გაყინული ამბიციები: ამერიკის ხანგრძლივი ლტოლვა გრენლანდიისადმი (ფოტო)

გერმანელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი სანაპირო დაცვის საბრძოლო კატარღის გემბანზე გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მეორე მსოფლიო ომის დროს. ფოტო: U.S. National Archives (Courtesy Image)

გერმანელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი სანაპირო დაცვის საბრძოლო კატარღის გემბანზე გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მეორე მსოფლიო ომის დროს. ფოტო: U.S. National Archives (Courtesy Image)

2025 წლის 11 მარტს გრენლანდიაში არჩევნებია, რომელიც იმართება მზარდი  გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რასაც იწვევს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებები დანიის ტერიტორიის ამერიკულ კუნძულად გადაქცევის თაობაზე.

„ასე თუ ისე, ჩვენ ამას მივაღწევთ“, - დაჰპირდა ტრამპი კონგრესს 4 მარტს, როცა განაცხადა, რომ ვაშინგტონს სჭირდება გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „ყველგან ჩინური გემები გყავთ. ყველგან რუსული გემები გყავთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს იანვარში.

ვაშინგტონის ამჟამინდელი ყურადღება, რომელიც გრენლანდიაზეა მიპყრობილი, კუნძულის ხელში ჩაგდების 150-წლიანი ამბიციის მხოლოდ უკანასკნელი აღორძინებაა, - წერს რადიო თავისუფლების RFE/RL ცენტრალური სამსახური.

გრენლანდიელი ინუიტები. 1924 წ.

გრენლანდიელი ინუიტები. 1924 წ.

ყინულით დაფარულმა გრენლანდიამ თავისი შეუსაბამო სახელი X საუკუნის ნორვეგიელი მკვლევრის ერიკ წითურისგან მიიღო. ერთ-ერთმა პირველმა ახალმოსახლემ ასეთი კეთილხმოვანი სახელწოდება, მისივე სიტყვებით, აირჩია ხალხის მიზიდვის მიზნით.

დასახლება გრენლანდიაში, 1924 წ.

ნორვეგიელმა ახალმოსახლეებმა გრენლანდიაში დიდხანს ვერ გაძლეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათ დიდი პრობლემები შეუქმნა კლიმატის ცვლილებითა და შავი ჭირით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა. 1721 წლისთვის, როდესაც დანიელი მისიონერები პირველად ჩავიდნენ კუნძულზე, ადგილზე მხოლოდ ძირძველი ინუიტების მოსახლეობა იმყოფებოდა.

გრენლანდიელი ინუიტი ქალები თავიანთი ტორფის სახლის წინ. 1800-იანი წლები

ერთი მისიონერის აღწერით, გრენლანდიის ამტანი ინუიტები იმდენად დახარბებული იყვნენ კალორიებს, რომ ჭამდნენ საკუთარი ტანსაცმლიდან ამოღებულ ტილებს. მინერალები რომ არ გაეფლანგათ, ავტორის მტკიცებით, ისინი „სახიდან ოფლს დანის პირით იფხეკდნენ და ლოკავდნენ“.

ევროპელი მკვლევრები ყავით უმასპინძლდებიან ადგილობრივ გრენლანდიელებს. 1900-იანი წლების დასაწყისი

დანიამ გრენლანდიაზე სუვერენიტეტი გამოაცხადა 1921 წელს და დაამყარა კუნძულზე სავაჭრო მონოპოლია, რამაც საშუალება მისცა კოპენჰაგენს, მკაცრად თავისი პირობებით შეეძინა ვეშაპისა და სელაპის ქონი - ფარნების საწვავის ღირებული წყარო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის სანაპირო დაცვა გრენლანდიის ნაპირებთან არღვევს ყინულის საფარს გერმანიის მეტეოსადგურების მოსაძებნად.

მეორე მსოფლიო ომის დროს დანიაში შეიჭრა ნაცისტური გერმანია, რის გამოც გრენლანდიის დანიური ტერიტორია დაუცველი დარჩა გერმანიის ოკუპაციისთვის.

ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ლ. უესტი იხსენებდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა „მაშინვე გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა გრენლანდიასთან დაკავშირებით“. ამერიკულმა ჯარებმა დაიკავეს ტერიტორია და გააუვნებელყვეს მისი კრიოლითის ძვირფასი მაღარო.

ვინაიდან ამინდის პროგნოზი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ომის წარმართვისას, ნაცისტების აგენტებმა არაერთხელ სცადეს საიდუმლო მეტეოსადგურების დაარსება გრენლანდიის იზოლირებულ ნაწილებში.

„როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპის ამინდის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ მყინვარზე ყალიბდება. სამხედრო თვალსაზრისით, ფასდაუდებელია ამინდის შესახებ ცნობების აქედან მიღება“, - განმარტა უესტმა და დასძინა, რომ გრენლანდიაში ამერიკული მისიის ნაწილი იყო „ამ [არალეგალური ნაცისტური მეტეოროლოგიური სადგურების] პოვნა და მათი განადგურება“.

გრენლანდიელი კაცები. 1950-იანი წლები

ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გრენლანდია დანიის კონტროლს დაუბრუნა, თუმცა ჯარები კუნძულიდან არ გაუყვანია. 1951 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონსა და ახლად შექმნილ ნატოს სამხედრო ალიანსს აძლევდა საშუალებას, „გაეუმჯობესებინათ და მთლიანობაში მოემზადებინათ ტერიტორია სამხედრო გამოყენებისთვის“.

Camp Century-ის შტაბი, რომელიც აშენებულია გრენლანდიის ყინულის ქვეშ. 1960 წლის 8 აგვისტო

გრენლანდიის ერთ-ერთი ამერიკული ობიექტი, სახელწოდებით Camp Century, გამოცხადდა კვლევით ბანაკად. სინამდვილეში კი ეს იყო საფარი პროექტ Iceworm-ისა - გრენლანდიის ყინულის ქვეშ არსებული ბირთვული რაკეტების გამშვები ქსელისა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირისკენ.

აშშ-ს სანაპირო დაცვა გრენლანდიის ნაპირებთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

ამერიკის საიდუმლო ბირთვული იარაღის სადგური თავიდანვე განწირული იყო. ინჟინრები მუდმივად აწყდებოდნენ მოძრავ ყინულებს, რომლებიც უამრავ ტექნიკურ პრობლემას უქმნიდნენ ბირთვული ქობინების შესანახ შახტებს. ამერიკელმა სამხედროებმა Camp Century 1966 წლიდან მიატოვეს თავის რადიოაქტიურ ნარჩენებთან ერთად.

კრევეტებით ვაჭრობა დისკოს ყურეში, გრენლანდია, 1975 წლის სექტემბერი

შეერთებული შტატების მხრიდან გრენლანდიის ყიდვის პირველი წინადადება 1867 წელს გაკეთდა, როდესაც იდეა სერიოზულად განიხილა ვაშინგტონმა. 1946 წელს კოპენჰაგენს გაუგზავნეს კონკრეტული შეთავაზება, რომელიც ეკვივალენტურია დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარისა. მაშინ ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა გრენლანდიას შეერთებული შტატებისთვის „სამხედრო აუცილებლობა“ უწოდა.

ამერიკული კოსმოსური ბაზა პიტუფიკი გრენლანდიაში (ადრე ცნობილი იყო როგორც Thule Air Base). 2023 წლის ოქტომბერი.

ვაშინგტონის თქმით, გრენლანდია, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას მისცემს ამერიკას, შექმნას „არქტიკაზე სამხედრო ოპერაციების პლატფორმები ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ“.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო 1946 წლის შეთავაზება და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ დიდად დავალებული ვართ ამერიკის, არ მჯერა, რომ მთელი კუნძული გრენლანდია გვმართებს“.

დონალდ ტრამპი თავის პირველ ვადაში, 2019 წელს არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, შეერთებულ შტატებს თავისი კონტროლის ქვეშ აეყვანა ეს ტერიტორია, მაგრამ ყველა განცხადება, როგორც არასერიოზული, ფართოდ იქნა უარყოფილი. თუმცა, უკვე მეორე ვადის განმავლობაში ტრამპმა ეს იდეა თავის პრიორიტეტად აქცია. კოპენჰაგენმა ყოველივე ამას უპასუხა დანიის მეფის გერბზე პოლარული დათვის გამოსახულების (გრენლანდიის სიმბოლოს) გადიდებით და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერიტორია არ იყიდება.

მაღაზიები ნუუკში, გრენლანდია. 2025 წლის 5 თებერვალი

დღეს გრენლანდია მართავს ბევრ თავის ინსტიტუტს, მათ შორის პარლამენტს, მაგრამ კვლავინდებურად დიდად არის დამოკიდებული დანიაზე.

ტერიტორია ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი დოლარის დახმარებას იღებს კოპენჰაგენისგან. ეს ფონდი შეადგენს გრენლანდიის მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტს - თითო მოსახლეზე (სულ 57 000-ია) 10 000 დოლარზე მეტს.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კუთვნილი თვითმფრინავი ნუუკში, გრენლანდია, 2025 წლის 7 იანვარი

თუ 11 მარტის არჩევნების შემდეგ გრენლანდიაში დამოუკიდებლობის მზარდი მოძრაობა წარმატებით გამოიყვანს კუნძულს დანიის მმართველობიდან, ვაშინგტონმა შესაძლოა საერთოდ გვერდი აუაროს კოპენჰაგენს და ისე სცადოს ტერიტორიის დაუფლება.

ბოლო გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიელთა უმეტესობა მხარს უჭერს დანიისგან დამოუკიდებლობას, გრენლანდიელთა დაახლოებით 85% ასევე ეწინააღმდეგება კუნძულის აშშ-ს ტერიტორიად გადაქცევას.

ტურისტი აღფრთოვანებულია დისკოს ყურის ყინულოვანი ზღვის პეიზაჟით, გრენლანდია, 2007 წლის მაისი

გრენლანდიისკენ მოძრავი გეოპოლიტიკური ქარიშხლის სირთულე ცოტა ხნის წინ შეაჯამა ტერიტორიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ, რომელმაც ჟურნალისტებს 2025 წლის იანვარში განუცხადა: „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“.