ამერიკული „ჯაველინები“ და რუსული პროპაგანდა

მრავალეროვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, საქართველო

საქართველო აპირებს, რომ რუსეთს გადასცეს ამერიკისგან შესყიდული „ჯაველინის“ სისტემები და სწორედ ამ ამბით შეშფოთებული ჩამოვიდა საქართველოში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი, - გაურკვეველი წარმოშობის ინგლისურენოვანი ინტერნეტსაიტის (ReportBlogs-ის) მიერ გავრცელებული ეს ყალბი ინფორმაცია სწრაფად მოედო სოციალურ ქსელებს და ბევრმა დაიჯერა კიდეც. შესაბამისად, გაჩნდა საგანგებო განმარტებების გაკეთების საჭიროება, მათ შორის - დიპლომატების მხრიდანაც. ექსპერტებისთვის უდავოა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დისკრედიტაცია რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგიის ინტერესებში შედის და ყალბი ინფორმაციების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ.

ამერიკული შეიარაღება და ბოლტონის ვიზიტი

ReportBlogs-ის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯონ ბოლტონის საქართველოში სტუმრობა ოქტომბრის ბოლოს უცბად გადაწყდა იმისათვის, რომ მას საქართველოს ხელისუფლება გაეფრთხილებინა, არ გადაეცათ „ჯაველინის“ სისტემები რუსეთისთვის. ტექსტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა პირადად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამერიკისგან შესყიდული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემა გააფუჭებდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. მსგავსი რომ არაფერი ხდება და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობას არაფერი ემუქრება, ამის თქმა 1 ნოემბერს ელიზაბეთ რუდსაც მოუწია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ბოლტონი საქართველოში, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით ჩამოვიდა და თბილისში ყოფნის დროს ამერიკა-საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ ურთიერთობაზე ილაპარაკა ReportBlogs-ს მსგავსი არაფერი უხსენებია და მან ბოლტონის ვიზიტის უდავო ფაქტი ყალბი ნიუსისთვის მეტი დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად გამოიყენა.

ყალბი ნიუსის გავრცელების შესახებ საზოგადოება პირველმა აშშ-ში საქართველოს საელჩომ გააფრთხილა. ბოლო ორ დღეში ასევე არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

ამერიკა-საქართველო - რუსეთის პროპაგანდის სამიზნე

ამერიკელებისგან ნაყიდ „ჯაველინის“ მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს (ასეთი განზრახვაც რომ არსებობდეს) საქართველო თვითნებურად ვერავის გადასცემს, რადგან ეს შესყიდვა დაზღვეულია მტკიცე კონტროლის მექანიზმებით - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლებასთან სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“, მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა. მისი თქმით, ამ თავდაცვითი შეიარაღების ყიდვა საქართველოს წლების წინაც უნდოდა, მაგრამ, ზუსტად უსაფრთხოების დაზღვევის ფაქტორებიდან გამომდინარე, ვაშინგტონი თავს იკავებდა ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი ალადაშვილი ReportBlogs-ის ინფორმაციის შესახებ

ირაკლი ალადაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ReportBlogs-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის პროპაგანდის ინტერესებს უკავშირდება და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში რაც არ ხდება, სწორედ იმის გამოგონებას ცდილობს. მაგალითად, კრემლი ისურვებდა, რომ საქართველოში ამერიკისგან შეძენილ შეიარაღებას არ გაუფრთხილდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, - ამბობს ალადაშვილი.

ასევე ნახეთ ბოლტონის ვიზიტი: რას აპირებს ამერიკა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში?

ყალბი ინფორმაცია იოლად ამოსაცნობია

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ამხელა დისკუსია და განმარტებები აღარ იქნებოდა საჭირო, მკითხველი უფრო ყურადღებით რომ ცდილობდეს ყალბი ინფორმაციის სიმართლისგან გარჩევას. როგორც „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ პროექტის „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ წარმომადგენელმა გიორგი მოლოდინმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • ის, რაც ინტერნეტში წერია, ყველაფერი სიმართლე არ არის;
  • ის, რაც ინტერნეტში წერია, თითქმის ყველაფერი ექვემდებარება გადამოწმებას.

იმის გარდა, რომ მარტივი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დომენის დარეგისტრირების ადგილისა და თარიღის გარკვევა, გიორგი მოლოდინის განმარტებით, შესაძლებელია გადამოწმდეს შინაარსიც:

  • შეესაბამება თუ არა ჩვენთვის სიმართლედ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსი და მასშტაბი კონკრეტულ საიტზე განთავსებული მთელი ინფორმაციის საერთო შინაარსს;
  • რა რაოდენობის ინფორმაციაა მთელ საიტზე განთავსებული. საიტი საეჭვოა, თუკი ინფორმაცია მწირია ან ამბები ერთმანეთთან შეუსაბამოა;
  • გვაწვდიან თუ არა იმავე თემაზე ინფორმაციას ავტორიტეტული და ცნობილი საინფორმაციო საშუალებები. თუ არ გვაწვდიან, მაშინ არ უნდა ვენდოთ ჩვენთვის უცნობი საიტიდან მოწოდებულ ინფორმაციას;
  • ყურადღება უნდა მივაქციოთ სტატიაში გამოყენებულ ანდა ვებსაიტზე მოცემულ გამოყენებულ ბმულებს. თუკი ისინი ინფორმატიული არ არის, არ უნდა ვენდოთ კონკრეტულ წყაროს.

ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, გიორგი მოლოდინისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ReportBlogs-ი არასანდო ვებსაიტია და ის ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს.