„იმ საადვოკატო ფირმაში, სადაც მე დღეს ვმუშაობ ამერიკაში, აი, ახლა, რვაასი ქართველი ემიგრანტის საქმე გვაქვს“, - გვითხრა ადამიანის უფლებათა დამცველმა ანა აბაშიძემ, რომელმაც საქართველო თავადაც ერთი წლის წინ დატოვა, სასწავლებლად წავიდა და იქ სამუშაოდ დარჩა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის მოსურნე და ამჟამად ციხეში მყოფ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტთან სატელეფონო კონსულტაცია ცოტა ხნის დასრულებული ჰქონდა თბილისიდან რომ დავურეკეთ.
ანა ახლა იმ ადამიანების უფლებებს იცავს (მათ შორის, ქალების, ბავშვების და შშმ პირების), ვინც საქართველოდან ამერიკაში ემიგრაცია გადაწყვიტა. მათ შორის არაერთმა ადამიანმა იქ ჩასვლა მექსიკის გავლით სცადა.
ისევ არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სასურველი დანიშნულების წერტილი ემიგრანტებისთვის, რა სირთულეებს ხვდებიან ამ გზაზე, რა უნდა იცოდნენ და რა ინფორმაცია არა აქვთ, ვინ მიდის საქართველოდან და რას გაურბიან ისინი, როგორ უძლებენ ციხეში ყოფნას და რამდენ ხანს რჩებიან ისინი?.. - ანა აბაშიძესთან ამ ინტერვიუში სწორედ ემიგრაციის ამ გამოწვევებზე ვლაპარაკობთ და ანა, რომელიც სხვა ათასობით ქართველის მსგავსად, თავადაც უკვე ამ ემიგრაციის ნაწილია, მისი წასვლის მიზეზებზეც გვიამბობს.