

სასახლის წინა მხარე

ერთ მხარეს გალავანია თავისი კოშკებით, შიგნით - ეკლესია. სასახლისგან მას დიდი მინდორი ჰყოფს.

მეორე სართულზე ასასვლელი კიბე

შენობაში სამშენებლო ნაგავი ყრია, ალაგ-ალაგ იატაკი ჩანგრეულია, სახურავიც. ოთახებში ზოგან ხანძრის კვალია. ძველი ბუხრების ნანგრევებიცაა შემორჩენილი.

ბუხრის ნაშთები

აივნის ის ჩუქურთმები, რომლებიც ამ სასახლის ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი, დღეს აღარ არსებობს. მხოლოდ მესამე სართულზეა პატარა ფრაგმენტი. მარანიც, სადაც დიდი ქვევრებია, ახლა ნაგვითაა სავსე.

სასახლე დიდ, ასწლოვან ხეებშია ჩაფლული.

აივნის ფრაგმენტი

რატომ ყიდიან?

ამილახვრების სასახლის მესაკუთრე ერეკლე კუხიანიძე გვეუბნება, რომ ის იძულებული გახდა ისტორიული რეზიდენცია გასაყიდად გაეტანა, რადგან მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა მის შესაძლებლობებს აღემატება.

„სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. მზად ვარ გავყიდო, თუ მასზე ვინმე იზრუნებს. აბა, რა ჯობს, ვუყუროთ, როგორ ინგრევა? სახურავი ალაგ-ალაგ უკვე ჩანგრეულია. ამ ზამთარს გადაიტანს თუ არა, არც ვიცი“.

ერეკლე კუხიანიძე ძველი საოჯახო ფოტოების ფონზე

ამბობს, რომ ხელისუფლებას, მის ყოფილ თანაგუნდელებს - ერეკლე კუხიანიძე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია - ძეგლის გადასარჩენად დახმარება რამდენჯერმე უშედეგოდ სთხოვა:

„ორი წელია, თეა წულუკიანთან შეხვედრას ვითხოვ, მაგრამ ამაოდ. ახლოს არ მიმიშვეს“.

ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც მიმართა, სადაც უპასუხეს, თუ ოდესმე შესაძლებლობა გვექნება, დაგეხმარებითო. პასუხი არც მათგან მიუღია.

„თბილისში კერძო საკუთრებაში არაერთი ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა, რომელსაც სახელმწიფო აღადგენს. ალბათ, აქაც პოლიტიკური ნებაა საჭირო?“ - ამბობს ერეკლე კუხიანიძე.

სასახლის ერთ-ერთი ხედი, ფოტო კუხიანიძეების საოჯახო ალბომიდან, წლები დაზუსტებული არაა, ჰგავს მე-20 საუკუნის დასაწყისს

სასახლის მფლობელი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, ქვემო ჭალელებსაც შესთავაზა სასახლის გადასარჩენად სააქციო საზოგადოების დაარსება, მაგრამ: „მასხრად ამიგდეს“, - ამბობს კუხიანიძე.

ამ სასახლის აღდგენას დღეს, სულ ცოტა, მილიონ-ნახევარი დოლარი სჭირდება, ფიქრობს მფლობელი.

ასე გამოიყურება ახლა სასახლის ინტერიერი

2023 წელს, ერეკლე კუხიანიძემ სასახლის ეზოს გაწმენდა და კომპლექსის ერთ-ერთი ნაგებობის რესტავრაცია დაიწყო. დაახლოებით 60 000 დოლარი დაიხარჯა, - გვიყვება ერეკლე კუხიანიძე. გეგმავდა, ტურისტებისთვის ემასპინძლა, შემოსული ფულით კი სასახლის რესტავრაციაზე ეზრუნათ, თუმცა ეს პროცესიც გაჩერდა. მფლობელებს, კუხიანიძეების ოჯახს, ისევ უჩივლეს და მოულოდნელად ქონებას ყადაღა დაედო.

ერეკლე კუხიანიძე რუკაზე გვაჩვენებს ამილახვრების ციხე-სასახლის იმ ტერიტორიას, რომელიც მის მფლობელობაშია

პროკურატურაში გვითხრეს, რომ გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სამმართველომ დაიწყო კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე (ხელს აწერს 88 მოქალაქე). გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ არ მიითვისეს კანონის დარღვევით, ჯგუფურად ისტორიული ნაგებობა (ამილახვრების ციხე, სასახლე და ეკლესია). გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

მომჩივანთა შორისაა ისტორიკოსი ვაჟა ოთარაშვილიც, რომელიც თვლის, რომ ამილახვრების სასახლის ამჟამინდელ მფლობელებს ქონება უკანონოდ გადასცეს.

ქონება 2015 წელსაც დააყადაღეს, რეესტრის მოკვლევის საფუძველზე და, როგორც ერეკლე კუხიანიძე ამბობს, პირველად მაშინ გავიგე, რომ ამ პროცესების უკან ადგილობრივი ეპარქიის და ზოგადად, ეკლესიის ინტერესი იდგაო - 9 წლის წინ მას სასახლის კარის ეკლესიის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოსთხოვეს:

„ვიფიქრე, რაღატომ დავძაბო ისედაც რთული ვითარება-მეთქი და ეკლესია დავთმეთ“, - ამბობს ერეკლე კუხიანიძე. თუმცა მაშინ პირობა მიიღეს, რომ ეკლესია დარჩენილ ქონებაზე პრეტენზიას აღარ გამოთქვამდა. მაშინ შეხვედრას რამდენიმე მაღალი რანგის სასულიერო პირი ესწრებოდა, მათ შორის, ამჟამად გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავაც, ერეკლე კუხიანიძის თქმით.

ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ რეესტრმა ჩაატარა მოკვლევა. სასახლეს ყადაღა მოეხსნა. ეკლესია კი ამილახვრების ქონებიდან ამოიშალა და სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.

ამილახვრების სასახლის ეკლესია შიგნიდან

კონკორდატის თანახმად, ეკლესიას შეეძლო მისი დარეგისტრირება, მაგრამ ეს, როგორც ერეკლე კუხიანიძე ამბობს, ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ამ ამბიდან ცოტა ხანში ეპარქიამ ისევ იჩივლა - ამჯერად კოშკიც მოითხოვეს: ისინი ეკლესიის განუყოფელი ნაწილია, ადრე იქ სამრეკლო იყო და ეგეც ჩვენ გადმოგვეცითო.

2019 წელს ეს დავა სასამართლოში სასახლის მფლობელების სასარგებლოდ დასრულდა და კოშკი ისევ ოჯახს დარჩა.

კოშკი და ეკლესია გალავნის მიღმა

როცა 2023 წელს, სასახლის მოწესრიგება დაიწყო, პროკურატურას საჩივრით ვაჟა ოთარაშვილმა ისევ მიმართა - გამოძიება დაიწყო „ამილახვრების ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე“ და ის ამ დრომდე არ დასრულებულა.

„მიმდინარე გამოძიება და დაყადებული ქონება ხომ იმას ნიშნავს, რომ გაყიდვის განცხადების მიუხედავად, თქვენ ამ ქონებას ჯერ ვერ გაყიდით?" - ვკითხეთ ერეკლე კუხიანიძეს.

- დიახ, ჯერ ვერ გავყიდი, მაგრამ ამ პროცესის დასრულებას დიდხანს ველოდი და ბოლოს გადავწყვიტე ამ ამბის ასე გახმაურება, იქნებ პროცესი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს.

ამილახვრების ციხე-სასახლე ძველად და ახლა

- გაყიდვის განცხადება რატომ წაიშალა?

- მაკლერს უთხრეს, რომ ქონებას ყადაღა ადევს და ამ ეტაპზე მან ასე ამჯობინა, თუმცა გაყიდვის სურვილი ისევ გვაქვს.

- თქვენი აზრით, ის, რაც ახლა ხდება ამ სასახლის გარშემო, ეს ვის ინტერესებშია?

- მარტივი სქემაა: სახელმწიფო ერიდება ეკლესიასთან დაპირისპირებას. არ უნდა მას აწყენინოს და საქმეც ჭიანურდება.

ის, რაც სასახლის ჩუქურთმებიანი აივნისგან დარჩა

მაინც, როგორ აღმოჩნდა ისტორიული ძეგლი კერძო საკუთრებაში?

ამილახვრების ისტორიული სასახლე ეკუთვნოდა გენერალ ივანე ამილახვარს, რომელიც იყო ერეკლე კუხიანიძის დიდი ბებიის, ეკატერინე ჩოლოყაშვილის პაპის - მიხეილ ამილახვრის ძმა. ეკატერინე ჩოლოყაშვილიც ამ სასახლეშია დაბადებული.

ივანე ამილახვარი ოჯახთან ერთად, ფოტო ამილახვრების საოჯახო ალბამოდან

ივანეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება მის შვილებს შორის განაწილდა. ქვემო ჭალის ციხე-სასახლე მთლიანად მის უფროს ვაჟს, გივი ამილახვარს ერგო, თუმცა ის უცხოეთში გადაიხვეწა, საქართველოში აღარ დაბრუნებულა და იქვე გარდაიცვალა.

ივანე ამილახვარს ქალიშვილის მხრიდანაც დარჩა შთამომავალი, რომელიც ასევე დიდი ხნით იყო გადახვეწილი საქართველოდან. როგორც ერეკლე კუხიანიძე ჰყვება, მოგვიანებით ის გამოჩნდა, თუმცა ეკატერინე ჩოლოყაშვილის სასარგებლოდ უარი თქვა თავის მემკვიდრეობაზე.

სასახლიდან წამოღებული ამილახვრების სავარძელი

ამ ამბამდე დიდი ხნით ადრე, გასაბჭოებისთანავე, ბოლშევიკებმა ეს სასახლე მის ძველ მფლობელებს ჩამოართვეს. ქონებას სახელმწიფო იყენებდა და იქ სხვადასხვა დროს ხან ფოსტა იყო, ხან სატელეფონო სადგური, ხანაც ამბულატორია. ოჯახმა ბევრი ეძება, მაგრამ ვერც კასპისა და ვერც სახელმწიფო არქივებში ვერ მიაკვლია დოკუმენტს, რომლითაც ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებად იქნებოდა გაფორმებული.

ეკატერინე ჩოლოყაშვილი, ფოტო საოჯახო ალბომიდან

ეკატერინე ჩოლოყაშვილი საქართველოში ცხოვრობდა. რადგან ის ამილახვრების მეორე რიგის შთამომავლად ითვლებოდა, ოჯახმა გადაწყვიტა, დაკარგული საკუთრების დაბრუნება ეცადა.

„მოვიძიეთ დოკუმენტი, რომლითაც ეს სასახლე ივანესგან მემკვიდრეობით გადაცემულია მის შვილზე, გივი ამილახვარზე, რომელიც საფრანგეთში წავიდა და დაიკარგა. ჩემი დიდი ბებია მის შემდეგ იყო მეორე რიგის მემკვიდრე. გივი ამილახვარი გამოცხადდა დაკარგულად, შედგა სასამართლო და გაიხსნა სამკვიდრო. ეს იყო 2001 წელი. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სახლი დიდედაზე გადაფორმებულიყო“, - მოგვითხრობს ერეკლე კუხიანიძე და იმასაც იხსენებს, რომ შემდეგ ეს დოკუმენტი სტრასბურგშიც წაიღეს იმის დასტურად, თუ როგორ დაუბრუნდა მემკვიდრეს საბჭოთა რეჟიმის მიერ წართმეული ქონება.

სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილება

80 წლის შემდეგ, ეკატერინე ჩოლოყაშვილი სასახლეში დაბრუნდა და თავისი ბავშვობის სახლში ერთი თვე იცხოვრა.

ამილახვრების სასახლის ამჟამინდელ მესაკუთრეს ჩვენ ვკითხეთ, ამ ქონების გადაფორმების შემდეგ, დაიდო თუ არა რაიმე ვალდებულებების შემცველი ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, რაზეც ერეკლე კუხიანიძე გვპასუხობს, რომ არა, რადგან იმ დროს სასახლეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ეს სტატუსი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სასახლეს 2006 წელს მიენიჭა.

აზარფეშა ამილახვრების სასახლიდან

რაზე დავობს ისტორიკოსი ვაჟა ოთარაშვილი?

ამილახვრების სასახლის გაყიდვის შესახებ განცხადებას მაშინვე მოჰყვა ოთარაშვილის საჯარო გამოხმაურება, რომ სასახლის გაყიდვის უფლება მის მფლობელს არა აქვს და, რომ ის „ქართველი ერისაა“.

ვაჟა ოთარაშვილი წლებია ამტკიცებს, რომ ამილახვრების სასახლე ერისთავებს კი არა, საგარეჯოში მცხოვრებ ზუბალაშვილებს (ივანე ამილახვრის ქალიშვილის შთამომავლებს) ეკუთვნოდათ და მათ უნდა გადასცემოდათ და, რომ სასახლე, 2001 წელს, მისმა დღევანდელმა მფლობელმა კანონდარღვევით მოიპოვა.

ამილახვრების სასახლის მთავარი შესასვლელი, ახლო ხედი

ოთარაშვილი წლებია ირწმუნება იმასაც, რომ ერეკლე კუხიანიძემ, თავის დროზე, სასამართლოს დაუმალა, რომ ამილახვრების პირველი რიგის მემკვიდრეები ცოცხლები იყვნენ და თვითონ წარმოაჩინა თავი ივანე ამილახვრის შვილის მემკვიდრედ.

„კუხიანიძემ ისე მოირგო ამილახვრის მემკვიდრეობა, თითქოს, ამილახვრების პირდაპირი შტო ამომწყდარი იყო. საერთოდ, ასეთი პრეცედენტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ვინმეს დავუმტკიცოთ, არ არსებობს... ასეთი პრეცედენტი რომ დავუშვათ ამ გაუბედურებულ საქართველოში, რომ ამილახვრებს, მუხრან-ბატონებს, ბაგრატიონებს, თარხან-მოურავებს, ციციშვილებს თავ-თავიანთი მიწები და ნაკვეთები დავურიგოთ, ანარქიამდე მივალთ“, - ამბობს ვაჟა ოთარაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ ამილახვრების პირდაპირი შთამომავლები ცოცხლები არიან, რატომ არიან ჩუმად და არ აცხადებენ პრეტენზიას სასახლეზე, ოთარაშვილი პასუხობს, რომ „დღესაც ამ კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს მიკრული აქვს ფირნიში, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო“.

სასახლის ქვევრები

„ქვემოთ, ჭალაში“ - სასახლის ისტორია მოკლედ

ამილახვრების ციხე-სასახლის კომპლექსი მოიცავდა მთავარ ციხედარბაზს, გალავანს კოშკებით, ეკლესიას, კოშკ-სამრეკლოსა და თავად სასახლეს. ისტორიკოსების ცნობით, სასახლე გივი მეორე ამილახვარმა ააშენა. წლების განმავლობაში სასახლემ იერ-სახე რამდენჯერმე შეიცვალა.

ამ სასახლის ძველი დროის ამბების ამსახველი ფოტოები შემონახულია ერეკლე კუხიანიძის დედის, ნინო ერისთავის ძველ საოჯახო ალბომებში. ნინო ერისთავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ამილახვრების ერთ-ერთი შთამომავალია, თავისი დედის, ზემოთ ნახსენები ეკატერინე ჩოლოყაშვილის ხაზით.

ნინო ერისთავის ბებია იყო სწორედ ამ ეკატერინეს დედა, ნინო ამილახვარი, რომელიც სასახლეში გაიზარდა. ის იყო ამ სასახლის მფლობელის, ცნობილი გენერალ-მაიორის, ივანე ამილახვრის ძმის, მიხეილ ამილახვრის ქალიშვილი.

ძმები - ივანე და მიხეილ ამილახვრები, თავიანთი მრავალრიცხოვანი ოჯახებით, ამ სასახლეში ცხოვრობდნენ.

ნინო ამილახვარი 3-4 წლისა დაობლდა.

ნინო ამილახვარი

თავადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა და შვილი, ეკატერინე (კატო) ჩოლოყაშვილი 6 წლისა დარჩა უდედოდ, ამიტომ ისიც ქვემო ჭალის სასახლეში იზრდებოდა - დარჩენილი ნათესავებისა და მომვლელების გარემოცვაში.

ნინო ერისთავმა დედის მონათხრობიდან იცოდა, რომ გასაბჭოების შემდეგ, როცა სასახლე ამილახვრებს ჩამოართვეს, შთამომავლებმა სასახლიდან მხოლოდ ის წამოიღეს, რაც ერთ ურემზე დაეტია.

ეკატერინე ჩოლოყაშვილს კი დიდხანს აღარ გასჩენია დედისეული სასახლის მონახულების სურვილი - მისი ყველაზე მძაფრი მოგონება მაინც იმ ტრაგიკულ დღეს უკავშირდებოდა, როდესაც უკვე გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა სხვადასხვა სოფლიდან ჩამოყვანილ ხალხს ჯერ ამილახვართა სასახლეში მოუყარეს თავი, იქიდან კი ყველანი „ტრიფონას ველზე“ წაასხეს და განურჩევლად ყველა დახვრიტეს.

ფოტო საოჯახო ალბომიდან: უკანა ფონზე ამილახვრების სასახლის ეკლესია, გალავანი და კოშკი

„დაცვითი ხელშეკრულება“, რომელიც არ არსებობს

სასახლის დღევანდელ მფლობელს, ერეკლე კუხიანიძეს, კანონით, უფლება აქვს თავისი კუთვნილი ქონება გაყიდოს.

ოღონდ, რადგან დღეს კომპლექსს ძეგლის სტატუსი აქვს, ახალმა მესაკუთრემ ძეგლთა დაცვის სამსახურთან უნდა გააფორმოს ე.წ. დაცვითი ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების სპეციალური ფორმაც არსებობს), რომელიც მესაკუთრეს ავალდებულებს შენობას მოუაროს და იქ უნებართვოდ არაფერი გადააკეთოს.

ეს ხელშეკრულება, წესით, სახელმწიფოს, თავის დროზე უნდა გაეფორმებინა სასახლის ამჟამინდელ მესაკუთრესთანაც, რაც არ მომხდარა და რასაც ადასტურებს თავად ერეკლე კუხიანიძეც.

მისი აზრით, ეს, შესაძლოა, იმიტომ არ მოხდა, რომ 2001 წელს, როცა ამილახვრების სასახლე მისი ოჯახის (დიდედის, დედის) მფლობელობაში გადავიდა, კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ამილახვრების სასახლე, ფრაგმენტი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ნიკა ანთიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კანონით, თუ მესაკუთრე არღვევს პირობას, სახელმწიფოს შეუძლია ის გააფრთხილოს, შემდეგ კი დააჯარიმოს.

ასევე, თუ მესაკუთრე არღვევს ძეგლის ინტერესებს, სახელმწიფოს აქვს უფლება, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაიწყოს ძეგლის რეაბილიტაცია, მესაკუთრე კი დააჯარიმოს.

ნიკა ანთიძეს ვთხოვეთ გაეხსენებინა, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში [2009-2011 წლები - რ.თ.], დაუფინანსებია თუ არა სახელმწიფოს კერძო საკუთრებაში მყოფი ძეგლის სტატუსის შენობის რეაბილიტაცია - მან გაიხსენა ორი შემთხვევა, ერთი სიღნაღში, მეორე ბოლნისში (ე.წ. გერმანული სახლის რეაბილიტაცია), როცა სახელმწიფო ნაწილობრივ დაეხმარა მესაკუთრეებს ძეგლის სტატუსის მქონე სახლების გადარჩენაში.

რადგან კანონით სახელმწიფოს არა აქვს მსგავსი ძეგლების რეაბილიტაციის პირდაპირი ვალდებულება, თანამშრომლობა მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით მიიღება - თუ, მაგალითად, შესაბამის უწყებასა და ერეკლე კუხიანიძეს შორის შედგებოდა ასეთი ურთიერთშეთანხმება, შესაძლოა, ამილახვრების ციხე-სასახლეც გადარჩენილიყო.

ნიკა ანთიძემ გვითხრა ისიც, რომ ვინც არ უნდა იყიდოს ეს ძეგლი ერთ დღეს, მას ავთენტიკურობა უნდა შეუნარჩუნდეს. წესით, სახელმწიფოსთან უნდა შეთანხმდეს ძეგლის ფუნქციის ცვლილებაც - ძეგლის ინტერესების დაცვაც ესაა.

სასახლის ორნამენტებიანი აივანები, ფოტო არქივიდან

"მთავარია, გაყიდვის შემდეგ რა ელის სასახლეს"

ძეგლის ყიდვა-გაყიდვა კი არ არის პრობლემა, არამედ მისი თანმხლები პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის, ფუნქციური რაობის ინკლუზიურობა. შენარჩუნება -დაცვა-აღდგენა“, - დაწერა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა სოციალურ ქსელში, როცა ამილახვრების ციხე-სასახლის გაყიდვის განცხადება გავრცელდა.

მისი სიტყვებითაც, ძეგლის მეპატრონესა და სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუციას შორის აუცილებელია არსებობდეს ხელშეკრულება, რომელიც განმარტავს, რა ძეგლია ეს, რა ფასი აქვს მას, რა შეზღუდვები არსებობს, რა ვალდებულებები აქვს მეპატრონეს.

თამარ ამაშუკელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ძეგლი ფასობს არა მხოლოდ მისი არქიტექტურით, არამედ ისტორიული მნიშვნელობითაც. საქართველოში დღემდე მოღწეული ისედაც მცირე სასახლეების ფონზე კი, მისი შველა და, რაც მთავარია, გაცოცხლება, კითხვის ქვეშ არ უნდა იდგეს.

„სწორედ ამ მიტოვებულობის და უფუნქციობის გამოა დღეს ეს ძეგლი განადგურების პირას და აქ, მიუხედავად იმისა, რომ ის კერძო საკუთრებაა, სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია“, - ამბობს თამარ ამაშუკელი.

სასახლის მეორე სართული

მას სწორედ ამიტომ აინტერესებს, ჰქონდა თუ არა მის მფლობელს რაიმე ვალდებულება სახელმწიფოსთან და შესრულდა თუ არა ის.

„თუ ახლა გაიყიდება სასახლე, კულტურის სამინისტრომ ახალ მფლობელთან აუცილებლად უნდა დადოს ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერება, რა მდგომარეობაშია ძეგლი ახლა, რა ვალდებულებას იღებს ახალი მესაკუთრე“, - შენიშნავს თამარ ამაშუკელი, რომლის სიტყვებით, მაკონტროლებელი მაინც სახელმწიფო უნდა იყოს და თუ ის ხედავს, რომ ძეგლი ზიანდება, მას შეუძლია კერძო მფლობელს პასუხი მოსთხოვოს. ხელოვნებათმცოდნეს სახელმწიფოს მიმართ კიდევ არაერთი კითხვა აქვს:

  • რა იცის სააგენტომ დღევანდელ პროცესზე?
  • ჰქონდა თუ არა ახალ მეპატრონეს ძეგლის აღდგენის ვალდებულება?
  • აკონტროლებს თუ არა ძეგლთა დაცვის სააგენტო მის მდგომარეობას?

ამ და სხვა არაერთ კითხვაზე პასუხის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სამსახურს ჩვენც მივმართეთ, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ. ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ ასეთი პასუხი მივიღეთ:

„დიდი ხანია (სასახლე) კერძო საკუთრებაა. გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის არის ცნობილი, პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ამილახვრების ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე“.

ეპარქიასა და მფლობელს შორის დავაზე, კომენტარი საპატრიარქოსაც ვთხოვეთ, თუმცა პასუხი ვერც მათგან მივიღეთ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მხოლოდ ის გვკითხა, საიდან ვიცოდით, რომ სასახლე იყიდებოდა.

გაჭიანურებული დავების და შეჩერებული რეაბილიტაციის შედეგად ამილახვრების სასახლე დღეს ისევ საფრთხეშია. რაც დრო გადის, მისი გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება.