„განათლება, ინფრასტრუქტურის არარსებობა, დანაწევრებული მიწები და იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა“ საქართველოში ფერმერული მეურნეობების განვითარების ძირითადი დამაბრკოლებელი პრობლემებია-განაცხადა საქართველოს „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი განმარტებით, ბოლო წლებში საქართველოში ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების რაოდენობა შედარებით გაზრდილია, გამოჩნდნენ ახალი სახეები და ფერმერობაც პრესტიჟულ საქმიანობას წარმოადგენს. ამაში, ნინო ზამბახიძის აზრით, დიდი წვლილი მიუძღვით როგორც დონორ ორგანიზაციებს, ისე მთავრობის 2012 წლის გადაწყვეტილებას, როდესაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და ფერმერული მეურნეობების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება დაიწყო, თუმცა მრავლადაა გამოწვევებიც. კერძოდ, არ არის შექმნილი ფერმერის სტატუსი, არ ხდება ფერმერთა რეგისტრაცია, მათი დიფერენციაცია, გამოწვევად რჩება ისიც, რომ გადაწყვეტილებები არ ეფუძნება ეკონომიკურ გათვლებს. ნინო ზამბახიძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ფერმერების რეგისტრაციასა და ფერმერის სტატუსის დადგენაზე. მისივე შეფასებით, ყველაზე უკეთ ფერმერული მეურნეობები ვითარდება იმ დარგებში, რომელიც საექსპორტო ბაზარზეა ორიენტირებული.
20 ნოემბერს საქართველო ფერმერის დღეს აღნიშნავს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში დღეისათვის 4 000 წევრია გაერთიანებული.
Your browser doesn’t support HTML5