„ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არაპროპორციულად ჩანს და აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მისი დევნის გამოყენება სურთ მის მიერ მართული მედიასაშუალებების გასაჩუმებლად“, - აცხადებს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი.
გურამ მურვანიძე - „ბათუმელების“ რეპორტიორი და ოპერატორი - ბათუმში ადმინისტრაციული წესით 11-12 იანვრის საღამოს დააკავეს და 14 იანვარს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავებისას მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელსაც უთხრა, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის დგებუაძის მითითებით დააკავეს.
სწორედ დგებუაძის მითითებით დააკავეს მზია ამაღლობელიც, რომელსაც „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
„ამაღლობელი [იმ ღამით], როცა დააკავეს, პროტესტს არ აშუქებდა, მაგრამ მისი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება და მისთვის წაყენებული ბრალი ... არის სადამსჯელო პასუხი მისი გამოცემის მიერ ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების, მათ შორის, პოლიციის მიერ უფლებამოსილების სავარაუდოდ გადამეტების რეგულარული გაშუქების გამო“, - წერს CPJ 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მზია ამაღლობელი, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია, 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს, ხოლო გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც „მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების“ საფრთხე და მას პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, 35 წლის მოსამართლემ, რომელსაც, საიას ადვოკატის, პაატა დიასამიძის თქმით, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ“.
ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების“ მიღება შეუძლია, ვიდრე პატიმრობაა.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
ასევე ნახეთ არის თუ არა ალიყური თავდასხმა? რას ნიშნავს, როცა "პოლიციელი ხელშეუხებელია"